სასკოლო ფორმა "ეროვნული სიმბოლიკით" - ერთფეროვნება თუ თანასწორობა?

2026 წლიდან საჯარო სკოლებში ფორმები ბრუნდება - თუ დღემდე სკოლებს არჩევანის უფლება ჰქონდათ, ახლა ეს სავალდებულო იქნება, როგორც წლების წინ საბჭოთა საქართველოში.

„ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებას სასკოლო ფორმების სავალდებულოდ შემოღებაზე აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ხალხის ნაწილი სკოლის ფორმების შემოღებას ემხრობა და სჯერა, რომ ამით „თანასწორობა“ აღდგება და მშობლებს ხარჯები შეუმცირდებათ, ნაწილმა კი ეს გადაწყვეტილება წარსულში დაბრუნებად, შეზღუდვის და ინდივიდუალიზმის მოსპობის მცდელობად აღიქვა.

ამ სტატიაში გიყვებით:

  • რა, როგორ და რატომ გადაწყვიტა „ქართული ოცნების“ მთავრობამ?
  • როგორ შეხვდნენ ამ სიახლეს საჯარო სკოლები?
  • რას ფიქრობენ მშობლები - სკოლის ფორმები მათ ხარჯებს შეამცირებს თუ პირიქით?
  • რა დაჯდება სასკოლო ფორმის თითო კომპლექტი?
  • ვისთვის რას ნიშნავს სკოლის ფორმა და მისი სავალდებულო ტარების როგორი გამოცდილებები არსებობს?
  • ფორმა წესრიგი და თანასწორობაა თუ ჩარჩოებში მოქცევის მცდელობა?

„ეროვნული სიმბოლიკები ექნება“ - რა ვიცით ამ დროისთვის სკოლის ფორმაზე

ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციაზე განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებას სკოლებში ფორმების დაბრუნებაზე დამსწრე საზოგადოება ტაშით შეხვდა.

მომავალ სასწავლო წელს ყველა საჯარო სკოლის დაწყებით კლასში - პირველიდან მეექვსეს ჩათვლით - მოსწავლეებს სასკოლო ფორმები ეცმევათ.

რაც დღემდე სკოლისთვის არჩევანი იყო, ახლა ვალდებულებად იქცევა.

“სასკოლო ფორმა ხელს შეუწყობს სწავლაზე ორიენტირებული ატმოსფეროს შექმნას, სასწავლო დაწესებულების მიმართ მიკუთვნების განცდას, მოსწავლეთა შორის სოციალური და ეკონომიკური განსხვავებების ვიზუალურად გამოხატვის შესაძლებლობის შემცირებას”, - წერია კონცეფციაში.

სკოლის ფორმების მოდელების შესარჩევად განათლების სამინისტრო გეგმავს კონკურსის გამოცხადებას, რის შემდეგაც, შერჩეულ რამდენიმე (3-5) მოდელს საზოგადოების „საყოველთაო კენჭისყრაზე“ გამოიტანს.

შემდეგ სკოლებმა უნდა აირჩიონ ფორმის ერთ-ერთი ვარიანტი და მათ შეკერვაზე თავად იზრუნონ. ამისათვის ან სკოლა გამოაცხადებს ტენდერს სამკერვალოს შესარჩევად, ან თავად მშობელს შეეძლება იზრუნოს შვილების სკოლის ფორმებზე - შეაკერვინოს ან მიმსგავსებული უყიდოს.

გივი მიქანაძე წარადგენს "ქართული ოცნების" ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციას, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, 2 დეკემბერი, 2025 წელი, თბილისი.

ფორმებს უნდა ჰქონდეს “ეროვნული სიმბოლიკის ელემენტები“ ან კონკრეტულ მუნიციპალიტეტთან თუ ქალაქთან დაკავშირებული სიმბოლიკა.

„თუმცა ეს ჯერ მხოლოდ იდეებია, რომლებიც თავში გვიტრიალებს“, - ამბობს გივი მიქანაძე.

გაზაფხულზე რამდენიმე მოდელი უკვე შერჩეული უნდა იყოს.

ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა ფორმების შემოღება არც მაღალ კლასებშია გამორიცხული: „ჩვენ დიდი ხანია ამ სავალდებულოობის პრინციპიდან გამოვედით, რაღაც ეტაპები უნდა გავიაროთ და ფორმის კულტურა ეტაპობრივად დავაბრუნოთ სკოლაში“, - პასუხობს განათლების მინისტრი.

სოციალურად დაუცველ ოჯახებს ფორმების თითო კომპლექტს სახელმწიფო უფასო გადასცემს - ეს შეეხება ყველა იმ ოჯახს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებულია 60 ათასი ქულით ან ნაკლებით.

ამ მოსწავლეებისთვის ფორმები შეიკერება სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების სამკერვალოებში. ნაწილს, მაგალითად, პატიმარი ქალები შეკერავენ, რადგან ამ კოლეჯებიდან ერთ-ერთს („მოდუსი“) ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში ფილიალი აქვს გახსნილი.

მრავალშვილიან ოჯახებზე სახელმწიფოსგან რაიმე შეღავათები გათვალისწინებული არ არის.

ასევე ნახეთ 8 მთავარი ცვლილება „ოცნების“ ზოგადი განათლების რეფორმის მიხედვით

„ვნახოთ“, „ჯერ ვერაფერს გეტყვით“, „დიდი სიხარულით შევხვდით“ - დირექტორები სასკოლო ფორმაზე

განათლების მინისტრი ირწმუნება, რომ სკოლები ამ ინიციატივას დიდი სიხარულით შეხვდნენ.

რადიო თავისუფლებამ თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლის დირექტორს ჰკითხა, რას ფიქრობენ სკოლის ფორმების შემოღებაზე - რამდენიმე მათგანმა უდროობა მოიმიზეზა და პასუხს თავი აარიდა, ზოგმა გვითხრა, რომ ეს ჯერ „ახალი თემაა“ და გარკვევის პროცესში არიან, ზოგმა გვითხრა, რომ შეხედავენ, "რა იქნება“.

საქართველოს ზოგიერთ საჯარო სკოლაში უკვე წლებია, სასკოლო ფორმების ტრადიცია არსებობს და იქ მხოლოდ ფორმის მოდელი შეიცვლება. ასეა, მაგალითად, თბილისის 106-ე სკოლაში, რომლის დაწყებით კლასებში გოგონებს აცვიათ თეთრი ზედა, მუქი ფერის ქვედაბოლო და ყელზე ბაფთა, ბიჭებს - ლურჯი პიჯაკი, შარვალი და ჰალსტუხი.

ამ სკოლის დირექტორი,თენგიზ გულორდავა გვეუბნება, რომ სიახლით „ყველა მოხარულია“ და რომ ეს მშობლების ხარჯებსაც შეამცირებს:

„აუცილებელი იყო ეს, ზოგიერთი ბავშვი ძალიან იჩაგრებოდა... ახლა ივლიან ერთნაირად. თან მშობლისთვისაც ეკონომიური იქნება“.

„დიდი სიხარულით შეხვდა ყველა ამბავს, მშობლები ამას დიდი ხანია მოითხოვდნენ“, - გვიპასუხა 47-ე სკოლის დირექტორმა ირმა ხუციშვილმა.

„ვნახოთ... ჯერ ვერაფერს ვიტყვი“, გვეუბნება 163-ე საჯარო სკოლის დირექტორი, მაია გოგოლაძე, მისი აზრით, ეს საკითხი ჯერ განსახილველია, რადგან ფორმის ტარების დადებითი გამოცდილებაც არსებობს და უარყოფითიც.

„სწორად არც კითხვის ასე დასმა მიმაჩნია, რომ კარგია თუ ცუდი სკოლის ფორმა ან მოგვწონს თუ არა ეს ინიციატივა“.

თბილისის კერძო სკოლების უმრავლესობაში სასკოლო ფორმა სავალდებულოა - ეს, მაგალითად, არის ევროპული სკოლის ფორმის ნიმუში.

ვინ ემხრობა, ვინ არა - მშობლები სასკოლო ფორმებზე

დღეს საქართველოს კერძო სკოლების უმრავლესობაში სასკოლო ფორმა სავალდებულოა. ფორმის ტარების გადაწყვეტილება წლების წინ მიიღო საჯარო სკოლების ნაწილმაც.

კერძო სკოლებისთვის ფორმა - სკოლის ლოგოთი, უფრო მათი იდენტობის ნაწილია და ამ მასალაზე მუშაობის დროსაც არაერთმა მშობელმა აღნიშნა, რომ რაც უფრო პრესტიჟულია სკოლა, მით უფრო სასიამოვნოა ამ სკოლის ფორმის ტარება.

- ბავშვებსაც მოსწონთ ეს? - ვკითხეთ ერთ-ერთს.

- დიახ, რადგან ეს მათ სხვებისგან გამოარჩევს.

ორი შვილის დედა, ქრისტინე ბლიაძე გვეუბნება, რომ სკოლაში ფორმით სიარული კომფორტულია მისთვის, როგორც მშობლისთვის და მისი შვილებისთვისაც. ბავშვები კერძო სკოლაში დადიან, სადაც ფორმა პირველიდან მეთორმეტე კლასამდე სავალდებულოა.

- კომფორტული რატომ არის? - ვკითხეთ მას.

- იმიტომ, რომ არ გვიწევს ყოველდღიურად იმაზე ფიქრი, რა ჩაიცვან ან ვინ რას იტყვის მათ ჩაცმულობაზე.

- ფორმის ერთი კომპლექტი რა გიჯდებათ?

- ფასი 150-200 ლარის ფარგლებში მერყეობს. ვახერხებთ ხოლმე რაღაც ნივთების ჩანაცვლებას, რომ ცოტა ნაკლები თანხა გადავიხადოთ. ისე, ერთი პიჯაკი საკმარისია. შარვალი - ბიჭების შემთხვევაში, 2-3 ხელი. პერანგიც რამდენიმეა საჭირო.

გამოცდილებას გვიზიარებს თბილისის კიდევ ერთი ძვირადღირებული კერძო სკოლის მშობელი, რომლის შვილიც პირველი კლასიდან ატარებს ფორმას ამავე სკოლის ლოგოთი. ის ამბობს, რომ სკოლის ფორმას მათთვის განსაკუთრებული დისკომფორტი არ შეუქმნია.

“თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ეს ფორმა, რომელიც ორი ან სამი წყვილი გაქვს, ხშირად უნდა რეცხო”.

ერთი კვირის განმავლობაში სამყოფი სასკოლო ფორმის პერანგები და მაისური. ფოტო მოგვაწოდა ერთ-ერთმა მშობელმა

ამ სკოლის მოთხოვნაა თეთრი მაისური, ლურჯი შარვალი. პულოვერი (რამდენიმე ცალია საჭირო) და 10-ლარიანი მისაკრავი ლოგო, რომელიც წელიწადში დაახლოებით ათი ცალი სჭირდებათ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რესპონდენტის თქმით, ის ცდილობს შეძლებისდაგვარად მისაღებ ფასებში იყიდოს ეს ყველაფერი, წელიწადში ეს ხარჯი 500 ლარამდე ადის.

ამ ხარჯებში ფეხსაცმელი არ ითვლება.

“სკოლაში დროდადრო ამოწმებენ აცვიათ თუ არა ფორმა, ან ზუსტად ისეთი ჯიბე აქვს თუ არა, მაგალითად, შარვალს, როგორიც დაწესებულია. ეს ჩემს შვილს ცოტა ნერვებს უშლიდა. სხვა მხრივ არ შეუქმნია ფორმის ტარებას მისთვის დისკომფორტი”.

შორენა ლაღაძის მესამეკლასელი შვილი, რომელიც ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში სწავლობს, ფორმას პირველივე კლასიდან ატარებს. აქ საქმეს ის აადვილებს, რომ თეთრ მაისურთან ან პერანგთან და სკოლის ემბლემიან ჟილეტთან ერთად, ფორმის ნაწილია ჯინსის შარვალიც:

“ჯინსი და ზედა ხომ ისედაც უნდა მეყიდა და ახლა, რადგან სკოლაშიც იცვამს ჯინსებს, ჩემთვის ასე მოსახერხებელია. ჟილეტებს ან ვუკერავთ ან სხვადასხვა საიტებიდან იწერენ და მერე ემბლემას თავად აკრავენ. ჩვენ წელს მხოლოდ სკოლის ემბლემის ხარჯი გვქონდა - 10 ლარი, რადგან ჟილეტი ოდნავ დიდი ვუყიდე გასულ წელს და წელსაც გამოადგა”.

შორენას შვილის ჟილეტი სკოლის ემბლემით

კიდევ ერთი მშობელი, ნინო გვიზიარებს, რომ მისი ორი შვილიდან სასკოლო ფორმას ახლა მხოლოდ ერთი ატარებს და სულ პრობლემაა ხან ზომა, ხან ამ ფორმის დროულად მიღება, ხანაც მისი მაღალი ფასი და გამუდმებული “მოლაპარაკება”, რომ ზოგჯერ ბავშვს ფორმასთან მიმსგავსებულ მაისურს ჩააცმევს.

“უფროს შვილს წელს აღარ აცვია ფორმა, ის საჯარო სკოლაში დადის და უმარტივესია მისი სკოლაში გასტუმრება, თავსაც გამოხატავს თავისი შერჩეული ფერებით… ჯერ არც ის მსმენია, რომ ვინმეს “ლუბუტენებით” და “გუჩებით” თავი მოეწონებინოს”…

ხელმოკლე ოჯახებს ხარჯი მართლა შეუმცირდებათ... თუ პირიქით?

როგორ აისახება სასკოლო ფორმების ხარჯები იმ ოჯახების შემოსავალზე, რომლებიც მართალია, სოციალურად დაუცველის სტატუსი არა აქვთ, თუმცა აქვთ ძალიან დაბალი შემოსავალი? სკოლის ფორმა, თან რამდენიმე ხელი, მათ დანახარჯებს გაზრდის თუ შეამცირებს?

სკოლის ფორმის მომხრეთა არგუმენტი ის არის, რომ მათ აღარ მოუწევთ იმ რაოდენობით ყოველდღიური ტანსაცმლის ყიდვა, რადგან ამ საზრუნავს ფორმა ჩაანაცვლებს. მაგრამ:

“ანუ, სხვა ტანსაცმელს ბავშვებს საერთოდ აღარ ვუყიდით? მათ ამ არჩევანს და სიხარულსაც ვართმევთ?” - ამ კითხვით პასუხობენ ფორმის მომხრეთა არგუმენტს ფორმის მოწინააღმდეგეები.

“ასე თუ დავთვლით, მაშინ ბავშვებს უნდა ვუთხრათ, რომ, აი, შენ ფორმა გაქვს, რად გინდა სხვა ტანსაცმელი? და არ ვუყიდოთ. ასე მართლაც შეიძლება ფული დაზოგო, მაგრამ ეს ნორმალურია?” - გვეკითხება სოფო, ერთ-ერთი მშობელი.

გადავწყვიტეთ, დაახლოებით დაგვეთვალა, რა დაჯდება ყველაზე იაფი სასკოლო ფორმის ერთი კომპლექტი, თუ მას მშობელი რომელიმე ბაზრობაზე ან შედარებით იაფ მაღაზიაში იყიდის:

ერთი შარვალი (ან ქვედაბოლო), ერთი მაისური, ერთი სვიტერი ან ჟილეტი - ჩვენი დათვლით, ყველაზე მომჭირნე მშობელსაც კი, სულ ცოტა, 100-150 ლარი დაუჯდება.

  • შარვალი, ქვედაბოლო - 30-40 ლარი.
  • მაისური, პერანგი - 30–50 ლარი.
  • სვიტერი ან ჟილეტი - 40-60 ლარი.
  • პიჯაკი - 50 ლარი.

თითო ხელი სკოლის ფორმა საკმარისი არასოდეს არის. ბავშვს გამოსაცვლელი აუცილებლად დასჭირდება. ეს ნიშნავს, რომ ოჯახს ეს ხარჯი ერთ შვილზე მინიმუმ გაუორმაგდება. ხოლო თუ მშობელი გადაწყვეტს, რომ მის შვილს (შვილებს) ორი კი არა, სამი შარვალი თუ კაბა ან მაისური უყიდოს, ეს თანხა კიდევ უფრო გაიზრდება.

საბჭოთა ფორმები

„დაანაბეთ ბავშვებს თავი!

სკოლის ფორმების სავალდებულოდ შემოღების ამბავმა ბევრს გაახსენა საბჭოთა წარსული და მათ ის განცდებიც გაუცოცხლა, რასაც იმ დროის ფორმების ტარება იწვევდა - ერთნაირობის, შებოჭილობის, უსახურობის განცდა.

სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” დაგეგმილ ამ ცვლილებებს არაერთი კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა.

„ცეცხლს ეთამაშებით“ - დაწერა ენათმეცნიერმა მარინე ბერიძემ, რომლისთვისაც უნიფორმების შემოღება “სოციალური გათანაბრების არგუმენტით” - “ანაქრონიზმი და მავნებლობაა: და ეს ფაქტი საქართველოს ასი წლის წინანდელ წარსულში აბრუნებს.

მისი აზრით, არანაირი კავშირი სასკოლო ფორმების ტარებასა და სოციალურ ჰუმანურობას შორის არ არსებობს და როგორი კონცეფციაც უნდა შემუშავდეს უნიფორმისთვის, მას აუცილებლად ექნება „მდიდრული და ღარიბული ვარიანტები: ქსოვილის, თარგის, აქსესუარების, თავსაბურავის თუ, ფეხსაცმლის:

“მიხურეთ ის "სარკმელები" საიდანაც სკოლებში უნიფორმის ტარების "სოციალურ სამართლიანობაზე" გიყვებიან. მაქედან… მავნე პროპაგანდისტული ნიავი შემოდის. ეტყობა მაგ ხალხს არ უნახავს, ირანში საკუთარ მანქანაში თავსაბურავის მოხალვათებისთვის ქუჩაში გაროზგილი ქალები... აუხსენით, რომ სოციალური სამართლიანობა სიღარიბის აღმოფხვრა და მისი საბოლოო დამარცხებაა და არა სიღარიბესთან თავის მოხრა და მასთან თვალთმაქცური გათანაბრება“, - წერს ენათმეცნიერი.

საბჭოთა პერიოდის სასკოლო ფორმა - ფოტო ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან

“უნდა იყოს თუ არა სასკოლო ფორმები? უნდა ისწავლებოდეს თუ არა ყველაფერი ყველასთვის ერთი სახელმძღვანელოთი? არა! არა და არა!” - საჯაროდ დაწერა მწერალმა თამრი ფხაკაძემაც და ეს „არა“ ასე ახსნა:

„სსრკ იყო უნიფორმების, უალტერნატივო სახელმძღვანელოების, საყოველთაო სტანდარტების, ანტიინდივიდუალიზმის, ანტი-პიროვნების სამყარო. 10 წელი იყავი ერთი და იგივე! იზრდებოდი და შენთან ერთად იზრდებოდა ის უუჟმურესი შავ-ყავისფერი ფორმის კაბაც! ვითომ უწყინარი, ვითომ მოსწავლური... სინამდვილეში, ბეჭედი, რომ შენ ხარ ყველა. და ყველა ირგვლივ იყო ერთნაირი! მიზანიც ეს იყო. ფორმა აუცილებლად, ყოველ მიზეზგარეშე მოქმედებს შინაარსზე”.

“ვისაც ამ ფოტოზე ასახული რეალობა გენატრებათ, დაფიქრდით, კიდევ რა გენატრებათ საბჭოთა წყობიდან” - ეს კი ნაწყვეტია კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორის, განათლების სპეციალისტის ნანა დიხამინჯიას ფეისბუკსტატუსიდან, რომელსაც მან საბჭოთა სკოლის ფორმების ფოტოც დაურთო.

“ჩემთვის ორი ქვეყანაა სამაგალითო იმით, თუ როგორ განახორციელეს საფუძვლიანი საგანმანათლებლო რეფორმა: ფინეთი და ესტონეთი. სწორედ ამ ორი ქვეყნის მაგალითებით უნდა ხელმძღვანელობდეს საქართველო და არა ძალიან მდიდარი, ან ტრადიციულად ძლიერი განათლების მქონე, ან ძალიან ავტორიტარული სახელმწიფოების მაგალითებით. ამ ორ ქვეყანაში არაა ფორმები. თანასწორი განათლებით ასევე მისაბაძია შვედეთი, დანია და ნორვეგია. არც ამ ქვეყნებშია სავალდებულო ფორმები საჯარო სკოლებში. და სხვათა შორის, ყველა ამ ქვეყანაში დაბალია ბულინგის შემთხვევები”, - წერს ნანა დიხამინჯია.

„ყავისფერი ფერი ახლაც მძულს“

ამ სტატიაზე მუშაობისას საბჭოთა ფორმის ტარების გამოცდილების მქონე ოცზე მეტ ადამიანს ველაპარაკეთ. ზოგი იხსენებდა, რომ ეს ფორმა სულს უხუთავდა და ის მისთვის თავისუფლების, ინდივიდუალიზმის შეზღუდვის სინონიმი იყო, ზოგი ეგუებოდა და უბრალოდ ცდილობდა ეს ფორმები რამით გაეხალისებინა - განსხვავებული საყელოთი, ბაფთით თუ წინსაფრით. ზოგსაც მოსწონდა და სჯეროდა, რომ ეს თანასწორუფლებიანობას უსვამდა ხაზს…

თუმცა უმრავლესობა, ვინც ჩვენ გამოცდილება გაგვიზიარა, ზოგიც ღიად, ზოგიც ანონიმურად, გვეუბნება, რომ სკოლის ფორმა მათთვის მაინც ასოცირდება თავისუფლების წართმევასთან. წარსულში დაბრუნებასთან.

“განსაკუთრებით დღესაა ძლიერი ეს განცდა. ავტორიტარებს ერთიანი, ნაცრისფერი, იოლად სამართავი მასა სჭირდებათ. ამის მიღწევას დრო უნდა და ინტერნეტის ეპოქაში, ეს გაცილებით ძნელია, ვიდრე გასული საუკუნის 80-იან წლებში იყო, მაგრამ მაინც ცდილობენ. მგონია, რომ ამ ფორმებთან ერთად სასწავლო გეგმაც ისე შეიცვლება, რომ სკოლიდანვე მორჩილი უმრავლესობა გამოვიდეს. ერთიანი სახელმძღვანელოებიც ამაზე მიანიშნებს, გარდა იმისა, რომ დამოუკიდებელი და დაუმორჩილებელი გამომცემლობების დასჯა სურთ”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნინო ბექიშვილი.

“მძულდა, როგორც სხვა დანარჩენი ყველაფერი კოლექტიური. მას შემდეგ მძულს ყავისფერი. აგერ უკვე 56 წლის ვარ და არასდროს აღარ მქონია ყავისფერი ტანსაცმელი”, - ამბობს ნინო ნამიჭეიშვილი.

“ერთფეროვნება იმდენად გვთრგუნავდა, ერთნაირად საზიზღარი იყო სამტრედიის სამკერვალოს მოჩორკნილი და მეზობელ მაყვალას გამოგვირისტებული ბატისტის საყელოიანიც. გვეზიზღებოდა ყველას”, - იხსენებს ეკა ცხადაია.

“სასტიკი განცდა იყო. ბორკილივით. ჩრდილებს ვგავდით”, - ასეთია ლელა ლაშხის მოგონება ფორმაზე.

ანა ციციშვილმა მხოლოდ 2 კლასი გაატარა საბჭოთა სკოლაში, სადაც ყავისფერ კაბაზე შავი წინსაფარი ეკეთა. მერე დედამ გერმანულ გიმნაზიაში გადაიყვანა და პირველი მოულოდნელი შთაბეჭდილებაც იმ დროისაა:

“იქ ბავშვებს არ ეცვათ ფორმები. დიდხანს ვერ ვმალავდი გაოცებას, როცა ეს ჭრელტანსაცმლიანი, თავისუფალი, დერეფანში მორბენალი ბავშვები დავინახე, რომლებსაც ეცვათ ჯინსის ქვედაბოლოები, შარვლები, ფერად-ფერადი მაისურები და იყო თავისუფლება. ეს ძალიან სიმბოლური იყო”.

ფოტო ანა ციციშვილის სასკოლო ალბომიდან, სანამ ის საჯარო სკოლაშო ფორმას ატარებდა

“ფორმის აუცილებლობის მთავარი არგუმენტი საბჭოთა სკოლის დროსაც ეს იყო და დღესაც იმეორებენ: სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფა და ბულინგის პრევენცია - აბსურდია, რადგან ფორმა ვერ გამორიცხავს განსხვავებულობას. არსებობს ფეხსაცმელი, ტანსაცმელი (პალტო, ქურთუკი, ა.შ.) არსებობს ჩანთა და სხვა სასკოლო აქსესუარები, ტელეფონებზე არაფერი რომ არ ვთქვათ… სკოლაში დამცირების და ბულინგის სხვა ფორმების წამალი მხოლოდ სწორად დალაგებული და კარგად ახსნილი პრიორიტეტებია - რა არის საამაყო და მისაბაძი და რას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა”, - ამბობს ლევანი, ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი საბჭოთა ფორმის ტარების გამოცდილებით.

ვის აქვს და ვის არა მსოფლიოში სავალდებულო სასკოლო ფორმები?

დამოუკიდებელი ონლაინმონაცემთა პლატფორმა World Population Review (WPR), რომელიც აგროვებს და აქვეყნებს გლობალურ დემოგრაფიულ და სოციალურ-ეკონომიკურ სტატისტიკას, აქვეყნებს 2025 წლის მონაცემებს ქვეყნების მიხედვით სკოლის ფორმების ტარების შესახებ და წერს, რომ დასავლურ ქვეყნებში, როგორც წესი, ყველაზე ხშირად გვხდება სკოლაში ფორმის ტარების შერეული გამოცდილება.

მაგალითად, ფორმები კვლავ ფართოდ გამოიყენება ამერიკის შეერთებული შტატების კერძო სკოლებში, მაგრამ აუცილებელი არ არის საჯარო სკოლებში.

სასკოლო ფორმები ხანგრძლივი საგანმანათლებლო ტრადიციების ნაწილია ბევრ სხვა დასავლურ ქვეყანაში, მათ შორის, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში.

აზიაში ფორმების გამოყენება უფრო გავრცელებულია და მჭიდრო კავშირშია კულტურულად მნიშვნელოვან კონცეფციებთან, როგორიცაა დისციპლინა, იდენტობა და დროში გამოცდილი ტრადიციები.

აი, მაგალითები ქვეყნების მიხედვით, სადაც სავალდებულოა ან არ არის სავალდებულო სკოლის ფორმის ტარება საჯარო სკოლებში ან სადაც შერეული სისტემა მოქმედებს:

ინდოეთში: ფორმები სავალდებულოა როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში.

ჩინეთის სკოლებში ფორმები სასწავლო პროცესის ნაწილია. თითქმის ყველა საშუალო სკოლა, ისევე როგორც ზოგიერთი დაწყებითი სკოლა, მოსწავლეებს ფორმების ტარებას ავალდებულებს.

ინდონეზიაში ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით ყველა მოსწავლისთვის სავალდებულოა ეროვნული სკოლის ფორმის ტარება.

პაკისტანის სკოლების უმეტესობაში სკოლის ფორმები სავალდებულოა როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში.

ნიგერიაში სკოლის ფორმები გამოიყენება ყველა საჯარო და კერძო სკოლაში, საბავშვო ბაღებში, დაწყებით და საშუალო სკოლებში.

იაპონიამ სკოლის ფორმები მე-19 საუკუნის ბოლოს შემოიღო. დღეს სკოლის ფორმები თითქმის უნივერსალურია საჯარო და კერძო სასკოლო სისტემებში. ის ასევე გამოიყენება ზოგიერთ ქალთა კოლეჯში.

ირანის სკოლები, როგორც წესი, უნიფორმების პოლიტიკას იყენებენ, თუმცა კანონით არ შეუძლიათ მოსწავლეების იძულება, ატარონ ფორმა.

უგანდის საჯარო და კერძო სკოლების უმეტესობას ფორმები აქვს საბავშვო ბაღიდან საშუალო სკოლამდე.

აზერბაიჯანის საჯარო სკოლებში სკოლის ფორმები სავალდებულოა.

ბელარუსის ყველა სკოლაში 2023 წლიდან სავალდებულოა სასკოლო ფორმები.

გაერთიანებულ სამეფოში სკოლის ფორმა ფართოდ არის გავრცელებული, თუმცა არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც მის აღსრულებას აწესებს. სკოლის ფორმის პოლიტიკისა და ჩაცმულობის კოდექსის აღსრულება, როგორც წესი, თითოეული სკოლის გადასაწყვეტია.

ავსტრალიაში თითოეულ სკოლას ან სასკოლო სისტემას შეუძლია დაადგინოს საკუთარი უნიფორმის პოლიტიკა. უნიფორმის ტარება სავალდებულოა ავსტრალიის კერძო და ყველა კათოლიკურ სკოლაში, ასევე საჯარო სკოლების უმეტესობასა და დაწყებით სკოლებში.

ისლანდიის ზოგიერთ დაწყებით სკოლაში ფორმები აცვიათ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საჯარო სკოლები უნიფორმებს არ მოითხოვენ. უფრო ტრადიციული კერძო სკოლები და სხვა სპეციალიზებული სკოლები ზოგჯერ არაფორმალურ უნიფორმას, რომელსაც სტანდარტიზებული ჩაცმულობის კოდექსს უწოდებენ, მოითხოვს.

რუსეთში თითოეულ სკოლას ახლა შეუძლია აირჩიოს საკუთარი ფორმა. ასევე, არსებობს მრავალი შემთხვევა, როდესაც სკოლები არ იცავენ სკოლის ფორმის წესებს.

გერმანიაში სკოლის ფორმების ტარების ტრადიცია არ არსებობს.

ესპანეთში სკოლის ფორმების ტარება საჯარო სკოლებში არცერთ კონკრეტულ ეტაპზე სავალდებულო არ არის.

იტალიაში სკოლის ფორმები იშვიათია, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ბავშვთა ფორმები ასოცირდება ბენიტო მუსოლინის ეპოქასთან მეორე მსოფლიო ომამდე, როდესაც ბავშვები ასაკის მიხედვით იტალიურ ფაშისტურ ახალგაზრდულ მოძრაობებში იყვნენ შეყვანილნი და უწევდათ ფორმების ტარება როგორც სკოლაში, ასევე მის გარეთ.

საფრანგეთის სკოლებში უნიფორმა არ არის სავალდებულო, რამდენიმე გამონაკლისის გარდა

უკრაინაში 2019 წლის ივნისში, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააუქმა 1996 წლის დადგენილება, რომელიც უკრაინის საშუალო სკოლის მოსწავლეებს სავალდებულო ფორმების ტარებას უწესებდა.

პოლონეთში სკოლის ფორმები სავალდებულო არ არის და არ არსებობს პოლონური სკოლების აბსოლუტურ უმრავლესობაში.

ნორვეგიის საგანმანათლებლო სისტემაში სკოლის ფორმები, როგორც წესი, არ არსებობს, გარდა გარკვეული საერთაშორისო სკოლებისა და ა.შ.

მსოფლიოს ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოს გრაფის გასწვრივ ჯერ კიდევ ეს მინაწერია: "საქართველოს სკოლებში სკოლის ფორმები ფართოდ არ გამოიყენება".

"რა დროს ეს არის, როცა ბავშვებს შიათ"?

კითხვას - ემხრობიან თუ არა ადამიანები სასკოლო ფორმების დაბრუნებას, - რადიო თავისუფლების ფეისბუკზე ათასობით გამოხმაურება მოჰყვა. აქაც, ადამიანების აზრი ორად გაიყო („დიახ, და არამარტო მეექვსე კლასამდე!“ ან: „გაგიჟდით, კომუნიზმში გვაბრუნებთ?“).

"სკოლის ფორმაა ახლა მთავარი პრობლემა?" - წერდნენ ადამიანები: სამიათასზე მეტი პასუხიდან იმაზე მეტი პრობლემა გამოჩნდა, რაც ადამიანებს აწუხებთ, ვიდრე თავად სასკოლო ფორმის შემოღებაა.

მაგალითად, ბავშვების კვება სკოლებში, მოუწესრიგებელი ბუფეტები, დანგრეული და წლების განმავლობაში ვერ აშენებული სკოლები, ტუალეტები, წყლის და სხვა სანიტარული პრობლემები, ზოგადი განათლების დონე და ა.შ.

განათლების სამინისტროს, მაგალითად, დღემდე არ უპასუხია რადიო თავისუფლების მიერ რამდენჯერმე გაგზავნილ შეკითხვებზე, რომლითაც ვითხოვდით იმ სკოლების სიას, სადაც 2025 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიდის ან სად დასრულდა ეს სამუშაოები ან რა დაჯდა ეს სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები...

ამ საკითხზე მინისტრმა გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციაზე პროსამთავრობო არხებისთვის მიცემულ ინტერვიუებში თქვა, რომ სასწავლო წლის დასაწყისში 60-მდე ახალი სკოლა გაიხსნა და იანვარში კიდევ ოცამდე ახლად აშენებული ან რეაბილიტირებული დაახლოებით 20-მდე სკოლის გახსნაა დაგეგმილი. ხოლო დანარჩენი სკოლების რეაბილიტაციისთვის კიდევ სამწლიანი გეგმა უნდა შემუშავდეს.

2022-2026 წლებში მთავრობა 80 ახალი სკოლის აშენებას და 720 სკოლის რეაბილიტაციას გეგმავდა - სკოლების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიარდი ლარი უნდა გამოყოფილიყო.

სასკოლო ფორმებს რაც შეეხება, ეს საკითხი, განათლების მინისტრის თქმით, უსწრაფესად უნდა გადაწყდეს, სკოლებმა დროულად დაიჭირონ თადარიგი, რომ ზაფხულისთვის უკვე ათასობით ფორმა იყოს შეკერილი - სექტემბერში, როცა სწავლა დაიწყება, დაწყებითი კლასების ყველა მოსწავლე სკოლაში ახალი ფორმით უნდა გამოცხადდეს.

ასევე ნახეთ უფასო და ჯანმრთელი კვება სკოლაში - უტოპია თუ რეალობა
ასევე ნახეთ "მარტო ჩემი სკოლა რომ იყოს გაჩერებული, ხომ გადავირიე?" - ათობით სკოლაში რემონტი ვერ სრულდება