"საქართველო-არსენალი" - გერმანული წიგნი ქართულ კინოზე

გერმანელმა კინომცოდნეებმა, ერიკა და ულრიხ გრეგორებმა ქართული კინოს კვირეული დასავლეთ ბერლინში ჯერ კიდევ 1975 წელს მოაწყვეს, როცა მოსკოვი ყველაფერს აკეთებდა, რათა მსოფლიოს ქართული კინოს შესახებ არაფერი სცოდნოდა. სამწუხაროდ, მარტო ეს კვირეული არ აღმოჩნდა საკმარისი ქართული კინოხელოვნების პოპულარიზაციისთვის საზღვარგარეთ: უცხო ენაზე ერთადერთი სერიოზული წიგნი ქართულ კინოზე პარიზში გამოიცა მხოლოდ „პერესტროიკის“ ეპოქაში, 1987 წელს.

ერიკა და ულრიხ გრეგორებმა გასული წლის მიწურულს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას დაამთხვიეს ახალი წიგნის გამოცემა ქართულ კინემატოგრაფზე, თანაც სამ ენაზე. „კინემატოგრაფიული ურთიერთობა: საქართველო - „არსენალი“, ასე ჰქვია პუბლიკაციას, რომლის პრეზენტაცია დეკემბრის დასაწყისში, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. გიორგი გვახარიას გადაცემის სტუმარი ირინე ბერიძე - ამ წიგნის რედაქტორი და შემდგენელი - გვიამბობს, როგორ არ ხსნიდნენ საბჭოთა კულტურის იდეოლოგები ქართული კინოს კარს, როგორ შეძლო „არსენალმა“ ქართული ფილმების უნიკალური კოლექციის შეგროვება.

„არსენალის“ ამ პუბლიკაციაში ჩართულია ქართული ფილმების კადრები, ფილმოგრაფიები, ინტერვიუები კინორეჟისორებთან. აგრეთვე გამოქვეყნებულია საუბრები და პოდიუმის დისკუსიები, რომლებიც მოეწყო ბერლინის კინოთეატრ „არსენალში“ 2017 წლის ოქტომბერში. წიგნი უკვე იყიდება გერმანიის წიგნის მაღაზიებში. ასევე გადაეცა ეროვნულ ბიბლიოთეკას და ილიას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას.