ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი: საქართველოს აღსასრულებელი აქვს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები 77 საქმეზე

ფოტო არქივიდან: საპროტესტო აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით. თბილისი, 1 მაისი, 2024

25 მარტს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს (ECHR) განაჩენებისა და გადაწყვეტილებების შესრულებაზე 2025 წლის განმავლობაში. კომიტეტი აცხადებს, რომ ბევრ ქვეყანაში აღინიშნა მნიშვნელოვანი პროგრესი, თუმცა არის მნიშვნელოვანი გამოწვევებიც.

რა წერია ანგარიშში საქართველოს შესახებ?

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რატიფიკაციიდან (1999) დღემდე საქართველოს წინააღმდეგ ევროსასამართლოში შესულია 202 საქმე, რომელთაგან 82 არის წამყვანი საქმე, 120 - განმეორებითი. მათ შორის დღემდე შესრულებულად - „დახურულად“ ჩათვლილია 125 საქმე (53 - წამყვანი, 72 - განმეორებითი).

გასული წლის განმავლობაში საქართველომ სამართლიანი კომპენსაციის სახით გადაიხადა 748 817 ევროს ოდენობის თანხა (2024-ში - 85 512 ევრო).

ახალი საქმეები

2025 წელს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოდან აღსრულებაზე ზედამხედველობისთვის საქართველოს წინააღმდეგ მიიღო 11 საქმე (2024-ში - 13, 2023-ში - 15). ახალი დარღვევების უმრავლესობა ეხება სასამართლო პროცესების გადაჭარბებულ ხანგრძლივობას და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ერთი ახალი საქმე ეხება პოლიციის მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებით გამოყენებას.

აღსრულების მომლოდინე საქმეები

2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მიერ აღსასრულებელი იყო ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები 77 საქმეზე (2024-ში - 73, 2023-ში - 78), რომელთაგან 9 წამყვანი საქმე იყო ზედამხედველობის გაძლიერებული პროცედურის ქვეშ (მათგან ხუთი საქმე ხუთ წელიწადზე მეტია აღსრულებას ელოდება) და 20 წამყვანი საქმე (მათგან 9 ხუთ წელიწადზე მეტია აღსრულებას ელოდება), ზედამხედველობის სტანდარტული პროცედურით.

მინისტრთა კომიტეტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა შვიდი სამოქმედო გეგმა და 15 სამოქმედო ანგარიში. განახლებულ გეგმას/ანგარიშს მინისტრთა კომიტეტი ელოდება ოთხ საქმეზე, რომლებზეც განაჩენთა აღსრულების დეპარტამენტმა (DEJ) 2025 წლის 1 იანვრამდე წარადგინა ინფორმაცია.

სამართლიანი კომპენსაციის გადახდა

2025 წელს საქართველომ სამართლიანი კომპენსაცია სრულად დაფარა 9 საქმეზე.

ანგარიშში მოცემული ცხრილის თანახმად, 2025 წელს საქართველომ კომპენსაციების სახით სულ გადაიხადა 748 817 ევრო.

სრულად გადახდასა და/ან პროცენტულ წილზე დადასტურების მოლოდინია 5 საქმეზე, რომელთა დაფარვაზე ევროსასამართლოს მიერ დაწესებული ვადა ექვს თვეზე მეტი ხნის წინ ამოიწურა.

დახურული საქმეები და 2025 წლის მთავარი მიღწევები

მინისტრთა კომიტეტმა 2025 წელს დახურა შვიდი (ორი წამყვანი და ხუთი განმეორებითი) საქმე.

მათ შორის, შესაძლებელი გახდა ერთი წამყვანი საქმის დახურვა, რომელიც ეხებოდა ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას და ეს მოჰყვა ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებას.

დამატებით 5 განმეორებითი საქმეც დაიხურა, ვინაიდან აღარ იყო ინდივიდუალური ზომების მიღების აუცილებლობა ან შესაძლებლობა.

2025 წელს მინისტრთა კომიტეტის მიერ გამოვლენილი მთავარი პრობლემები

გასული წლის განმავლობაში მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს წინააღმდეგ 5 წამყვანი/გაერთიანებული საქმე შეისწავლა, რომლებიც მისი გაძლიერებული პროცედურით ზედამხედველობის ქვეშ იყო და მიიღო მათზე გადაწყვეტილებები:

  • არასათანადო მოპყრობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევების ეფექტიანი გამოძიების არარსებობა; პოლიციის მიერ ეჭვმიტანილთა დაკავებისას გადაჭარბებული ძალის გამოყენება

"ცინცაბაძის საქმეების ჯგუფი" - ბოლო გადაწყვეტილება მიღებულია 2025 წელს. ამ ჯგუფის საქმეები მინისტრთა კომიტეტმა შეისწავლა 2025 წელს.

  • ადგილობრივი სასამართლოები ვერ იძლევიან ადეკვატურ და საკმარის მიზეზებს წინასწარი პატიმრობის გაგრძელების დასასაბუთებლად; მომჩივნისთვის წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივება, მისგან მესამე პირებზე ინფორმაციის მიღების უპირატესი მიზნით.

"მერაბიშვილის საქმე" - ბოლო გადაწყვეტილება მიღებულია 2025 წელს. ეს საქმე 2025 წელს შეამოწმა მინისტრთა კომიტეტმა.

  • გენდერის იურიდიულად ცნობისთვის კანონმდებლობის არარსებობა

"ა.დ.-ს და სხვების საქმე" - ბოლო გადაწყვეტილება მიღებულია 2025 წელს. ეს საქმე 2025 წელს შეამოწმა მინისტრთა კომიტეტმა.

  • ჰომოფობიური და რელიგიით მოტივირებული თავდასხმებისგან დაცვის არარსებობა

"„იდენტობისა“ და სხვების" საქმეთა ჯგუფი - ბოლო გადაწყვეტილება მიღებულია 2025 წელს. ეს საქმე 2025 წელს შეამოწმა მინისტრთა კომიტეტმა.

  • შეკრების თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებების დარღვევა ადმინისტრაციულ ბრალდებებზე, დემონსტრაციების კონტექსტში, თავისუფლების უფლებისა და უსაფრთხოების დარღვევა, თვითნებური ადმინისტრაციული დაკავებებისა და პატიმრობის შედეგად.

"მაქარაშვილისა და სხვების საქმე" - ბოლო გადაწყვეტილება მიღებულია 2025 წელს. ეს საქმე 2025 წელს შეამოწმა მინისტრთა კომიტეტმა.

მინისტრთა კომიტეტის წინაშე მდგარი სხვა მნიშვნელოვანი გადასაჭრელი საკითხები 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით

აღსრულების მომლოდინე საქმეებს შორისაა, ოჯახური ძალადობის პრევენციის განუხორციელებლობა და სამართალდამცავთა უმოქმედობის გამოუძიებლობა; სასამართლო პროცესების ხანგრძლივობა და ამ მხრივ ეფექტიანი ინსტრუმენტის არარსებობა; სამართლიანი სასამართლოს უფლება და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების უფლება.

რუსეთის ვალდებულებები საქართველოს მოქალაქეებისადმი

მინისტრთა კომიტეტის ანგარიშის რუსეთის შესახებ ნაწილში (სახელმწიფოთაშორის საქმეებში) აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციას ამ დრომდე არ აღუსრულებია 2006 წლის სექტემბერსა და 2007 წლის იანვრის პერიოდში ქართველების მასობრივად დაკავებისა და გაძევების საქმეზე გადაწყვეტილება, აგრეთვე არ გაუცია „რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის“ კონტექსტში ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევის გამო ევროპული სასამართლოს მიერ დაწესებული კომპენსაციები. მინისტრთა კომიტეტმა კვლავ მოუწოდა რუსეთს შემდგომი დაყოვნების გარეშე, უპირობოდ შეასრულოს თავისი ვალდებულება.

მინისტრთა კომიტეტის ანგარიშში ხაზგასმულია რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩართულობის არარსებობისა და მისგან ინფორმაციის მიღების პრობლემა - როგორც მთავარი სისტემური წინაღობა ევროპის სასამართლოსთვის. რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს 2022 წელს, თუმცა მას კვლავაც ეკისრება ევროსასამართლოს ის კვლავაც ვალდებულია შეასრულოს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები.

უფრო ვრცლად ანგარიშის შესახებ

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის წლიური ანგარიში მოიცავს ინფორმაციას ახალ, აღსრულების მომლოდინე და დახურულ საქმეებზე ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებთან მიმართებით.

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ზედამხედველობას უწევს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულებას წევრი სახელმწიფოების მიერ. 2025 წელს ამ უწყებამ 949 საქმე დახურა - აღსრულებულად შეაფასა, რაც 2024 წელთან შედარებით 6.2%-ით მეტია.

კომიტეტმა დახურულად ჩათვალა 194 წამყვანი საქმე, რომლებიც ხშირად საჭიროებს ახალი კანონების ან პრაქტიკების დამკვიდრებას მსგავსი დარღვევების გამეორების თავიდან ასაცილებლად. ეს დახურული საქმეები შეეხებოდა ევროსაბჭოს წევრ 37 ქვეყანას, რასაც მინისტრთა კომიტეტი წინსვლად აფასებს:

„ეს მეტია, ვიდრე მხოლოდ სტატისტიკა: ეს არის სამართლის აღსრულების მაჩვენებელი და სისტემის სიცოცხლისუნარიანობისა და ადეკვატურობის მძლავრი ნიშანი“.

ანგარიშში ხაზგასმულია დადებითი განვითარება უკრაინაში, რომლის წინააღმდეგაც 97 საქმე ჩაითვალა დასრულებულად - მათ შორის 11 წამყვანი საქმე - 2025-ში.

ანგარიშის თანახმად, რუმინეთის ანგარიშზეა როგორც მთლიანობაში (-124), ისე წამყვანი (-27) საქმეების რაოდენობის ყველაზე მკვეთრი შემცირება. მნიშვნელოვნად შემცირდა ევროსასამართლოს განსახორციელებელი გადაწყვეტილებების რაოდენობა ავსტრიაში, ესტონეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და ლიეტუვაში.

ამ ფონზე, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება მაინც გამოწვევად რჩება. მათ შორის სახელდება, სასამართლოში შესულ საქმეთა კომპლექსურობა, გაჭიანურებულ საქმეთა რაოდენობის ზრდა და ის, რომ 500-ზე მეტ წამყვან საქმეზე გადაწყვეტილებების შესრულება 5 წელიწადზე მეტ ხანს ჭიანურდება. ასეთი საქმეები არის საქართველოსთან მიმართებითაც.

ასევე ნახეთ „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პასუხობს კობახიძისა და პაპუაშვილის ბრალდებებს „ინტერესთა კონფლიქტზე“