აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოსტონში ფედერალურმა ნაფიცმა მსაჯულებმა საქართველოს მოქალაქეს, 33 წლის ერეკლე გუგავას, ბრალი წაუყენეს ფულის გათეთრების მიზნით შეთქმულებაში.
უწყების ცნობით, საქმე ეხება ჯანდაცვის სფეროში 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების თაღლითობის სქემას. სავარაუდო დანაშაულის პერიოდში გუგავა შეერთებულ შტატებში უკანონოდ იმყოფებოდა.
სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით, უცხოეთში დაფუძნებულ ორგანიზაციაში გუგავა ფულს ათეთრებდა. ორგანიზაცია რუსეთსა და სხვა ქვეყნებში საქმიანობდა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის შეფასებით, კომპანია დაკავშირებულია ჯანდაცვის სფეროში თაღლითობის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საქმესთან, რომელსაც „ოპერაცია ოქროს ციებ-ცხელება“ (Operation Gold Rush) ეწოდა.
ბრალდების თანახმად, ორგანიზაციამ Medicare-ისა და ჯანმრთელობის დაზღვევის სხვა კომპანიების წინააღმდეგ მილიარდობით დოლარის ღირებულების თაღლითობისა და ფულის გათეთრების სქემა შეიმუშავა.
საქმის მასალების მიხედვით, გუგავა 2025 წლის თებერვლიდან ივლისამდე პენსილვანიაში მდებარე სამედიცინო აღჭურვილობის კომპანიის, ND Medical Solutions-ის სავარაუდო მფლობელი იყო.
ამ ხუთი თვის განმავლობაში კომპანიამ Medicare-სა და კერძო სადაზღვევო კომპანიებს, სულ მცირე, 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების თაღლითური შეთავაზებით მიმართა. სადაზღვევო კომპანიებმა ND Medical-ს დაახლოებით 6,5 მილიონი დოლარი გადაუხადეს.
გამოძიების ინფორმაციით, გუგავა თაღლითობით მიღებული თანხების ჩარიცხვასა და გადარიცხვაში მონაწილეობდა. მან, სავარაუდოდ, ND Medical-ის სახელზე რამდენიმე საბანკო ანგარიში გახსნა და მათზე ერთადერთ ხელმომწერ პირად იყო მითითებული.
ბრალდების მიხედვით, სადაზღვევო კომპანიებიდან მიღებული ჩეკები ამ ანგარიშებზე ირიცხებოდა. შემდეგ თანხები სხვადასხვა უცხოურ საბანკო ანგარიშზე გადაჰქონდათ და ორგანიზაციის სასარგებლოდ იყენებდნენ.
გამოძიების თანახმად, თაღლითური მოთხოვნების ნაწილი აშშ-ის მოქალაქეების მოპარულ პირადობებს ეფუძნებოდა. მათ შორის იყვნენ მასაჩუსეტსისა და ახალი ინგლისის სხვა შტატების მცხოვრებლები, ასევე ადამიანები ქვეყნის სხვა ნაწილებიდან.
ბევრმა მათგანმა Medicare-სა და მის კონტრაქტორებს მას შემდეგ მიმართა, რაც მიიღეს დოკუმენტები, რომლებშიც ეწერა, რომ მათ სამედიცინო აღჭურვილობა მიიღეს. მათი თქმით, სინამდვილეში ასეთი აღჭურვილობა არ მიუღიათ.
დოკუმენტებში ასევე მითითებული იყვნენ ექიმები, რომლებთანაც პაციენტებს არასდროს ჰქონიათ ვიზიტი. აღჭურვილობის მიმწოდებლად კი ND Medical-ი იყო მითითებული, კომპანია, რომლის შესახებაც მათ არაფერი იცოდნენ.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, გუგავა 2025 წლის ივლისში, დანაშაულებრივი ქმედებების შემდეგ, შეერთებული შტატებიდან გაიქცა.
ფულის გათეთრების მიზნით შეთქმულების ბრალდება ითვალისწინებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, სამ წლამდე ზედამხედველობის ქვეშ გათავისუფლებას და ჯარიმას 500 ათას დოლარამდე ან გათეთრებული თანხის ორმაგი ოდენობით.
სასჯელს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ფედერალური რაიონული სასამართლოს მოსამართლე განსაზღვრავს.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, საბრალდებო დოკუმენტში აღწერილი ფაქტები ბრალდებებს წარმოადგენს. ერეკლე გუგავა უდანაშაულოდ ითვლება მანამ, სანამ სასამართლო მის ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა არ დაადგენს.