სული ღმერთს, გული ქვეყანას - საქართველოს 9 პატრიარქი

ილია მეორემდე, 60 წლის განმავლობაში, საქართველოს 8 პატრიარქი ჰყავდა.

ავტოკეფალიის გამოცხადების შემდეგ საქართველოს ეკლესიას 9 პატრიარქი ჰყავდა. უმძიმესი წლები იდგა. ტაძრებში წირვა-ლოცვა ბევრგან რუსულად ტარდებოდა, ბოლშევიკები ტაძრებს ხურავდნენ ან შიგ აბანოებს ხსნიდნენ. სასულიერო პირებს აიძულებდნენ ანაფორა გაეხადათ.

ილია მეორემდე, 60 წლის განმავლობაში, საქართველოს 8 პატრიარქი ჰყავდა და ბევრი მათგანის გზა მუდმივ დევნაზე, ციხეებსა და გადასახლებაზე გადიოდა.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია რუსეთმა 1811 წელს გააუქმა და მისი მართვა რუს ეგზარქოსებს გადაბარა. 1017 წელს ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ საქართველოს პირველი პატრიარქი კირიონ მეორე გახდა. თუმცა მხოლოდ რამდენიმე თვით.

პატრიარქი კირიონ მეორე

კირიონ მეორე, ერობაში გიორგი საძაგლიშვილი 1855 წლის 10 ნოემბერს დაიბადა. მიიღო სასულიერო განათლება. სხვადასხვა დროს სწავლობდა გორის სასულიერო სასწავლებელში, თბილისის სასულიერო სემინარიასა და კიევის სასულიერო აკადემიაში.

პატრიარქი კირიონ მეორე

„იმ ოთახში, სადაც საძაგლიშვილი იმყოფებოდა, მუდამ ყვირილი და ჩხუბი იყო. თურმე სტუდენტებს საძაგლიშვილი ედავებოდა ქართული კულტურის შესახებ - მაღლა აყენებდა მას, რუს სტუდენტებს კი ეს არ სჯეროდათ და უარყოფდნენ“, - წერდა დავით კლდიაშვილი.

კირიონი ბერად შედგა 1896 წელს, მას შემდეგ, რაც ცოლ-შვილი დაეღუპა. რუსეთი მას არ ენდობოდა, უკვე ეპისკოპოსს საქართველოში მსახურება აუკრძალა და რუსეთში გადაიყვანა.

„ჩემთვის მარად საღმრთო იქნება ის ლტოლვილება, რომელსაც მივესწრაფებოდი. ჩემ სიცოცხლეში ჩემი წარმატებისათვის არ მიზრუნია: არც ოქრო იზიდავდა ჩემს გულს და არც ჯილდო. პირადი ჩემი ინტერესები დიდი ხანია უარვყავ. ბევრი უსამართლობა გამომივლია, მაგრამ თანაგრძნობისათვის არავისთვის თავი არ შემიწყევინებია. მტრებისათვის სამაგიერო არ გადამიხდია, თუმცა შემეძლო და გარემოებაც ხელს მიწყობდა. დეე, დროებით იპარპაშონ ცბიერებამ, ორპირობამ და დამბეზღებლობამ, დადგება დრო, უსამართლობა დაითრგუნება, მოისპობა პირისაგან ქვეყნისა და ჭეშმარიტება გამეფდება. მხოლოდ მოთმინება უნდა, მოთმინება, - თუმცა საქმე თავად მაინც არ გაკეთდება, ქადები ციდან არ ჩაცვივა. უფალმა ბრძანა: ეძიებდით და ჰპოულობდითო. ძიება არის შრომა ხანგრძლივი და თავდადებული“, - წერდა ლტოლვილობაში.

1905 წელს მას სოხუმში დაბრუნების უფლება მისცეს. თუმცა, რუსეთის გავლენა იქ კიდევ უფრო იგრძნობოდა და კირიონიც კიდევ უფრო მეტად იბრძოდა, რომ აფხაზეთი ქართულ სივრცეში შეენარჩუნებინა. იქიდანაც გაათავისუფლეს და ლიეტუვაში გადაიყვანეს.

უფრო გვიან მღვდელმოქმედება შეუჩერეს და დააპატიმრეს კიდეც. მიზეზი თბილისში რუსი ეგზარქოსის ნიკონის მკვლელობა გახდა, რაც ქართველ სამღვდელოებასა და კირიონს დაჰბრალდა.

როდესაც საქართველომ ნანატრი ავტოკეფალია მიიღო, კირიონს უკვე ჯანმრთელობა ჰქონდა შერყეული, მაგრამ პატრიარქად მაინც აირჩიეს.

1918 წლის 27 ივნისს ის საკუთარ საწოლში ტყვიით მოკლული იპოვეს. მომხდარი ოფიციალურად თვითმკვლელობად შეფასდა, მაგრამ ამის არავის სჯეროდა. დაკრძალეს სიონში.

2002 წლის 17 ოქტომბერს კირიონი საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

პატრიარქი ლეონიდე

პატრიარქი ლეონიდე, ერისკაცობაში ლონგინოზ ოქროპირიძე 1861 წლის 15 თებერვალს დაიბადა. 1887 წლის 19 მაისს ბერად აღკვეცეს. სწორედ მან წაიკითხა 1917 წლის 25 მარტს სვეტიცხოველში საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტი. ის ესწრებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებასაც.

პატრიარქი ლეონიდე

მიტროპოლიტი ლეონიდე იყო პატრიარქ კირიონის მოსაყდრე, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ 1919-1921 წლებში - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

ლეონიდს ძლიერი სიტყვა ჰქონდა და კარგ მქადაგებლად იცნობდნენ:

„თავისუფლება ყველაფერია თვითეული პიროვნებისთვისაც და მთელი ერისთვისაც, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ თავისუფლება მეტად ნაზი და აზიზი ბუნებისაა. იგი მარტო იქა ხეირობს და ფესვებს იდგამს, სადაც ტრიალებს „სული უფლისა“. ე.ი. სადაც ადამიანი ადამიანს სცნობს, ერთი მეორეს აფასებს, თვითეულის პიროვნება ხელშეუხებელ საუნჯედაა ცნობილი. სხვისადმი სამსახური, სხვისთვის თავის დადება, სხვის ამაღლება და გახარება საკუთარ ბედნიერებადაა აღიარებული, სადაც ყველამ იცის საკუთარი თავის ალაგმვა, შეზღუდვა, დაჭერა და შევიწროება, რომ მეზობელს, თავის მსგავს ადამიანს არავითარი ზიანი, არავითარი უსიამოვნება, არავითარი მწუხარება და სიმწარე არ მიაყენოს არც სიტყვით და არც საქმით,“ - წერდა ლეონიდე.

ლეონიდე 1921 წლის 11 ივნისს ქოლერით გარდაიცვალა. თბილისში ეპიდემია იყო გავრცელებული, მაგრამ პატრიარქი იგივე წყალს სვამდა, რასაც მთელი ქალაქი.

დაკრძალულია სიონის საპატრიარქო ტაძარში.

პატრიარქი ამბროსი

კიდევ ერთი პატრიარქი, რომელიც წმინდანად შეირაცხა იყო ამბროსი ხელაია, ავტორი უკვდავი სიტყვებისა: „სული ჩემი ეკუთვნის ღმერთს, გული - საქართველოს, გვამს კი რაც გნებავთ, ის უყავით“.

პატრიარქი ამბროსი

პატრიარქი ამბროსი, ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია 1861 წელს დაიბადა. მღვდლად მსახურობდა სოხუმში, ახალ ათონსა და ლიხნში. კირიონის მსგავსად ისიც აფხაზეთის რუსიფიკაციის წინააღმდეგ იბრძოდა.

1896 წელს მისი მეუღლე კესარია მერჩულე მშობიარობას გადაჰყვა. დარჩა სამი შვილი.

1922 წლის აპრილში ამბროსი ხელაიამ გენუაში მიმდინარე კონფერენციას მიმართვა გაუგზავნა და სთხოვა საქართველოს დახმარებოდნენ. ის წერდა, რომ „ოკუპანტები, მართალია, ლამობენ შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ, რომ მათ გაათავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად ჰგრძნობს თავს ქართველი ერი, ეს ყველაზე უკეთ ვუწყი მე, მისმა სულიერმა მამამ…“

1923 წელს, ამბროსი ხელაია, საკათალიკოსო საბჭოს სხვა წევრებთან ერთად, „ჩეკამ“ დააპატიმრა. ორი წლის შემდეგ მეტეხის ციხიდან გამოსულმა სიონში წირვა აღავლინა და ისევ რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკაზე ილაპარაკა.

1927 წლის 22 მარტს ეკლესიის დროებითი მმართველობის წევრებმა ამბროსი ხელაიას გამოუცხადეს, რომ იგი განთავისუფლებული იყო ეკლესიის საჭეთმპყრობელობიდან. მეორე დღეს, 23 მარტს, პატრიარქმა დაკარგა მეტყველების უნარი, 27 მარტს გონება, 29 მარტს კი, დილის 3 საათზე, გარდაიცვალა…

ის კირიონისა და ლეონიდეს გვერდით დაკრძალეს.

პატრიარქი ქრისტეფორე III

ქრისტეფორე ციცქიშვილი 1873 წლის 15 მარტს დაიბადა. ის თავმჯდომარეობდა 1905 წლის კრებას, რომელზეც 412-მა კაცმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხი დააყენა.

პატრიარქი მელქისედეკ III

თუმცა, მანვე დააარსა ეკლესიის დროებითი მმართველობა, რომელმაც ამბროსი ხელაია საპატრიარქო ტახტს ჩამოაშორა. 1927 წელს ის პატრიარქად აირჩიეს. გარდაიცვალა 1932 წელს. დაკრძალულია სიონში.

პატრიარქი კალისტრატე

პატრიარქი კალისტრატე, ერისკაცობაში კალისტრატე (ბიჭიკო) ცინცაძე 1866 წლის 24 აპრილს დაიბადა. ისიც ავტოკეფალიისთვის იბრძოდა, ამის გამო 1923 წელს მეტეხის ციხეში ერთი წლით ჩასვეს.

პატრიარქი კალისტრატე

1932 წელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორე III-ის გარდაცვალების შემდეგ, კალისტრატე ცინცაძე პატრიარქად აირჩიეს. სწორედ მისი პატრიარქობის პერიოდში, 1943 წელს აღიარა რუსეთმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია.

მისივე გადარჩენილია ქაშვეთი. 30-იან წლებში კომუნისტებმა ტაძრის დანგრევა და იქ აბანოს აშენება მოინდომეს. პატრიარქმა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრის ლავრენტი ბერიას მოსკოვში წერილი დედამისის, მართა ჯაყელის ხელით გაუგზავნა. ქაშვეთს ხელი აღარ ახლეს.

პატრიარქი კალისტრატე 1952 წელს ავადმყოფობით გარდაიცვალა. დაკრძალეს სიონში. 2016 წლის 22 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა.

პატრიარქი მელქისედეკ III

პატრიარქი მელქისედეკი, ერისკაცობაში მიხეილ ფხალაძე, 1872 წლის 2 ნოემბერს დაიბადა. მღვდლად 1915 წელს აკურთხეს. 10 წლის შემდეგ კი ბერადაც აღიკვეცა. ამავე წელს გახდა ეპისკოპოსი.

პატრიარქი მელქისედეკ III

მოღვაწეობისთვის რთული დრო იყო, რელიგიას დევნიდნენ, ტაძრებს არბევდნენ, სასულიერო პირებზე კი ძალადობდნენ. მასზე მუდმივად წერდნენ ანონიმურ „დანოსებს“.

პატრიარქმა კალისტრატემ მელქისედეკი თანამოსაყდრედ გამოარჩია. 1952 წლის 5 აპრილს კი ის პატრიარქად აირჩიეს.

გარდაიცვალა 1960 წლის 10 იანვარს. დაკრძალეს სიონის ტაძარში.

პატრიარქი ეფრემ II

პატრიარქი ეფრემი, ერისკაცობაში გრიგოლ სიდამონიძე დაიბადა 1896 წლის 19 ოქტომბერს.

პატრიარქი ეფრემ II

ეფრემი არ მიეკუთვნებოდა იმ სამღვდელოებას, რომელიც ხელისუფლებისთვის მისაღები იქნებოდა. ამიტომ 1937 წლის რეპრესიებში ისიც მოჰყვა. დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს. 1944 წელს გათავისუფლდა და ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსად დაინიშნა.

1960 წელს ეფრემი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. მისი ინიციატივით გაიხსნა მცხეთაში სამოძღვრო სასწავლებელი, რომელი 1963 წელს სემინარიად გადაკეთდა. მისი კათოლიკოსობის დროს საქართველოს ეკლესია შევიდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში. დაწერილი აქვს ნაშრომები ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაზე.

გარდაიცვალა 1972 წელს. დაკრძალულია სიონის ტაძარში.

პატრიარქი დავით V

პატრიარქი დავითი, ერისკაცობაში ხარიტონ დევდარიანი 1903 წლის 24 მარტს დაიბადა. 1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ ეკლესია და სასულიერო პირები კანონგარეშედ გამოცხადდნენ, ხარიტონიც დაპატიმრების შიშით ერთი ბინიდან მეორეში გადადიოდა.

პატრიარქი დავით V

1927 წელს მღვდლად დაასხეს ხელი. 1956 წელს მელქისედეკ III-მ ბერად აღკვეცა და დავითი უწოდა. 1972 წელს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა, თუმცა, მხოლოდ მცირე ხნით, 5 წლის შემდეგ 1977 წლის 9 ნოემბერს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

დაკრძალულია სიონის საპატრიარქო ტაძარში.

პატრიარქი ილია II

პატრიარქი ილია, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს დაიბადა. წინამორბედებისგან განსხვავებით მან საპატრიარქოს ტახტზე თითქმის ნახევარი საუკუნე დაყო. ბერად 24 წლის აღიკვეცა. პატრიარქად კი 1977 წელს აკურთხეს.

პატრიარქი ილია II

მის მოღვაწეობას უკავშირდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება მსოფლიო პატრიარქის მიერ, ასევე ასობით ეკლესიის მშენებლობა, მათ შორის სამების საკათედრო ტაძრის. გაიხსნა დახურული ეკლესიები, მღვდლად აკურთხეს ათასზე მეტი ადამიანი. ილია მეორის პატრიარქობის პერიოდში ხალხი, რომელსაც კომუნისტების გამო რწმენა ჰქონდა მივიწყებული, ისევ ეკლესიაში დაბრუნდა.

სოციალურ გამოკითხვებში კათოლიკოსი წლების განმავლობაში საქართველოში ყველაზე სანდო და პოპულარულ საზოგადო ფიგურად რჩებოდა.

ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის გარდაიცვალა.

ასევე ნახეთ კალისტრატე - პატრიარქი ათეისტურ ეპოქაში
ასევე ნახეთ 10 წელი და სამი პატრიარქი


ასევე ნახეთ 106 წელი რუსეთის ეკლესიის ტყვეობაში