საქართველოში წარმოებული პირბადე შესაძლოა გაიყიდოს იტალიაში, აშშ-ში, რუსეთში, ისრაელსა და ავსტრიაში

„მედიფარი“, რომელიც საქართველოში დღეში 150 000-მდე პირბადეს აწარმოებს, პროდუქციის იტალიაში, აშშ-ში, რუსეთში, ავსტრიასა და ისრაელში ექსპორტზე გასატანად მოლაპარაკებებს მართავს. „ამ ეტაპზე მოლაპარაკებებია დაწყებული და უფრო კონკრეტული ჯერჯერობით არაფერი ხდება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „მედიფარის“ გაყიდვების მენეჯერმა მარიამ ბურჭულაძემ. მისი მონაცემებით, თვეში პირბადის წარმოება დაახლოებით ოთხ მილიონს შეადგენს, რაც ადგილობრივი ბაზრის საჭიროებით არის გამოწვეული. „მედიფარის“ წარმოება პანდემიის გამოცხადების შემდეგ დაიწყო.

„ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი პროდუქცია ძალიან აქტიურად იყიდება. სააფთიაქო ქსელებში, ყველა სეგმენტზე ვყიდით ჩვენს პროდუქციას“, - აღნიშნავს მარიამ ბურჭულაძე.

„მედიფარი“ აწარმოებს სამედიცინო, სტანდარტულ პირბადეს და, როგორც თავად გვითხრეს, აქვთ ლუგარის ლაბორატორიის დასკვნა.