სახალხო დაფინანსების პლატფორმა სოციალური პროექტებისთვის

სახალხო დაფინანსების პლატფორმა ფინანსების მოზიდვის შედარებით ახალი მეთოდია, რომლის დამკვიდრება შესაძლებელი, პირველ რიგში, ინტერნეტტექნოლოგიების განვითარებით. როგორც ფონდ „აურესის“ თავმჯდომარე ეკა თორთლაძე და „ინვესტმის“ დამფუძნებელი შალვა ოთანაძე აღნიშნავენ, მათი გამოწვევაა გარკვეული დროის განმავლობაში შეაგროვონ აუცილებელი თანხა სოციალური პროექტების დასაფინანსებლად.

გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ გიორგი გვახარიას სტუმრები გვიამბობენ სახალხო დაფინანსების პლატფორმის პირველ პროექტზე „მოვუსმინოთ მომავალს“, წიგნზე, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში ხორციელდება. ესაა სახელმძღვანელო სმენის და მეტყველების პრობლემის მქონე ბავშვებისთვის „ქართული ენის პრაქტიკული გრამატიკა“. წიგნი მოიცავს 55 გაკვეთილს. სახელმძღვანელო, ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, მხოლოდ პრაქტიკული აქტივობებით ასწავლის გრამატიკას.

გადაცემის სტუმრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სახალხო დაფინანსების პლატფორმა არ არის ქველმოქმედება. დონაციის სანაცვლოდ, დონორი იღებს გარკვეულ სარგებელს, თუმცა პლატფორმა ქველმოქმედების გაწევის შესაძლებლობასაც ტოვებს.