სერია A-ს ცხრა კლუბმა იტალიის მთავრობის სამედიცინო ოქმს ულტიმატუმით უპასუხა

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე გუნდებმა ჯგუფური ვარჯიშები მომავალი კვირიდან უნდა განაახლონ, მაგრამ სერია A-ს რამდენიმე კლუბი საწვრთნელი პროცესის აღდგენას იქამდე არ აპირებს, სანამ მთავრობა სამედიცინო ოქმს არ შეცვლის.

ახლახან დამტკიცებული ოქმის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, თუ ფეხბურთელს ან კლუბის პერსონალის რომელიმე წევრს კორონავირუსი აღმოაჩნდება, თხუთმეტდღიან კარანტინში უნდა გადავიდეს მთელი გუნდი. სწორედ ამ მოთხოვნამ გააღიზიანა კლუბების ნაწილი. მათ სურთ, რომ კარანტინში მხოლოდ დაინფიცირებული გადაიყვანონ, გუნდის სხვა წევრებს კი გამოკვლევა თავიდან ჩაუტარდეთ.

სერია A-ს სეზონი COVID-19-ის პანდემიის გამო 13 მარტს შეწყდა. ფინიშამდე თორმეტი ტურით ადრე გათამაშების ცხრილს ტურინის „იუვენტუსი“ ლიდერობს 63 ქულით, მეორე ადგილზე რომის „ლაციოა“ (62 ქულა), მესამეზე - მილანის „ინტერი“ (54).

წინასწარი გეგმით, ჩემპიონატი 13 ივნისს უნდა განახლდეს.