საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებისთვის ჯარიმები 1 მაისიდან გაიზარდა. ორი თვეც არ გასულა და „ქართული ოცნება“ განიხილავს კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა 100 ლარის ნაცვლად 50 ლარი იქნება, ანუ იგივე, რაც 1 მაისამდე იყო.
40-50 კმ/სთ-ით გადაჭარბებისას კი მძღოლები 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმდებიან. რაც შეეხება 30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებას, ჯარიმა ისევ 100 ლარი რჩება.
ასევე ნახეთ
მძღოლებისთვის ჯარიმები გაიზარდა„ჯარიმების დიფერენცირება მოხდება“, - უთხრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებს.
„ქართული ოცნების“ ეს გადაწყვეტილება კარგია, მაგრამ არასაკმარისი, ამბობს „ავტოიმპორტიორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ალექსი ნონიაძე: „ხელისუფლება მხოლოდ ერთ შემთხვევაში ამცირებს ჯარიმას, სიჩქარის 15 კმ/სთ-ით გადაჭარბებისას. დანარჩენს - მართვისას ტელეფონის ხმარება, არასწორი პარკინგი, "ბასლაინზე" გადასვლა - შეღავათი არ ეხება".
ალექსი ნონიაძე, რომლის ასოციაციასაც, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, თავადაც აქვს მომზადებული კანონპროექტი, ამ საკითხთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ ისეთ დარღვევებზე, რომელიც საფრთხეს არ უქმნის ადამიანს, ჯერ უნდა გააფრთხილო და მერე დააჯარიმო, მათ შორის - დაშვებულზე 15 კმ/სთ-ით მეტი სიჩქარით მართვის დროსაც.
მისი თქმით, გაფრთხილება მძღოლებს დაანახვებდა, რომ ხელისუფლება ჯარიმით ბიუჯეტის შევსებას კი არ ფიქრობს, პრობლემის მოგვარება უნდა.
„მიუხედავად ჯარიმისა, სტატისტიკა გვეუბნება, რომ სიტუაცია არ უმჯობესდება. გავამკაცრებთ, კიდევ უფრო გავამკაცრებთ და ბოლოს რა, დავხვრეტთ? ჯარიმებით საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას მოქალაქე ვერ იგრძნობს. პირიქით, თუ დაინახა, რომ უსამართლოა ჯარიმა, ამაზე ექნება რეაქცია“, - ამბობს ალექსი ნონიაძე.
შსს ოფიციალური სტატისტიკით, 2025 წელს 6 633 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 236 ადამიანი, დაშავდა - 4692.
ასევე ნახეთ
2025 წელს 469 ადამიანი ემსხვერპლა ავარიებს - 2018 წლის შემდეგ ეს ყველაზე მაღალი რიცხვია2026 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, 664 ავტოსაგზაო შემთხვევა აღირიცხა, დაიღუპა - 92 და დაშავდა - 989 ადამიანი.
სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებაც მოწმობს, რომ სიჩქარის გადაჭარბებაზე მაღალი ჯარიმები ავარიებს არ ამცირებს. ხალხი ფულს იხდის და მერე ისევ ჩქარა დადის. ექსპერტების აზრით, დიფერენცირებული მიდგომა არ არის ცუდი, მაგრამ გამოსავალი ვერც ეს ვერ იქნება.
ვიდეოკამერით დაფიქსირებული დარღვევები მძღოლს ჯარიმას კი აკისრებს, მაგრამ ქულებს არ აკლებს, მძღოლებს კი ყველაზე მეტად სწორედ ქულების დაკლებისა და მართვის მოწმობის ჩამორთმევის ეშინიათ.
კანონით, სიჩქარის გადაჭარბებაზე მძღოლს 20 ქულა უნდა დააკლდეს, მაგრამ ტექნიკურად ეს მაინც ვერ ხორციელდება. ვიდეოჯარიმებზე ქულათა სისტემა მიბმული არ არის, სიჩქარის გადაჭარბებაზე კი მხოლოდ ვიდეოკამერით ჯარიმდები, პატრული მძღოლს არ აჩერებს.
„ტყუილად წერია ეს 20 ქულა ფურცელზე. მილიონ-ნახევარზე მეტი ჯარიმა იწერება და სიჩქარეს მაინც აჭარბებენ. არც ეს ჩანაწერია სრულყოფილი. გაუმართლებელია ადამიანს - ცოტათი გადააჭარბებს სიჩქარეს თუ 50 კმ/საათით - ერთნაირად ჩამოაჭრა 20 ქულა. ზოგადი გამოცდილებით, თუ ჯარიმები დიფერენცირებულია, ქულებიც დიფერენცირებულად უნდა ჩამოაჭრა, ნაკლებ სიჩქარეზე ნაკლები, მეტზე - მეტი. ამაზე დიდი ხანია ვლაპარაკობთ, მაგრამ გაკეთება დღემდე ვერ მოხერხდა და ამასობაში ბევრი ადამიანიც შეეწირა,“ - ამბობს ირაკლი იზორია, „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყველაზე ხშირად ავტოსაგზაო შემთხვევები ხდება მოხვევისას, ზოლიდან ზოლზე გადასვლისას ან გასწრებისას. მესამე ადგილს დისტანციის დაუცველობა იკავებს, მეოთხეს - სიჩქარის გადაჭარბება.