პასპორტში, სომხეთის მემკვიდრეობისა და კულტურის ამსახველ ფოტოებს შორის ხორ-ვირაფის გამოსახულებაც არის. მე-17 საუკუნის მონასტერი ძირითადად არარატის მთის შთამბეჭდავი ფონით იყო ცნობილი. თუმცა პასპორტში მონასტერი ისეთი კუთხითაა გამოსახული, რომ ჰორიზონტზე მხოლოდ უსახური მთები ჩანს. კრიტიკოსებმა უჩვეულო გამოსახულება არარატის ოფიციალურ დოკუმენტში ჩართვის თავიდან ასაცილებელ „ხრიკად“ შეაფასეს.
ახალი სომხური პასპორტის 24-25-ე გვერდები
არარატის მთა - თურქულ ენაზე აგრის მთა - უღრუბლო დღეებში კარგად ჩანს ერევნის თავზე.
ზღვის დონიდან 5 100 მეტრის სიმაღლის მთა სომხეთის უძველესი სამეფოების ისტორიულ მიწაზე - დღეს თურქეთის ტერიტორიაზეა.
ეთნიკურმა სომხებმა არარატის მთის გარშემო არსებული დასახლებები ოსმალეთის სახელმწიფოში ხოცვა-ჟლეტისას დატოვეს. რამდენიმე ათეულმა ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულის შტატებმა, ეს აქტი გენოციდად აღიარა.
როდესაც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ რეგიონში საზღვრები ხელახლა განისაზღვრა, არარატის ტყუპი მწვერვალი თანამედროვე თურქეთის აღმოსავლეთ კიდეში მოექცა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ცოტა ხნის წინ ილაპარაკა ახალ პასპორტში ხორ-ვირაფის გამოსახულების ირგვლივ არსებულ დავაზე და შინაგან საქმეთა მინისტრ არფინე სარგსიანთან ერთად პირდაპირ ეთერში ყოფნისას განაცხადა, რომ „ჩვენ ასეთი პერსპექტივა ავირჩიეთ ჩვენი პოლიტიკისა და იმის შესაბამისად, რასაც დიდი ხანია განვიხილავდით“.
„იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის სომხეთის რესპუბლიკის პასპორტი“, დასძინა ფაშინიანმა, პასპორტი ასახავს „სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიას“.
არარატის მთა (მარცხნივ) ჩანს ერევნის „დედა სომხეთის“ ძეგლის უკან.
არარატის მთის გამოსახულების არგამოჩენის გადაწყვეტილება პასპორტებში, რომლებიც 2026 წლის შემოდგომაზე უნდა გამოვიდეს, მოჰყვა მთავრობის გასული წლის ბოლო დადგენილებას, რომ თოვლით დაფარული არარატის მთის გამოსახულება წაეშალათ სასაზღვრო ბეჭედზე, რომელსაც სომხეთის საზღვრის გადაკვეთისას ურტყამენ. ამ გადაწყვეტილებას ქვეყანაში აჟიოტაჟი მოჰყვა, მათ შორის მთავრობის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ჰაიკ მამიჯანიანმა დაგმო პასპორტის ბეჭდებიდან მთის წაშლა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „გაოცებას იწვევს, თუ როგორი მონდომებულია ფაშინიანი ასიამოვნოს თურქეთს და აზერბაიჯანს“.
2023 წელს აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის რეგიონის სამხედრო ძალების მიერ ხელახლა დაკავების შემდეგ, სომხეთი ცდილობს ურთიერთობების ნორმალიზებას მეზობელ აზერბაიჯანსა და თურქეთთან, რომლებიც სომხეთის ისტორიული მტრები არიან.
სომხეთმა და აზერბაიჯანმა 2025 წელს ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას. მისი ერთი პუნქტი განუსაზღვრელი ვადით კრძალავს ორივე ქვეყნის მიერ მეორის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების წაყენებას. თურქეთი, ბაქოს ახლო მოკავშირე, დიდი ხანია ეწინააღმდეგება სომხეთის მიერ არარატის, როგორც ეროვნული სიმბოლოს გამოყენებას, მათ შორის სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკის გერბზე.
სომხეთის ოფიციალური სასაზღვრო ბეჭედი არარატის მთის ტყუპი მწვერვალის გამოსახულებით. 2022 წელი
"კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის" უფროსი ანალიტიკოსი ჯოშუა კუჩერა ამბობს, რომ ხორ-ვირაფის გამოსახულება, როგორც ჩანს, „[ფაშინიანის] პროპაგანდის ნაწილის, „რეალური სომხეთის“ უფრო დიდი ნარატივის ელემენტია, რომელიც ცდილობს სომხების ყურადღება მათ საზღვრებში არსებულ პრობლემებზე გადაიტანოს და არა მის საზღვრებს გარეთ არსებულ „ისტორიულ სომხეთზე“.
კავკასიის ექსპერტი ამბობს, რომ მცდელობა, მოხდეს ამ საკითხების გადახედვა, ასევე ეხება აზერბაიჯანის მიერ ხელახლა დაპყრობილი მთიანი ყარაბაღის რეგიონსაც.
ზოგი შიშობს, რომ ფაშინიანის მთავრობის უფრო მნიშვნელოვანი სამიზნე შეიძლება გახდეს სომხეთის ამჟამინდელი გერბი, რომლის ცენტრალური ელემენტიც არარატია "ნოეს კიდობნით". ძველი აღთქმისეული მითური ხომალდი “ნოეს კიდობანი", ბიბლიური წარმოდგენით, არარატის მთაზე შეჩერდა წარღვნის შემდეგ. 2023 წელს ფაშინიანმა გააკრიტიკა ემბლემა „ისტორიულ სომხეთსა და რეალურ სომხეთს შორის დიქოტომიის“ წარმოდგენის გამო.
სომხეთის გერბის გამოსახულება, რომელზეც "ნოეს კიდობანი" და არარატის მთაა გამოსახული.
პოლიტიკოსმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ყოფილმა მოკავშირემ, ედმონ მარუქიანმა, 2025 წელს პასპორტის სასაზღვრო ბეჭდებიდან არარატის მთის გამოსახულების ამოღებას სომხეთის გერბის ხელახლა შექმნის პოტენციური წინაპირობა უწოდა. „[არარატის] ამოღება მოითხოვს კონსტიტუციისა და კანონის შეცვლას“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა და დასძინა: „მზად ვართ თუ არა ჩვენ, როგორც მოქალაქეები, ამის ასატანად?“
აპრილში რადიო თავისუფლების სომხურმა სამსახურმა ფაშინიანს ჰკითხა გერბიდან არარატის გამოსახულების ამოღების შესაძლებლობის შესახებ. პრემიერ-მინისტრმა მხოლოდ ეს მიუგო: „მე ასეთ საკითხს არ ვაყენებ“.