დიდი წინააღმდეგობისა და შეფერხებების მიუხედავად, ერევნის მახლობლად უკვე ფორმას იღებს იესოს "მსოფლიოში უდიდესი" მონუმენტი. გაირკვა მისი დასრულების ახალი თარიღიც.
ხალხი იესოს ქანდაკების ზედა ნაწილს ფოტოებს უღებს ზოვუნის ღია სახელოსნოში, ერევნის მახლობლად, სადაც ხელოვანმა არმენ სამველიანმა მონუმენტი ააგო.
ბოლო ფოტოები აჩვენებს, რომ მრავალწლიანი დაგვიანების შემდეგ, მთის მწვერვალზე კვარცხლბეკს აშენებენ. პროექტის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას 19 მარტს უთხრა, რომ მონუმენტის დასრულების „სავარაუდო ვადად“ ახლა 2027 წელი სახელდება.
ჰატისის მთის მწვერვალზე ამჟამად მიმდინარეობს კვარცხლბეკის საძირკვლის მშენებლობა.
ერევნიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარე 2500-მეტრიან ჰატისის მთის მწვერვალზე ქანდაკების აღმართვის გეგმები პირველად 2022 წლის იანვარში სკანდალურად ცნობილმა სომეხმა ბიზნესმენმა, გაგიკ წარუკიანმა გააჟღერა.
წარუკიანის თქმით, ეს "გიგანტური ქრისტე" სომეხ ხალხს „აღორძინებისა და სინათლის გზას უჩვენებდა“ მეზობელ აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო მომხდარი დამანგრეველი კონფლიქტის შემდეგ.
სამუშაოების დასრულება თავდაპირველად 2025 წლისთვის იგეგმებოდა, თუმცა პროექტი ისეთ დაბრკოლებებს წააწყდა, რომლებმაც თითქმის მისი ჩაშლა გამოიწვია.
მოქანდაკე არმენ სამველიანი ალუმინის ქანდაკების ერთ-ერთ ნაწილთან ერთად, ზოვუნის ღია სახელოსნოში.
ინფორმაციის გავრცელებისთანავე სომხეთის სამოციქულო ეკლესია პროექტს საჯაროდ დაუპირისპირდა იმ მიზეზით, რომ ის ეწინააღმდეგება სომხურ რელიგიურ ტრადიციებს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საეკლესიო ხელისუფლება „მიუღებლად მიიჩნევს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ქანდაკების აღმართვას“.
სომხურ რელიგიურ ტრადიციაში იესოს ქანდაკებები კერპებად აღიქმება და უარყოფილია. სამხრეთ კავკასიის ამ ქვეყანაში ქრისტიანობისადმი მიძღვნილი საჯარო მონუმენტები, როგორც წესი, ქვაში ნაკვეთი „ხაჩქარების“ (ჯვარ-ხატების) სახით სრულდება. ქრისტეს იშვიათი ქანდაკებები, რომლებიც იქ მაინც არსებობს (სადაც მოსახლეობის 97 პროცენტი ქრისტიანია, ხოლო კრიმინალის დონე დაბალი), ვანდალიზმის ობიექტებად იქცა.
ქრისტეს ქანდაკების მცირე მოდელი (მაკეტი), რომელიც გეგმის მიხედვით, 2027 წლისთვის ჰატისის მთის მწვერვალზე უნდა აღიმართოს.
სომხეთის მთავრობამ 2022 წელს მხარი დაუჭირა იესოს ქანდაკების კერძო დაფინანსებით მიმდინარე პროექტს, როგორც ტურისტულად მიმზიდველ ობიექტს, თუმცა სანამ ნებართვები საბოლოოდ დამტკიცდებოდა, 2022 წლის ივლისში ჰატისის მთის მწვერვალზე ჩატარებულმა საძირკვლის გაჭრის ცერემონიამ, გავრცელებული ინფორმაციით, „შეუქცევადად დააზიანა“ უძველესი ციხესიმაგრის ფრაგმენტები.
ამ სკანდალური შემთხვევის შემდეგ პროექტი „გაიყინა“, ხოლო 2025 წლის იანვარში სომხეთის კულტურის მინისტრმა, ჟანა ანდრეასიანმა განაცხადა, რომ მშენებლობა ვერ გაგრძელდებოდა იმ მწვერვალზე, სადაც ციხესიმაგრე მდებარეობდა.
ამის შემდეგ კვარცხლბეკისთვის ადგილი შეიცვალა - პირვანდელი წერტილიდან „რამდენიმე ასეული მეტრით“ მოშორებით, ჰატისის მთის შედარებით დაბალ მწვერვალზე გადაწყვიტეს მშენებლობა და ნებართვებიც მალე გაიცა. კვარცხლბეკის საძირკვლის სამუშაოები 2025 წლის სექტემბერში განახლდა.
2026 წლის თებერვლის ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ჯგუფი, რომელიც სტუმრობს მთის მწვერვალზე მდებარე სამშენებლო მოედანს, სადაც იესოს ქანდაკების კვარცხლბეკი კეთდება.
სოფელ ზოვუნიში, - სადაც იესოს ქანდაკება სამ ნაწილადაა დაშლილი და ელოდება ვერტმფრენით გადატანას ჰატისის მთის მწვერვალზე მდებარე კვარცხლბეკზე, - ერევნელმა გიდმა, სურენ აღაბეკიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მონუმენტი „უკვე იზიდავს უცხოელ სტუმრებს“. აღაბეკიანის თქმით, მან ცოტა ხნის წინ თავის ტურისტულ მარშრუტებს ღია ცის ქვეშ მდებარე სახელოსნოს მონახულებაც დაამატა.
დაგეგმილია, რომ ქრისტეს ქანდაკება და მისი კვარცხლბეკი ჯამში 101 მეტრამდე სიმაღლის იქნება. შედარებისთვის, ბრაზილიის სიმბოლოდ ქცეული ქრისტეს ქანდაკება (Christ the Redeemer) 38 მეტრი სიმაღლისაა, ხოლო ნიუ-იორკის თავისუფლების ქანდაკება - 93 მეტრის.
ალუმინის ქანდაკების სამივე ნაწილი ზოვუნის ღია ცის ქვეშ მდებარე სახელოსნოშია განთავსებული.
იესოს პროექტს სომხეთის ფარგლებს გარეთ ფართო გამოხმაურება და მოწონება მოჰყვა. მათ შორის იყო ირლანდიელი MMA-ის ვარსკვლავის, კონორ მაკგრეგორის მიერ იანვარში სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი, რომელმაც ქანდაკების დიზაინს „დიდებული“ უწოდა.
თუმცა, უშუალოდ სომხეთში, როგორც ერევანში ბაზირებული „რეგიონული კვლევების ცენტრის“ დირექტორი, რიჩარდ გირაგოსიანი ამბობს, საზოგადოების დამოკიდებულება მონუმენტის მიმართ მეტწილად უარყოფითია.
„როგორც თავდაპირველი იდეა, ისე პროექტის მამოძრავებელი ძალა, ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და კორუმპირებული სომეხი ოლიგარქის, [წარუკიანის] პერსონალურ ეგოშია ფესვგადგმული“, - განუცხადა მან რადიო თავისუფლებას. ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ბევრი ქრისტიანი მიიჩნევს, რომ პროექტისთვის განკუთვნილი ფული ეკლესიისთვის უნდა შეეწირათ.
სომეხი ბიზნესმენი გაგიკ წარუკიანი, რომელიც კვარცხლბეკის სამშენებლო მოედანზე ყოფნისას გადაიღეს.
ზოვუნიში გიდი აღაბეკიანი ამბობს, რომ იესოს ქანდაკების იმ ნაწილების მიმართ, რომლებიც ახლა სოფელს გადმოჰყურებს, რეაქციების უმეტესობა დადებითია: „მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ფული უფრო პრაქტიკული მიზნებისთვის შეიძლებოდა გამოეყენებინათ. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს [წარუკიანის] ფულია და მას შეუძლია ისე დახარჯოს, როგორც თავად სურს“.