სოფლის სკოლის ტუალეტი: ნახეთ, როგორ ვზრუნავთ ბავშვებზე

სოფლის სკოლებში ტუალეტები კრიტიკას ვერ უძლებს. კვლევა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-მა ჩაატარა, ნათელს ხდის, თუ რამდენად მძიმეა მდგომარეობა.

  • სკოლის საპირფარეშოები, როგორც წესი, ეზოშია, სკოლისგან მოშორებით;
  • უმეტესობის იატაკი არ არის მეტლახის;
  • ტუალეტების დიდი ნაწილი არ სუფთავდება სველი წესით;
  • არ ტარდება დეზინფექცია;
  • საპირფარეშოებით ზოგან არა მარტო სკოლა, არამედ სოფლის მოსახლეობაც სარგებლობს;
  • ბევრგან იმდენად მძიმე ანტისანიტარიაა, რომ ტუალეტი დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს.
„სკოლაში სასმელად იყენებენ წყალს, რომელიც გროვდება 5-ტონიან რეზერვუარში და რომელიც მთლიანად ჟანგით არის დაფარული“.

„სენის“ ექპერტებმა კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში 7 მუნიციპალიტეტის 40 სკოლა მოინახულეს. განსაკუთრებით შემაშფოთებელი მდომარეობა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებშია.

მკვლევარებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ ამ სოფლის სკოლებში იშვიათად თუ სწავლობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, რისი ერთ-ერთი მიზეზიც შესაძლოა სწორედ საპირფარეშოების ასეთი მდგომარეობა იყოს.

ამონარიდები ანგარიშიდან:

ნინოწმინდის საჯარო სკოლა

მოსწავლეების ტუალეტებში იყო მძიმე ანტისანიტარიული ვითარება.. ტუალეტებთან მოწყობილი იყო 3 ხელსაბანი, თუმცა წყალი არც ერთში არ მოდიოდა.

მატნის N1 საჯარო სკოლა

საპირფარეშოს ერთი ჯიხური, საერთოდ, არ გამოიყენება, ვინაიდან საძირკველი დაწეულია და საფრთხეს წარმოადგენს. კედელზეც წერია: „შესდექ, სახიფათოა“. ის ტუალეტიც, რომელიც ფუნქციონირებს, მოძველებულია და ამორტიზებული. დაფიქსირდა ანტისანიტარიული ვითარება.ხელის დაბანის შესაძლებლობა მოსწავლეებს აქვთ მხოლოდ 40 მეტრის მოშორებით, ხოლო საპონი დევს სკოლის შენობის ერთ-ერთი ოთახის ფანჯრის რაფაზე.

მანავის საჯარო სკოლა

ნაგებობა, დაახლოებით, 60 წლის წინ არის აშენებული, იატაკის ფილები დაზიანებულია, ხოლო საძირკველი ნაწილობრივ ჩავარდნილია.

ყულარის საჯარო სკოლა

მძიმე ანტისანიტარიაა.. მისი ფუნქციონირების გაგრძელება ყოვლად დაუშვებელია... დირექტორს მიაჩნია, რომ საპნის შესყიდვა, საერთოდ, არ არის საჭირო და ამის გამო არც ყიდულობენ.

სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლა

2 წლის წინ სკოლის ეზოში დამონტაჟდა ტუალეტის ორგანყოფილებიანი ჯიხური - ერთი გოგონების, ხოლო მეორე პედაგოგების სარგებლობისათვის. რაც შეეხება ვაჟებს, მათთვის ტუალეტის მოწყობაზე არავის უზრუნია.

სოფელ ყიზილაჯლოს N2 საჯარო სკოლა

ტუალეტისაგან ნანგრევებია შემორჩენილი, მის არც ერთ განყოფილებას არ აქვს სახურავი,კარი, არ მიეწოდება წყალი და არ არის მოპირკეთებული.

კვლევამ აჩვენა, რომ სკოლების უმეტესობაში სასმელი წყალი ლაბორატორიულად არასოდეს შემოწმებულა. არის სკოლები, სადაც წყლის მილი საერთოდ არ შედის და წყალს შორიდან ეზიდებიან. ერთგან კი ვკითხულობთ: „სკოლაში სასმელად იყენებენ წყალს, რომელიც გროვდება 5-ტონიან რეზერვუარში და რომელიც მთლიანად ჟანგით არის დაფარული“.

„ხშირად ფიქრობენ, მილსადენით რადგან მოდის, სუფთა იქნება. მაგრამ ბევრგან ეს მილსადენებიც ამორტიზებულია. ასევე არ მოწმდება სათავეები, სადაც წყალი შეიძლება დაბინძურდეს. წვიმის შემდეგ ლაბორატორიის გარეშეც ჩანდა, რომ ონკანებში ამღვრეული წყალი მოდიოდა“, - ამბობს ანგარიშის ავტორი სიმონ გაბრიჭიძე.

ანგარიშში მითითებულია, რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს საპირფარეშო, თუნდაც მწირი დაფინანსების მქონე სკოლებში, კერძოდ, ტუალეტი უნდა იყოს:

- სათანადოდ აღჭურვილი;

- მოხერხებული;

- პრივატული;

- დაცული;

- სუფთა;

- საზოგადოების კულტურული და სოციალური განვითარების დონისათვის შესაფერისი;

- ხელმისაწვდომი სკოლის მოსწავლეებისა და პერსონალისთვის, მათ შორის – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის.