"სუს-ი პრაქტიკულად ლეგიტიმური მაკონტროლებლების გარეშეა დარჩენილი"

Your browser doesn’t support HTML5

19 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო სოფო ვერძეული, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი. მან ილაპარაკა EMC-სა და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ მომზადებულ გამოკვლევაზე - "დემოკრატიული რეფორმები უსაფრთხოების სექტორში". სოფო ვერძეული აღნიშნავს, რომ არ არსებობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობაზე ლეგიტიმური ზედამხედველობის ეფექტიანი მექანიზმები. უფლებადამცველი განმარტავს, რომ სუს-ის მუშაობის სპეციფიკის და კონფიდენციურობის მიუხედავად, მნიშვნელოვანია მასზე კომპლექსურ ზედამხედველობას ახორციელებდნენ: პარლამენტი, სახალხო დამცველი, სპეციალიზებული ორგანოები და ა.შ.. "დილის საუბრების" სტუმარი მნიშვნელოვნად თვლის შესაბამისი ეფექტიანი მექანიზმის არსებობას იმ შემთხვევისთვის, როცა მოქალაქეს სურს სუს-ის მიერ მისი უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტის დადგენა. საუბრის დასასრულს სოფო ვერძეულმა ილაპარაკა მაჩალიკაშვილების ოჯახის ტრაგედიაზე - დღემდე ოჯახს არ აქვს ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციისას სპეცრაზმელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.