„უკაცრიელი ტერიტორიები, რომლებსაც საათობით უყურებ“ - სპარსეთი ციდან ერთი საუკუნის წინ

1924 წლის ზამთარში, თეირანის მახლობლად მდებარე პატარა სოფლის მცხოვრებლებმა დაინახეს, როგორ დაეშვა ლითონის კორპუსიანი თვითმფრინავი, მინდორზე რახრახით გაიარა და მტვრის ღრუბელში დამსხვრეული გამოჩნდა მოტეხილი შასით.

1924 წლის დეკემბერში, ბურკაში ჩაცმული ქალები უყურებენ ვალტერ მიტელჰოლცერის თვითმფრინავის შეკეთებას სოფლის გარეთ, თეირანიდან 40 კილომეტრში.

თვითმფრინავს მართავდა შვეიცარიელი მფრინავი, ვალტერ მიტელჰოლცერი, რომელმაც სპარსეთის მთავრობისგან მიიღო მოწვევა, მიეწოდებინა ახალი Junkers-ის ტიპის თვითმფრინავი ქვეყანაში, რომელსაც 1935 წელს ირანი დაერქმევა.

შვეიცარიელი მფრინავი და ფოტოგრაფი ვალტერ მიტელჰოლცერი (მარცხნივ) და მექანიკოსი ერნსტ ბისეგერი 1924 წელს სპარსეთში გაფრენამდე.

კასპარ ზურბერმა, შვეიცარიელმა ჟურნალისტმა, რომელმაც დაწერა წიგნი მიტელჰოლცერზე, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მფრინავი სპარსეთში გაფრენისთვის, ნაწილობრივ, იმის გამოც იქნა არჩეული, რომ "ფრენის პოპულარიზაცია" მოეხდინა იმ საჰაერო ფოტოებით, რომლებსაც იქ გადაიღებდა.

მიტელჰოლცერი იმ დროს ცნობილი გახდა იმით, რომ ის იყო პირველი ადამიანი, ვინც თვითმფრინავიდან გადაიღო შვეიცარიის მთები.

თეირანი 400 მეტრის სიმაღლიდან ელბურსის ქედის ფონზე.

ზურბერის თქმით, 1920-იან წლებში, გერმანულ და ბრიტანულ საავიაციო კომპანიებს შორის გარკვეული "შეჯიბრება" იყო, ვინ მოიკიდებდა ფეხს სპარსეთის საჰაერო სფეროში. ამის გამო მიტელჰოლცერის ფოტოგრაფიული უნარები სარეკლამო უპირატესობად იქცა.

შვეიცარიული გაზეთი მფრინავის შესახებ წერდა: "შვეიცარიელმა ხალხმა იცის, რას უნდა ელოდეს თავისი ბატონი მიტელჰოლცერისგან, რომელსაც არა მხოლოდ თვითმფრინავის მართვა შეუძლია უცხო ქვეყნებში, არამედ ფრენისას, ფოტოებისა და ფილმის გადაღებაც".

შაჰ აბდოლ-აზიმის მეჩეთი ჩრდილოეთ ირანში.

თეირანიდან 40 კილომეტრში წარუმატებელი დაშვების შემდეგ, მიტელჰოლცერსა და მექანიკოს ერნსტ ბისეგერს დაძაბული დაპირისპირება ჰქონდათ სოფლის მცხოვრებლებთან, სანამ სპარსეთის დედაქალაქიდან საბოლოოდ დახმარება არ ჩამოვიდოდა და მათ თვითმფრინავს არ შეაკეთებდა.

მიტელჰოლცერის თვითმფრინავი აეროდრომზე სადგომისკენ მიჰყავთ სპარსეთში.

მიტელჰოლცერსა და ბისეგერს შვეიცარიიდან სპარსეთში 3000-ზე მეტკილომეტრიანი ფრენისას დაპირისპირება ჰქონდათ თურქეთის ხელისუფლებასთანაც, რომელმაც მათ თვითმფრინავი ჩამოართვა. პრობლემებს აჩენდა ბაღდადში ნაყიდი უხარისხო ბენზინი და ცდომილებით სავსე რუკები, რის გამოც მოუწიათ ის ავბედითი დაშვება, რომლის დროსაც მათ თვითმფრინავს შასი დაემტვრა.

მდინარე სპარსეთის უცნობ მთიანეთში.

მიტელჰოლცერის თავდაპირველი შთაბეჭდილებები ზემოდან დანახული სპარსეთის შესახებ ასეთი იყო: "მიტოვებული და უკაცრიელი ტერიტორიები, რომლებსაც საათობით უყურებ“.

პატარა სოფელი სპარსეთში.

სპარსეთის ტერიტორიის თავზე გადაფრენისას, წყვილის თვალთახედვის არეში დროდადრო ჩნდებოდა ცალკეული დასახლებები.

"აქა-იქ ნაკვეთები მწვანედ ბზინავს", წერდა მიტელჰოლცერი, "მათ შორის ალიზით ნაგები ქოხებია, რომლებიც ვიწრო და მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებზეა აღმართული. ვერცხლისფერი ზოლები სარწყავი არხებია ბაღების კიდეებზე".

ბუშერი, ქალაქი სპარსეთის ყურეში, დანახული 300 მეტრის სიმაღლიდან.

მიტელჰოლცერმა გამოიყენა შესაძლებლობა, გადაეღო სპარსეთი ზემოდან. ეს ფოტოები ახლა ციურიხის ETH ბიბლიოთეკაში ინახება.

ბუშერის ნავსადგური.

შვეიცარიელმა მფრინავმა და ფოტოგრაფმა თავისი კამერა მიწაზეც გამოიყენა, რათა აღებეჭდა ქვეყანა დრამატული ცვლილებების ზღურბლზე რეზა შაჰ ფეჰლევის მმართველობის დროს, რომელიც სპარსეთის "ძლიერ მმართველად და განმაახლებლად" გახდება ცნობილი.

გალავნით გარშემორტყმული სოფელი სპარსეთში, გადაღებული მიტელჰოლცერის თვითმფრინავიდან

იმ დროს, როცა მიტელჰოლცერი სპარსეთს ესტუმრა, ქვეყანაში არ იყო მსხვილი სარკინიგზო ან საგზაო ქსელები და საგარეო ვაჭრობის საშუალებად კვლავ აქლემების ქარავნები გამოიყენებოდა, რაც საჰაერო ტრანსპორტს მიმზიდველ შესაძლებლობად ხდიდა ქვეყნის მმართველებისთვის.

ასე გამოიყურებოდა ისპაჰანი ზემოდან, 1924.

რადგან საავიაციო მრეწველობა სპარსეთში ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იყო, მიტელჰოლცერსა და ბისეგერს ცა, პრაქტიკულად, დაპყრობილი ჰქონდათ და დაბლა ეშვებოდნენ ხოლმე ქალაქების ცენტრის თავზე, რათა გადაეღოთ ფოტოები, რომლებიც შემდეგ განაცვიფრებს ევროპელ მნახველებს.

თვითმფრინავი Junkers-ი, გადაღებული მიტელჰოლცერის მიერ, თეირანის თავზე გადაფრენისას.

მიტელჰოლცერმა იწინასწარმეტყველა, რომ საჰაერო ფოტოგრაფია მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა მომავალში დოკუმენტირების მხრივ.

"ჩვენ წინაშე კიდევ ერთი, აქამდე უხილავი სამყარო იხსნება. თითქოს ამით დედამიწამ ახალი სახე შეიძინა, ხოლო ადამიანმა ახალი, უზადო თვალი", - წერდა ის 1928 წელს.

მშენებარე სათევზაო ხომალდი ბუშერში.

ირანში რამდენიმე კვირის გატარების შემდეგ, ორი შვეიცარიელი მფრინავი, საბოლოოდ, ხანგრძლივი მოგზაურობის შედეგად, მანქანით დაბრუნდა ევროპაში.

მიტელჰოლცერი მოგვიანებით გახდა თანადამაარსებელი კომპანიისა, რომელსაც ეწოდა Swissair-ი, შვეიცარიის სახელმწიფო საავიაციო კომპანია 2002 წლამდე. მფრინავი და ფოტოგრაფი დაიღუპა უბედური შემთხვევისას, მთაზე ასვლის დროს, 1937 წელს, 43 წლის ასაკში.

ქაშანი, დღევანდელი ირანის ისპაანის პროვინციაში.

გაზეთში გამოქვეყნებულ ნეკროლოგში, ერთი მისი მეგობარი წერდა, რომ მიტელჰოლცერის სიკვდილი მთებში, რომელიც მას უყვარდა და რომელმაც დაუდო სათავე მის არაჩვეულებრივ კარიერას, გარკვეული ტრაგიკული პოეზიით იყო სავსე: "მთებმა გულში ჩაიკრეს ის თავისი უკანასკნელი მოგზაურობის დროს და თავისად იგულეს, ალბათ უკეთეს დასასრულზე არც იოცნებებდა, მაგრამ ვაი, რომ ეს ყველაფერი ძალიან ადრე მოხდა, მას ჯერ კიდევ რამდენი რამ ჰქონდა გასაკეთებელი".