„გთხოვთ, გამოგვიყოთ მოწმეები“ - როგორ შეარჩია გდდ-მ ხაბეიშვილის საქმეზე მოწმეები „შემთხვევითი პრინციპით“

ფოტოილუსტრაცია: ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულის“ ეზოში დააკავეს.

სასამართლოში გაირკვა, რომ სუსმა წერილი გაუგზავნა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს და სთხოვა შეერჩია სპეცრაზმელები, რომლებიც პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილის საქმეზე მოწმეებად გამოდგებოდნენ. შემდეგ შერჩეულმა სპეცრაზმელებმა თქვეს, რომ პოლიტიკოსის „ჯილდოს დაპირება“ ქრთამად და შეურაცხყოფად აღიქვეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ხელისუფლების ოპონენტის, ლევან ხაბეიშვილის სასამართლოზე მთავარი გამომძიებელი და ის პოლიციელი დაკითხეს, რომლის დაწერილი პატაკიც პოლიტიკოსის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა.

პატაკის ავტორმა, პოლიციელმა გიორგი წვერავამ თქვა, რომ სოციალურ ქსელში უსმინა ლევან ხაბეიშვილის გამოსვლებს და მისი სიტყვები დანაშაულის ნიშნების შემცველ ინფორმაციად მიიჩნია.

„საჯარო მოხელეს როცა სთავაზობ ფულს ჯილდოს სახით იმისთვის, რომ არ შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა, ბრძანება, ეს არის ქრთამი“, - თქვა მოწმემ სასამართლო სხდომაზე დღეს, 1 მაისს.

„ეს თქვენი შეფასებაა“ და „პირად შეფასებებზე არ იწერება პატაკი“ და „არც საქმის გამოძიება იწყება“, - მოჰყვა მოწმის ჩვენებას ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის რეპლიკა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობას“ აანონსებდა, 11 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულის“ ეზოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.

ის დაადანაშაულეს სატელევიზიო ეთერებიდან სპეცრაზმელებისთვის ქრთამის, „200 000 დოლარის საჯაროდ შეთავაზებაში“.

დაკავებიდან მალევე მას ახალი ბრალდებაც წარუდგინეს - ხელისუფლების დამხობისკენ საჯარო მოწოდება. სასამართლოში ორივე ეს ბრალდება ერთად განიხილება.

ლევან ხაბეიშვილი სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს ჩატარებული გამოძიების საფუძველზე დააკავეს.

ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებებს შორისაა საჯარო განცხადებები სოციალურ ქსელსა თუ სატელევიზიო ეთერებში და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) სამი თანამშრომლის ჩვენება.

მათი თქმით, მართალია, ლევან ხაბეიშვილს ქრთამი პირადად მათთვის არ შეუთავაზებია, თუმცა „მან თავისი მიმართვა გაავრცელა ტელევიზიით და სოციალური ქსელით, რაც მათ და სხვა გდდ-ს თანამშრომლებმა საკუთარ თავზე მიიღეს და შეურაცხმყოფელი იყო“.

ასევე ნახეთ

ლევან ხაბეიშვილს სასტიკად სცემეს

ვინ არის გდდ-ს სამი მოწმე და როგორ იპოვა ისინი გამოძიებამ?

ამაზე დაუსვეს ყველაზე მეტი კითხვა სასამართლოში დაკითხვისას სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეების გამომძიებელს, შაქრო ხარშილაძეს.

გამომძიებლის თქმით, მათ გდდ-ს დირექტორს, რომან ქარცივაძეს, წერილი გაუგზავნეს და სთხოვეს, „გამოკითხვის მიზნით, მოწმის სახით გამოეყოთ მის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომლები“.

2025 წლის 10 სექტემბრით დათარიღებულ წერილს რომან ქარცივაძემ იმავე დღეს უპასუხა.

„მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით წარმოგიდგენთ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მონაცემებს: პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, შოთა პაპუაშვილი; პოლიციის მაიორი შოთა არჯევანიძე და პოლიციის მაიორი ბექა რუხაძე“, - ეწერა განცხადებაში.

„გვაინტერესებდა, აღიქვეს თუ არა ხაბეიშვილის განცხადებები ქრთამის შეთავაზებად. მოვითხოვეთ გამოეყოთ ყველა რგოლის პირები - დაბალი, საშუალო და მაღალი რგოლი...“ - დააზუსტა გამომძიებელმა სასამართლო პროცესზე.

რა კრიტერიუმებით შეარჩიეს ეს მოწმეები, რატომ ეს სამი და არა სხვა, რატომ მხოლოდ სამი? - ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის თქმით, ამ კითხვებზე პასუხი არ არსებობს და არც დაკითხვისას არ გაუციათ გამომძიებლებს პასუხი. მოწმეების ამ ფორმით შერჩევა და გამოკითხვა კი „სამართლებრივი ნონსენსია“.

„წერილით მოითხოვეს, დაენიშნათ მათთვის მოწმეები, ვინაიდან აინტერესებდათ მათი აღქმები, რა კრიტერიუმებით შეირჩა, რა ნიშან-თვისებით, ეს არის სამართლებრივი თვალსაზრისით ნონსენსი, ანუ მოწმეები გამოუყვეს... არც ერთ ამ მოწმეს წარსულში არ მიუმართავთ საგამოძიებო სტრუქტურებისთვის. თუ მათ ქრთამს სთავაზობდნენ, მიმართვის ვალდებულება ჰქონდათ...ასეთი რამ არ მომხდარა. არავისთან პირადი კომუნიკაცია ლევან ხაბეიშვილს არ ჰქონია...“ - განაცხადა ადვოკატმა.

ზუსტად რა მისწერა სუსმა გდდ-ს?

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა საქმის მასალებიდან დოკუმენტი, რომელშიც სწერია:

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის N089100925001 საქმეზე, ცალკეული თანამდებობის პირებისათვის ქრთამის მიცემის, შეთავაზების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქმე შეეხება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ საჯარო სივრცეში, ტელევიზიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მოწოდებებს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართ და მათთვის ქრთამის შეთავაზებას.

საქმის გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გთხოვთ, მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით, გამოგვიყოთ თქვენს დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომლები“.

სუს-ის წერილი გდდ-ს დირექტორის

„გამოყოფილი მოწმე არსებობს?“ - იკითხა ბრალდებულმა ლევან ხაბეიშვილმაც. ის დაინტერესდა, ჰქონია თუ არა გამომძიებელს მოწმის მოძიების ასეთი პრაქტიკა თანამდებობაზე მუშაობის განმავლობაში.

გამომძიებლის თქმით, პრაქტიკაში არასდროს მიუწერია გდდ-სთვის. საჭიროება არ ყოფილა, თორემ მივწერდიო, - თქვა მან.

„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებისას, ლევან ხაბეიშვილს სპეცრაზმელებმა სცემეს, მას კლინიკაში გადაყვანაც დასჭირდა. პოლიტიკოსს სახეზე ძლიერად ცემის კვალი ეტყობოდა და უჭირდა მოძრაობა. დაწყებულია გამოძიება, პოლიტიკოსს დაზარალებულის სტატუსი აქვს, თუმცა არავინ დასჯილა.

„იქნებ ეს ის ხალხია, ვინც ჩემზე იძალადა? გაარკვიეთ აღნიშნული? ბოლოს და ბოლოს, ამ უწყების თანამშრომლების ცემის გამო მაქვს ამ სისტემაშიც კი დაზარალებულის სტატუსი და ახლა ესენი ჩემს წინააღმდეგ მოწმეები არიან. რით იზღვევთ თავს, რომ ეს მორიგი ანგარიშსწორება არაა ჩემზე?“ - იკითხა ხაბეიშვილმა.

გამომძიებლის თქმით, დაკითხვის დაწყებამდე ის დაინტერესდა, ჰქონდათ თუ არა სპეცრაზმელებს ინტერესთა კონფლიქტი ან პირადი ინტერესი დაკავშირებული ლევან ხაბეიშვილთან, რაზეც სამივემ უარყოფითი პასუხი გასცა.

„აბა, ხომ არ იტყოდნენ, ჩვენ ვცემეთო?“ - რიტორიკულად იკითხა ადვოკატმა.

„მე გადამოწმების სხვა ბერკეტი არ მაქვს“, - უპასუხა გამომძიებელმა.

ჩაერია პროკურორი ბექა ხუნაშვილი: „ხომ თქვა გდდ-ს თანამშრომელმა დაკითხვისას, რომ ბოლო ხუთი წელი აქციაზე არ ყოფილა, ეს საკმარისი არ არის?“

ლევან ხაბეიშვილის საქმეზე უკვე დაიკითხა გდდ-ს ერთი თანამშრომელი.

იმ დროს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, 2024 წლის 1 მაისს სასტიკად სცემეს, მას შემდეგ რაც „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დააკავეს.

გდდ-ს თანამშრომლების ჩვენებები

სამივე მოწმე აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილს ტელევიზიასა და სოციალურ ქსელში მოუსმინეს. მისი დაპირება კი „ქრთამის შეთავაზებად“ შეაფასეს, რაც „შეურაცხმყოფელი იყო“ და გდდ-ს თანამშრომლებს აღნიშნულზე ბევრჯერ უსაუბრიათ.

სამივე მათგანი ერთნაირი სიტყვებით ხაზს უსვამს, რომ „ნამდვილად არ ეგულება თანამშრომელი, რომელიც გასცემს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციას და არ შეასრულებს თავის მოვალეობებს“.

მოწმეები არ ასახელებენ რომელ ვიდეოს, როდის და კონკრეტულად სად უსმინეს. ასეთი ინფორმაციის მიწოდება ვერც სასამართლოში დაკითხულმა შოთა პაპუაშვილმა ვერ შეძლო.

მოწმე #1 - შოთა პაპუაშვილი

„ბუნებრივია, ლევან ხაბეიშვილის მხრიდან ქრთამის დაპირება ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ერთი ან რამდენიმე სპეცრაზმელი თუ სხვა პოლიციელი მაინც აღმოჩნდეს ისეთი, რომელიც ცდუნებას ვერ გაუძლებს და დამრღვევებისა თუ სხვა ნებისმიერი პირის სასარგებლოდ ჩაიდინოს რაიმე ისეთი მოქმედება, რომელიც მათ აწყობთ“.

„.... დანაყოფში იყო ხშირი საუბრები და გამოიწვია უარყოფითი რეაქცია. შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ნამდვილად არ მეგულება თანამშრომელი, რომელიც გასცემს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციას და არ შეასრულებს თავის მოვალეობებს“.

„მართალია, ლევან ხაბეიშვილს კონკრეტული პირები არ დაუსახელებია, თუ ვის შესთავაზა ქრთამის სახით 200 000 აშშ დოლარი, რათა არ შეესრულებინათ სამსახურებრივად მათზე დაკისრებული მოვალეობა, მაგრამ აღნიშნული შეთავაზება თითოეულმა ჩვენგანმა მივიღეთ საკუთარ თავზე, რადგან ადრესატები ვიყავით ჩვენ, რაც აღვიქვით ქრთამის შეთავაზების ფაქტად და შეურაცხყოფად“.

მოწმე #2 - შოთა არჯევანიძე

„ლევან ხაბეიშვილი ამ ქმედებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს გვთავაზობდა ფულს ქრთამის სახით, რათა ჩვენ არ შეგვესრულებინა ჩვენზე სამსახურებრივად დაკისრებული მოვალეობები და ხელმძღვანელობის მიერ გაცემული კანონიერი დავალებები“.

"... იყო შეურაცხმყოფელი ხასიათის თითოეული თანამშრომლისათვის, რაზედაც ჩვენს დანაყოფში იყო ხშირი განხილვები და ყველა აფიქსირებდა ნეგატიურ განწყობას“.

„განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში არ იქნება არცერთი თანამშრომელი, რომელიც გასცემს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციას და არ შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს“.

„მინდა აღვნიშნო, რომ ლევან ხაბეიშვილის ხსენებულმა მოწოდებებმა და შემოთავაზებამ უარყოფითი გავლენა იქონია თანამშრომელთა განწყობაზე და საერთოდ სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობაზე“.

მოწმე #3 - ბექა რუხაძე

„ლევან ხაბეიშვილის მომართვითა და მოწოდებებით ნათლად ჩანდა, რომ ის პოლიციელებსა და გდდ-ს თანამშრომლებს გვთავაზობდა ქრთამს იმის სანაცვლოდ, რომ ჩვენ არ შეგვესრულებინა ჩვენზე დაკისრებული სამსახურეობრივი მოვალეობა და უარი გვეთქვა ხელმძღვანელობის მიერ გაცემული კანონიერი დავალებების შესრულებაზე, რაც თითოეული ჩვენგანისთვის იყო ძალიან დიდი შეურაცხყოფა“.

"ქრთამის აღების მოწოდებებმა და შემოთავაზებამ უარყოფითი გავლენა იქონია თანამშრომელთა განწყობაზე და სამსახურის საქმიანობაზე, აქვე განვმარტავ, რომ პირად შემადგენლობას არაერთხელ გვისაუბრია ლევან ხაბეიშვილის ამგვარ შეურაცხმყოფელ შემოთავაზებაზე და ყველა ვთანხმდებოდით იმაზე, რომ ეს იყო მისი მხრიდან ქრთამის შეთავაზება იმ ღირსეულ თანამშრომლებზე, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას, რაც ლახავდა თანამშრომლების ღირსებას, ასევე სამსახურის პრესტიჟსა და რეპუტაციას“.

„ლევან ხაბეიშვილის მიერ ქრთამის შემოთავაზება პირადად ჩემ მიმართ ან/და ჩემი რომელიმე თანამშრომლის მიმართ არ განხორციელებულა, მაგრამ თითოეულმა ჩვენგანმა ქრთამის შემოთავაზება მივიღეთ საკუთარ თავზე და მივიღეთ პირად შეურაცხყოფად“.

საქმის პროკურორს, ბექა ხუნაშვილს, ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. მას ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში ჰკითხეს, როგორ მოიპოვეს იმ სამი თანამშრომლის ჩვენება, რომლებმაც პოლიტიკოსის განცხადება ქრთამის შეთავაზებად მიიღეს.

პროკურორმა თავდაპირველად გაიკვირვა, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო საინტერესო საქმის პროცედურული ნაწილი, თუმცა საბოლოოდ თქვა, რომ მოწმეები „შემთხვევითი შერჩევის პრინციპით“ გამოავლინეს.

ასევე ნახეთ

რა გავიგეთ ხაბეიშვილის საქმის პროკურორისაგან