რადიო თავისუფლებამ გაარკვია, „საშიში ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევის“ ბრალდებით ორ კვირაზე მეტია, სამი პირია დაკავებული, - თუმცა სამედიცინო ნარჩენები დღემდე არ გაუტანიათ.
ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა.
„ამპუტირებული ნაწილები ყრია“
ეს ამბავი სამტრედიის სოფელ მელაურში ხდება.
„ტვ პირველი“ იუწყება, რომ სოფელში მდებარე ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში ყრია ქირურგიული ნარჩენები, მათ შორის ადამიანების სხეულის ამპუტირებული ნაწილები.
ტელეარხი ამბობს, რომ ადგილობრივები, - რომლებმაც „ნაგავსაყრელი“ მძაფრი სუნის გავრცელების შემდეგ აღმოაჩინეს, - ამ საკითხზე დახმარების მიზნით დაუკავშირდნენ.
„[მეზობლებმა] შემთხვევით აღმოაჩინეს ადამიანის ძვლები, რომლებიც ძაღლებმა გამოიტანეს“, - იუწყება „ტვ პირველი“.
ადგილობრივები ამბობენ, რომ რამდენჯერმე მიმართეს მუნიციპალიტეტს ნარჩენების სოფლიდან გატანის მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ.
„მთელი სოფელი შეშფოთებულია“
„რვასულიანი ოჯახი მყავს. მთელი სოფელი შეშფოთებულია. ქირურგიული ნარჩენებია დაყრილი, სავსეა მთელი ფერმა ქირურგიული ნარჩენებით და ეპიდემიის დიდი საშიშროებაა“, - ამბობს სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი.
„რა ვიცი, რა ჰქვია ამ ხალხს, ასეთ საქციელს რა ჰქვია... რაც ჩვენ ვიცით, ერთ თვეზე მეტია, აქ ყრია“ - ამბობს ის.
„დღეს ვდგავართ საშინელი ფაქტის წინაშე და ყოვლად დაუშვებელია, წარმოუდგენელი რამე მოხდა ჩვენს სოფელში, ძველი ფერმის შენობაში, განხორციელდა საავადმყოფოს ნარჩენების შეტანა“, - ამბობს მეორე მოქალაქე.
„ძველი ფერმა“
ადგილობრივების თქმით, შენობა, სადაც ნარჩენებს ყრიდნენ, „ძველი ფერმაა“.
ყველაზე ახლომდებარე სახლი შენობიდან დაახლოებით 150-160 მეტრში მდებარეობს.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ფერმას კერძო მესაკუთრე ჰყავს - შპს „ნიკორა“ (არ აქვს კავშირი მარკეტების ცნობილ ქსელთან). კომპანიის მფლობელი ადგილობრივი პირია.
მელაური ქალაქ სამტრედიას ჩრდილოეთით ესაზღვრება.
შენობა მდებარეობს მიწის ნაკვეთზე, რომლის საერთო ფართობიც 7 ჰექტარია.
ნაკვეთი ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით ოთხი კილომეტრითაა დაშორებული.
„ძველი ფერმა“ მელაურში
დასუფთავება „მედიის გამოჩენის შემდეგ“
„ტვ პირველის“ რეპორტიორის თქმით, შენობის დასუფთავება მხოლოდ სოფელში მათი გადამღების ჯგუფის გამოჩენის შემდეგ დაიწყეს.
ტელეარხის თანახმად, ადგილზე მივიდა სოფლის რწმუნებული, რომელიც, ტელეარხის ცნობითვე, ამბობს, რომ მომხდარზე ინფორმაცია არ ჰქონდა.
ტელევიზიის გავრცელებულ კადრებში ჩანს პირი, რომელიც რამდენიმე ადამიანს - რომელიც შენობის შესასვლელთან იმყოფებიან - ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს:
„პირბადეები გაიკეთეთ ყველამ ,ახლა ვინმე რომ მოვიდეს შემოწმებაზე, ჯარიმა მექნება მე“.
„გაიკეთეთ პირბადეები, მოცილდით ტერიტორიას, ეგი მინდა“, - ამბობს გავრცელებულ ვიდეოში პირი, რომლის თქმითაც ვალდებულება აქვს აღებული, რომ ტერიტორია დაასუფთავოს.
„სამი ადამიანია დაკავებული“
რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში განუცხადეს, რომ ამ საქმეზე სამი ადამიანია დაკავებული, - თუმცა მათი ვინაობა ან საქმიანობა არ დაუზუსტებიათ.
ისინი დააკავეს სისხლის სამართლის წესით და ედავებიან „გარემოსთვის საშიში ნივთიერებისადმი ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევას“.
ამ ბრალდებას სისხლის სამართლის კოდექსის 288-ე მუხლი ითვალისწინებს და 2 წლამდე, ან 3-დან 5 წლამდე ისჯება - რაც დამოკიდებულია იმაზე, დადასტურდება თუ არა, რომ მათმა ქმედებამ გარემოს დაბინძურება გამოიწვია.
კერძოდ:
- „ტოქსიკური, ბაქტერიოლოგიური, ქიმიური ან გარემოსათვის საშიში სხვა ნივთიერებისადმი ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევა, ... რასაც შეეძლო გამოეწვია ადამიანის ჯანმრთელობის ან გარემოს არსებითი დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი“, – ისჯება ჯარიმით ან ორ წლამდე პატიმრობით.
- „იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია გარემოს დაბინძურება, მოწამვლა ან დასნებოვნება, ან ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება, ანდა ცხოველთა ან მცენარეული სამყაროს მასობრივი განადგურება“ ... ისჯება სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით.
ვინ არიან დაკავებულები?
26 თებერვალს, 22:00 საათისთვის პროკურატურამ განაცხადა, რომ დაკავებულები არიან:
- კომპანიების, „ეკო მედიკალ ჯგუფი“ და „ეკოლოგია და სუფთა გარემო“, დირექტორი - ელგუჯა კიკაჩეიშვილი.
- მისი თანამშრომელი - ვინაობა უცნობია;
- სამტრედიის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის თანამშრომელი - მისი ვინაობაც უცნობია.
პროკურატურის ცნობითვე, სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ორივე კომპანიას, კიკაჩეიშვილთან ერთად, ეკატერინე სულაკიძე ფლობს.
რას ამბობენ უწყებები?
შსს-ში გვითხრეს, რომ სამი ადამიანი ორ კვირაზე მეტია, დაკავებულია.
რატომ არ გაიტანეს იქიდან პოტენციურად სახიფათო ნარჩენები ამ ხნის განმავლობაში?
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა გარემოს დაცვის სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ:
- სამინისტრო ინფორმირებული იყო მომხდარის შესახებ;
- ვინაიდან საქმე ეხება სისხლის სამართლის დანაშაულს, საქმეში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტრო.
როგორც შინაგან საქმეთა, ასევე გარემოს დაცვის და ჯანდაცვის სამინისტროებში ამბობენ, რომ [მსგავს ვითარებაში] ტერიტორიის ნარჩენებისგან დასუფთავება და ნარჩენების გატანა მათი უფლებამოსილების სფეროში არ შედის.
„ტვ პირველის“ ცნობით, ტერიტორიის დასუფთავება არხის გამოჩენის შემდეგ სამტრედიის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა დაიწყეს.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა სამტრედიის მერის წარმომადგენელს მელაურში, სოფიკო კიკაჩეიშვილს, რომელმაც მოგვწერა:
„არ ვიძლევი არანაირ ინფორმაციას“.
მანამდე, როდესაც მოსახლეობა „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს ესაუბრებოდა, კიკაჩეიშვილმა მათ მიმართა: „რამ მოგაყვანინათ?! ეს სირცხვილია არაა“?!
„კარგი ფაქტი რომ არ არის და ტაშის დასაკრავი, მაგი მეც ვიცი“, - ეუბნება იგი ადგილობრივებს. „ყარაული არ ვარ, აქ რომ ვიდგე“.
საიდან მიჰქონდათ?
ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრში არ დაუზუსტებიათ დაწესებულება, საიდანაც ნარჩენები ფერმაში მიჰქონდათ. სამტრედიაში რამდენიმე კლინიკაა.
კლინიკიდან სამედიცინო ნარჩენების ტრანსპორტირებაზე კი პასუხისმგებელი იყო კერძო კონტრაქტორი/კომპანია - სავარაუდოდ „ეკო მედიკალ ჯგუფი“ და „ეკოლოგია და სუფთა გარემო“, რომლის დირექტორი და თანამშრომელიც დააკავეს, - მუნიციპალიტეტის თანამშრომელთან ერთად.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 294-ე დადგენილების („სამედიცინო ნარჩენების მართვის“ ტექნიკური რეგლამენტი) თანახმად:
„სამედიცინო დაწესებულებიდან ნარჩენების გატანა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი უფლების მქონე პირების მიერ“.
კიდევ რა წერია რეგლამენტში?
რეგლამენტის თანახმადვე:
- არსებობს სარისკო და არასარისკო/არასახიფათო ნარჩენები;
- სარისკო სამედიცინო ნარჩენები, თავის მხრივ, შეიძლება იყოს სახიფათო და არასახიფათო.
- სარისკო ნარჩენებს მიეკუთვნება ინფექციური ნარჩენები, მაღალი რისკის ინფექციური ნარჩენები, ბასრი საგნები, პათოლოგიურ-ანატომიური ნარჩენები, ფარმაცევტული ნარჩენები, ციტოტოქსიკური ნარჩენები.
- ინფექციური ნარჩენები – ნარჩენები, რომლებიც შესაძლოა შეიცავდეს პათოგენებს (ბაქტერიებს, ვირუსებს, პარაზიტებს და სოკოს) იმ რაოდენობით და კონცენტრაციით, რომ გამოიწვიოს დაავადების განვითარება/გავრცელება;
ჯერჯერობით რადიო თავისუფლებისთვის უცნობია, მელაურში აღმოჩენილი ნარჩენები რა ტიპისა იყო და, სხეულის ნაწილების გარდა, რა ტიპის ნარჩენები იყო ადგილზე მიტანილი.
„დაიმარხოს სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე“
რეგლამენტში ასევე წერია:
- „პათოლოგიურ-ანატომიურ ნარჩენებთან, განსაკუთრებით სხეულის ნაწილებთან ან ჩანასახის მასალასთან მოპყრობისას გათვალისწინებული უნდა იყოს რელიგიური და კულტურული ასპექტები“;
- „პათოლოგიურ-ანატომიური ნარჩენები, რომლებიც არ არის ინფექციური მასალით დასნებოვნებული, შესაძლებელია დაიმარხოს სპეციალურად ამ მიზნისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, ორმოში, სადაც მას შეუძლია ბუნებრივად განიცადოს ბიოდეგრადაცია“;
- „დაუშვებელია ამ მიზნით სამედიცინო დაწესებულების ეზოს გამოყენება“.
მთავრობის 294-ე დადგენილება
ინფორმაცია განახლდება პროკურატურის ცნობებით.