ტაქსის ფერი და თბილისის სატრანსპორტო სისტემის სხვა პრობლემები

1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, თბილისში მოძრავი ტაქსი აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. რეგულაცია არის ნაწილი ე.წ. “ტაქსისტების რეფორმის”, რომლის ფარგლებშიც ტაქსის მძღოლებს ევალებათ რეგისტრაცია, იკრძალება მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილების ტაქსად გამოყენება და არათეთრი ფერის ავტომანქანების მფლობელებს მხოლოდ გამოძახების შემთხვევაში შეეძლებათ ტაქსაობა.

რეგულაციის ამოქმედების შემდეგ მოქალაქეები წუხდნენ ტაქსების სიმცირესა და გაზრდილ ფასზე, ის ტაქსის მძღოლები კი, რომლებაც მანქანების შეღებვისგან თავი შეიკავეს, სამუშაოდ მაინც გამოდიან ქალაქის ქუჩებში ტაქსის ტრაფარეტების გარეშე და იმისათვის, რომ პატრულის ჯარიმა თავიდან აიცილონ, ქუჩაში მდგომ ხალხთან მოძრაობას ანელებენ და ასე სთავაზობენ მომსახურებას.

“დღეიდან 26 ათასი ტაქსის მძღოლი იქნება დაჯარიმებული იმ ახირების და კორუფციული ინიციატივის გამო, რომელიც მერიიდან მოდიოდა და რომელსაც მანქანების გადაღებვა ერქვა. თეთრი ფერით მანქანების გადაღებვით აბსოლუტურად არაფერი იცვლებოდა ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობისა და მგზავრთა უსაფრთხოების კუთხით. ამ ქვეყანაში მთავარი პრობლემა არის ადამიანების გადარჩენა, სიღატაკესთან ბრძოლა და არა რაღაც ესთეტიკა, რომელიც სინამდვილეში არის კორუფციის წყარო. დღეს გადაღებილია მხოლოდ მანქანების 10 %.” - თქვა რომან გოცირიძემ პარლამენტში გამოსვლისას 1 ოქტომბერს. დეპუტატის თქმით, მძღოლები, რომლებიც მანქანებს არ გადაღებავენ, იძულებულები ხდებიან რომელიმე კომპანიასთან ითანამშრომლონ და შემოსავლის ნაწილი მათ მისცენ, რაც დამატებით ფინანსურ ტვირთს ნიშნავს.

2 ოქტომბერს უმრავლესობის წევრი პარლამენტარი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ 1 ოქტომბერს ფერადი ავტომობილების მქონე ტაქსის მძღოლებისთვის გამოწერილი ჯარიმების გასაუქმებლად პარლამენტმა გამოსცეს ერთჯერადი საკანონმდებლო აქტი.

“დროთა განმავლობაში - განათლებით, შეგნებით - ეს ყველაფერი დაიხვეწება, მაგრამ, დღეის მდგომარეობით, ეს ყველაფერი დარეგულირდა” - ეს ქალაქის მერის, კახა კალაძის, 3 ოქტომბრის განცხადებაა და რეგულაციის ამოქმედებასთან დაკავშირებით ტაქსების გაზრდილ ფასებს უკავშირდება.

ფემინისტი აქტივისტი ბაია პატარაია კი ამბობს, რომ ტაქსების რეფორმა, ისევე როგორც საკანონმდებლო ცვლილებებისა და რეფორმების უმეტესობა გენდერული ანალიზის გარეშე ტარდება და არ არის გაანალიზებული, თუ რა განსხვავებული ეფექტი შეიძლება მოიტანოს ამან ქალებისთვის. “სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში არის ძალიან გავრცელებული საქართველოში და კონკრეტულად მანქანებიდანაც ხშირია შემთხვევა, როცა მანქანა, უჩერებს ქალს და ეპატიჟება შიგნით და თუ ქალი უარს აცხადებს იქ ჩაჯდომაზე, ძალიან ხშირად ამ მანქანებიდან აგინებენ კიდეც ქალებს. ახლა ფერადი ტაქსები იძულებულები არიან, რომ ნიშნის გარეშე იმოძრაონ; მომხმარებელსაც ჭირდება იმაზე უფრო ხელმისაწვდომი ტაქსი, ვიდრე აპლიკაციებით გამოძახებულია, და ამ მოცემულობაში არავინ იცის, რამდენი მოძალადე ისარგებლებს ამ მომენტით, რამდენი ქალი გახდება უფრო მოწყვლადი, - ამბობს ბაია პატარაია.

რას ამბობენ ტაქსის მძღოლები

“10 000-ლარიანი კრედიტი ავიღე, რომ 1 ოქტომბერს თეთრი ტაქსი მქონოდა. სხვა მანქანაც მყავს, რომლის გადაღებვაც არ მინდოდა და ეს [თეთრი ავტომობილი] ვიყიდე. რამდენი ვიცი, ვისაც პრინციპულად არ უნდა გადაღებვა. მერე ვერ გაყიდის ამ მანქანას ისეთ ფასად, რაც ღირს”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა მძღოლმა.

“კარგია ეს რეგულაცია, ყველა ვეღარ იტაქსავებს და ჩვენი შემოსავალიც გაიზრდება. უკვე გაიზარდა დაახლოებით 40%-ით. უკმაყოფილო ძირითადად ის ხალხია, ვინც რეგიონიდან არის ჩამოსული, აქ ტაქსაობენ და ტაქსის ნიშნით არ უნდათ რეგიონებში წავიდნენ უკან. მე არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ასეა. ადრე ყველა ტაქსაობდა: კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, დაცვის პოლიციის, მერიის თანამშრომლები - ახლა ეგრე აღარ ხდება, ყველა პროფესიას მიეცა თავისი სახელი. უკმაყოფილო, ალბათ, ის თანამშრომლები იქნებიან, ვინც რიგგარეშედ ტაქსაობდნენ”, - გვეუბნება ვალერი ქადაგიშვილი, ტაქსის მძღოლი, რომელიც ჩართული იყო რეფორმის ეტაპზე მერიასთან კონსულტაციებში.

თბილისის სატრანსპორტო სისტემის სხვა პრობლემები

ტაქსების სფეროს რეგულაციას დადებით მოვლენად მიიჩნევს საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტი გელა კვაშილავაც, რომელიც ამბობს, რომ ტაქსი მინიმალურ სტანდარტს ნამდვილად უნდა აკმაყოფილებდეს და ქალაქმა მოწესრიგებაზე უარი არ უნდა თქვას, თუმცა სატრანსპორტო სისტემაში ტაქსების გარდა კიდევ სხვა ბევრი რამ არის მოსაწესრიგებელი.

“ყველას გვინდა კარგი ტრანსპორტი, უსაფრთხო, ხმაურისა და დაბინძურების გარეშე. თბილისს თუ შევხედავთ, არის მოძრაობები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის და უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო. ქვეითებსაც პრივილეგია უნდა მიენიჭოს, პარკინგის სისტემა უნდა გაიმართოს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უნდა ჩადო ინვესტიცია და ა.შ. ”, - ამბობს გელა კვაშილავა.

თბილისის სატრანსპორტო სისტემაში ტაქსების რეგულაციების პარალელურად პრობლემად რჩება სამარშრუტო ტაქსების საკითხი და ავტობუსების პარკის განახლება.

“ჩვენ ვეუბნებოდით თბილისის მერიას, რომ ტაქსების რეფორმამ არ უნდა დაასწროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას. მოხდა ისე, რომ ერთ დროს იაფი ტაქსი გახდა ძვირი. შესაბამისად, მგზავრთა ნაკადი გაიზარდა ავტობუსების და მეტროს მიმართულებით და ეს ორი უკვე მზად არაა გაზრდილი მგზავრთნაკადის მისაღებად”, - თქვა “საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა 3 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

დღევანდელი მოცემულობით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ავტოპარკის 77 %-ს კვლავ ძველი ავტობუსები შეადგენს, სამარშრუტო ტაქსებს კი, რომელთა საჭიროებასაც რამდენიმე თვის წინ კახა კალაძე ეჭვქვეშ აყენებდა, ქალაქის მერის ბოლო ინიციატივის თანახმად, საქართველოში წარმოებული ავტომობილები ჩაანაცვლებს.

1 ოქტომბერს ფეისბუქჩართვისას კახა კალაძემ თქვა, რომ თბილისში მოსიარულე მიკროავტობუსებს ამ ეტაპზე თავისი რესურსი ამოწურული აქვს და ქალაქის ხელმძღვანელობა მათ განახლებას ითხოვს.

“ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან რამდენჯერმე, ისინი წინააღმდეგი არ არიან. რამდენიმე შეთავაზებაა: ერთი - ფორდის ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა მიკროავტობუსების მხრიდან და, მეორე, მიკროავტობუსების წარმოების დაწყება საქართველოში. ჩვენ მივესალმებით მიკროავტობუსების საქართველოში წარმოებას - ეს არის ყველანაირად ადაპტირებული შშმ პირებისთვის, შიგნით საკმაოდ კომფორტულია, აღჭურვილია კონდიცირების სისტემით და გათბობით. აქვს 17 დასაჯდომი ადგილი. მგონია, რომ ძალიან კომფორტულია და თუ ეს კომპანია მოახერხებს ამ მიკროავტობუსების აქ წარმოებას, იქნება ძალიან მისასალმებელი. ელვა ერქმევა თვითონ ავტობუსს და 30 მილიონის ინვესტიციას აპირებენ”, - თქვა კახა კალაძემ, რომელსაც მალევე გამოეხმაურა საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია. მათ აღმოაჩინეს, რომ მერმა მიკროავტობუსის პრეზენტაციაზე სახელდახელოდ შექმნილი ლოგო წარადგინა, რომელიც ძალიან ჰგავს რუსული Газ Групп-ის მიერ წარმოებულ "Газель"-ის ლოგოტიპს. მსგავსებაა „Газель"-ის მიერ წარმოებულ სამარშრუტო ტაქს "Газель"-Next-სა და კახა კალაძის მიერ წარდგენილ ავტომობილს შორისაც.

“ვინ არიან Газ Групп-ის მფლობელები? ესენია: «Русские машины» 65,56 %, Ингосстрах-Инвестиции 17,52 %, რუსეთის სახელმწიფო — 0,16 %, დანარჩენი - 16,76 %. კომპანიის მიმართ განსაკუთრებით ყურადღებიანია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელიც არაერთხელ სტუმრობდა ქარხანას და ახალი მოდელების პრეზენტაციასაც. ის დაესწრო იმ მიკროავტობუსის მოდელის ჩვენებასაც, რომლის მასიურად შემოყვანაც იგეგმება თბილისში.” - წერდა ასოციაცია 1 ოქტომბერს.

გამოსავალი ტაქსების რეფორმიდან

სანამ ქალაქი ტრანსპორტის მოწესრიგებას სადავო გადაწყვეტილებებით ცდილობს, ცალკეული ადამიანები და ორგანიზაციები კანონში ხარვეზებსა და რეგულაციებიდან გამოსავალს ეძებენ.

მაგალითად, პოლიტიკურმა გაერთიანება „გირჩმა“ 3 ოქტომბერს წიწამურში, ილია ჭავჭავაძის მონუმენტთან, გამართა ახალი ორგანიზაცია “შმაქსის“ პრეზენტაცია. ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების შემთხვევაში ტაქსის მძღოლები, გარდა მგზავრების გადაყვანისა, საღ აზრს და სწორ მორალს გაავრცელებენ, საგანმანათლებლო მასალებით კი მათ თავად “გირჩი” უზრუნველყოფს. “შმაქსის” ავტომობილი უკვე გააჩერა პატრულმა, მაგრამ ჯარიმა არ გამოუწერია.

“შმაქსის” გარდა გაჩნდა სხვა ალტერნატივებიც:

თბილისში ტაქსის მძღოლებისა და ავტომობილების რეგისტრაციისთვის მოქმედ პორტალზე, სადაც ლიცენზიის აღებაა შესაძლებელი, ამ დროისთვის 15 557 რეგისტრირებული მომხმარებელია.

მერიის დადგენილების მიხედვით, ერთწლიანი ლიცენზიის ღირებულება ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100 ლარია, ჰიბრიდებისთვის - 50 ლარი, ელექტრომობილებისთვის უფასოა.

ტაქსების რეფორმას საწყის ეტაპზევე ახლდა თან საპროტესტო აქციები.