1922 წელს მისი საინჟინრო ფაკულტეტი (როგორც პოლიტექნიკური ფაკულტეტი) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდა. პირველი სხდომა ივანე ჯავახიშვილმა გახსნა. აირჩიეს ფაკულტეტის დეკანი - პროფესორი ალექსანდრე დიდებულიძე. პირველი ლექცია ანდრია რაზმაძემ წაიკითხა უმაღლეს მათემატიკაში.
მაშინ პოლიტექნიკურ ფაკულტეტს მხოლოდ სამი მიმართულება ჰქონდა: სამშენებლო, მექანიკური და სამთო. პირველ წელს 182 სტუდენტი ჩაირიცხა, 1928 წელს კი პირველმა 9 ინჟინერმა დაიცვა დიპლომი.
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
საქართველოს მე-20 საუკუნე, ფაქტობრივად, პოლიტექნიკურის ზურგზე გადავიდა. შენდებოდა ჰესები, ქარხნები, ხიდები, გაჰყავდათ ელექტროენერგია, ითხრებოდა მაღაროები... ამ ყველაფერს კი სპეციფიკური ცოდნა სჭირდებოდა. ინსტიტუტსაც ნელ-ნელა ემატებოდა ფაკულტეტები, მიმართულებები, სტუდენტები და ლექტორები. ბოლოს უნივერსიტეტადაც გადაკეთდა. საქართველო უკვე დამოუკიდებელი იყო და რეფორმები გატარდა, რომ სწავლების ფორმა ევროპული სისტემისთვის მიესადაგებინათ, შემოიღეს: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა.
1929 წლის კურსდამთავრებულები
დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 11 ფაკულტეტია:
- სამშენებლო
- ენერგეტიკა
- სამთო გეოლოგია და მთის მდგრადი განვითარება
- აგრარული მეცნიერება და ქიმიური ტექნოლოგიები
- სატრანსპორტო სისტემები და მექანიკის ინჟინერია
- არქიტექტურა, ურბანისტიკა და დიზაინი
- სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობები
- ინფორმატიკა და მართვის სისტემები
- დიზაინის საერთაშორისო სკოლა
- ბიზნესტექნოლოგიები
- სოციალური მეცნიერებები
ამას ემატება 15 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და 1 ცენტრი.
სტუ-ში 36 უფასო პროგრამა აქვთ. თანამშრომლობენ 17 ქვეყნის 68 უნივერსიტეტთან.
ბევრი პროგრამა მხოლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ისწავლება: მშენებლობის მენეჯმენტი, მექანიკის ინჟინერია, გეოდეზია, ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერინგი, ბიოსამედიცინო ინჟინერია, მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება, მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი, მთიანი რეგიონების ორგანული ფერმერული სისტემების მართვა; ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა.
უნივერსიტეტს აქვს ფილიალები რეგიონებსა და საზღვარგარეთაც. თბილისში სტუ-ის ათზე მეტი შენობა უჭირავს. ისინი ძირითადად განლაგებულია კოსტავას ქუჩაზე, მეტრო პოლიტექნიკურის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მინერალების კოლექცია საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში
უნივერსიტეტის მისიაში წერია, რომ სტუ-ის „ხედვა დაფუძნებულია ქართულ და დასავლურ საუნივერსიტეტო კონცეპტუალიზებაზე, რომელიც ეყრდნობა ავტონომიურობის, აკადემიური თავისუფლების, სწავლის, სწავლებისა და კვლევის ერთიანობის, თანასწორობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს“.
უნივერსიტეტის მისიაში ყველაზე ხშირად სწორედ ეს სიტყვები მეორდება: „თავისუფლება“, „აკადემიური თავისუფლება“, „ავტონომიურობა“, „დამოუკიდებლობა“.
მისია ერთია, რეალობა მეორე
29 იანვარს, ყველასგან მოულოდნელად, „ქართული ოცნების“ მთავრობამ განაცხადა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უნდა შეუერთდეს.
სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლებმა, მკვლევრებმა, სტუდენტებმა „ქართული ოცნების“ პარლამენტსა და მთავრობას თხოვნით მიმართეს, შეჩერდეს ეს პროცესი და საჯარო განხილვა გაიმართოს.
31 იანვარს ჩატარდა ფორუმი, სადაც დარგის სპეციალისტებმა თავისი აზრი გამოთქვეს:
ლიკა ღლონტი, "ერაზმუს+"-ის ყოფილი დირექტორი: „არა მარტო რექტორებმა არ იცოდნენ ამის შესახებ, მე მაქვს ეჭვი თვითონ მინისტრაც არ იცოდა... ითქვა, რომ ძალიან ბევრ სამიზნე ჯგუფს შეექმნება პრობლემა. ტექნიკური პრობლემებიც წამოვა. როგორ უნდა მოესწროს მისაღები გამოცდებისთვის პროგრამების გამოცხადება? როგორ უნდა განსაზღვრონ კომპიუტერულ ინჟინერიაში მისაღები კვოტები? იმავე სამართლის ფაკულტეტებზე, რომელიც ორივე უნივერსიტეტს აქვს? ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დადგებიან თავადაც“.
ირინე გოცირიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი: „სულ ათიოდე დღის წინ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დიდი ზეიმი ჰქონდა. ჩვენ დაარსების 104-ე წელს ვზეიმობდით. გაიხსნა დიდი ქართველის გიორგი ნიკოლაძის ძეგლი, ადამიანის, რომელმაც როცა შექმნა ცნობილი საზოგადოება „შევარდენი“, თქვა: „ვგუშაგობთ საქართველოს მარად“... ვგუშაგობთ თუ არა ჩვენ საქართველოს? ჩვენ წარმოგვიდგენია საქართველო იმ განათლების გარეშე, რომელსაც საუკუნეები ქმნიდნენ? ჩემი ბაბუა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო. შეიძლება ჩვენზე მეტად უჭირდათ, ზოგ შემთხვევაში შეიძლება რეპრესიებს განიცდიდნენ, გადასახლებულებიც იყვნენ, მაგრამ საქართველოს განათლება შეუნარჩუნეს... ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური უნივერსიტეტის პრობლემა, ეს არის „ჯავახიშვილის“ პრობლემაც...“
აკაკი ცომაია, „საქართველოს უნივერსიტეტის“ პროფესორი: „ყველა ვაცნობიერებთ, რა საფრთხის წინაშე ვდგავართ და რა მოჰყვება ამ რეფორმას. მინდა მოგიწოდოთ, რაღაც სიმძიმის ცენტრები შევქმნათ, რასაც ვერ ახერხებენ დღეს პოლიტიკური პარტიები. ამ გზით ჩვენ შევძლებთ გარკვეული პროცესის შექმნას, რამაც შეიძლება აიძულოს ხელისუფლება, უკან დაიხიოს. მესმის, რომ რთულია. ერთი წლის წინ უფრო მარტივი იყო, მაგრამ მერე უფრო რთული იქნება“.
უნივერსიტეტების შეერთებას აპროტესტებენ სხვა უნივერსიტეტების პროფესორები და სტუდენტებიც, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს ტენდენცია ყველასთვის დამღუპველია. ისინი მონაწილეობენ აქციებში „დაიცავი განათლება“.
ნათია დათუნაშვილი, სტუ-ის თანამშრომელი: „ცოდნა არის ძალა და ეს რომ აღარ გვექნება, მერე რას ვიზამთ?.. გვაქვს იმედი, რომ კოლეგები პროტესტში ჩაერთვებიან, რადგან ამას ყველა აპროტესტებს. ცოტა დაბნეულობაა, ცოტა გაურკვევლობაა, მაგრამ ყოველდღე, ნელ-ნელა ვემატებით და ვემატებით პროტესტს“.
მარიამ მანჯგალაძე, თსუ-ის მოწვეული პროფესორი: „სისხლის ჯგუფსაც კი შერჩევა უნდა, როცა ავადმყოფს უსხამენ. არ შეიძლება ერთი ხელის მოსმით, პროფესურასთან შეთანხმების გარეშე გადაწყვიტოს ხელისუფლებამ გაერთიანება იმ უნივერსიტეტების, რომლებსაც სულ სხვა საფუძველი ჰქონდათ და ამაზე იზრუნეს დამფუძნებელმა მამებმა“.
არჩილ ჭოველიძე, სტუ-ის დოქტორანტი: „მე სტუ-ში სამივე საფეხური მაქვს გავლილი, მაგრამ ეს 10 წელი არ ნიშნავს არაფერს, უნივერსიტეტი 104 წელია რაც არსებობს. თავისი ისტორია აქვს. თავისი სახელი აქვს, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. კავშირები აქვს სხვადასხვა უნივერსიტეტთან, ცენტრებთან. არ შეიძლება 104 წლის ისტორია წაშალო“.