ოჯახმა დახმარება ყაზახეთის პრეზიდენტ ტოყაევსაც სთხოვა, მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროსაც და ივანზე სრული ინფორმაცია გადასცა. ცოლი - იულია ჩეკულაევა - ასტანიდან სულ ახალი დაბრუნებული იყო, როდესაც რადიო თავისუფლება დაუკავშირდა.
„არა, ეს ფილმის სცენარი არ არის. ეს ყაზახეთის მოქალაქის რეალური ისტორიაა“ - ივან ჩეკულაეევის დაკავების ისტორია საქართველოში არ გახმაურებულა, თუმცა ის ყაზახურმა პორტალმა - “კანონის დიქტატურა“ - გაახმაურა.
ივან ჩეკულაევის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით:
- 260-ე - ნარკოტიკის, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა ან/და შენახვა.
- 262-ე - ნარკოტიკის, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა.
შსს-ს მიერ აპრილში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ივან ჩეკულაევისთვის წაყენებული ბრალდებები 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ივანის მანქანაში ნანახი პოლიეთილენის პარკი მედიკამენტებით
„შუჩინსკში ვცხოვრობთ, ორი არასრულწლოვანი შვილი გვყავს. აქ სამუშაო ჭირს და ამიტომ კაცები ცდილობენ საერთაშორისო გადაზიდვებზე, ფურებზე იმუშაონ... ჩვენ უბრალო, მშრომელი, პატიოსანი ხალხი ვართ, - გვეუბნება იულია და დარდობს, რომ ქმარი ასეთ ხიფათში აღმოჩნდა, - სულ ვეუბნებოდი - დაანებე თავი, დაანებე თავი... მაგრამ მერე როგორ უნდა ვიცხოვროთო?! ჯერ სახლის ფულიც არ გადაგვიხდია ბოლომდე“.
იულია გვეუბნება, რომ პრეპარატი, რომლის გამოც მისი ქმარი საქართველოში დააკავეს, ივანს გერმანელმა ექიმმა გამოუწერა, რომ ხერხემალზე ოთხი თიაქრით გამოწვეული ტკივილი გაეყუჩებინა და სხვა მედიკამენტებთან, მალამოებთან და წელის კორსეტთან ერთად, თვეობით სახლში არყოფნისას ივანს სულ თან დაჰქონდა.
“ორი წლის წინ, რეისიდან საშინელი ტკივილით მოიყვანეს სახლში, გაშეშებული იყო მთლად, ყვიროდა, ფეხებს ვერ გრძნობდა… ეს საშიშია გზაში. წარმოიდგინეთ, ცალი ფეხითაც უტარებია ამხელა სატვირთო”, - იულია გვეუბნება, რომ სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ, გადამზიდავმა კომპანიამ, რომლის სათავო ოფისიც გერმანიაშია, ივანს გერმანულ კლინიკაში ჩაუტარა გამოკვლევები, მედიკამენტებიც იქ გამოუწერეს და “უთხრეს, არ არის საჭირო გმირობის თამაში, წამლები დალიეო”.
იულია, დაკავებული მძღოლის, ივან ჩეკულაევის ცოლი
რადიო თავისუფლება უკვე რამდენიმე დღეა ელოდება საქართველოს პროკურატურის განმარტებებს.
მივმართეთ ყაზახეთის საელჩოს საქართველოში.
სამი თვე საპატიმროში
44 წლის ივანი ქუთაისის ციხეში პრეპარატ "ტილედინის" (Tilidine) გამო მოხვდა. 22 აპრილს მისი სატვირთო ფოთის საბაჟოზე შეამოწმეს, ზღვით შემოსული - გერმანია-საქართველო-აზერბაიჯანი-ყაზახეთის მარშრუტის გასავლელად.
დაკავებულის ცოლი გვეუბნება, რომ გერმანიიდან მძღოლები სამანქანო აღჭურვილობასა და დეტალებს წლების განმავლობაში ეზიდებოდნენ - სასოფლო-სამეურნეო სფეროში დასაქმებული ამერიკული კომპანიისთვის ყაზახეთში.
"ტილედინი" (Tilidine) სინთეზური ოპიოიდური ანალგეტიკია (ტკივილგამაყუჩებელი), რომელიც გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ტკივილის სამართავად, როდესაც ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებლები ("პარაცეტამოლი", "იბუპროფენი") უშედეგოა. "ტილედინის" საქართველოში შემოტანა მკაცრ კონტროლს ექვემდებარება, თუმცა სამედიცინო მიზნებით მოხმარება აკრძალული არ არის, შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში.
„არა, ეს ფილმის სცენარი არ არის. ეს ყაზახეთის მოქალაქის რეალური ისტორიაა“ - ინფორმაცია ყაზახურმა პორტალმა „კანონის დიქტატურამ“ გაავრცელა:
„ჩვენ არ ვამბობთ, რომ სხვა ქვეყნის კანონი უნდა უგულებელყო... თუკი ყაზახეთის მოქალაქის პასპორტზე წერია, რომ ის თავისი სახელმწიფოს დაცვის ქვეშ არის, მაშინ ამ დაცვას უნდა ჰქონდეს რეალური შინაარსი; განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენი მოქალაქე აღმოჩნდება უკიდურესად რთულ ვითარებაში საზღვარგარეთ“.
პოსტებზე კომენტატორების რეაქციები მრავალფეროვანია:
- „თუკი ეს [დაკავებული] ყაზახია, ჩვენი მოქალაქე, უბრალოდ ვალდებული ვართ, გავერკვეთ და მხარი დავუჭიროთ“;
- „მის ადგილას შეიძლება ნებისმიერი აღმოჩნდეს“;
- „ნარკოტიკების გადამტანი უნდა იჯდეს ციხეში“;
- „გამოდის, რომ საქართველოში გამგზავრება სახიფათოა - ან გცემენ, ცხვირს გაგიტეხავენ ან [ნარკოტიკების] გადატანაში დაგადანაშაულებენ“.
ივან ჩეკულაევი
ზარები საქართველოდან
„როდესაც დააკავეს საქართველოში, 48 საათი მოგვცეს რეცეპტის წარსადგენად. მაგრამ ამ დროში არარეალური იყო გერმანიასთან დაკავშირება და იქიდან დოკუმენტების [რეცეპტების] გადმოგზავნა...
ელექტრონული ვერსია უფრო სწრაფად გავუგზავნეთ [გამოძიებას] და მერე დედანიც, მაგრამ მაინც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და გადაიყვანეს ქუთაისის იზოლატორში. სწორედ აქედან დაიწყო ყველაზე საინტერესო“, - იულია ჩეკულაევას თქმით, ბოლო სამ თვეში ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარა - იყო არაერთი ზარი თბილისიდან, ურთიერთგანსხვავებული ინფორმაციით.
მისი მონათხრობის თანახმად:
- 22 აპრილს დაურეკა გამომძიებელმა - ეკატერინემ [გვარი არ იცის] - თქვენი ქმარი ნარკოტიკული საშუალებისთვის დააკავესო - „ვიფიქრე, თაღლითები ხომ არ მირეკავენ-მეთქი, რას მეუბნებიან-მეთქი“;
- 22-დან 24 აპრილამდე „მუდმივად რეკავდა“ სახაზინო ადვოკატი - ალექსანდრე [გვარი არ იცის] – „9 ათასი დოლარი გადაიხადეთ, რომ 9 წელი მისცენ და არა მეტიო“.
- გადამზიდავი კომპანიის ადვოკატებმა [იცის ერთის სახელი - ზურაბი, არ იცის მათი გვარები] დარეკეს - საპროცესო შეთანხმებისთვის 100 ათას ლარს ითხოვს პროკურატურა და ერთ წელს მიუსჯიანო;
- იგივე ადვოკატები შევიდნენ ციხეში ივანთან ახალი პირობებით - 2-3 წელი ციხე და 100 ათასი ლარიო;
- ივლისში დარეკეს ისევ იმ ადვოკატებმა კიდევ ერთი ახალი პირობით - 6 წელი ციხე და 100 ათასი ლარის გადახდა;
- რეკავდა გამომძიებელი ეკატერინე და "დაჟინებით ითხოვდა", დათანხმდით ადვოკატების შემოთავაზებასო.
„ბაზარია თუ რა არის. არ ვიცი რა ხდება... უბრალო მძღოლისა და თმის სტილისტის ოჯახს საიდან უნდა ჰქონდეს 100 ათასი ლარი - ეს ჩვენი [ყაზახური] 20 მილიონია. ჩვენი სახლი ორჯერ ამაზე იაფია და ნაწილ-ნაწილ ვიხდით მის საფასურს“, - იულია, როგორც ამბობს, ადვოკატებისგან პროკურატურასთან შეთანხმების წერილობით ვერსიას ითხოვდა, მას კი პასუხობდნენ, რომ „ეს ზეპირი მოლაპარაკება იყო.
დაკავებულის ცოლის თქმით, ტილიდინის რეცეპტი გერმანიაშია გამოწერილი.
იულიამ ჯერ თავისი ადვოკატი აიყვანა, რომელსაც ძალიან ემადლიერებოდა [ზურაბ ხაინდრავა], მაგრამ ბოლოს მაინც მოუწია დაეტოვებინა გადამზიდავი კომპანიის მიერ შეთავაზებული ადვოკატები - რადგან სხვა შემთხვევაში კომპანია საკუთარ თავზე არ აიღებდა საპროცესო შეთანხმების ხარჯებს.
თუმცა შემდეგ, როგორც გვეუბნება, კომპანიის მიერ დაქირავებულმა ადვოკატებმაც უარი თქვეს ივანის დაცვაზე. იულიას ინფორმაციით, ბოლო სასამართლო სხდომაზე დარბაზში იყვნენ პროკურორი, მოსამართლე და თარჯიმანი. "როგორ შეიძლება ადამიანთან ასე მოპყრობა?! რისთვის ასამართლებენ საერთოდ უდანაშაულო ადამიანს და აბუჩად იგდებენ სამ თვე მეტია", - ამბობს დაკავებულის ცოლი.
დეტალების დაზუსტება პროკურატურაში ვცადეთ, ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია.
ჯერჯერობით არც ყაზახეთის საელჩოს არ უპასუხია - შეკითხვების გაგზავნის შემდეგ. პასუხების მიღების შემთხვევაში, სტატია განახლდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ივან ჩეკულაევის დაკავების შესახებ ინფორმაცია 24 აპრილს გაავრცელა. განცხადების თანახმად:
- “შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს”.
- ბრალდებულის სამგზავრო ჩანთის შემოწმებისას პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.
შს სამინისტროს ვიდეოში ჩანს - პრეპარატ "ტილედინის" 4 ფირფიტა. 3 - სავსეა, ხოლო ერთს 4 აბი აკლია.
წინასწარი ინფორმაციით, ივან ჩეკულაევის მომდევნო სასამართლო სხდომა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 30 ივლისს არის დანიშნული. იულია გვეუბნება, რომ შვილებთან ერთად ეკლესიაში დადის, ბევრს ლოცულობენ და მაინც იმედი აქვთ, რომ "მალე დაუბრუნდებათ მოსიყვარულე და მზრუნველი მამა".
"იმედი მაქვს, რომ შედეგიანად ჩაერთვება ჩვენი სახელმწიფო და რაღაცნაირად გვიშველის... იმედი გვაქვს, გაერკვევიან და არ იქნება არანაირი 6-წლიანი და არც ერთწლიანი პატიმრობა... უნდა გაიგოს ჩვენმა ხელისუფლებამაც და თქვენმა ხელისუფლებამაც, რომ ჩვენ ბოროტს არავის ვუსურვებთ. უბრალოდ, სამართლიან გადაწყვეტილებას ვითხოვთ", - ამბობს რადიო თავისუფლებასთან დაკავებულის ცოლი.
ივან ჩეკულაევის ოჯახი
საქართველოს საზღვარზე
საიდან უნდა გაიგოს ყაზახეთის მოქალაქემ, რა დოკუმენტები მოეთხოვება საქართველოს საზღვარზე პირადი მედიკამენტების შემოტანისას? საქართველოში ყაზახეთის საელჩოს ვებგვერდზე ასეთ ინფორმაციას ვერ შევხვდით.
ხოლო ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ვებგვერდზე “წამლების საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის წესს” თან ახლავს ორ ბმული - “ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების შესახებ დეტალური ინფორმაცია” და “ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების სია”. ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენებზეა.
კანონის თანახმად, ადამიანმა „საბაჟო გამშვებ პუნქტში, საბაჟო დეკლარაციასთან ერთად უნდა წარადგინოს სხვადასხვა დოკუმენტაცია, მათ შორის: სამედიცინო დანიშნულება, რეცეპტი, სადაც სრულად იქნება ნაჩვენები როგორც ფიზიკური პირის მაიდენტიფიცირებელი, ასევე მედიკამენტის შემადგენლობის, დოზის და მკურნალობის პერიოდის შესახებ და სხვა საჭირო ინფორმაცია”, - წერია ტექსტში. ამავე შინაარსის ტექსტს ვხვდებით სხვა ქვეყნებში მოქმედი საქართველოს საელჩოების ოფიციალურ ვებსაიტებზე.
ასევე ნახეთ
"ხანდახან თავისუფლების სანაცვლოდ დანაშაულის აღიარება გიწევს“ - პატიმრობის შემდეგ, ბრიტანელ ვეტერანს საქართველოდან აძევებენასევე ნახეთ
ტურისტს, რომელიც აეროპორტში ADHD-ს წამლისთვის დააკავეს, საპროცესოს გაუფორმებენ - ადვოკატიიშვიათად არ ხდება, როდესაც საქართველოში შემოსულ უცხოელებს პრობლემები ექმნებათ მათთვის ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენტებთან დაკავშირებით. იურისტებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ პრაქტიკა ამ მხრივ "არაერთგვაროვანია"და თუკი ზოგი უცხოელი, დოკუმენტების საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ, პრობლემებს შედარებით იოლად აღწევს თავს, სხვების მიმართ მოპყრობა კვლავ "არასამართლიანია".