WSJ: თბილისში „ტრამპ ტაუერის“ მშენებლობა იგეგმება - ვინ არიან პარტნიორები

სტატიის თანახმად, პროექტის დიზაინზე არქიტექტურული ფირმა Gensler-ი მუშაობს და მხარს უჭერს კონსორციუმი, რომელშიც შედიან ქართული კომპანიები, „არქი ჯგუფი“ (Archi Group) „ბიოგრაფი“ (Biograpi Living).

ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ი (WSJ) წერს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოჯახის კომპანია თბილისში ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად 70-სართულიანი ფეშენებელური ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს.

„უოლ სტრიტ ჯორნელი“ ტრამპის ორგანიზაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ, ეს იქნება ყველაზე მაღალი შენობა თბილისში. ამჟამად ყველაზე მაღალი შენობა ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „აქსის ტაუერსია“.

ვინ არიან პარტნიორები

სტატიის თანახმად, პროექტის დიზაინზე არქიტექტურული ფირმა Gensler-ი მუშაობს და მხარს უჭერს კონსორციუმი, რომელშიც შედიან ქართული კომპანიები, „არქი ჯგუფი“ (Archi Group) „ბიოგრაფი“ (Biograpi Living).

  • „არქის“ დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არის ბიზნესმენი ივლიანე (ილია) წულაია, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი; პარტნიორებს შორის არის ყოფილი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია; „არქი“ $50 მლნ-ის ინვესტიციით მაიამიშიც აშენებს საცხოვრებელ კორპუსს;
  • „ბიოგრაფი ლივინგი“ ბიზნესმენი ძმები ფხაკაძეების „ვისოლ ჯგუფის“ ნაწილია; ფორმალურად, 50-50%-იან წილებს ფლობენ „ველაჯიო“ (რომელსაც თავის მხრივ მალტაში რეგისტრირებული „გლობალ ინვესტორს ლიმიტედი“ ფლობს) და „რივერსაიდ ინვესტი“ (ფლობს ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული „თოლ თრეიდი“); „ბიოგრაფი ლივინგის“ აღმასრულებელი დირექტორია ვასილ ფხაკაძე.

გამოცემა Wall Street Journal-ის თანახმადვე, პროექტში მონაწილეობას იღებს ნიუ-იორკში დაფუძნებული დეველოპერული კომპანია, დონალდ ტრამპის ყოფილი პარტნიორის, ალექს საპირის „საპირის ორგანიზაცია“ (Sapir Organization).

ინფორმაციას ადასტურებს ბიზნესმენი ილია წულაია - მისი თქმით, „არქი პარტნიორებთან ერთად თბილისში „ტრამპ ტაუერს“ ააშენებს“.

„ტრამპ თაუერი საქართველოს უძრავი ქონების სექტორს სულ სხვა დონეზე აიყვანს! ვამაყობ, რომ მე, როგორც არქის დამფუძნებელი მონაწილე ვარ ამ ისტორიული მივლენის“, - წერს ბიზნესმენი.

დონალდ ტრამპის ვაჟი, ერიკ ტრამპი წინასწარ გამზადებულ პრესრელიზში, რომელიც WSJ-მა ნახა, ამბობს, რომ თბილისის პროექტი „გაავრცელებს [ტრამპის] კომპანიის მსოფლიოში აღიარებულ სრულყოფილების სტანდარტს საქართველოზე“.

Trump Organization-მა 2012 წელს გამოაცხადა უძრავი ქონების პროექტის გეგმების შესახებ შავი ზღვის საკურორტო ქალაქ ბათუმში. თუმცა, როგორც WSJ წერს, კომპანიამ ამ პროექტზე უარი თქვა, სხვა მრავალ უცხოურ გარიგებასთან ერთად, - რადგან დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურდა ინტერესთა პოტენციური კონფლიქტის წარმოშობის თავიდან აცილება.

ასევე ნახეთ

ტრამპი და საქართველო