ცხრა წლის წინ ტრამპს აეროპორტში ჩინეთისა და ამერიკის დროშებით აღჭურვილი პიონერები დახვდნენ, ხოლო კომპარტიის მაღალჩინოსნები იმედოვნებდნენ, რომ მოლაპარაკებებს გამართავდნენ "გარიგებების დიდოსტატ" პრაგმატულ ბიზნესმენთან.
დროის საკითხი
2026 წლის გაზაფხულზე ვითარება და სამიტის ატმოსფერო მკვეთრად განსხვავებულია - ამერიკელი პრეზიდენტი ბრუნდება ჩინეთის დედაქალაქში გამოცდილ და თავდაჯერებულ ლიდერთან მოსალაპარაკებლად, რომელსაც ეჭვი არ ეპარება, რომ ამერიკა დაღმავალი ძალაა, ხოლო ჩინეთის გეოპოლიტიკური აღმასვლა შეუჩერებელია.
ვიზიტს წინ უძღვის დონალდ ტრამპის მიერ ინიციირებული და ჩანაფიქრის საწინააღმდეგოდ წასული ორი ომი: 28 თებერვალს დაწყებული ნამდვილი ომი ირანის წინააღმდეგ და სავაჭრო ომი ჩინეთთან, რომელიც ამერიკელმა პრეზიდენტმა გასულ წელს დაიწყო.
ტრამპის ვიზიტი თავდაპირველად აპრილში იყო ჩანიშნული, თუმცა სწორედ ირანთან მიმდინარე ომის გამო გადაიდო. ვიზიტის ახალი თარიღი საომარი მოქმედებების დასრულების ბოლო ვადად მიიჩნეოდა, თუმცა ერთი თვის შემდეგ ირანთან კონფლიქტის დასასრული მკაფიო არ არის, ხოლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ტრამპისვე სიტყვებით, "სულს ღაფავს."
კიდევ უფრო ადრე დასცილდა ჩაფიქრებულ ტრაექტორიას სავაჭრო ომი - ტრამპის მიერ ე.წ. გათავისუფლების დღეს გამოცხადებულ საბაჟო ტარიფებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა თავდაპირველად სარკისებურად პასუხობდა, თუმცა მალევე თავისი მთავარი ბერკეტი აამოქმედა, ე.წ. იშვიათ მინერალებზე უმკაცრესი საექსპორტო კონტროლი დააწესა და ამერიკული ბიზნესის დიდი ნაწილი, მათ შორის სამხედრო სფეროში მომუშავე კომპანიები, წარმოების შეჩერების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ.
აქედან მალევე ამერიკასა და ჩინეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რაც სავაჭრო ომში დროებითი ზავის გამოცხადებით დასრულდა. სწორედ ზავის გაგრძელება გახდა სი ძინპინისა და დონალდ ტრამპის პირველი შეხვედრის მთავარი შედეგი, რომელიც გასული წლის ოქტომბერში სამხრეთკორეულ ბუსანში შედგა.
ჩინურ იმპორტზე საბაჟო ტარიფები ვაშინგტონმა ასტრონომიული 145%-დან 47% მდე დასწია და შეამსუბუქა მოწინავე კომპიუტერული ჩიპების ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები. სანაცვლოდ ჩინეთი დათანხმდა საექსპორტო კონტროლის შემსუბუქებას იშვიათ მინერალებზე და ამერიკულ პროდუქციაზე ტარიფი 30%-მდე შეამცირა.
დონალდ ტრამპის და სი ძინპინის შეხვედრა. სამხრეთი კორეა. 2025 წლის 30 ოქტომბერი
მოახლოებული ვიზიტის ფარგლებში უნდა გაირკვეს არა მხოლოდ ის, გაგრძელდება თუ არა ქვეყნებს შორის მოქმედი სავაჭრო ზავი, არამედ ისიც, შესაძლებელია თუ არა მსოფლიოს ორ ზესახელმწიფოს შორის არსებული უთანხმოებების მოთოკვა, თუ შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ეკონომიკური განცალკევება და სამხედრო კონფრონტაცია მხოლოდ დროის საკითხია?
ვის რა სურს?
ამერიკის მხრიდან ვიზიტის მომზადებას ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი ხელმძღვანელობდა, რაც მიანიშნებს, რომ ვაშინგტონის მთავარი პრიორიტეტი სამიტზე ეკონომიკური საკითხები იქნება.
ჩინეთთან სავაჭრო დაპირისპირებაში ამერიკელები უკვე მრავალი წელია ყურადღებას ამახვილებენ იმ პროდუქციის ჩამონათვალზე, რომელიც ანალიტიკოსების წრეში ცნობილია, როგორც Three B's. ესენია ბოინგის თვითმფრინავები, ძროხის ხორცი (Beef) და სოიას მარცვლები (Soybeans). უარყოფითი სავაჭრო ბალანსის გამოსასწორებლად ამერიკელები ითხოვენ, ჩინეთი ზემოჩამოთვლილი პროდუქციის მოცულობით შესყიდვებს დათანხმდეს.
ჩინეთის დადებითი სავაჭრო ბალანსი ამერიკასთან ბოლო წლებში საგრძნობლად შემცირდა - 2018 წლის მონაცემებით, ამერიკა 500 მილიარდი დოლარით მეტ ჩინურ პროდუქციას ყიდულობდა, ვიდრე ჩინეთი ამერიკულს. ბოლო მონაცემებით, სხვაობამ 200 მილიარდ დოლარამდე იკლო. ეკონომისტების შეფასებით, საქმე გვაქვს არა იმდენად რეალურ კლებასთან, რამდენადაც ტარიფების გამო ჩინური ექსპორტის მესამე ქვეყნებში გადამისამართებასთან.
კონკრეტული პროდუქციის შესყიდვების გარდა, საუბარია ჩინეთ-ამერიკის სავაჭრო და საინვესტიციო საბჭოების შექმნის გეგმაზე. სავაჭრო საბჭოს მიზანი იქნება, განსაზღვროს იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომლითაც ვაჭრობა ურთიერთმომგებიანი იქნება და არ დააზიანებს ეროვნულ წარმოებას. ხოლო საინვესტიციო საბჭო შესაძლოა ორმხრივი და გრძელვადიანი ინვესტიციების მოზიდვით დაკავდეს.
თავის მხრივ, ჩინეთისთვის ამერიკასთან სავაჭრო ურთიერთობებში პრიორიტეტული საკითხები ცნობილია, როგორც Three T's. ესენია ტექნოლოგიები (Technologies), ტარიფები (Tarrifs) და ტაივანი (Taiwan). ჩინეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება მოწინავე კომპიუტერული ჩიპების ექსპორტზე დაწესებულ შეზღუდვებს, ისევე როგორც ტაივანისთვის ამერიკული შეიარაღების მიყიდვას.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ლიდერებმა შესაძლოა განიხილონ, ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობა და ტექნოლოგიის ერთობლივი რეგულირების ჩარჩოზე შეთანხმებაა. ამ სფეროში თანამშრომლობის შესახებ ფორმალურ თანხმობას მხარეებმა ჯერ კიდევ ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს მიაღწიეს. დღეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალურია, მით უფრო, რომ საექსპორტო შეზღუდვების მიუხედავად, ჩინეთის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტის მოდელები, ექსპერტების შეფასებით, ამერიკულ ანალოგებს მხოლოდ ექვსი თვით ჩამორჩებიან.
დასავლური მედიის ცნობით, ტრამპი წამოწევს ირანში მიმდინარე ომის საკითხსაც - მისი მიზანი კი იქნება, დაიყოლიოს ჩინეთი, ირანული ნავთობის უმსხვილესი მყიდველი, მოახდინოს წნეხი ისლამურ რესპუბლიკაზე და გაახსნევინოს ჰორმუზის სრუტე.
ირანში მიმდინარე კონფლიქტის მიმართ ჩინეთმა ფრთხილი პოზიცია დაიკავა. თეირანთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის მიუხედავად, ინვესტიციების და ვაჭრობის მოცულობის თვალსაზრისით, ჩინეთისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია სპარსეთის ყურის მონარქიები. სწორედ ამით იყო განპირობებული არაბულ ქვეყნებზე განხორციელებული თავდასხმების დაგმობა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. თავის მხრივ, ამას ხელი არ შეუშლია პეკინისთვის, გასულ კვირას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის ემასპინძლათ.
ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერების ნაწილი ამბობდა, რომ ოპერაციის ნამდვილი მიზანი ჩინეთის ეკონომიკური ინტერესების შევიწროება და ჰორმუზის სრუტის სანავთობო ნაკადისგან მოწყვეტა იყო. აქედან ორი თვის შემდეგ, არგუმენტი კიდევ უფრო საეჭვოდ ჟღერს.
ასევე ნახეთ
ბერი პაველი: აშშ-ის სტრატეგია ირანში - რა მოხდება შემდეგნამდვილად, ჰორმუზის სრუტის ბლოკირებამ პრობლემები შეუქმნა ჩინურ ქარხნებს და ოჯახებს, თუმცა ჭარბი რეზერვებისა და ფასების კონტროლის მეშვეობით, ქვეყნის ეკონომიკამ ეს დარტყმა გადაიტანა და შესაძლოა ახალი შესაძლებლობებიც მიიღო. მიმდინარე ენერგეტიკულმა კრიზისმა კიდევ უფრო გააძლიერა მოთხოვნა ე.წ. მწვანე ენერგიაზე, ელექტრონულ მანქანებზე და მზის პანელებზე, რომელთა გლობალური წარმოების 70% სწორედ ჩინეთზე მოდის.
ვიზიტის მოახლოების ფონზე განახლდა აშშ-სა და ჩინეთს შორის ირანის გამო მიმდინარე ე.წ. სასანქციო ომი. თავდაპირველად აშშ-ის ხაზინამ ირანული ნავთობის შესყიდვისთვის სანქციები დაუწესა ჩინეთის რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს; უკვე გასულ პარასკევს, ამერიკის სასანქციო სიაში აღმოჩნდა სამი ჩინური კომპანია, რომლებიც, ვაშინგტონის თქმით, ირანის ისლამურ რესპუბლიკას ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმისთვის საჭირო სატელიტური ფოტოებით ამარაგებდნენ.
ორივე შემთხვევაში ჩინეთის პასუხი საკმაოდ მკაცრი იყო - ვაჭრობის სამინისტრომ აამოქმედა ე.წ. დამბლოკავი მექანიზმი, რომლის მიხედვითაც კომპანიებს ამერიკული სანქციების აღსრულება ეკრძალებათ.
ჩინეთი შესაძლოა მართლაც დათანხმდეს ტრამპის თხოვნას და ირანის მოსათვინიერებლად მის ხელთ არსებული ბერკეტები გამოიყენოს, თუმცა მოსალოდნელია, რომ სახალხო რესპუბლიკა სანაცვლოდ თავის მოთხოვნებს წამოაყენებს.
14 წამი და გრძელი თამაში
გასულ კვირებში ირანის წინააღმდეგ შეერთებული შტატებისა და ისრაელის ერთობლივი ოპერაციის ხმაურიანი სათაურების ნაკადში მნიშვნელოვანი ამბავი ჩაიკარგა. 10 აპრილს პეკინში, სახალხო კრების დიდ დარბაზში სი ძინპინი ტაივანის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერს შეხვდა.
სი ძინპინისა და ჩენგ ლი-ვუნის ხელის ჩამორთმევის უმცირეს დეტალებამდე გათვლილი და ორკესტრირებული მისალმების ცერემონია სულ 14 წამს გაგრძელდა, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა მთავარი გზავნილის მკაფიოდ გასაჟღერებლად - ჩინეთს წყნარ ოკეანეში კონტროლის მოსაპოვებლად ომი არ სჭირდება. მისთვის საკმარისია ერთი წყნარი ოთახი, ხანგრძლივი ხელის ჩამორთმევა და ვაშინგტონი, რომელიც სხვა მხარეს იყურება.
ჩენგ ლი-ვუნის და სი ძინპინის შეხვედრა პეკინში. 2026 წლის 10 აპრილი
პეკინში ფიქრობენ, რომ ტაივანის დამორჩილებისთვის, ან სულ მცირე, სტატუს-კვოს გადატეხისთვის, კარგი დროა, მით უფრო, თუ პოლიტიკურ წნეხს წინ უძღვის ძალის მუდმივი და ინტენსიური დემონსტრაცია სრუტეში. ჩინეთში იციან, რომ ყურადღებაგაფანტული ზესახელმწიფო შენელებული ზესახელმწიფოა.
ირანთან გაჭიანურებულ კონფლიქტში აშშ-ის მიერ საბრძოლო მასალების რამდენიმე წლის მარაგის გახარჯვის ფონზე, ჩინეთის წინაშე გახსნილი შესაძლებლობების შეფასებაში, პოლიტიკოსებისგან განსხვავებით უფრო პირდაპირ საუბრობენ ჩინელი ანალიტიკოსები.
"ირანთან კონფლიქტმა მნიშვნელოვნად გამოფიტა შეერთებული შტატების სტრატეგიული რეზერვები, რაც ვაშინგტონს მოწყვლად, არამდგრად მდგომარეობაში აყენებს", - ნათქვამია კომუნისტური პარტიის წამყვან თეორიულ ჟურნალში (Qiushi) გამოქვეყნებულ ესეში.
"დაკოჭლებული გოლიათი" უწოდეს ამერიკას ჩინეთის სამთავრობო გაზეთის, Global Times-ის სარედაქციო სვეტში. "თუ ვითარებას განვიხილავთ, როგორც გრძელ სტრატეგიულ თამაშს, ჭადრაკის პარტიას შტატებსა და ჩინეთს შორის, არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ ვაშინგტონმა მალე შესაძლოა ყველა ფიგურა დაკარგოს", - ამბობს გაზეთის ყოფილი მთავარი რედაქტორი ჰუ სიძინი.
თავის მხრივ, ინდოეთისა და წყნარი ოკეანის აუზში ამერიკული ჯარების სარდალი უარყოფს, რომ ირანში მიმდინარე ომმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ვაშინგტონის მზაობასა და შესაძლებლობაზე, შეაკავოს ჩინეთი. ადმირალ სემუელ პაპაროს აზრით, ირანის წინააღმდეგ ომში შეერთებული შტატების მიერ მოპოვებულმა საჰაერო დომინაციამ და ჩამოგდებული მფრინავის გამოყვანის მსგავსმა ეფექტურმა ოპერაციებმა, პეკინს ამერიკული არმიის შესაძლებლობები მკაფიოდ დაანახა.
ამერიკული არმიის შესაძლებლობების გარდა, სავარაუდოა, რომ ჩინეთში კარგად ესმით თავიანთი, სახალხო-გამათავისუფლებელი არმიის შეზღუდვებიც, რომელიც რეალურ საბრძოლო მოქმედებებში ბოლოს 1970-იან წლებში მონაწილეობდა და არცთუ წარმატებულად.
პრობლემები მკაფიოდ გამოჩნდა გასული წლებში, როდესაც ჩინეთის არმიის უმაღლეს წრეებში მაო ძედუნის დროიდან არნახული და უპრეცედენტოდ მასშტაბური საკადრო წმენდა ჩატარდა. სი ძინპინის რიგით მესამე ეროვნული ანტიკორუფციული კამპანიის ფარგლებში, ციხეში აღმოჩნდა ათობით უმაღლესი რანგის გენერალი, კიდევ უფრო მეტი გაირიცხა პარტიიდან და მისი ცენტრალური კომიტეტიდან, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს ორ ყოფილ თავდაცვის მინისტრს.
დააპატიმრეს სახალხო რესპუბლიკის უმაღლესი სამხედრო ჩინი ჭანგ იოსუია - საბრძოლო გამოცდილების მქონე ერთადერთი გენერალი უმაღლესი ხელმძღვანელობის რიგებში. ჭანგის დაპატიმრება განსაკუთრებით მოულოდნელი იყო სი ძინპინთან ახლო პერსონალური ურთიერთობების გამოც, რომელიც რევოლუციურ პერიოდში მამების მეგობრობით დაიწყო. ათწლეულების განმავლობაში ჭანგი არმიაში სი ძინპინის მთავარ საყრდენად მიიჩნეოდა.
ჭანგ იოსუიას შეხვედრა ვლადიმირ პუტინთან 2017 წელს, რუსეთის ვიზიტის დროს
წმენდის მასშტაბი კარგად ჩანს ცენტრალური სამხედრო საბჭოს მაგალითზე, რომელიც, როგორც წესი, შვიდი კაცისგან შედგებოდა, თუმცა ბოლო მოვლენების ფონზე, მხოლოდ ორი წევრი ჰყავს. ერთ-ერთი მათგანი სი ძინპინია.
"გაიმარჯვო უბრძოლველად"
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არაერთი სინოლოგი ფიქრობს, რომ ტაივანთან მიმართებით პეკინი "გრძელ თამაშს" მიჰყვება და არ იჩქარებს თვითმმართველი კუნძულის ძალით დაკავებას.
მათი აზრით, შექმნილ ვითარებაში ჩინეთს არ აქვს უხეში ძალის გამოყენების აუცილებლობა, რადგანაც მიმდინარე კრიზისების ფონზე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მატულობს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც ჩინეთი უფრო სანდო ძალად მიაჩნიათ, ვიდრე ამერიკა. ბოლო მონაცემებით, ეს აზრი უკვე დომინირებს კანადაში, გაერთიანებულ სამეფოში, საფრანგეთსა და გერმანიაში - ოთხივე ქვეყანა შეერთებული შტატების საკვანძო მოკავშირეა.
ამერიკის საიმედოობასთან დაკავშირებული შფოთვები, ბოლო კვლევების მიხედვით, მატულობს ტაივანშიც. ჩინეთში კი ფიქრობენ, რომ ტაივანის წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი, ეკონომიკური, დიპლომატიური და სამხედრო წნეხის კამპანია მზარდად ეფექტურია.
პეკინში დარწმუნებული არიან, რომ კუნძულის მოქმედი პრეზიდენტი ლაი ცინ-დე არის "გამოუსწორებელი სეპარატისტი", რომელმაც თავის ერთ-ერთ პირველ გამოსვლაში ჩინეთს "მტრული, უცხოური ძალა" უწოდა. მაგრამ, მათი აზრით, ის არის პოლიტიკურად სუსტი, რომლის დღის წესრიგსაც ტაივანის „ჩინეთის ნაციონალისტური პარტია“, იგივე „გომინდანი“, მნიშვნელოვნად აფერხებს.
"გომინდანის" რიგებში ჩინეთის მიმართ ლოიალურად განწყობილი ჩენგ ლი-ვუნის აღმასვლამ პეკინს აჩვენა, რომ სრუტის გადაღმა ჰყავს სასურველი პარტნიორი, რომელთან მუშაობაც შეიძლება და რომელიც აღიარებს 1992 წლის კონსენსუსს - შეთანხმება ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და ტაივანს შორის, რომ სრუტის ორივე მხარეს მდებარე ტერიტორია ჩინეთია.
ლაი ცინ-დე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. 2024 წლის იანვარი
პეკინის მთავარი ამოცანა ტაივანში შეერთებული შტატების მიმართ სკეფსისის და უნდობლობის გაღვივებაა. ამ ფონზე კუნძულზე იზრდება პოლარიზაცია საკვანძო საკითხებზე. ამერიკის სანდოობის შესახებ მიმდინარე დებატებში ჩინეთი ცდილობს ტაივანელები დააჯეროს, რომ ამერიკა მათ არ დაიცავს და რომ ვაშინგტონის დაპირებები ისეთივე ფუჭია, როგორც ჩინეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის მცდელობა.
Tik-Tok-ის, ფუტურისტული ქალაქებისა და სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნის ფონზე, პირველად თავის ისტორიაში, ჩინეთმა ე.წ. რბილი ძალა შეიძინა და მოსალოდნელია, რომ მაქსიმალურად შეეძლება მისი ექსპლუატაცია. ეს ყველაზე ნათლად ჩანს ტაივანის მაგალითზე, როცა ჩინეთის დადებით ჭრილში გასაშუქებლად ათობით ბლოგერი, ინფლუენსერი და ე.წ. კონტენტ კრეატორი დაიქირავეს. ამ მასალებში საუბრობენ ჩინეთის ტექნოლოგიურ განვითარებაზე, სამომხმარებლო პროდუქციის ხელმისაწვდომობასა და მატერიკული ჩინეთის "სხვა სიკეთეებზე." ტაივანის ახალგაზრდებში ტიკ-ტოკის გარდა, პოპულარულია ჩინური RedNote-იც, რომელიც Instagram-ის და Pinterest-ის ჩინურ ანალოგებს აერთიანებს.
ტაივანთან გაერთიანების საკითხზე მოთმინების მნიშვნელობაზე საუბრობდა სი ძინპინი "გომინდანის" ლიდერთან შეხვედრაზე. სავარაუდოა, რომ მოთმინება სი ძინპინს, სულ ცოტა, 2028 წლის იანვრამდე მაინც ეყოფა, როდესაც ტაივანში საპრეზიდენტო არჩევნებია ჩანიშნული.
"იარაღს აკონტროლებს პარტია" (Party Commands the Gun)
მაო ძედუნის ეს ფრაზა, რომელიც პირველად 1938 წელს ჟურნალ ომისა და სტრატეგიის პრობლემებში გამოქვეყნებულ ესეში გამოჩნდა, შიდა პარტიის და არმიის ურთიერთობებს ეხებოდა, თუმცა დღევანდელი ჩინეთისთვის პრობლემურია იარაღი ტაივანის ხელშიც, განსაკუთრებით თუ ეს შეიარაღება ამერიკულია.
შეერთებული შტატებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 1 წლის შემდეგ, 1980 წელს, ჩინელი დიპლომატები ამერიკელ კოლეგებს ახალი, ცალკეული შეთანხმების ხელმოწერას სთხოვდნენ - პეკინში სურდათ, რომ რონალდ რეიგანს დაესრულებინა შეიარაღების მიყიდვა ტაივანისთვის. მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ "მალე ჩინეთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო იქნებოდა", იდეას ემხრობოდა სახელმწიფო მდივანი, ალექსანდრ ჰეიგი, პრეზიდენტ რეიგანისგან განსხვავებით.
ტაივანთან დაკავშირებული უთანხმოება ჰეიგის დათხოვნის ერთ-ერთი მიზეზი იყო, თუმცა რეიგანი სიმბოლურ დათმობაზე მაინც წავიდა. რეიგანი დათანხმდა ტაივანისთვის იარაღის მიწოდების "ეტაპობრივ შემცირებას" იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთის განზრახვები კვლავ მშვიდობიანი იქნებოდა. მალევე ტაივანმა მიიღო ფარული სიგნალი, რომ ამერიკის დახმარებას არაფერი ემუქრებოდა.
მსგავსი ამბივალენტური თუ ბუნდოვანი ფორმულირებები და შეთანხმებები გახდა ტაივანთან მიმართებით ამერიკის მიდგომის საფუძველი მომდევნო ათწლეულებში, რაც დღეს სტრატეგიული ბუნდოვანების სახელით არის ცნობილი.
ტაივანისთვის შეიარაღების მიყიდვა შტატებისა და ჩინეთის ურთიერთობებში დღემდე ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამაღიზიანებელია. გასულ წლის დეკემბერში პეკინმა კატეგორიულად დაგმო თეთრი სახლის მიერ ტაივანისთვის 11 მილიარდი დოლარის შეიარაღების მიყიდვის ნებართვა. უკმაყოფილება არ დაუმალავს სი ძინპინს დონალდ ტრამპთან ორი თვის წინ გამართულ საუბარში, რომელშიც ხაზი გაუსვა, რომ "ჩინეთი არასდროს დაუშვებს ტაივანისგან განცალკევებას" და ტაივანის შეიარაღების საკითხში ამერიკელ კოლეგას "სიფრთხილისკენ" მოუწოდა.
ამ მოწოდებების მიუხედავად, მალევე ცნობილი გახდა, რომ ამერიკა ტაივანისთვის ახალი 14-მილიარდიანი შეიარაღების პაკეტზე მუშაობდა, თუმცა თეთრი სახლის გადაწყვეტილებით, პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია. ამერიკის მხრიდან ეს ახალი პრაქტიკა არახალია, მოახლოებული მნიშვნელოვანი ვიზიტების ფონზე, წინა ადმინისტრაციებსაც არაერთხელ გადაუდიათ ან გაუჭიანურებიათ გადაწყვეტილებები სხვადასხვა "სენსიტიურ" საკითხზე.
საყურადღებოა, რომ ეს ყველაფერი ტაივანში შიდა პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, რომელიც ასევე თავდაცვის გაზრდილ ბიუჯეტს უკავშირდებოდა და რომლის მიღებასაც "გომინდანი" აფერხებდა. მრავალთვიანი დავის შემდეგ, პარლამენტმა მაინც მიიღო პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული ე.წ. სპეციალური ბიუჯეტი, თუმცა 40 მილიარდის ნაცვლად, 25 მილიარდი დოლარის მოცულობით.
სავარაუდოა, რომ შეიარაღების საკითხს ჩინური მხარე დღევანდელ სამიტზეც წამოჭრის, თუმცა საკანონმდებლო და არაერთი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით ტაივანისთვის შეიარაღების მიყიდვის დასრულებაზე ტრამპის დათანხმება სი ძინპინისთვის უკიდურესად რთული იქნება, თუ საერთოდ შესაძლებელი.
ამ კუთხით ჩინეთის მთავარი მოგება ის ირიბი ზიანია, რაც ტაივანის თავდაჯერებას ტრამპის არასახარბიელო განცხადებებით ადგება - ამერიკელმა პრეზიდენტმა არაერთხელ დაადანაშაულა ტაივანი ჩიპების ტექნოლოგიების მოპარვაში და წინამორბედისგან განსხვავებით, მკაფიოდ არ პასუხობს კითხვას, დაიცავს თუ არა ტაივანს ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში.
ძვირადღირებული სიტყვები
უკვე მრავალი წელია, ჩინეთის წარმომადგენლები ცდილობენ, ნებისმიერ ფასად შეცვალონ ამერიკის მიდგომა ტაივანის მიმართ და აქამდე ყველა მათი მცდელობა წარუმატებელი იყო. თითოეული ამერიკელი პრეზიდენტი მიჰყვებოდა "სტრატეგიული ბუნდოვანებით" გათვალისწინებულ ფორმულირებებს, რომელთა თანახმად, "ამერიკა ეწინააღმდეგება სტატუს-კვოს ცალმხრივ ცვლილებას ტაივანის სრუტეში" და ასევე, რომ "შეერთებული შტატები არ უჭერს მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას."
ტაივანის მიმართ ახალი სივრცის გახსნის შესაძლებლობის შესახებ განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გასულ კვირებში მარკო რუბიოსთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ. დასავლური პრესის ცნობებით, ვანგი შესაძლოა სწორედ რიტორიკის და ძველი ფორმულების ცვლილების სურვილზე საუბრობდა.
ჩინეთს სურს, ჩანაწერი მცირედით შეიცვალოს - ნაცვლად იმისა, რომ "აშშ არ უჭერს მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას", ეწეროს, რომ "შეერთებული შტატები წინააღმდეგია ტაივანის დამოუკიდებლობის". კიდევ ერთი მიზანი შესაძლოა იყოს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, აშშ "მხარს დაუჭერს ან არ შეეწინააღმდეგება ტაივანის მშვიდობიან გაერთიანებას ჩინეთთან."
ჩინური ფლოტის გემი ტაივანის ტერიტორიული წყლების სიახლოვეს მიმდინარე წვრთნების დროს
ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილება ჩინეთისა და პერსონალურად სი ძინპინის მნიშვნელოვანი გამარჯვება იქნება, რომელიც მრავალმილიარდიან ეკონომიკურ დათმობასაც გაამართლებს. ამგვარი ცვლილება, ტაივანის ირგვლივ პროცესებში პეკინს მზარდ გავლენას მისცემს და უარყოფითი გავლენა ექნება არა მხოლოდ მოქმედი პრეზიდენტისა და მისი პარტიის რეიტინგზე, არამედ მთლიანად ტაივანელების განწყობასა და სულისკვეთებაზე.
ჩინეთის სახელმწიფო პრესაში ტრამპის მოახლოებული ვიზიტი რამდენიმეჯერ შეადარეს 1984 წელს მარგარეტ ტეტჩერის სტუმრობას, რომლის ფარგლებშიც ბრიტანეთის პრემიერი ჰონგ-კონგზე სუვერენიტეტის ჩინეთისთვის დაბრუნებას დათანხმდა. ცხადია, შედარება არაკორექტულია, ტაივანი არ არის ამერიკის კოლონია, ხოლო მისი სამხედრო დახმარება საკანონმდებლო ვალდებულებაა.
და მიუხედავად ამისა, ეს ყველაფერი საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაში აგდებს ტაივანს - მსოფლიოს მოწინავე კომპიუტერული ჩიპების 90%-ის მწარმოებელს.
არანორმალურად გაზრდილი მოლოდინების გათვალისწინებით, გარანტირებულია, რომ სამიტის შედეგები ბევრად უფრო მოკრძალებული იქნება. ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ პეკინი და ვაშინგტონი მრავალწლიან სავაჭრო შეთანხმებას ან რომელიმე კონფლიქტში დიპლომატიურ გარღვევას მიაღწევენ.
სამიტის "წარმატებისთვის" საკმარისი იქნება, თუკი მხარეები მიმდინარე სავაჭრო ზავის გაგრძელებაზე შეთანხმდებიან. ორივე მხარის პრინციპული ამოცანაა, სამიტმა უზრუნველყოს სტაბილური, პროგნოზირებადი ურთიერთობები მომდევნო თვეებში. მით უფრო, რომ მოლაპარაკებები მთელი წლის განმავლობაში აქტიურად გაგრძელდება - 2026 წელს დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის სულ ოთხი შეხვედრაა დაგეგმილი.
ორივე ქვეყანა მეტ-ნაკლებად დაინტერესებულია სტატუს-კვოს შენარჩუნებით: ამერიკა ცდილობს, მოიგოს დრო ჩინეთის კრიტიკულ მინერალებზე დამოკიდებულების მოსაშორებლად, ხოლო პეკინში ფიქრობენ, რომ დრო მათ სასარგებლოდ მუშაობს, რომ მათი მოდელი უპირატესია.