იზოლატორი პუტინისთვის — რა ეტაპზეა რუსეთის დანაშაულებზე სპეცტრიბუნალის შექმნის პროცესი?!

ვლადიმირ პუტინის გამოსახულებიანი ინსტალაცია გაეროს საერთაშორისო სასამართლოსთან, ჰააგაში, ნიდერლანდი. 2024 წლის 7 მაისი

რუსეთის აგრესიის დანაშაულზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნა ახალ ეტაპზე გადავიდა — ინიციატივას უერთდებიან მთავარი დონორები და ახალი ქვეყნები. როდის და რა ფორმით ამოქმედდება ტრიბუნალი?

თვეების განმავლობაში გაჭიანურებისა და ზედმეტად მაღალი ხარჯების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ, უკრაინაში რუსეთის აგრესიის დანაშაულზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პროცესი საგრძნობლად გააქტიურდა. უმთავრესმა „მსხვილმა დონორებმა“ განაცხადეს, რომ მზად არიან ინიციატივას შეუერთდნენ, ხოლო კოსტა-რიკა პირველი არაევროპული ქვეყანაა, რომელმაც ამ პროცესში ჩართვა გადაწყვიტა.

თუმცა კიშინიოვში დაგეგმილ საკვანძო შეხვედრამდე ჯერ კიდევ რამდენიმე კვირაა დარჩენილი, ხოლო ტრიბუნალის ბიუჯეტი კვლავ უცნობია, მოქმედების ვადები კი — ბუნდოვანი.

„პროცესი იმაზე სწრაფად მიდის, ვიდრე წლის დასაწყისში ჩანდა“, — განაცხადა 22 აპრილს რადიო თავისუფლების უკრაინულ რედაქციასთან (Радіо Свобода) საუბარში უკრაინის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ამჟამად კი ჰააგაში უკრაინის ელჩმა ანდრეი კოსტინმა, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის საკითხს შეეხო.

23 აპრილს კი ცნობილი გახდა, რომ ფინეთია 21-ე ქვეყანა, რომელიც ოფიციალურად შეუერთდა შეთანხმებას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულზე სპეციალური ტრიბუნალის ამოქმედების შესახებ.

„მადლობა ფინეთს, რომელმაც ოფიციალურად გვაცნობა, რომ აპირებს შეუერთდეს სპეციალური ტრიბუნალის გაფართოების ნაწილობრივ შეთანხმებას“, — დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ სოციალურ ქსელ X-ში.

რაშია პრობლემა?

წლის დასაწყისში ვითარება გაურკვეველი იყო რამდენიმე სადავო საკითხის გამო — რუსეთისთვის შესაძლო ამნისტიისა და ტრიბუნალის მოულოდნელად მაღალი ღირებულების გამო (რაც ნიდერლანდმა მოითხოვა), რასაც მხარი არ დაუჭირეს მთავარმა გადამხდელებმა.

კერძოდ, იმის გამო, რომ „უკრაინის სამშვიდობო გეგმის“ შესახებ გავრცელებულ ახალ ამბებში გარკვეულ ეტაპზე „ამნისტიის“ პუნქტიც ფიგურირებდა, გაჩნდა შიში — ხომ არ დაასამარებდა ეს პუნქტი (რომელიც საბოლოოდ ამოიღეს) ტრიბუნალის შექმნაზე გაწეულ მთელ შრომას, რადგან მისი შექმნის შეთანხმება ხომ უკრაინასა და ევროპის საბჭოს შორის გაფორმებულ ორმხრივ ხელშეკრულებას ეფუძნება.

ანუ, თუ უკრაინა ამ შეთანხმებას გაწყვეტს, ტრიბუნალთან დაკავშირებული ამბავიც შეიძლება დასრულდეს. თუმცა ამ პროცესში ჩართული ოფიციალური პირები ასეთ სცენარს პრაქტიკულად შეუძლებლად მიიჩნევენ, როგორც ამას უკვე განმარტავდა რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქცია.

რაც შეეხება მომავალი ტრიბუნალის საქმიანობისა და მსჯავრდადებულთა შენახვის ხარჯებს, უკრაინული გამოცემა Euroin Pravda-ს ცნობით, ნიდერლანდმა, სადაც ტრიბუნალი უნდა განთავსდეს, ისეთი ბიუჯეტი წარადგინა, რომელიც ბევრად გასცდა იმ 40 ქვეყნის მოლოდინებს, რომლებმაც წინასწარ დაუჭირეს მხარი სპეციალური სასამართლოს შექმნის იდეას ქვეყანაში, რომელსაც ამ სფეროში დიდი გამოცდილება და შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე აქვს.

კერძოდ, ჰააგა სთავაზობდა პუტინისთვის სრულიად ახალი, სუპერდაცული იზოლატორის აშენებას, რომლის ღირებულება, Euroin Pravda-ს წყაროების თქმით, 70 მილიონი ევროა.

კიევის ცენტრში დადგმული ბანერი, რომელზეც გამოსახულია ცეცხლის ალში გახვეული რუსეთი წარწერით: „ბოროტების იმპერია უნდა დაეცეს“. 2023 წლის 31 ოქტომბერი

შედეგად, სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ევროპის საბჭოს ბიუჯეტის ოთხმა უმსხვილესმა გადამხდელმა — გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და იტალიამ — განაცხადეს, რომ ამდენის გადახდისთვის მზად არ არიან. უკმაყოფილება ისმოდა ვადებთან დაკავშირებითაც.

უკრაინა იმედოვნებდა, რომ ტრიბუნალი 2026 წლის ბოლომდე ამოქმედდებოდა, თუმცა ნიდერლანდის მთავრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა არიენ აიჰტერლინდემ განაცხადა, რომ ტრიბუნალის „ძირითადი ბირთვი“ ჰააგაში მხოლოდ 2028 წლის პირველ ნახევარში გამოჩნდება. ცნობისთვის, ყოფილ იუგოსლავიაში ჩადენილ დანაშაულზე შექმნილი ტრიბუნალი (1993 წ) სულ ათ თვეში ამოქმედდა.

სტატიაში გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს შეფერხებები შესაძლოა დაკავშირებული იყოს „სამშვიდობო პროცესთან“, რომლისთვის ხელის შეშლაც ჩართულ პროცესში ქვეყნებს არ სურდათ.

Радіо Свобода-ს წყარო, რომელიც ტრიბუნალის შექმნაშია ჩართული, მაშინ ადასტურებდა, რომ „იმ სტატიაში სიტუაცია საკმაოდ კორექტულად იყო ასახული“.

ასევე ნახეთ

რუსეთის სამხედრო ჰოსპიტლებში ელემენტარული სამედიცინო მასალაც კი არ ჰყოფნით

საერთაშორისო სასამართლოს წინ შეკრებილი მომიტინგეები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაპატიმრებას ითხოვენ. ჰააგა, ნიდერლანდი. 2024 წლის 7 მაისი.

რა შეიცვალა ახლა?

ვითარების ცვლილების შესახებ განაცხადა ანდრეი კოსტინმა, რომელიც 2026 წლის 22 აპრილს ევროპარლამენტში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდა.

ტრიბუნალის შექმნის შეთანხმებაში (EPA) მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვა 21 ქვეყანამ, მათ შორის სამმა უმსხვილესმა დონორმა — გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა, რითაც გადაილახა აუცილებელი მინიმუმი — 16 ქვეყანა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ე.წ. მსხვილი გადამხდელები, ანუ როგორც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, ისე მომავალი ტრიბუნალის მთავარი კონტრიბუტორები, უკვე შეუერთდნენ ამ პროცესს. ერთი სიტყვით, პროცესი დაიძრა“, — აღნიშნა ანდრეი კოსტინმა.

2025 წლის ბოლოსთვის EPA-სთან მიერთების სურვილი მხოლოდ ლიეტუვასა და ნიდერლანდს ჰქონდათ გამოხატული. 23 მარტს ესტონეთმა განაცხადა მიერთების შესახებ, კიდევ ერთი კვირის შემდეგ სიაში უკვე 13 სახელმწიფო იყო, ახლა კი ევროპის საბჭოს 19 წევრი ქვეყანაა, მათ შორის ავსტრია, ესპანეთი, ისლანდია, ლუქსემბურგი, მოლდოვა, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვენია, ხორვატია და შვედეთი.

მე-20 ქვეყანა კოსტა-რიკაა — პირველი სახელმწიფო ევროპის ფარგლებს გარეთ, რომელმაც ასოცირებული მონაწილის სტატუსი აირჩია, რაც ინიციატივასთან მიერთების საშუალებას იძლევა სრულფასოვანი ფინანსური ვალდებულებების გარეშე. კოსტინის განმარტებით, ეს მექანიზმი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია იმ სახელმწიფოების მოსაზიდად, რომლებიც ტრიბუნალის პრინციპებს იზიარებენ, მაგრამ პირდაპირი ფინანსური წვლილის შეტანისთვის მზად არ არიან ან ამის შესაძლებლობა არ აქვთ.

EPA-ს ხელმომწერი 21-ე ქვეყანა ფინეთია.

ასევე ნახეთ

“ტრამპს უბრალოდ აღარ აინტერესებს პუტინი” - პროფ. მაიკლ კიმიჯი რუსეთ-უკრაინის ომსა და აშშ-ს როლზე

უახლოეს საკვანძო მოვლენას - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრას - 14-15 მაისს უმასპინძლებს კიშინიოვი, სადაც, სავარაუდოდ, დასრულდება ტრიბუნალის შექმნის შეთანხმების ოფიციალური გაფორმება.

მანამდე უკრაინა იმედოვნებს, რომ კიდევ რამდენიმე ქვეყანა შეუერთდება ინიციატივას, თუმცა შესაძლოა არა ყველა ის 37 სახელმწიფო, რომლებიც წინა წლებში ტრიბუნალის სამართლებრივი საფუძვლების ჩამოყალიბებაზე მუშაობდნენ.

„იმედი მაქვს, რომ, სულ მცირე, 25 ქვეყანა მაინც იქნება. პროცესი ახლა ძალიან დინამიკურად მიმდინარეობს, — თქვა ანდრეი კოსტინმა. — რაც მეტი ქვეყანა შეუერთდება ინიციატივას, მით უფრო ადვილი იქნება დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვა და ტრიბუნალის სრულფასოვანი მუშაობის სწრაფად დაწყება.“

მისი თქმით, ქვეყნების მიერთების პროცესს დინამიკა შესძინა როგორც კიევის ზეწოლამ, ასევე ევროპის საბჭოსა და ნიდერლანდს შორის გამართულმა მოლაპარაკებებმა, რომლებშიც ჩართული იყვნენ ამ პროცესის პოტენციური მონაწილე ქვეყნები.

„ეს ინტენსიური კონსულტაციების შედეგია. ყველაფერზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებთ“, — თქვა ანდრეი კოსტინმა.

დნიპროს ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი, რომელსაც რუსული ჭურვი დაეცა. დაიაღუპა სამი ადამიანი. უკრაინა. 2026 წლის 23 აპრილი

რა დაჯდება — ჯერ კიდევ უცნობია

მიუხედავად პოზიტიური დინამიკისა, მთავარი წინააღმდეგობა არსად გამქრალა. ტრიბუნალის ბიუჯეტი ჯერაც განსაზღვრული არ არის, ხოლო ნიდერლანდის პროგნოზები მისი ამოქმედების ვადებზე არ შეცვლილა.

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ 22 აპრილს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამართულ დისკუსიაზე განმარტა: მკაფიო ბიუჯეტის გარეშე ქვეყნები, რომლებმაც მიერთების სურვილი ფინანსური ვალდებულებებით გამოხატეს, ვერ დაასრულებენ შიდა პროცედურებს — საპარლამენტო რატიფიკაციას ან სამთავრობო დადგენილებებს.

„ჩვენ თვითონ ვერ განვსაზღვრავთ ტრიბუნალის ბიუჯეტს. წევრი სახელმწიფოები ამ ინფორმაციას ელიან, რათა რაც შეიძლება სწრაფად წავიდნენ წინ“, — აღნიშნა ალენ ბერსემ.

ანდრეი სიბიჰა (მარცხნივ) და ალენ ბერსე

უკრაინელი დეპუტატების კითხვებზე პასუხად ბერსეს ტრიბუნალის ამოქმედების შესაძლო თარიღები არ დაუსახელებია:

„რატომ ვერ ვასახელებ ამოქმედების თარიღს? იმიტომ, რომ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ მზად ვართ. ტემპს არ ვანელებთ — პირიქით. მაგრამ საჭიროა სახელმწიფოების მკაფიო ვალდებულება ბიუჯეტზე, რესურსებსა და დაფინანსებაზე, რათა ეს ნაბიჯები შესაძლებელი გახდეს.“

რადიო თავისუფლების კითხვების მიუხედავად, ტრიბუნალის ამოქმედების ვადები არც ანდრეი კოსტინს არ დაუსახელებია.

ამავე დროს, ნიდერლანდის მთავრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა არიენ აიჰტერლინდემ 22 აპრილს ბრიუსელში, ევროპარლამენტში გამართულ დისკუსიაზე განმარტა, რომ ჰააგამ უკვე წარადგინა გარკვეული ხარჯთაღრიცხვა, თუმცა თანხა არ დაუსახელებია. აიჰტერლინდემ ასევე დაადასტურა, რომ ტრიბუნალის პირველი ფაზის ამოქმედებას ჰააგა 2028 წლის დასაწყისისთვის გეგმავს.

არიენ აიჰტერლინდე

„ჩვენ უკვე წარმოვადგინეთ ხარჯებისა და ვადების მიმოხილვა მიმღები ქვეყნის წინადადების პირველი ფაზისთვის და ეს მონაცემები ევროპის საბჭოს დაგეგმვის დოკუმენტებშია ასახული. შემდგომი პროგრესისა და გაფართოებული ნაწილობრივი შეთანხმების (EPA) ფარგლებში საჭირო რატიფიკაციების მიხედვით, „ტრიბუნალის ბირთვი“ ნიდერლანდში მუშაობას 2028 წლის პირველ კვარტალში დაიწყებს — ან უფრო ადრე, თუ ეს შესაძლებელი იქნება“, — თქვა არიენ აიჰტერლინდემ.

მისი თქმით, 30 აპრილს დაგეგმილია დახურული სამუშაო შეხვედრა საერთაშორისო ტრიბუნალების ექსპერტებთან, რომელზეც განიხილავენ ბიუჯეტის, უსაფრთხოებისა და პროცედურების საკითხებს — მათ შორის ბრალდებულთა პატიმრობას, მოწმეებთან მუშაობას და დაუსწრებელ პროცესებს.

„არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ პროცესი ჩიხშია. თუმცა ეს ძალიან რთული პროცესია, სადაც ბევრი პრაქტიკული და სამართლებრივი დაბრკოლებაა გადასალახი, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში“, — დასძინა აიჰტერლინდემ ნიდერლანდის პოზიციის განმარტებისას.

სასამართლოს შენობა, სადაც ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი (ICTY) იმართებოდა. ჰააგა

„რადგან საქმე ეხება ძალიან რთული, "მაღალპოლიტიკური და მაღალდაცული" ტრიბუნალის შექმნას, არსებობს მრავალი პრაქტიკული და უსაფრთხოების საკითხი, რომლებსაც ფინანსური შედეგები მოჰყვება“, — განაცხადა აიჰტერლინდემ და ხაზი გაუსვა, რომ ნიდერლანდი თავიდანვე აღნიშნავდა: „ტრიბუნალის მუშაობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფინანსური ხარჯები მონაწილე სახელმწიფოებს შორის გადანაწილდება“.

ევროპის საბჭოს პრესსამსახურმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან კომენტარში განმარტა, რომ ტრიბუნალის სრული ბიუჯეტი კვლავ დადგენის პროცესშია, რადგან ნიდერლანდმა მხოლოდ პირველი ეტაპის საწყისი ხარჯთაღრიცხვა წარადგინა.

„ამ ეტაპზე შეუძლებელია ხარჯების რაიმე შეფასების ან მომავალი ბიუჯეტის დამატებითი დეტალების საჯაროდ გამოცხადება.“

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულზე სპეციალური ტრიბუნალის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის, არიენ აიჰტერლინდეს თქმით, საბოლოო ბიუჯეტი ჯერ ისევ მუშავდება.

„ამჟამად ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ შესაბამის მხარეებთან, რათა ამ კითხვებს პასუხი გავცეთ და ჩვენს მინისტრებს შევთავაზოთ რეკომენდაციები მომდევნო ფაზაზე გადაწყვეტილების მისაღებად“, — თქვა აიჰტერლინდემ.

ასევე ნახეთ

რეკორდული დეფიციტი ბიუჯეტში და კლებადი მშპ - რუსეთის ეკონომიკას ნავთობმაც ვერ უშველა

კიდევ რა ნაბიჯებია გადასადგმელი?

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განმარტავენ, ამ დროისთვის მოწინავე ჯგუფი, რომელიც 2026 წლის თებერვლიდან ჰააგასა და სტრასბურგში მუშაობს, მხოლოდ ორგანიზაციულ საკითხებზეა კონცენტრირებული, რაც გულისხმობს შენობების მოძიებას, უსაფრთხოების მოთხოვნებს, ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის გამართვას და ა.შ.

ეს არის მომზადება ე.წ. პირველი ფაზისთვის — skeleton tribunal, ანუ ინსტიტუციის „ჩონჩხისთვის“, რომლის ამოქმედებას ნიდერლანდი 2028 წლის დასაწყისისთვის ვარაუდობს.

ვფიქრობ, პუტინის ხილვა გისოსებს მიღმა აქ, ჰააგაში — ეს ყველა თავისუფალი ადამიანის მოლოდინი და ოცნებაა", - ანდრეი კოსტინი

სწორედ ამ ფაზაში შეიძენს ტრიბუნალი რეალურ კონტურებს: შეირჩევა 15 მოსამართლე რეესტრისთვის, დაინიშნება რეგისტრატორი, ჩამოყალიბდება ძირითადი პერსონალი, დამტკიცდება საპროცესო წესები. გაფორმდება საერთაშორისო თანამშრომლობის შეთანხმებები, შეიქმნება ადმინისტრაციული და ტექნიკური ბაზა. თუმცა მართლმსაჯულება ამ ეტაპზეც არ განხორციელდება — ტრიბუნალი დაასრულებს სრულფასოვანი ამოქმედებისთვის მომზადებას.

მხოლოდ ამის შემდეგ დადგება მეორე ფაზა — სრულფასოვანი ფუნქციონირება. სწორედ მაშინ დაიწყება გამოძიებები, ბრალდებების წარდგენა, სასამართლო პროცესები და აგრესიის დანაშაულზე განაჩენების გამოტანა. ამ დროისთვის ყველა ძირითადი ორგანო უნდა იყოს ჩამოყალიბებული, თავისი მუდმივი შენობებითა და საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმებით.

„ვფიქრობ, პუტინის ხილვა გისოსებს მიღმა აქ, ჰააგაში — ეს ყველა თავისუფალი ადამიანის მოლოდინი და ოცნებაა. ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ ამ მომენტს“, — თქვა ევროპარლამენტში გამართული დისკუსიისას ანდრეი კოსტინმა.

„ჩვენ არ ვიცით, იქნება ეს დაუსწრებლად თუ ბრალდებულების თანდასწრებით. მაგრამ, ჩემი აზრით, დაუსწრებელი განაჩენებიც კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც მსხვერპლისა და დაზარალებულებისთვის, ასევე სამართლიანობისთვის“, — დასძინა ანდრეი კოსტინმა.

ამასობაში ჰააგის ციხეში მალე შესაძლოა ვაკანტური ადგილიც გაჩნდეს: მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და, სავარაუდოდ, სიცოცხლის ბოლო დღეებს ითვლის რატკო მლადიჩი — ყოფილი სერბი გენერალი, სამხედრო დამნაშავე, ცნობილი მეტსახელით „ბალკანელი ყასაბი“. ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა მას 2017 წელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა სამხედრო დანაშაულებისა და გენოციდში მონაწილეობისათვის.

ასევე ნახეთ

"კრემლის თაგუნია" დამარცხდა