გარემოს დამცველები ეკოლოგიურ კატასტროფაზე ლაპარაკობენ, ექსპერტები - ჯანმრთელობის რისკებზე, რუსეთის ხელისუფლება კი ტრადიციულად ინფორმაციას მალავს.
26 აპრილს რუსეთის კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა განაცხადა, რომ ტუაფსეში მძვინვარე ხანძარი ლიკვიდირებულია და, რომ მოხსნეს ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული 3 ათას კუბ. მ. გრუნტი. თუმცა ტუაფსეს სანაპიროზე დღემდე პოულობენ ნავთობით გაჟღენთილ ფრინველებს, რომლებიც აფრენას ვერ ახერხებენ.
ადგილობრივებმა „ნავთობის წვიმაც“ გამოცადეს - ნალექმა სახლების სახურავები, მანქანები და ბაღის ავეჯი შავი ცხიმოვანი წვეთებით დაფარა. როსპოტრებნადზორმა მოქალაქეებს მოუწოდა, არ გააღონ ფანჯრები და გამოიყენონ ნიღბები.
ეკოლოგმა ალექსანდრ ემელიანოვმა ტუაფსეს მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ნავთობის წვის პროდუქტების შესუნთქული ნაწილაკები ონკოლოგიური დაავადებების რისკს ზრდიან. მომწამვლელი კვამლის ღრუბელი, რომელიც ცეცხლმოდებული ნავთობბაზიდან გავრცელდა, 300 კილომეტრზე გაიწელა.
სოციალურ ქსელებში ტუაფსეს მცხოვრებლები აქვეყნებენ დაბინძურებული სანაპიროს ფოტოებსა და ვიდეოებს, დახოცილი ფრინველებისა და დიდი ზომის თევზების კადრებს.
რა მოხდა ტუაფსეში?
კრასნოდარის მხარეში, ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის საცავის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელზეც 16 და 20 აპრილს იერიში მიიტანეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებმა, დაზიანებული ან განადგურებულია. ამ დასკვნამდე მივიდნენ Telegram-არხ Exilenova+-ის ჟურნალისტები, რომლებმაც 26 აპრილს ობიექტის თანამგზავრული ფოტოები გამოაქვეყნეს.
არხის ცნობით, დაზიანებულია სატუმბი სადგურები, ნავთობის ჩამტვირთავი რკინიგზის ესტაკადა, ასევე ტექნოლოგიური მილსადენები და გადამამუშავებელი კომპონენტები.
ექსპერტების დასკვნით, გადამამუშავებელ ობიექტზე პირდაპირი დარტყმების გარეშეც კი, ასეთი დაზიანება მნიშვნელოვნად ზღუდავს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიღების, შენახვისა და გადაზიდვის შესაძლებლობას, რაც ამცირებს ობიექტის საერთო ეფექტურობას.
უკრაინული OSINT პროექტის "Око Гора + Новости и аналитика"-ს თანახმად, განადგურებულია ნავთობის 24 რეზერვუარი (52%), ოთხი კი (9%) დაზიანებულია, რაც Telegram არხის პროგნოზით, იმას ნიშნავს, რომ ავზების 61% უახლოეს მომავალში არ იმუშავებს.
უკრაინული დრონების პირველი იერიში 16 აპრილს დაფიქსირდა, მეორე კი 20 აპრილს. კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა თავდასხმის შედეგად ერთი დაღუპულის და ორი დაშავების შესახებ განაცხადა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა კი დაადასტურა, რომ იერიში მიიტანა პორტთან ახლოს მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
ნავთობპროდუქტების წვის შედეგად წარმოქმნილმა კვამლმა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ ასობით კილომეტრზე გავრცელდა, თანამგზავრული ფოტოების მიხედვით, სტავროპოლის მხარემდე მიაღწია.
ასევე ნახეთ
ტუაფსეში ჯერ ვერ აქრობენ ნავთობობიექტებზე დრონებით დარტყმის შედეგად გამოწვეულ ხანძარს2022 წლიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე სულ მცირე ცხრაჯერ მიიტანეს იერიში.
რეპორტაჟი ტუაფსედან
დამოუკიდებელ ჟურნალისტთა კოოპერატივმა „ბერეგმა“ თავისუფალი გავრცელებისთვის გამოაქვეყნა რეპორტაჟი ეკოლოგიური კატასტროფის ეპიცენტრიდან.
„ნავთობის ძლიერი სუნია. სუნთქვა ჭირს“, - წერს „ბერეგის“ კორესპონდენტი, რომლის თქმითაც, ტუაფსეში ნამდვილი ეკოლოგიური კატასტროფაა:
უკრაინული დრონების მიერ ნავთობტერმინალზე მიტანილი იერიშის შემდეგ, ქალაქს „ნავთობის“ წვიმამ გადაუარა. ტუაფსეს ქუჩები და პლაჟები ჩაღვრილი ნავთობითაა დაბინძურებული.
უკრაინული დრონების წარმატებული იერიშის შედეგად ტუაფსეს პორტში მდებარე ნავთობტერმინალს პირველად 16 აპრილის ღამეს გაუჩნდა ცეცხლი, ძლიერი ხანძრის ჩაქრობა მხოლოდ მეოთხე დღეს მოხერხდა. თუმცა მანამდე ნავთობპროდუქტები მდინარე ტუაფსესა და შავ ზღვაში (პორტის მახლობლად) ჩაიღვარა. დაბინძურების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ქალაქის ხელისუფლებამ ნავთობის შესაგროვებლად წყლის ზედაპირზე ტივტივებზე დამაგრებული სპეციალური ბარიერები დაამონტაჟა.
20 აპრილის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნავთობტერმინალზე კიდევ ერთი შეტევა მიიტანეს, რამაც ასევე გამოიწვია ძლიერი ხანძარი, რომელსაც 5 დღის განმავლობაში აქრობდნენ. 24 აპრილს, ძლიერი წვიმების დროს, ნავთობპროდუქტები ბარიერებიდან „გადაიღვარა“, შედეგად ძლიერად დაბინძურდა ტუაფსეს აკვატორია და სანაპიროა.
როგორც გარემოს დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Greenpeace განმარტავს, ამ ტიპის ხანძრების დროს წარმოქმნილი კვამლი შეიცავს ძლიერ ტოქსიკურ აირებს, ქიმიურ ორთქლს, ზეთის უწვრილეს წვეთებს და ჭვარტლის ნაწილაკებს, რომლებიც საშიშია შესუნთქვისას.
რეგიონულ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, რომ 21 აპრილის საღამოს მონაცემებით, „როსპოტრებნადზორმა“ (რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა) გროზნეფტის, სორტიროვკისა და ზვიოზდნის მიკრორაიონებში, ასევე ტუაფსეს ცენტრალური რაიონის ნაწილში, დააფიქსირა ჰაერში ბენზოლის, ქსილენისა და ჭვარტლის „დასაშვებ დონეზე ორ-სამჯერ მეტი“ კონცენტრაცია. ტუაფსეს მაცხოვრებლებს ურჩიეს, ფანჯრები არ გაეღოთ.
ამის შემდეგ, ჰაერის ხარისხის შესახებ ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნება შეწყდა, თუმცა კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა თავის Telegram არხზე განაცხადა, რომ „როსპოტრებნადზორი რეგულარულად იღებს ჰაერში მავნე ნივთიერებების ნიმუშებს“.
ტუაფსეს მაცხოვრებლები და ტურისტები ადგილობრივ ჯგუფებში ჩივიან, რომ ხელისუფლება არ აქვეყნებს ზუსტ ინფორმაციას მიმდინარე მოვლენების შესახებ. ადგილობრივები ერთმანეთისგან იგებენ ტუაფსეს მიმდებარე ქალაქებსა და სოფლებში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ: სოციალურ ქსლებში აქვეყნებენ ნავთობის წვის პროდუქტებით დაბინძურებული შავი გუბეებისა და ჭვარტლით დაფარული შინაური ცხოველების ფოტოებს.
განსაკუთრებით დაზარალდნენ უსახლკარო ცხოველები, რომელთა გადარჩენასაც მოხალისეები ცდილობენ: ნავთობპროდუქტებისგან ასუფთავებენ მიუსაფარ ძაღლებს, კატებს და ფრინველებს. „ქუჩაში თითქმის ყველა ცხოველი მაზუთშია ამოსვრილი... ეს კატასტროფაა“, - იტყობინება მოხალისეთა მოძრაობა „შანსი სიცოცხლისთვის“, რომელიც ეხმარება უსახლკარო ცხოველებს. ორგანიზაცია „იყავი ახლოს. დაეხმარე უსახლკარო ცხოველებს“ მოხალისეები წინასწარ აცხადებენ იმ ადგილებს, სადაც კატებსა და ძაღლებს სპეციალური საშუალებებით აბანავებენ. მოხალისეები ტუაფსეს მაცხოვრებლებს მოუწოდებენ, ამ პუნქტებში მიიყვანონ ცხოველები, რომლებსაც შველა სჭირდებათ.
ასევე ნახეთ
რუსეთს ბენზინი უმთავრდება?კრასნოდარის საგანგებო სიტუაციების რეაგირების ოპერატიული ცენტრის ცნობით, ქალაქის სამსახურები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ სანაპიროზე დაღვრილი ნავთობის ნარჩენების გასაწმენდად. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 26 აპრილისთვის უკვე ამოღებულია 3 ათასი კუბ. მეტრზე მეტი დაბინძურებული ნიადაგი.
ქალაქის სამსახურებს პლაჟების გაწმენდაში ტუაფსეს მაცხოვრებლებიც ეხმარებიან. „როსნეფტის“ თანამშრომელმა (რომელიც ტუაფსეში ცენტრალური პლაჟის დასუფთავებაში მონაწილეობდა) გამოცემა „ნემოსკვას“ („НеМосква“) განუცხადა, რომ პრობლემასთან გამკლავებისთვის მეტი პერსონალი და ტექნიკური საშუალებაა საჭირო:
„აქ ხრეშის ღრმა ფენები უნდა აიწიოს; ნავთობი სიღრმეებშია ჩაღვრილი. ამის ხელით გაკეთებას დრო სჭირდება, ამასთან ერთად ზღვას მუდმივად გამოაქვს ნაპირზე მაზუთის ახალ-ახალი ფენები. ეს ყველაფერი ექსკავატორებით უნდა გაკეთდეს“.
ადრე, გარემოსდამცველებმა, რომლებიც ტუაფსეს ეკოლოგიურ ვითარებას აკვირდებიან, „ვაჟნიე ისტორიის“ განუცხადეს, რომ ტუაფსეს ადმინისტრაციამ ქალაქის პლაჟი მაზუთისგან გაწმენდისას ახალი ხრეშით დაფარა ანუ „ხელისუფლებამ ნავთობის დაბინძურებით გამოწვეული პრობლემა კი არ აღმოფხვრა, არამედ უბრალოდ თვალისთვის უხილავი გახადა“.
გამოცემა „ნემოსკვა“ აღნიშნავს, რომ ნავთობი მხოლოდ ქალაქის ცენტრალურ პლაჟზე იწმინდება. სხვა სანაპირო რაიონებში, სადაც ასევე გამოჩნდა ნავთობი, დასუფთავება არ მიმდინარეობს. გამოცემის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება: „პლაჟზე ქვებიც შავი ლაფითაა დაფარული, ზღვის ნაპირი ასევე სავსეა ნავთობით გაჟღენთილი წყალმცენარეების გროვებითა და მორებით“.
„ბერეგის“ კორესპონდენტი იუწყება, რომ ქალაქში ნავთობის ძლიერი სუნი დგას, რაც სუნთქვას ართულებს.
რა საფრთხეს ქმნის კვამლი და „ნავთობის წვიმა“?
ტუაფსეში ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის მრავალჯერადი გადაჭარბება დაფიქსირდა, თუმცა მოსახლეობის ევაკუაცია არ გამოცხადებულა. როგორც გარემოსდამცველები ამბობენ, დაახლოებით 63-ათასიანი ქალაქი ჯანმრთელობისთვის სახიფათო კვამლშია გახვეული.
ტუაფსე საკურორტო და სამრეწველო ქალაქია 63 ათასი მოსახლით (2025 წლის მონაცემებით). ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ფაქტობრივად ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ამიტომ ქარხანაზე დარტყმების შედეგები ბევრმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნო. თუმცა კრიტიკული ვითარების მიუხედავად, ხელისუფლებას არც საგანგებო ზომები მიუღია, არც ევაკუაცია გამოუცხადებია და არც სკოლებში სწავლა შეუწყვეტია.
ასევე ნახეთ
რუსეთი დღეში 600 ათას ბარელ ნავთობპროდუქტს კარგავს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გამოკრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა მხოლოდ რეკომენდაციები გაავრცელა: მოსახლეობას ურჩევენ, არ გააღონ ფანჯრები, ხშირად ჩაატარონ სველი დალაგება, უარი თქვან კონტაქტური ლინზების გამოყენებაზე, ქუჩაში კი ატარონ ნიღბები და სხვა დამცავი საშუალებები. ცუდად გახდომის შემთხვევაში მოქალაქეებს ექიმთან მიმართვას ურჩევენ.
მოსახლეობა ჩივის, რომ ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობას არ აცხადებს. „ევაკუაცია მაინც გამოაცხადეთ ზვიოზდნისა (ნავთობქარხანასთან უახლოესი მიკრორაიონი) და იქით მცხოვრებლებისთვის; იქ გავლა შეუძლებელია, მანქანა ეგრევე შავდება “, — დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა სოციალურ ქსელში.
კვამლი, რომელიც პორტ ტუაფსეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონების თავდასხმის შედეგად გაჩენილ ხანძარს მოჰყვება.
ტუაფსეს კიდევ ერთმა მკვიდრმა დაწერა, რომ შვილები ნათესავებთან, კრასნოდარში გაიყვანა: „გუშინ უკვე ფიზიკურად ცუდად ვიყავი, სორბენტებს ვსვამ და ვფიქრობ, სად და როგორ დავბანო ძაღლები და კატები. სად გადავიყვანო, რადგან მათ ქუჩაში დაბრუნება ჯერჯერობით არ შეიძლება.“
ქიმიკოსმა ვილ მირზაიანოვმა, „ნოვიჩოკის“ (ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება) ერთ-ერთმა შემქმნელმა Facebook-ზე დაწერა, რომ ქალაქში მიმდინარეობს მოსახლეობის მასობრივი ქიმიური მოწამვლა, მათ შორის კვამლის ზემოქმედებით.
"როგორც ქიმიკოსი, ვაცხადებ, რომ ეს კვამლი უწყინარი არ არის — მას სიკვდილი მოაქვს წვის დროს წარმოქმნილი პოლიარომატული ნაერთების სახით, რომელთა შორის ძლიერი კანცეროგენებიცაა. მთავარი ისაა, რომ თუ ეს ნივთიერებები ორგანიზმში მოხვდა, მათგან გათავისუფლების პრაქტიკულად არანაირი საშუალება არ არსებობს. ჯერჯერობით არ მინახავს ცნობები ჰაერის ანალიზების შედეგებზე და იმ წვეთების შემადგენლობაზე, რომლებიც დამწვარი ნავთობის კვამლიდან ჩამოცვივდა. ასეთი ანალიზების ჩატარება თანამედროვე ქრომატო-მას-სპექტრომეტრებით რთული ამოცანა არ არის, და ეს მოწყობილობები პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში არსებობს. მოვუწოდებ ამ ხელსაწყოების ყველა ოპერატორს, დაუყოვნებლივ ჩაატარონ შესაბამისი ანალიზები და მათი შედეგები მსოფლიო საზოგადოებას გააცნონ, რათა ამ ქვეყნების ლიდერებმა დაუყოვნებლივ შეაჩერონ ეს აშკარა გენოციდი“, — ამბობს ვილ მირზაიანოვი.
ბიოლოგი ანტონ ბორტიაკოვი სხვა საფრთხეზე მიუთითებს. მისი თქმით, „ნავთობის წვიმა“ ნავთობპროდუქტების წვის თავისებურების შედეგია: „ხანძრის კერის სიღრმეში ტემპერატურა მაღალია, მაგრამ სრული წვისთვის საკმარისი ჟანგბადი არ არის, ამიტომ ნავთობპროდუქტები მხოლოდ გაზიფიცირდება“.
ბიოლოგის თქმით, წარმოქმნილი აირები კვამლის ნაკადებთან ერთად მაღლა ადის, ატმოსფეროს უფრო ცივ ფენებში ხვდება და იქ წვრილ წვეთებად და აეროზოლებად კონდენსირდება, რომლებიც შემდეგ მიწაზე შეიძლება ჩამოცვივდნენ.
„ნავთობის წვიმის ზემოქმედება შესაძლოა კვამლზე უფრო საშიში იყოს, რადგან წვეთებში კომპონენტები მეტად კონცენტრირებულია“, — წერს ბიოლოგი ბორტიაკოვი Telegram-არხზე.
გარემოს დამცველთა თქმით, საჭიროა ქალაქის ევაკუაცია და ეკოლოგიური კატასტროფის ეპიცენტრიდან ადამიანების გაყვანა.
ადგილობრივი მცხოვრებლები სანდო ინფორმაციის ნაკლებობის გამო აღშფოთებას გამოხატავენ: ფედერალური ტელეარხები ფაქტობრივად არ აშუქებენ კატასტროფის მასშტაბებს, ხოლო ხელისუფლება კვლავ გეგმავს რეგიონში საკურორტო სეზონის 1 ივნისიდან გახსნას: რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის მონაცემებით, წელს სასტუმროებში ჯავშნების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 25%-ით არის გაზრდილი.
არაეკოლოგიური ზიანის მასშტაბი
კომპანია როსნეფტის მონაცემებით, მის საკუთრებაში არსებული ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის (ნქგ) საპროექტო სიმძლავრე დაახლოებით 12 მილიონი ტონა ნავთობი წელიწადშია, რაც უდრის დაახლოებით 240 ათას ბარელს დღეში.
ტუაფსე შავი ზღვის პორტია, ამიტომ ქარხანა არა მხოლოდ ნავთობს ამუშავებს, არამედ ექსპორტისთვისაც მნიშვნელოვანია. საზღვაო ლოგისტიკა მის მნიშვნელობას ზრდის. ქარხანა სამხრეთის სამხედრო ოლქთან ახლოსაა, რის გამოც საწვავით ამარაგებს უკრაინის ომთან პირდაპირ კავშირში არსებულ სამხედრო ინფრასტრუქტურას (ავიაცია, ფლოტი, სახმელეთო ძალები).
რუსეთის ოთხი ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა:
- ომსკის — 21 მლნ ტონა/წ
- კირიშის — 20 მლნ ტონა/წ
- რიაზანის — 17 მლნ ონა/წ
- ტუაფსეს — 12 მლნ ტონა/წ