ვინ როგორ მოგზაურობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში

კავკასუს ექსფლორერი კავკასიაში ტურებს 2006 წლიდან სთავაზობს მოგზაურობის მოყვარულებს. კომპანიას, რომელსაც სათაო ოფისი მოსკოვში აქვს, ვებ-საიტზე ტურისტულ მიმართულებებს შორის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მითითებული აქვს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნები.

“ორივე ქვეყანამ დამოუკიდებლობა ცოტა ხნის წინ მოიპოვა. ორივე ქვეყანას მდიდარი ისტორია აქვს. განსხვავებული კულტურა და უნიკალური ბუნება თითოეული რეგიონის ორივე მათგანს განსაკუთრებულებას სძენს” - ვკითხულობთ ტურის აღწერაში.

თუკი ამ კომპანიის სერვისით დაინტერესდებით და მაგალითად აფხაზეთში მოგზაურობას გადაწყვეტთ, არჩევანის წინაშე დადგებით: როგორ აღმოჩნდეთ დანიშნულების ადგილას ზუგდიდის გავლით თუ სოჭიდან. პირველი გზა საქართველოს კანონმდებლობით კანონიერია, მეორე უკანონო. კომპანიის ვებ-საიტის თანახმად სოჭიდან ტურისტები წლებია დაყავთ, ზუგდიდიდან ახალი მიმართულებაა, რომელსაც 2019 წლის ზაფხულში სთავაზობენ დაინტერესებულ პირებს.

თუკი აფხაზეთთან ერთად სამხრეთ ოსეთის ნახვაც გსურთ, მაშინ 10 დღიანი ტური უნდა აიღოთ, რომელიც სოჭის აეროპორტიდან იწყება და აფხაზეთში გატარებული რამდენიმე დღის შემდეგ სამხრეთ ოსეთში ვლადიკავკაზის გავლით მოხვედრას გულისხმობს. ტური, რომლის ღირებულებაც 3050 დოლარია, ყელის ტბაზე სრულდება. იქ, სადაც 2018 წლის 28 აგვისტოს საქართელოს 5 მოქალაქე, 4 სექტემბერს კი პოლონელი ტურისტები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „მესაზღვრეებმა“ ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

“კავკასუს ექსფლორერი” ერთადერთი კომპანია არ არის, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მართავს ტურებს. მაგალითად ბრიტანულ კომპანია “რიჯენტ ჰოლიდეის", რომელიც ბრიტანული ტურიზმის 2018 წლის დაჯილდოების გამარჯვებულია, კლიენტები არათუ მიყავს აფხაზეთში , არამედ ოკუპირებულ ტერტორიას თავის სარეკლამო ვიდეოში დამოუკიდებელ ქვეყნად მოიხსენიებს.

“წარსულში საბჭოთა კავშირის პოპულარული კურორტი დღეს მეგობრულობითა და კეთილგანწყობოთ გამორჩეული ქვეყანაა რომელიც საქართველოს გამოეყო და დამოუკიდებლობა გამოაცხადა და დასავლეთისგან სრულად მივიწყებულია. კავკასიის ტყით დაფარულ მთებში მდებარე აფხაზეთში მოსახვედრად, იქ სადაც დასავლელ ტურისტს იშვიათად თუ დაუდგამს ფეხი შორს წასვლა არ მოგიწევთ. თქვენ მთებში სიარული, ადგილობრივი ღვინის დაგემოვნება, ქართულ-აფხაზური ომის შედეგად მიტოვებული შენობების მონახულება და ან-2 ტიპის ბიპლანერით ფრენა გელით.“ - ასე ცდილობენ მომხმარებლების მიზიდვას.

ამ კომპანიის კლიენტი ლონდონი-თბილისის რეისით ჩამოდის საქართველოში, ჩერდება ქუთაისში და შემდეგ ზუგდიდიდან გადადის აფხაზეთში. 12 დღიანი ტური 3200 გირვანქა სტერლინგი ღირს და ეს გზა საქართველოს კანონმდებლობით დასაშვებია. სწორედ ამიტომ, ის კომპანიები, რომლებიც წლების განმავლობაში სოჭიდან შედიოდნენ ტურისტებთან ერთად აფხაზეთში, ცდილობენ ეს მარშუტიც შესთავაზონ მომავალში ტურისტებს.

დამოუკიდებელი გიდი, ნუცა ცქიმანაური ამბობს, რომ ასეთი კომპანიების საქმიანობა ერთდროულად უკანონო და არაეთიკურია.

Your browser doesn’t support HTML5

ნუცა ცქიმანაური: ჩვენ მარტო ვართ ამ პრობლემის წინაშე

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას. გვაინტერესებდა, რამდენად იცნობენ სახელმწიფო უწყებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომუშავე ტურისტულ კომპანიებს, ხედავენ თუ არა საფრთხეს მათ საქმიანობაში და როგორ მოქმედებენ მაშინ, როცა მაგალითად, ირღვევა კანონი ოკუპაციის შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ ეს თემა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეხება.

უსაფრთხოების სამსახურში გვითხრეს, რომ “ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა არის, კავკასუს ექსპლორერის შესახებ იციან და გატარდება კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო პროცედურა”, თუმცა კონკრეტულად რა პროცედურები, არ დაუკონკრეტებიათ.

ტურიზმის ადმინისტაციაში გვითხრეს, რომ მსგავსი კომპანიების აღმოჩენის შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავენ, რათა დიპლომატიური არხებით მოხდეს რეაგირება.

“საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით გადაადგილება საქართველოს მოქალაქეებს და ტურისტებს არ ეზღუდებათ და ეს მიდგომა სრულ შესაბამისობაშია თავისუფალი გადაადგილების პრინციპებთან.” - გვითხრა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმირ კონსტანტინიდმა.

დიპლომატიური არხებით რეაგირება საჭირო ხდება მაშინ, როცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხვდებიან რუსეთის ფედერაციის მხრიდან ან საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის გვერდის ავლით. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ასეთი კომპანიების პოვნის შემთხვევაში სათანადო რეაგირების მიზნით დაუყოვნებლივ ეცნობებათ შესაბამისი ქვეყნის საგარეო უწყებას და ბიზნეს ორგანიზაციებს.

მიუხედავად სახელმწიფო უწყებების მტკიცებისა, რომ ისინი რეაგირებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე ტურ-ოპერატორებზე, რომლებიც არღვევენ კანონს ოკუპაციის შესახებ, ინტერნეტში ათობით ისეთი კომპანია იძებნება, რომელიც საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის გვერდის ავლით სთავაზობს ტურისტებს აფხაზეთში მოხვედრას და მათ უმეტესობას რამდენიმეწლიანი ისტორია აქვს, ტურისტებსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე წლების განმავლობაში უწევენ მათთვის სასურველ სერვისს.

ის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტურისტების შეყვანით კანონს არღვევენ, იციან კომპანია “კავკასუს ექსფლორერშიც.” კომპანიის პროექტების მენეჯერმა, დმიტრი ლემეშევმა, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ტურებს 2011 წლიდან აწყობს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ისინი წუხან, როცა კანონის დარღვევა უწევთ და ოცნებობენ, რაც შეიძლება მალე დადგეს დრო, როცა მთელ კავკასიაში მშვიდობა იქნება, მანამდე კი თავიანთ მომხმარებელს აჩვენებებ კავკასიას ისეთს, როგორიც ის არის.

Your browser doesn’t support HTML5

დმიტრი ლემეშევი: სამწუხაროდ ზოგიერთი ჩვენი ტურისას გვიწევს კანონის დარღვევა

“ვიცით, რომ სამწუხაროდ ზოგიერთი ჩვენი ტურისას გვიწევს კანონის დარღვევა. და ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მალე იყოს კავკასიაში მშვიდობა. ჩვენ თავისუფლებას ვუჭერთ მხარს, ევროპულ ღირებულებებს. წინააღმდეგი ვართ ყველანაირი დისკრიმინაციის ეთნიკური ნიშნით, სადაც არ უნდა ხდებოდეს ეს. ასეთია ჩვენი პოზიცია და გარკვეულწილად ამ პოზიციის გამო დავიწყეთ ამ ტურების გაკეთება იქ, რასაც საქართველო თვლის ოკუპირებულად. ჩვენ ტურებში ძალიან იშვიათად, თითქმის არ ვსაუბრობთ პოლიტიკურ საკითხებზე.”