ტუჩის გადიდების სახიფათო მოდა

ყველაფერი ტუჩის გადიდების სურვილითა და იაფი საშუალების ძებნით იწყება. შემდეგ მოდის შეშუპება, კანქვეშა სიმაგრე და მწვავე ალერგია. ასე აღწერენ ის პაციენტები საკუთარ გამოცდილებას, რომლებმაც E ვიტამინით ტუჩის გადიდება სცადეს. პლასტიკური ქირურგები ამ სახიფათო პრაქტიკას ლეღვის ფოთლის ნახარშის ეფექტს ადარებენ. ორივე ჯანმრთელობისთვის საშიშია და მაინც ყოველწლიურად აკითხავენ კლინიკებს პაციენტები მათგან მიღებული დაზიანებებით.

ნინუცა 17 წლის იყო, როცა E ვიტამინი პირველად გაიკეთა. „ჩემს ნაცნობს ჰქონდა გაკეთებული. ერთ დღეს კაფეში ვსაუბრობდით და ვთქვი, რომ მეც მინდოდა ტუჩის გადიდება. მოვუყევი ერთ-ერთ კლინიკაზე და პროცედურის ფასებზე. მან მითხრა, რომ არ ღირდა 900 ლარის გადახდა და შეეძლო თვითონ გაეკეთებინა ჩემთვის E ვიტამინი. მითხრა, რომ ისიც თავისით იკეთებდა და უკუჩვენება არ ჰქონდა. პირველი რეაქცია რამდენიმე წუთში შევნიშნე. 3-4 დღის მერე კი ტუჩი ძალიან გასივდა. მხოლოდ მას შემდეგ გამიარა, რაც ანტიალერგიული მკურნალობა ჩავიტარე“, გვიყვება ნინუცა. „მე გამიმართლა, მინახავს გოგოები დეფორმირებული ტუჩით“, ამბობს ის.

ნინუცა ახლა უკვე ფეისბუკჯგუფებში ცდილობს სხვა გოგოებს გადააფიქრებინოს ვიტამინი E-ს ინექცია. მისი აზრით, ისინი ინტერესდებიან ამ საშუალებით, ვისაც უფრო მეტის გადახდის საშუალება არ აქვს, ხოლო სათანადო ინფორმაციას არ ფლობენ საფრთხის შესახებ. „ასეთ დროს თავს ვალდებულად ვთვლი, რომ გადავაფიქრებინო“, ამბობს ის.

ვიტამინი E გამჭვირვალე ზეთოვანი სუბსტანციაა. ის ანტიოქსიდანტური საშუალებაა, რომელსაც კუნთების ქმედუნარიანობის შენარჩუნებისათვის, სისხლძარღვოვანი და ენდოკრინული სისტემის მკურნალობის პროცესში იყენებენ ექიმის დანიშნულებით.

რას ამბობენ ექიმები

ესთეტიკურ მედიცინაში ყველაზე პოპულარული რინოპლასტიკაა, შემდეგ მოდის მკერდისა და მუცლის პლასტიკა და ტუჩის პლასტიკა.

პლასტიკური ქირურგები ამბობენ, რომ არ შეიძლება ვიტამინი E ტუჩის გადიდებისთვის გამოვიყენოთ. მისი ზეთოვანი სტრუქტურა ტუჩის შიგთავსს აზიანებს და ალერგიულ რეაქციას იწვევს. ამ დროს ტუჩი სწორედ ამ რეაქციით შუპდება, რაც სამედიცინო ჩვენებაა და არა ტუჩის მოცულობის გაზრდის ეფექტი.

ხსნარი ტუჩს ამაგრებს და იწვევს სისხლჩაქცევებს. ქირურგიული ჩარევის შემდეგაც კი ექიმები გარანტიას ვერ იძლევიან, რომ ტუჩის სიმეტრია სრულად აღდგება.

პლასტიკური ქირურგი გია გვარამია ამბობს, რომ ვიტამინი E-ს მძიმე შედეგებით მასთან პაციენტები განსაკუთრებით გაზაფხულზე მიდიან, როცა სკოლის დამამთავრებელი ბანკეტების სეზონი იწყება. მისი თქმით, უმრავლესობას ინექცია სახლის პირობებში აქვს გაკეთებული და ამ გზას მიმართავენ იმიტომ, რომ იაფია. „ეს მთავრდება იმით, რომ დიდი ალერგიული რეაქციები აქვთ, შესაძლოა ტუჩი იყოს გასაკვეთი”, ამბობს პლასტიკური ქირურგი. მისი თქმით, არასწორი მიდგომაა, როცა პაციენტები სხვისი რჩევით მაინც რისკავენ, რადგან მათ ვინც ურჩია, გართულება არ ჰქონიათ. „ეს იგივეა, რაც სიმაღლიდან გადმოხტომა, რის შემდეგაც შესაძლებელია ადამიანი გადარჩეს, მაგრამ ამის განმეორება არ ღირს“, ამბობს პლასტიკური ქირურგი.

Your browser doesn’t support HTML5

გია გვარამია: რა ემართება ტუჩს როცა მასში ვიტამინი E-ს ინექცია შეყავთ

ვიტამინი E იაფი გამოსავალი არაა

ვიტამინი E აფთიაქებში 1 ლარამდე ღირს, ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში კი ტუჩის გადიდებისთვის შექმნილი ანტიალერგიული და უსაფრთხო შემავსებლებით ჩატარებული პროცედურა საშუალოდ 350 ლარიდან 800 ლარამდე ჯდება.

ვიტამინი E-ს ინექციას აკეთებენ სალონებშიც. ფასდაკლების შესახებ სარეკლამო განცხადებები პერიოდულად ჩნდება სოციალურ ქსელებში. მაგალითად, ერთ-ერთი სალონის მიერ გამოცხადებულ ფასდაკლებაში ვკითხულობთ, რომ ისინი E ვიტამინით ადიდებენ ტუჩს და დაინტერესებულებს ჰპირდებიან, რომ სასურველ ფორმას ის სამი თვის განმავლობაში შეინარჩუნებს. პროცედურის ფასი 50 ლარია. სალონი იგებს, პაციენტი კი - ვერა.

პროფესიონალების რეკომენდაციაა ისეთი შემავსებელი პრეპარატების გამოყენება, რომელიც თავისით იწოვება ორგანიზმში და, ამავდროულად, ანტიალერგიულია. ეს ამერიკის წამლისა და სურსათის ადმინისტრაციის რჩევაცაა. საიტზე წერია, რომ ნებისმიერ შემავსებელს შეიძლება მოჰყვეს რამდენიმედღიანი უკუჩვენება, თუმცა ის ხარისხიანი პრეპარატისა და პროცედურების დაცვის პირობებში მალევე გადის. მიუხედავად ამისა, პაციენტებს ურჩევენ პროცედურის გაკეთებამდე ჩაიტარონ ალერგიული შემოწმება.