აშშ-სგან $25 მლნ-იანი სესხით ფოთის პორტს ახალ ნავმისადგომს უშენებენ - დეტალები

პრეზენტაციაზე როგორც ქართულმა, ისე ამერიკულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა „შუა დერეფნის“ განვითარების კონტექსტზე;

25 ივნის ფოთის პორტის ახალი ნავმისადგომის პროექტისა და მშენებლობის დაწყების პრეზენტაცია გაიმართა - ღონისძიებას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დაესწრო.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ფოთში საფუძველს ვუყრით ახალი ნავმისადგომის მშენებლობას“, - განაცხადა პრეზენტაციისას „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის შეფასებით, ეს „ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სატრანსპორტო პოტენციალის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა“.

  • პრეზენტაციაზე როგორც ქართულმა, ისე ამერიკულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა „შუა დერეფნის“ განვითარების კონტექსტზე;
  • აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა ისაუბრა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაგეგმილი „ტრამპის მარშრუტის“ პერსპექტივაზე - „რეგიონული კავშირების განმტკიცების“ კონტექსტში.
  • ჯერჯერობით უცნობია, როგორ განვითარდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მომავალი, რომელიც იქვე, ახლოს უნდა აშენდეს.

Pace Group-მა ფოთის პორტში ახალი ნავმისადგომი 2022 წლის იანვარში გახსნა, - ასევე ამერიკული სესხით, - ახალი სასესხო შეთანხმება კი მეორე ნავმისადგომის მშენებლობასა და ნაყარი ტვირთების ტერმინალის მოწყობას ითვალისწინებს.

ამერიკული $25 მლნ-იანი სესხით

საქართველოში აშშ-ის საელჩომ პრეზენტაციამდე რამდენიმე საათით ადრე ფეისბუკზე დაწერა:

  • „მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) კომპანია PACE Group-თან $25 მილიონი დოლარის ოდენობის მეორე სასესხო შეთანხმება გააფორმა“;
  • „დაფინანსება ფოთის ახალი საზღვაო პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობის დასრულებას მოხმარდება, რაც ნაყარი ტვირთების გადამუშავების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაზრდის“.

საელჩოს განცხადებით, პროექტის განხორციელების შედეგად პორტის გამტარუნარიანობა „წელიწადში დამატებით ერთი მილიონი ტონით გაიზრდება, გაძლიერდება კრიტიკული ინფრასტრუქტურა და კიდევ უფრო უსაფრთხო და ეფექტიანი გახდება ვაჭრობა ტრანსკასპიური დერეფნის გასწვრივ“.

ტრანსკასპიური დერეფანი იგივეა, რაც „შუა დერეფანი“. თავის სიტყვაში კობახიძემაც გაამახვილა ყურადღება „შუა დერეფნის“ მნიშვნელობასა და ამ მარშრუტში საქართველოს როლზეც.

ასევე ნახეთ

მნიშვნელოვანია, „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა არ გავაზვიადოთ - გერმანიის ელჩი

საელჩოს თანახმად, ეს პროექტი ეფუძნება DFC-ისა და PACE Group-ის წარმატებულ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც 2020 წელს ფოთის ახალი საზღვაო პორტის ტერმინალის განვითარებისა და მშენებლობისთვის $50 მილიონი დოლარის სესხი გამოიყო.

  • DFC-ი, - ანუ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია, - არის აშშ-ის მთავრობის საერთაშორისო საინვესტიციო სააგენტო;
  • საელჩოს განცხადებით, მისი ინვესტიციები „ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის მყარ ეკონომიკურ შედეგებს უზრუნველყოფს და ხელს უწყობს აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების მდგრად ეკონომიკურ განვითარებას“.
  • იგივე სააგენტო არის ჩართული სომხეთში „ტრამპის მარშრუტის“ პროექტთან დაკავშირებით მიმდინარე საოპერაციო და სამართლებრივი საკითხების განხილვაში.


ასევე ნახეთ

სომხეთს აშშ-დან მორიგი დელეგაცია ეწვია „ტრამპის მარშრუტთან“ დაკავშირებით

კობახიძემ DFC-ს „განსაკუთრებული მადლობა“ გადაუხადა და მოგვიანებით პოსტში დაწერა: „ეს პროექტი საერთო მიზნის გარშემო აერთიანებს სახელმწიფოს, ქართულ ბიზნესს და ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებს“.

რა თქვა ამერიკელმა დიპლომატმა

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა:

„დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, რადგან კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის მტკიცე ნებას, განახორციელოს განახორციელოს ინვესტიციები მდგრად ინიციატივებში, რომლებიც გააძლიერებს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის ბუნებრივი სატრანზიტო ჰაბის პოზიციას“.

მან გაიხსენა ნიკო ნიკოლაძის ხელმძღვანელობით 1907 წელს ფოთის საზღვაო ნავსადგურის მშენებლობის დასრულება და თქვა, რომ ქართველ საზოგადო მოღვაწეს ჰქონდა „მკაფიო სტრატეგიული ხედვა“ საქართველოს განვითარების შესახებ.

„დღევანდელი ღონისძიება კი სწორედ ამ ხედვასა და ოცნებას ეხმიანება და ფოთის შესაძლებლობებს სრულიად ახალ დონეზე აიყვანს“, - თქვა მან.

„ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი შეერთებულ შტატებსა და საქართველოს გრძელვადიანი პარტნიორობის ისტორიაში, რომელიც უკვე სამ ათწლეულზე მეტს ითვლის. წლების განმავლობაში, ქართველები და ამერიკელები მხარდამხარ ვმუშაობთ უკეთესი მომავლისა და ორივე ქვეყნის კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

რეგიონის ნაწილი და TRIPP-ი

მისი თქმითვე, ქართულ-ამერიკულმა თანამშრომლობამ „საგრძნობლად გააძლიერა საქართველოს შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი საზღვრები, სასაზღვრო გამტარი პუნქტებისა და პორტების გაუმჯობესების კუთხით“.

„ასევე, სამშვიდობო შეთანხმებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რამ რეგიონისთვის“, - თქვა პერსელმა და უფრო ფაღთო რეგიონულ კონტექსტზე გაამახვილა ყურადღება.

„ისეთ ინიციატივებს, როგორიც არის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის ტრამპის მარშრუტი [TRIPP], შეუძლია კიდევ უფრო განამტკიცოს რეგიონული კავშირები“, - თქვა მან.

„ინფრასტრუქტურული ხარვეზების აღმოფხვრით, საქონლისა და მომსახურების ეფექტური გადაადგილების ხელშეწყობით, ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ დერეფნის ქვეყნების ეკონომიკა და ამავდროულად განვამტკიცოთ რეგიონული სტაბილურობა“, - განაცხადა პერსელმა.

დიპლომატის თქმითვე, ამერიკული მხარე აქტიურად უჭერს მხარს კერძო სექტორის ინიციატივებს, რომლებიც „შუა დერეფნის განვითარებისთვის გრძელვადიან და მდგრად გადაწყვეტილებებს ქმნიან“.

ასევე ნახეთ

დემოკრატიული უკუსვლა, „ტრამპის მარშრუტის“ მიღმა - რა თქვეს „ჰელსინკის კომისიაში“ საქართველოზე

მაგალითად მან დაასახელა, რომ გასულ წელს უმასპინძლეს ამერიკული კომპანიების სავაჭრო მისიას, რომელიც „შუა დერეფნის კონტექსტში, ენერგეტიკის, კრიტიკული ინფრასტრუქტურის, ციფრული ვაჭრობის, ახალი ტექნოლოგიების, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის შესაძლებლობების განხილვას ისახავდა მიზნად“.

ამერიკელმა დიპლომატმა სიტყვით გამოსვლის ბოლო ნაწილში ხაზი გაუსვა ამერიკის განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) ინვესტიციების მოცულობას საქართველოში, რაც მისი განცხადებით, 800 მილიონი დოლარს შეადგენს.

„მათ შორის ფოთშიც, სადაც ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ DFC-ის მიერ დაფინანსებული $50-მილიონიანი პროექტის შედეგებს ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის განვითარებაში. დღეს მოხარული ვართ აღვნიშნოთ ამ კორპორაციის მიერ დამატებით 25 მილიონი დოლარის ინვესტიციის გამოყოფა, რაც შუა დერეფნის ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე მუშაობის გაგრძელებას მოემსახურება“, - თქვა მან

რა თქვა DFC-ის წარმომადგენელმა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მმართველმა დირექტორმა, კენეთ ენჯელმაც განაცხადა, რომ ფოთის პორტის გაფართოების პროექტი ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების ზრდას შეუწყობს ხელს და „ტრანსკასპიური დერეფნის“ მნიშვნელობას გააძლიერებს.

„2022 წელს ამ მოდერნიზებული პორტის გახსნის დღიდან, მან არსებითი როლი შეასრულა საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციასა და ევროპასა თუ ცენტრალურ აზიას შორის მზარდ სავაჭრო მომსახურებაში“, - განაცხადა ენჯელმა.

2022 წელს გახსნილი პროექტი სწორედ ამერიკული $50 მლნ-იანი სესხით განხორციელდა. მსესხებელი მაშინაც PACE ჯგუფი იყო.

„დღეს კი, როდესაც ტრანსკასპიური დერეფნის მასშტაბით ვაჭრობა მუდმივად იზრდება, ჩვენ საფუძველს ვუყრით პორტის შემდგომ გაფართოებას“, - თქვა მან.

ენჯელის განცხადებით, გაფართოება ფოთის პორტს საშუალებას მისცემს, „მიიღოს ბევრად უფრო დიდი ზომის გემები, გაატაროს მნიშვნელოვნად მეტი ტვირთი და სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი“.

ასევე ნახეთ

"საფუძველი ეყრება აშშ-ის ახალ ინტერესს სამხრეთ კავკასიაში" - ნილ მელვინი

ვის ეკუთვნის PACE ჯგუფი

„განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ მასშტაბურ ჩანაფიქრს ქართული კომპანია - „პეის ჯგუფი“ ახორციელებს“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

შპს „პეის ჯორჯიას“, - რომელიც 1993 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, - ამჟამად ხუთი თანამფლობელი ჰყავს, საქართველოს მოქალაქეები:

  • ლაურა ლარიონი - 38%
  • ირაკლი კერვალიშვილი - 38%
  • თეიმურაზ კერვალიშვილი - 10%
  • ირაკლი თათეიშვილი - 10%
  • თამაზ კაპანაძე - 4%

იგი ერთ-ერთი უმსხვილესი ლოგისტიკური კომპანიაა და ფოთის პორტში ტვირთების გადაზიდვის, ჩატვირთვა-გადმოტვირთვისა და ინსპექტირების ოპერირებით არის დაკავებული.

„პეისს“ ტერმინალის ტერიტორია იჯარით აქვს აღებული ფოთის პორტის ოპერატორის, APM Terminals-ისგან.

ასევე ნახეთ

ეკონომიკის სამინისტრო: სახ. დეპარტამენტის წარმომადგენელს ანაკლიის პორტის პროექტი გავაცანით

ანაკლიის პორტი - „2029 წლისთვის“

ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველია დეტალები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამომავლო ბედის შესახებ.

2024 წლის 29 მაისს საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 49%-იან წილს ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი CCCC ჩაიბარებს.

  • კონსორციუმის ერთ-ერთი შემადგენელი ფირმა, CCCC, ჩინეთის ამბიციური პროექტის, „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა;
  • ამავე დროს, შეერთებულ შტატებს შავ სიაში ჰყავს შეყვანილი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დესტრუქციული ქმედებების გამო.

თუმცა, 2026 წლის 25 ივნისის მონაცემებით, ხელშეკრულება ჯერ არ დადებულა და მხარეთა შორის პროექტის დეტალურ საინვესტიციო შეთანხმებაზე მიმდინარეობს მუშაობა.

ასევე ნახეთ

ანაკლიის სანქცირებული ინვესტორი: რას ნიშნავს ჩინეთის სახელმწიფო კომპანიის სტრატეგიულ პროექტში ჩართვა

25 მაისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე შეკითხვის პასუხად ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ უახლოეს თვეებში უნდა გაირკვეს, თანამშრომლობის რა მოდელით წარიმართება მხარეთა შორის ურთიერთობები.

მისივე სიტყვებითვე, „2029 წლისთვის პროექტის პირველი ფაზის დასრულება არის აბსოლუტურად რეალური“. კობახიძის თანახმად, პარალელურად მუშაობენ გზაზე, რკინიგზაზეც და „სათანადო ვადებში ყველაფერი იქნება განხორციელებული“.

ასევე ნახეთ

"შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას უკან არ გაეკიდება" - ჯეიმს კარაფანო IAM-თან ინტერვიუში

2026 წლის მარტში ანაკლიის პორტის პროექტი გააცნეს საქართველოში მყოფ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს, პიტერ ანდრეოლის.

თავდაპირველი პროექტით, პირველი გემი ანაკლიის პორტს 2020 წელს უნდა მიეღო. სწორედ იმ წელს, როდესაც „ქართული ოცნების“ მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ 2016 წელს გაფორმებული შეთანხმება გაწყვიტა.

ასევე ნახეთ

ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან მოლაპარაკება ანაკლიის პორტზე წლის ბოლოს არ უნდა გადასცდეს - კობახიძე