"ერთმანეთს არ დავტოვებთ" - ქალი ფეხბურთელები ძალადობის წინააღმდეგ

მას შემდეგ, რაც სასამართლომ გაამართლა ქალთა საფეხბურთო კლუბ “ნიკე-ლუსოს” ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც ამავე კლუბის ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ედებოდა ბრალი, ქართველმა ფეხბურთელმა ქალებმა პროტესტი პირდაპირ სტადიონზე გამოხატეს.

ეს არის ამბავი სოლიდარობასა და მხარდაჭერაზე. იმაზეც, როგორ დაგმეს ფეხბურთელმა ქალებმა მატჩის განგებ ჩაშლით ძალადობა სპორტში და თქვეს, რომ ჩემპიონობაზე, მოგებასა და გოლებზე მნიშვნელოვანი სპორტშიც - ადამიანის ღირსებაა.

ამ მხარდაჭერამ, 20 წლის ფეხბურთელი გოგოც გაამხნევა, რომელიც მარტო დაუპირისპირდა და სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა კლუბის მფლობელი და პრეზიდენტი.

დღეს ის რთულად, მაგრამ მაინც ცდილობს, ფეხბურთს დაუბრუნდეს, რადგან მხოლოდ თამაშის დროს ახერხებს დროებით მომხდარის დავიწყებას.

"ყველაფერი თავიდან განვიცადე"

“ეს ამბავი რომ გავიგე, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ჩვენი ისტორია გაცოცხლდა და ყველაფერი თავიდან დაიწყო… ჩვენთვის ეს არც ისე შორეული წარსულია, არც დასავიწყებლად მარტივი ამბავი.

ზუსტად ვიცი რას გრძნობს “ნიკე-ლუსოს” ყოფილი ფეხბურთელი ქალი ახლა, როგორ ებრძვის ყველა შიშს და შფოთვას. ვიცი, როგორ გააძლიერებს ეს მხარდაჭერა, რაც მის მიმართ ქალმა ფეხბურთელებმა გამოიჩინეს”, - გვეუბნება ლანა გორგაძე, ქუთაისის ქალთა საფეხბურთო კლუბ “მართვეს” ყოფილი ფეხბურთელი.

რადიო თავისუფლებასთან ვიდეოინტერვიუში ლანა გორგაძე გვიყვება, რა ძალა აქვს სოლიდარობას, რად ღირდა მისი და მისი მეგობრების ბრძოლა (იმ გოგოებიდან ფეხბურთი რამდენიმემ საერთოდ მიატოვა) და რა შედეგი მოაქვს დუმილს - ძალადობის შემთხვევაში.

Your browser doesn’t support HTML5

ფეხბურთელი ლანა გორგაძე ფეხბურთელ ქალებზე ძალადობასა და სოლიდარობაზე

დღეს ლანა სხვა გუნდში (ქსკ თეთრიწყარო) თამაშობს, სამი წლის წინ კი, ლანამ და მისმა რვა თანაგუნდელმა ქალმა, მაშინ - "მართვეს" ფეხბურთელებმა, პირველად, ღიად გადაწყვიტეს ხმამაღლა ელაპარაკათ სპორტში ქალთა მიმართ ძალადობაზე და საკუთარ მწვრთნელს, რომელსაც სექსუალურ ძალადობაში სდებდნენ ბრალს, სასამართლოშიც დაუპირისპირდნენ.

ასევე ნახეთ

„ვეუბნებოდით, გასახდელიდან გადი, ჯერ არ გვაცვიაო“: ქალი ფეხბურთელები მწვრთნელისგან სექსუალურ შევიწროებაზე ჰყვებიან

ეს საქმე, მაშინ, “ნიკე-ლუსოს” ფეხბურთელის საქმისგან განსხვავებით, ფეხბურთელი ქალების გამარჯვებით დასრულდა, თუმცა არც ლანას და არც მის ყოფილ თანაგუნდელებს, დღემდე არ შორდებათ განცდა, რომ დამნაშავე სათანადოდ მაინც არ დასჯილა.

“აკრძალვები, მწვრთნელის ლიცენზიის ჩამორთმევა, როგორც წესი, დროებითია ხოლმე… ამიტომ მგონია, რომ “ლანჩხუთის” ქალ ფეხბურთელთა გუნდმა, ასეთი ხმამაღალი პროტესტით ძალიან საჭირო ნაბიჯი გადადგა - იქნებ მომდევნო თაობებს მაინც არ მოუწიოთ სტადიონს გარეთ ცუდ ადამიანებთან ურთიერთობა და არც მშობელს შეეშინდეს, რომ მის შვილს გასახდელში ვიღაც უთვალთვალებს”.

"მართვეს" ფეხბურთელმა ქალებმა, სამი წლის წინ, პირველად, ღიად ილაპარაკეს სპორტში ქალების მიმართ სექსუალურ ძალადობაზე

“ნიკე-ლუსოს” ყოფილი ფეხბურთელის ამბავი ყველამ იცოდა - ფეხბურთელი ქალები ელოდნენ, როგორ დასრულდებოდა მისი ბრძოლა სასამართლოში და როცა სოლიდარობის ტალღა აგორდა, ლანამ ჯერ თითქოს გულისწყვეტა იგრძნო, რომ ის და მისი მეგობრები, წლების განმავლობაში, მარტოები ცდილობდნენ სიმართლის დამტკიცებას. მერე კი - სიამაყე:

“რადგან, მგონია, რომ ცოტათი ჩვენი წვლილიცაა იმაში, რომ დღეს ამდენი ქალი ფეხბურთელი გამოვიდა კოლეგის მხარდასაჭერად. ეს არ არის ადვილი, თან იმ ფონზე, როცა დუმს ფეხბურთის ფედერაცია, როცა ისეთ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც სამართლის უნდა გეშინოდეს. ჯერ ისიც კი არ ვიცით, რა სანქცია ელის “ლანჩხუთს”. ყველანი ამას ველოდებით”.

სოლიდარობა - “ჩემპიონობაზე მნიშვნელოვანი ღირსებაა”

“ჩვენთვის სამ ქულაზე ან თუნდაც ჩემპიონობაზე მთავარი ღირსებაა”, - “ლანჩხუთის” კაპიტნის, ნინი ჩხარტიშვილის ამ სიტყვებს, ბოლო ათ დღეში, არაერთი ფეხბურთელი ქალის საჯარო პროტესტი და სოლიდარობის განცხადება მოჰყვა - სოციალურ ქსელში “ლანჩხუთის” სოლიდარობის და “ნიკე-ლუსოს” ყოფილი წევრის, 20 წლის ფეხბურთელი გოგოს მიმართ მხარდამჭერი პოსტი პოსტზე იწერებოდა.

ქალთა საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის" პროტესტი სტადიონზე

“ლანჩხუთს” მოჰყვა “ბათუმის” და “ხობის” კლუბების, ქალთა რაგბის გუნდ “ლოკომოტივის” ღია მხარდაჭერაც.

ძალიან მალე მას შემდეგ, რაც ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის” ფეხბურთელებმა „ნიკე ლუსოსთან“ თამაშის წინ სტადიონზე საპროტესტო ბანერი გაშალეს და მატჩი ჩაშალეს, მათი სლოგანი “ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა”, სხვა კლუბების ფეხბურთელმა და მორაგბე ქალებმაც აიტაცეს.

“ჩვენი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა სექსუალური ძალადობის მსხვერპლს, საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელს, რომელიც თვეებია იბრძვის რომ დაუბრუნდეს ცხოვრებას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით” - დაწერა “ლანჩხუთმა” საკუთარ ფეისბუკგვერდზეც.

როცა 22 სექტემბერს, ქალთა საფეხბურთო კლუბ "ნიკე-ლუსოს" მფლობელი თურქი ბიზნესმენი სასამართლომ სექსუალური ძალადობის ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, “ლანჩხუთის” გუნდში უკვე იცოდნენ, რომ ამ ამბავს ისინი დუმილით არ შეხვდებოდნენ.

“როცა სასამართლოს გადაწყვეტილება გავიგეთ, უკვე ვიცოდით, რომ ჩვენი მხარდაჭერა უნდა გამოგვეხატა. არ გვინდოდა ისეთ გუნდთან გვეთამაშა, რომელიც ძალადობას დიდ პრობლემად არ აღიქვამს”, - უყვება ნინი ჩხარტიშვილი რადიო თავისუფლებას, - “ვიცით, სწორად მოვიქეცით და არაფრის გვეშინია. ეს ის მცირედი რამ იყო, რაც შეგვეძლო ჩვენი კოლეგის მხარდასაჭერად გვექნა. ასეთ დროს მარტო არავინ უნდა დარჩეს”.

Your browser doesn’t support HTML5

„ლანხუთის“ კაპიტანი ნინი ჩხარტიშვილი - სტადიონზე გამოხატულ პროტესტსა და ქალ ფეხბურთელთა მხარდაჭერაზე

ნინი ჩხარტიშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა ეს პროტესტი ძალადობის მხოლოდ ერთი კონკრეტული ფაქტის წინააღმდეგ არ მიმართეს - სტადიონზე მათი გაშლილი ბანერი და საგანგებოდ ჩაშლილი მატჩი, ქალთა ფეხბურთში უსაფრთხო გარემოს მოთხოვნასაც შეიცავდა.

მათ ყველაზე უკეთ იციან, რატომ არის ასე რთული საქართველოში ქალი ფეხბურთელობა:

“ეს სფერო სავსეა სტერეოტიპებით. როცა ამ ყველაფერს მსგავსი ფაქტებიც ემატება, ვის გაუჩნდება სურვილი, რომ თავისი შვილი მიიყვანოს ფეხბურთზე?”

“ჩვენ სპორტი გვაერთიანებს და როცა საქმე ძალადობას ეხება, ერთმანეთის გვერდით უნდა ვიდგეთ! დღეს ჩვენს ვუერთდებით იმ გოგონებს, რომლებიც ძალადობის წინააღმდეგ დგანან. სპორტი უნდა იყოს სივრცე, სადაც ქალები დაცულად, თავისუფლად და ღირსეულად გრძნობენ თავს” - დაწერა ქალთა რაგბის გუნდმა “ლოკომოტივმა”.

“ერთმანეთს არ დავტოვებთ. ქალთა ფეხბურთი მხოლოდ გოლები, მედლები და გამარჯვებები არ არის. ეს ჩვენი სივრცეა. ქალები სუსტები არ ვართ. ჩვენ უბრალოდ ძალიან დიდხანს გვთხოვდნენ ჩუმად ყოფნას. ახლა კი ჩვენი ხმა ისმის”- ეს კი ამონარიდია “ბათუმის” ფეხბურთელის, ნათია წოწერიას გამოხმაურებიდან.

ლანჩხუთის ქალ ფეხბურთელთა გუნდი

“ჩვენთვის ფეხბურთი მხოლოდ თამაში არ არის. ეს არის სივრცე, სადაც პატივისცემა, უსაფრთხოება და ერთმანეთის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. ძალადობას არ აქვს ადგილი ფეხბურთში და მითუმეტეს ქალთა ფეხბურთში. ჩვენ ვდგავართ ძალადობის წინააღმდეგ”,- ასეთი იყო ხობის “კოლხეთის” განცხადება.

“ლანჩხუთს” სოლიდარობა გამოუცხადა საფეხბურთო კლუბმა “დინამომაც”.

ძალადობის დამგმობი და ლანჩხუთის გუნდის მხარდამჭერი განცხადებები დღემდე არ წყდება.

2025 წლის საქართველოს ჩემპიონი ქალთა ფეხბურთში, ეროვნული ნაკრების და საფეხბურთო კლუბ “ნიკე ლუსოს” ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, 20 წლის ქალი თვეების განმავლობაში სასამართლოში ამტკიცებდა, რომ 2025 წლის დეკემბერში გამართული წვეულების შემდეგ ის კლუბის ყოფილმა პრეზიდენტმა და მფლობელმა, 32 წლის მეჰმეთ უიარიმ გააუპატიურა. ცხრათვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ ის სასამართლომ გაამართლა და დარბაზიდან გაათავისუფლა. კლუბის მფლობელი ამტკიცებდა, რომ არასოდეს არავისთან, მათ შორის, არც 20 წლის ფეხბურთელთან არ დაუმყარებია სექსუალური კავშირი ძალადობით.

ფეხბურთელი ქალი კი ჰყვება, რომ წვეულებიდან სახლში კლუბის პრეზიდენტის მძღოლმა წაიყვანა, თუმცა არა ნაქირავებ ბინაში, სადაც გუნდის რამდენიმე წევრთან ერთად ცხოვრობდა, არამედ უიარის სახლში, ძმები კარბელაშვილების ქუჩაზე აღმოჩნდა. ქალმა გამოძიებას მოუყვა, რომ სხვა მისამართზე აღმოჩენილს შეეშინდა და სახლის ლოკაცია თანაგუნდელს გაუზიარა. სახლში მალევე მივიდა ნასვამი მეჰმეთ უიარი, რომელმაც კარი შიგნიდან ჩაკეტა, შუქი ჩააქრო და წინააღმდეგობის მიუხედავად, მასთან სექსუალური კავშირი დაამყარა. ფეხბურთელმა ქალმა ჩვენება პოლიციას მისი სახლიდან წამოსვლის მეორე დილასვე მისცა, გაუპატიურების შესახებ მოუყვა მეგობრებსაც.

ასევე ნახეთ

20 წლის ფეხბურთელი ქალი მას გაუპატიურებაში ადანაშაულებს, ბიზნესმენი გაამართლეს - ვინ არის მეჰმეთ უიარი

„ცრუ და არასწორი“ - „ნიკე-ლუსო“

„ნიკე ლუსომ“, „ლანჩხუთის“ განცხადებას იმის შესახებ, რომ საფეხბურთო კლუბი ,,ნიკე-ლუსო’’ გასახდელში დამონტაჟებული ვიდეო კამერებით იწერდა ფეხბურთელებს, „არასწორი და ცრუ ინფორმაცია“ უწოდა.

კლუბმა ასევე უარყო ინფორმაცია, თითქოს საფეხბურთო კლუბი ,,ნიკე-ლუსო’’ გასახდელში ვიდეომონიტორინგის გამო სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დააჯარიმა და დაწერა, რომ საფეხბურთო კლუბ ,,ნიკე-ლუსოს’’ ოფისის ტერიტორიაზე „საერთოდ არ არის განთავსებული გასახდელი ოთახი“.

მათი თქმით, ,,ნიკე-ლუსოს’’ ფეხბურთელები ვარჯიშობენ და თამაშობენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბაზაზე, შესაბამისად მათ კლუბს არ აქვს არანაირი წვდომა კამერებზე.

საფეხბურთო კლუბმა ცალკე განცხადებით ისიც გააპროტესტა, რომ კლუბის ყოფილი პრეზიდენტი „მოძალადედ“ მოიხსენიება, არადა პროტესტში მონაწილე ,,ნიკე-ლუსოს’’ ფეხბურთელებს, მათ შორის მსხვერპლის სტატუსის მქონე ქალ ფეხბურთელს და მის უახლოეს ქალ ფეხბურთელ მეგობარს, „საფეხბურთო კლუბი არ დაუტოვებიათ საკუთარი ნებით“.

„საფეხბურთო მოედანი არ არის ადგილი სადაც უნდა გადაწყდეს სამართლებრივი საკითხი... ჩვენი გუნდი საფეხბურთო მოედანზე გპირდებათ მხოლოდ საფეხბურთო პერფორმანსს, ლამაზ-სანახაობრივ ფეხბურთს და დიდ გამარჯვებებს, სხვა დანარჩენისთვის კი არსებობს სასამართლო და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია”, - წერს “ნიკე ლუსო”.

ფეხბურთის ფედერაციას ამ საკითხზე ამ დრომდე საჯარო განცხადება არ გაუკეთებია. ჩვენ დავინტერესდით, მოჰყვებოდა თუ არა ფედერაციის რეაგირება კლუბ “ლანჩხუთის” საპროტესტო აქტს, აღუდგინეს თუ არა “ნიკე ლუსოს” მფლობელს სასამართლოს შემდეგ საქმიანობის უფლება. ჩვენი კითხვები უპასუხოდაა დარჩენილი.

„ეს ფეხბურთია“ - დუმილი და ძალადობა სისტემაში

სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ფეხბურთელ ქალს სასამართლოში ადვოკატი ანა თავხელიძე იცავდა. მას ვკითხეთ, რა არის იმის მიზეზი, რომ სამი წლის წინ, როცა თავისი უფლებებისთვის „მართვეს“ გოგოები იბრძოდნენ, სოლიდარობა არ ჩანდა.

ადვოკატის აზრით, ამას აქვს თავისი ახსნა - ფეხბურთი, კაცებით დომინირებული სფეროა. დღესაც კი, დაზარალებულის მხარდამჭერთა შორის ქალების ნაწილი არ დგას და მეტიც, ისინი მის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილები (კლუბის ის წევრები, რომლებიც „ნიკე-ლუსოში“ ისევ თამაშობენ).

„თუმცა, ამ ქალებმაც უნდა იცოდნენ, რომ ხვალ რომ მათ იგივე შეემთხვეთ, პროფესიულ წრეში მათაც ძალიან ცოტა მხარდამჭერი ეყოლებათ. მათ შორის არ იქნება არც ფეხბურთის ფედერაცია, გადაწყვეტილებების მიმღებები თავად კლუბებში. ამიტომ, პირველ რიგში, მათ სჭირდებათ დაზარალებულის მხარეს დადგომა, რომ ხვალ ისინი არ აღმოჩნდნენ ამ უსამართლო სისტემის პირისპირ, რომელიც ჩაგვრაზე, გენდერულ უთანასწორობაზეა დაფუძნებული“.

ამ ვიდეოში ანა თავხელიძე გვიყვება, რომელი იყო ბოლო წლების საქართველოში სპორტის სფეროში ყველაზე მასშტაბური სექსუალური ძალადობის საქმე, რომელსაც, სავარაუდოდ, ათობით დაზარალებული ბავშვი ჰყავდა, რატომ ირჩევენ მწვრთნელები ფინანსურად შეჭირვებულ ბავშვებს, რატომ არის ნორმა ამ ბავშვების მწვრთნელებთან ერთად ცხოვრება, რატომ იქცა ნორმად ქალთა ფეხბურთშიც მოედანზე შეურაცხყოფის მიყენება, დაფურთხება და გინება.

Your browser doesn’t support HTML5

ძალადობაზე სპორტში და ქალი ფეხბურთელების ბრძოლაზე - ადვოკატი ანა თავხელიძე

რამდენიმე წლის წინ, „მართვეს“ ფეხბურთელების ბრძოლამაც მოახდინა გავლენა იმაზე, რომ დღეს უფრო მეტმა ფეხბურთელმა გაბედა ძალადობის ღიად დაგმობა, თუმცა მთავარი მიზეზი, მაინც წლების განმავლობაში დაგროვილი უსამართლობა, უთანასწორობა და წნეხია, რასაც ფეხბურთელი გოგოები იტანდნენ.

„ახლა უბრალოდ ყველაფერმა ერთად ამოხეთქა“, - ამბობს ადვოკატი.

ანა თავხელიძისთვის ძალიან მკაფიოა ფეხბურთის ფედერაციის პოზიციაც - ფედერაციამ თავისი იუტუბარხიდან წამებში წაშალა „ლანჩხუთის“ პროტესტის ამსახველი ვიდეო.

„ეს ნიშნავს, რომ ისინი არიან დაზარალებულის მოწინააღმდეგე ბანაკში“.

რატომ მეორდება ძალადობა ქალთა ფეხბურთში? ამას აქვს რამდენიმე ახსნა და ერთ-ერთი ის არის, რომ თავად მართლმსაჯულების სისტემა, უიშვიათესად დგას ძალადობაგამოვლილი ქალის მხარეს.

ამის დასტური, როგორც ადვოკატი შენიშნავს, ძალადობაში ბრალდებულების გამამართლებელი განაჩენების მაღალი სტატისტიკაა.

და მთავარი, რასაც ადვოკატი გამოყოფს, ფეხბურთის ფედერაციის პოლიტიკური ნებაა, შეცვალოს ეს ვითარება ქალთა ფეხბურთში:

„რა წამსაც გადაწყვეტს მოაგვაროს ეს მდგომარეობა, მაშინვე დალაგდება პროცესი. მაგრამ რეალობა ის არის, რომ ფეხბურთის ფედერაცია დღემდე არ ითხოვს სექსუალური შევიწროებისგან დაცვის მექანიზმს, ისე ანიჭებს კლუბებს ლიცენზიას. ეს კი ყველაფერზე მეტყველებს“ - ეუბნება ანა თავხელიძე რადიო თავისუფლებას.

დაზარალებული ფეხბურთელის ქალის ბრძოლა ამ განაჩენით არ სრულდება - ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურა, საქმის გასაჩივრებას გეგმავს, და თუ მსხვერპლი სამართალს არ ვერ იპოვის, საქმე საერთაშორისო სასამართლოში წავა.

ასევე ნახეთ

ქალი ფეხბურთელები დაზარალებულად არ ცნეს სექსუალური შევიწროების, ძალადობის და თაღლითობის საქმეში

#SeAcabo: ერთი კოცნა, გლობალური პროტესტის სიმბოლო

ქალთა ფეხბურთის ისტორიაში ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული, გლობალური მასშტაბის მქონე ამბავი ლუის რუბიალესისა და ჯენი ჰერმოსოს სკანდალია იყო (2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი), რომელსაც მსოფლიო მედია ურთავდა სლოგანს #SeAcabo (ესპანურად - "დასრულდა").

2023 წლის 20 აგვისტოს, სიდნეიში გამართულ ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთის ნაკრებმა გაიმარჯვა. მედლების გადაცემის დროს, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ლუის რუბიალესმა, ფეხბურთელ ჯენი ჰერმოსოს ნებართვის გარეშე ტუჩებში აკოცა.

ყველაფერი მილიონობით მაყურებლის თვალწინ, პირდაპირ ეთერში მოხდა.

ფედერაციამ და თავად რუბიალესმა მომხდარის გამართლება სცადეს და ჰერმოსი აიძულეს, რომ საჯაროდ ეთქვა, თითქოს კოცნა თანხმობით მოხდა.

მსოფლიო ჩემპიონებმა და ესპანეთის ნაკრების წევრებმა (ალექსია პუტელასის, აიტანა ბონმატის და სხვათა მეთაურობით) უარი თქვეს ნაკრებში თამაშზე, სანამ სისტემური ცვლილებები არ მოხდებოდა. მათ მხარი დაუჭირეს მსოფლიოს სხვა ქვეყნების ფეხბურთელებმაც.

სკანდალს მოჰყვა რუბიალესის გადადგომა, ფიფას დისკვალიფიკაცია და საბოლოოდ სასამართლომ ის სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო.

ამ ამბავმა საფუძველი ჩაუყარა გლობალურ მოძრაობას, სადაც ქალმა ფეხბურთელებმა ხმამაღლა თქვეს უარი თვალი დაეხუჭათ ძალადობაზე, სექსიზმსა და სპორტში ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე.

ასევე ნახეთ

სექსუალური შევიწროება და ძალადობა ქართველ ქალ სპორტსმენებზე