Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სექსუალური შევიწროება და ძალადობა ქართველ ქალ სპორტსმენებზე  


“ბევრჯერ შემოსულა [მწვრთნელი] თამაშამდე, წელზემოთ ვიყავით ხოლმე შიშვლები, წელქვემოთაც. ჩვენ გვითქვამს, რომ გასულიყო და მერე გადიოდა, მაგრამ კვლავ იგივე მეორდებოდა”.[ფეხბურთელი ქალი]

,,2-3 წლის წინ მქონდა დაპირისპირება დირექტორთან, პირდაპირ გვაყენებდნენ შეურაცხყოფას, მარტო მე არა, ჩემს სპორტსმენებს. ითხოვდნენ ჩვენს გასახდელში შემოსვლას, უფროსობა იყვნენ და შემოდიოდნენ, ბირჟაზე არჩევდნენ მერე ყველაფერს. რომ შემოვიდნენ, გასახდელში ლიფები ეკიდა და ამას განიხილავდნენ. ეს გაგრძელდა - იქ შემოვარდნა და ბავშვების მასხრად აგდება და დაცინვა, მერე სურათებს უღებდნენ გასახდელში“. [ძიუდოს მწვრთნელი ქალი]

,,თბილისში წავსულვართ ერთად შეჯიბრებაზე, ერთ ოთახში ვყოფილვართ. გამეღვიძა და დავინახე, პორნოებს რომ უყურებდა ჩემი თანდასწრებით“. [მოფარიკავე ქალი].

ამას ჰყვებიან სპორტსმენი ქალები, რომელთა ამბებიც შეაგროვა ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“( PHR- ს). არასამთავრობო ორგანიზაციამ მოამზადა გამოკვლევა, სადაც 17 სპორტსმენი ქალი (ანონიმურობა დაცულია), თბილისიდან და რეგიონიდან, იხსენებს დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების ფაქტებს. ამ ფაქტების ნაწილზე დაიწყო სამართლებრივი მოქმედებები, შემთხვევების ნაწილმა კი „შეუმჩნევლად“ ჩაიარა.

„შეუმჩნეველი შემთხვევების“ გამო ქალები სპორტიდან მიდიან და კარიერას წყვეტენ. თავიანთ ამბებს ჰყვებიან ის ქალები, რომლებიც, ახლაც აქტიურ პროფესიულ სპორტში არიან, და ისინიც, ვინც შეწყვიტა სპორტული კარიერა.

,,ყოფილა შემთხვევები, რომ წასულან გოგოები სპორტიდან. ზოგიერთისთვის დამამცირებელია და ვერ იტანს. თან ისიც არის, რომ სწორი აღქმა არის მნიშვნელოვანი, მართლა ვიჯერებთ, რომ კაცების სპორტია და მერე რომ ვიაზრებთ, რომ შეიძლება ყველაფერი იყოს სხვანაირი, ქალებიც მეტი ვიყოთ“... [ფეხბურთელი ქალი]

,,ერთი ფაქტი იყო - კონფლიქტი მოუვიდა ერთ გოგოს და მწვრთნელმა უთხრა, ძუძუზე ხელს თუ მომაკიდებინებ, დაგტოვებო. იმ გოგომ, რა თქმა უნდა, უარი უთხრა და წავიდა. ამაზე არაფერი ვიცოდით მაშინ, მოგვიანებით გავიგეთ“. [ფეხბურთელი ქალი]

ფიზიკურ და ვერბალურ სექსუალურ შევიწროებასთან ერთად ხშირია დასჯის მეთოდად სიტყვიერი შეურაცხყოფის გამოყენება. ეს სპორტში წვრთნისა და ურთიერთობის „ჩვეულებრივი“ ფორმაა:

,,სავარჯიშო დარბაზი უნდა იყოს უსაფრთხო გარემო ბავშვისთვის. ამიტომ გვქონდა ლეიბები. ის ლეიბები იყო ტატამის გარშემო, რომ ჭიდაობის დროს თავი არ დაარტყას ბავშვმა. ხელმძღვანელებმა აგვაცალეს ერთ დღეს. ერთ-ერთმა ბავშვმა პროტესტი გამოთქვა, რატომ მიგაქვთო, დედაჩემი მიშვებს, რომ უსაფრთხოდ ვიყო აქო. [უთხრეს] გააჩუმე ენა, შე ლაწირაკო შენა. შეგთხრით ამ ლეიბს ერთ ადგილას და ა. შ.“ [ძიუდოს მწვრთნელი ქალი]

“ხშირად იყო ხოლმე ხმამაღალი ყვირილი [მწვრთნელისგან], ხელის დარტყმაც ყოფილა, პატარა რომ ვიყავი. ყვირილი და ცემა ჩვენთან უფრო ხშირია. ჩემთან არა, მაგრამ სხვებზე კი. ფსიქოლოგიურად თან ძალიან მოქმედებს. ჩვენთან არ უნდა გასუქდე, ისეთი სპორტია, და ამასთან დაკავშირებით იყო ხოლმე აქცენტი. რა მსუქანი ხარ, ღორივით ხარ და მსგავსი რაღაცები იყო ხოლმე ხშირად“.[ტანმოვარჯიშე ქალი]

,,წონასთან დაკავშირებული იყო ხოლმე ხაზგასმა და შეურაცხმყოფელი მიმართვები. გასაგებია, რომ მწვრთნელს რაღაც მიდგომები შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ თუ 2-3 კილოს გადასცდები, არ უნდა გახდეს დამცირების საფუძველი. ეს ხდებოდა პირდაპირი დაცინვით, უყვიროდა ჩემს გუნდელს, ბოჭკა ხარ, სანამ არ დაიკლებ, არ მოეთრიო აქ და მსგავსი გამონათქვამები“ [ფეხბურთელი ქალი].

კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე ხშირად მაშინ ძალადობენ კაცები ქალ სპორტსმენებზე, როცა ისინი პატარები არიან, უჭირთ ძალადობის ფორმების გარჩევა და უფრო ადვილია მათზე ფიზიკური თუ ემოციური ზემოქმედება. მოფარიკავე ქალი იხსენებს, როგორ იძალადა მასზე მწვრთნელმა, როცა არასრულწლოვანი იყო:

,,ფარიკაობაზე დავდიოდი. პატარა ვიყავი მაშინ და მერე გავიაზრე, მაშინ ვერ მივხვდი კარგად. ფარიკაობაზე ინდივიდუალურად გავარჯიშებს მწვრთნელი, ერთ ოთახში ხარ, ერთსაათიანი, საათნახევარიანი ვარჯიშები იყო ხოლმე. 13 წლის ვიყავი, მკერდზეც კი მოუკიდებია ხელი. კი არ გამოვსულვარ, მარტო თავი დამანებე-თქო მითქვამს და გამიგრძელებია ვარჯიში“.

,,პატარები რომ ვიყავით, უფრო გამოუცდელები ვიყავით, არ ვიცოდით, რა უნდა გვექნა. თან ახლა რომ ვუყურებ, როგორ ცდილობს სისტემა გადაარჩინოს, მხოლოდ ფული გადაახდევინოს და სხვა არაფერი, ეტყობა, მაგის გვეშინოდა, რომ არაფერი რეაგირება არ ექნებოდა“. [ფეხბურთელი ქალი]

,,სადაც ეს ამბები ხდებოდა, იქიდან არავინ მოგვაწვდიდა ინფორმაციას - ადმინისტრაცია, მწვრთნელი ერთად იყვნენ შეკრულები და არავინ გვეტყოდა ამაზე. როცა იქიდან წამოვედით, მერე გავიგეთ, რასთან გვქონდა საქმე“.[ფეხბურთელი ქალი]

"ჩვენი წონის სპარინგპარტნიორიც არ გვყავს და ბიჭებს ვეჭიდავებით"

ფეხბურთში მსგავსი ფაქტების შესახებ ძიუდოისტსა და ახალგაზრდებს შორის ორგზის მსოფლიო ჩემპიონ ეთერ ლიპარტელიანსაც სმენია, მაგრამ ძიუდოზე ასეთი ამბების გახსენება უჭირს.

“ადრე თუ იქნებოდა რამე, შეიძლება ჰყვებოდნენ პატარა ბავშვები და ეგრე გამიგია, მაგრამ ჭორის დონეზე ხომ ვერ ვილაპარაკებ. 2010 წლიდან ჩამაბარეს მწვრთნელს და მამასავით გვზრდის. ჩემს თაობაში ეგეთ შემთხვევაზე არ მსმენია. რეგიონში თუ მოხდა, არ ვიცი. წესით, ესეთი ამბავი ხომ მეცოდინებოდა. ალბათ, პატარები იყვნენ, რომ გაუბედეს”.

ეთერი ამბობს, თუკი ვინმე ძალადობას ან შევიწროებას გაუბედავდა, მსგავს შემთხვევას უპასუხოდ არ დატოვებდა, უჩივლებდა, მედიას გააგებინებდა და ყველაფერს იზამდა, რომ მოძალადე დასჯილიყო.

ეთერ ლიპარტელიანი
ეთერ ლიპარტელიანი

ძალადობა არა, მაგრამ გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია-განსხვავება რომ არის სავარჯიშო გარემოსა და სხვა პირობებში, ამას არც ეთერი უარყოფს.

“ახლა შედარებით გამოსწორდა სიტუაცია, ისიც იმიტომ, რომ გუნდური შეჯიბრებები დაემატა, სადაც ბიჭებთან ერთად გოგოებიც ასპარეზობენ და საჭირო გახდა, რომ გოგოებსაც ჰქონდეთ ლიცენზია.

როცა ბიჭები შეკრებებზე დადიოდნენ, ადრე სულ იყო წუწუნი იმაზე, რომ გოგოებისთვის ფული არ იყო.

ისე, ბევრად მეტი შეკრებები გვჭირდება საზღვარგარეთ. სულ, დაახლებით, 4-5 გოგო ვართ, ვისაც 2024 წლის ოლიმპიადაზე ასპარეზობა შეგვიძლია, ჩვენ კი ჩვენი წონის სპარინგპარტნიორიც არ გვყავს და ბიჭებს ვეჭიდავებით”.

ანაზღაურებასა და სავარჯიშო პირობებში სხვაობა ფეხბურთშიცაა, თუმცა როგორც გორის საფეხბურთო გუნდის წევრი სალომე ხუბულური ამბობს, ახლა ბევრად უკეთესი მდგომარეობაა.

“17 წლის წინ დავიწყე ფეხბურთი და მაშინ ფსიქოლოგიურად ძალიან რთული იყო, განწყობები ხალხის მხრიდანაც, ფედერაციაც არასერიოზულად უყურებდა საკითხს. დღეს ბევრად მეტი პროექტია ქალების გაძლიერების მიმართულებით”.

ძალადობის შემთხვევებზე მასაც გაუგია, თუმცა ამბობს, რომ ეს ერთი შემთხვევა იყო. ვის შეიძლება სპორტსმენმა მიმართოს არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში, ზუსტად არ იცის. არ იცის, რადგან არც არავინაა სპორტის სამყაროში, ვინც კონკრეტულად ქალთა მიმართ ძალადობისა ან შევიწროების შემთხვევებზე რამე შემზღუდავ წესებს აამოქმედებდა.

რა ხდება სხვაგან

ასეთი ამბები არა მარტო ქართულ სპორტში, არამედ მსოფლიოშიც ხდება. ამის ერთ-ერთი მაგალითია სიმონ ბაილისი - ამერიკელი ტანმოვარჯიშე, რომელმაც 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ფინალური ეტაპის გამართვამდე ნახევარი საათით ადრე დატოვა მენტალური ჯანმრთელობის გამო. მან ფეისბუკის ვიდეოში ილაპარაკა ძალადობასა და თავის განცდებზე.

იქამდე კი, 2018 წელს, ტვიტერზე საჯაროდ გაამხილა მომხდარი: მასზე აშშ-ის ტანმოვარჯიშეთა გუნდის ექიმმა, ლარი ნასარიმ, იძალადა.

„მიჭირს ძალადობის დროს განცდილი ემოციების თავიდან განცდა, განსაკუთრებით გულს მტკენს ის, რომ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მზადებისას მე უნდა დავბრუნდე იმ სავარჯიშო დარბაზში, სადაც ძალადობის ფაქტები ხდებოდა.

მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ჩემი გამბედავი მეგობრები ამხელდნენ ამ ადამიანს სექსუალურ ძალადობაში, მივხვდი, რომ ძალადობა არ განსაზღვრავს, ვინ ვარ მე. მე უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე ეს გამოცდილება“.

შედეგად დამნაშავეს 175-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. სიმონის გარდა, 150-მდე ადამიანი ამხელდა ლარი ნასარის ძალადობაში. განსხვავება ქართულ და უცხოურ შემთხვევებს შორის ის არის, რომ საზღვარგარეთ მუშაობს არაერთი მექანიზმი იმისთვის, რომ სპორტში გამოააშკარაონ მოძალადეები და პასუხისგებაში მისცენ.

2017-2019 წლებში 600-ზე მეტ ადამიანს ამერიკის ოლიმპიური ორგანიზაციებიდან აქვს სამუდამო სანქცია ფიზიკური, ემოციური და სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევების გამო. (UNICEF, 2010)

.ამერიკის კონგრესის თანახმად, ყველა, ვინც მონაწილეობს რაიმე ფორმით სპორტულ აქტივობებში ან დაკავშირებულია მასთან, ვალდებულია გააკეთოს შეტყობინება ნებისმიერ სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაზე, ხოლო ვინც დამალავს მომხდარს, შესაძლებელია დაეკისროს ჯარიმა ან/და თავისუფლების აღკვეთა. მსხვერპლისათვის კი კომპენსაცია 150 000 დოლარია

საერთაშორისო ძალისხმევა

2000 წელს ევროპის საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც უშუალოდ ეხებოდა სპორტში ქალების, ახალგაზრდებისა და ბავშვების სექსუალური შევიწროებისა და ძალადობისგან დაცვასა და მის პრევენციას, რომლის მიხედვითაც, ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა ეროვნულ დონეზე უნდა ჩაატარონ კვლევები და შეაგროვონ მონაცემები, იმისთვის რომ შეფასდეს ინდივიდუალური ქვეყნის დონეზე სპორტში სექსუალური შევიწროების მასშტაბი, რომელიც დაეხმარება სახელმწიფოებს ეროვნული პოლიტიკის შემუშავებაში.

საქართველო ევროპის საბჭოს წევრია, მაგრამ, როგორც კვლევის ავტორი ნანა გოჩიაშვილი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, არ არსებობს არანაირი ბერკეტი ან შიდა რეგულაცია ფედერაციებისა და კლუბების მხრიდან, რომელიც დაიცავს ქალ სპორტსმენებს ძალადობის სხვადასხვა ფორმებისგან და დააკისრებს მოძალადეებს სანქციებს.

„მექანიზმი უნდა არსებობდეს სპორტულ სამყაროში, ფედერაციას უნდა ჰქონდეს მწვავე რეაქცია ასეთ ფაქტებზე. როდესაც კონტრაქტი ფორმდება სპორტსმენთან, მათ იცავს შრომის კოდექსი, მაგრამ შიდა მექანიზმები არ არსებობს, რომელიც შეაკავებს პოტენცურ მოძალადეს მსგავსი ფაქტების განხორციელებისგან.

ბავშვების შემთხვევაში შეიძლება კონტრაქტიც არ იყოს, ამიტომ სპორტულ წრეებში ჩართულ ბავშვებს კიდევ ცალკე რეგულაციები სჭირდებათ და სპეციფიკური მიდგომაა შესამუშავებელი“.

სად შეუძლიათ სპორტსმენ ქალებს თავის დაცვა

ის რაც სპორტსმენებს სურთ, ცნობიერების ამაღლებაა და რაიმე სახის შიდა რეგულაციის არსებობაა იმისთვის, რომ სპორტსმენს ჰქონდეს მექანიზმი არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში მიმართოს ფედერაციას ან სხვა ზემდგომ ორგანოს დახმარებისთვის.

,,არაფერი მსგავსი. თუმცა უშუალო ურთიერთობა სულ მაქვს პრეზიდენტთან, იმათაც იცოდნენ, რომ ასეთ დღეში ვიყავი. მეხვეწებოდნენ, გამაგრდით, შეიცვლება რამეო, მაგრამ სხვა არაფერი. რომ ჩარეულიყვნენ, ალბათ, უფრო უმტკივნეულო იქნებოდა და თავისი სახელი დაერქმეოდა ყველაფერს“ [ძიუდოს მწვრთნელი ქალი].

,,კი, ძალიან მნიშვნელოვანია. თავს დაუცველად ვგრძნობ. მერე რა, რომ ძიუდოისტები ვართ. რამე უნდა იყოს, რომ ბავშვს შეეძლოს ასეთ დროს მისვლა, გასაუბრება, ქალი მწვრთნელებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. კარგი იქნება, თანაბარ პირობებში რომ ვყოფილიყავით“ [ძიუდოს მწვრთნელი ქალი].

დღეს რაც სპორტსმენებს შეუძლიათ, ეს სასამართლოში ჩივილია, თუმცა ყველას არც ამის ემოციური მზაობა და არც ფინანსური რესურსი აქვს, დაიქირაოს ადვოკატი და შემდეგ წლობით ამტკიცოს თავისი სიმართლე. თუმცა რეგულაციების შემოღებასთან ერთად სპორტსმენები პირველ და მთავარ გამოსავალს ხმის ამოღებაში ხედავენ.

,,ვისურვებდი, რომ ყველა ბავშვმა, როცა ასეთი რამე მოხდება, მაშინვე დააფიქსიროს ეს, არ შეეშინდეს არაფრის, არ მათამაშებს და რამეს დავაკლდები. ეს შიშები არ უნდა ჰქონდეს ბავშვს. ფედერაციამ უნდა გადაამზადოს ტრენერები, რომ ქალ სპორტსმენებში არ იყოს შიში. ეს ინფორმაცია უნდა იყოს მისაწვდომი, ყველა ტრენერი გადამზადებული უნდა იყოს, რომ თვითონაც არ გააკეთოს ასეთი რამე, რომ თუნდაც ბავშვს ფსიქოლოგიური შიში ღარ ჰქონდეს, რომ ვიღაც შეავიწროებს იმის გამო, რომ ქალია. ბავშვებსაც უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია და ტრენერებიც უნდა იყვნენ გადამზადებული“. [ფეხბურთელი ქალი].

,,არ არის ასეთი გარემო. ორ მწვრთნელთან მქონდა უკვე ასეთი შემთხვევა. ვერც ერთ კაცს ვერ ვენდობი უკვე, ყველგან ახალგაზრდა ბიჭები არიან მწვრთნელები და სანდო არავინ არის. ერთმა და ორმა თუ გაბედა, ყველა გაბედავს. თუ გავრცელდება სადმე ეს ინფორმაცია, უფრო თავს შეიკავებენ. უნდა გამჟღავნდეს, თუ ვინმე გააკეთებს“. [ფეხბურთელი ქალი]

,,მნიშვნელოვანია ამაზე ხმამაღლა საუბარი, რომ სხვებმა ნახონ, რომ მარტო არ არიან და არ შეეშინდეთ. მედიას როლიც ძალიან მნიშვნელოვანია. მასშტაბურად უნდა დაიწყოს ამაზე საუბარი“. [ფეხბურთელი ქალი]

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG