ქართველი მინისტრის პორტრეტი: სად ცხოვრობს, რით ერთობა და რა ქონებას ფლობს

  • 11 მინისტრიდან ერთის გამოკლებით ყველა ფლობს კერძო სახლს;
  • მინისტრების თითქმის ნახევარს ერთზე მეტი საცხოვრებელ სახლი აქვს;
  • მინისტრების მესამედი ფლობს ბინას ვაკეში და მათი სახლები ჭავჭავაძის გამზირზე, აბაშიძის ან ფალიაშვილის ქუჩებზე მდებარეობს;
  • მხოლოდ ერთს ჰყავს 1-ზე მეტი მანქანა, 3-ს კი ავტომობილი საერთოდ არ ჰყავს;
  • 11-დან 3 მინისტრი შემოსავალს იღებს უძრავი ქონების გაქირავებით;
  • ყველა მინისტრს, შვილი ან შვილები კერძო სკოლებში დაჰყავს;
  • მინისტრთა უმეტესობას აქვს დანაზოგი, რომელიც 10 000 ლარზე მეტია.

მონაცემები ეყრდობა მინისტრების სხვადასხვა წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებს, სადაც გარდა არსებული ქონებისა, საინტერესო დანახარჯებიც ჩანს.

აი მაგალითად:

  • იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 2017 წელს 31 205,55 ლარი საზეიმო ცერემონიების ორგანიზებასა და სტუმრების მომსახურებაში დახარჯა, 7 826,5 ლარი კი ხეების შესყიდვაში, 24 033 ლარი აუზის მოწყობაში.
  • შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 2018 წელს 120 000 $ აჩუქა მამას, მშობლების საცხოვრებელი ბინის რემონტისთვის კი 50 000 ლარი გამოყო. მისმა მეუღლემ 2018 წელს 720 000 ლარის ღირებულების უძრავი ნივთი შეიძინა, რომელიც დეკლარირებული არ არის ქონებაში.
  • ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ოჯახის წევრების სპორტულ აბონემენტებში 5890 ლარი გადაიხადა, შვილების სწავლის საფასურში კი თითქმის 30 000 ლარი.
  • ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ ბინის გაქირავებით გასულ წელს 112 000 ლარის შემოსავალი მიიღო. ამ მინისტრმა გასულ წელს 2 მილიონზე მეტის აქციები შეიძინა. გიორგი ქობულია ფლობს ასევე მინისტრებს შორის ყველაზე ძვირადღირებულ მანქანას, 2012 წელს 123 453 ევროდ შეძენილ პორშე პანამერას.
  • განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხელ ბატიაშვილი ერთადერთია მინისტრებს შორის, რომლის ქონებრივ დეკლარაციებშიც ტანსაცმელში დახარჯულ ფულს ვხდებით. მინისტმა 2018 წელს 1224 ევროს და 2276 ლარის სამოსი შეიძინა.
  • პრემიერ მინისტრს, მამუკა ბახტაძეს თბილისში უძრავი ქონება არ გააჩნია. მის ქონებას შეადგენს მცხეთაში, კოსმონავტების ქუჩაზე 2016 წელს საჩუქრად მიღებული 355 კვ.მ-ის საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი.
  • თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მინისტრობის გარდა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელიცაა და წელიწადში ამ საქმიანობიდან 7200 ლარს იღებს.

ქონება საქართველოს საზღვრებს გარეთ

2018 და 2016 წლებში აქვს შეძენილი მოსკოვში ბინა, არასაცხოვრებელი ფართი და ავტოფარეხი ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას.

2013 წელს შევსებული დეკლარაციით შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი

გახარია ფლობს ქონებას რუსეთში, მისი ცოლი კი 395 კვ.მ ფართს თბილისში, მაზნიაშვილის ქუჩაზე. მშობლებს აქვთ ორი ბინა თბილისში, ორი მიწის ნაკვეთი ხორნაბუჯსა და წავკისში და ერთი ავტოფარეხი თბილისში. ამავე დეკლარაციის მიხედვით ის იყო პარტნიორი რუსეთის ფედერაციაში რეგისტირებული კომპანიისა LLS "Koxta", საიდანაც 2012 წელს 82000. დოლარის შემოსავალი მიიღო. ამ კომპანიიდან 136000.00 დოლარის შემოსავალი ჩანს 2015 წლის დეკლარაციაშიც.

საფრანგეთში, სტრასბურგში ფლობდა უძრავ ქონებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც მისი კუთვნილი სახლი 2016 წელს 222 519 ევროდ გაყიდა. გაყიდვამდე ამ ბინის გაქირავებით მინისტრი წელიწადში 13 200 ევროს იღებდა.

გერმანიასა და ხორვატიაში ფლობს უძრავ ქონებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილიც. 2018 წლის დეკლარაციაში ჩანს 1959 წელს მისი ქმრის მემკვიდრეობით მიღებული 280 კვადრატული საცხოვრებელი სახლი, რომლის რესტავრაციაშიც ოჯახმა 220000 ევრო გადაიხადა. ციხელაშვილის ოჯახის ქონებას შეადგენს ასევე ერთი სახლი და ერთი ბინა ბერლინში, რომელთა საერთო ღირებულება 600 000 ევროს შეადგენს და 200 000 ევროს ღირებულების სახლი ხორვატიაში, რომლის 80%-იანი წილის მფლობელიც მინისტრის ქმარია. ოჯახი საქართველოში წყნეთში აუქციონის წესით ქირაობს სამთავრობო აგარაკს.

მინისტრების უმეტესობა ფლობს კერძო სახლს ან მიწის ნაკვეთს თბილისის შემოგარენში. მინისტრების და მათი ოჯახის წევრების აგარაკები და საცხოვრებელი სახლები თბილისის სიახლოვეს რუკაზე ასე გამოიყურება.

ქონება საჩუქრად

ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მის მფლობელობაში არსებული 407,7 კვ.მ სახლი და ორი მიწის ნაკვეთი კოჯორში 2014 წელს საჩუქრად მიიღო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ამ დროს მთავრობის კანცელარიის უფროსი, შესაბამისად, საჯარო პირი იყო. 2014 წელს ცქიტიშვილმა საჩუქრად მიიღო ავტომობილიც, 2009 წელს გამოშვებული მიცუბიშ პაჯერო.

საჩუქრად მიიღო მინისტრობისას 76 000 ლარად შეფასებული 6 000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი სვანეთში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაც. თეა წულუკიანს უფრო ადრე, 2005 წელს ასევე საჩუქრად აქვს მიღებული მიწის ნაკვეთი, სახლი და ავტოფარეხი სოფელ დიღომში.

საჩუქრად მიიღო დუშეთის რაიონის სოფელ ქუბრიაანთკარში მდებარე მიწის ნაკვეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ცოლმა, ლელა მიგრიაულმა 2013 წელს. ამ დროს სერგეენკო უკვე იკავებდა მინისტრის თანამდებობას.

ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში

დავით ზალკანიანის შვილი, ნინო ზალკანიანი 2016 წელს იკავებდა შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის შრომითი ურთიერთობების და სოციალური პარტნიორობის სამმართველოს სპეციალისტის თანამდებობას.

საჯარო სამსახურშია დასაქმებული იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ქმარიც. 2017 წლის დეკლარაციის მიხედვით, ნუგზარ კაკულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა და ამ თანამდებობაზე მისმა 9 თვის ხელფასმა 43920,82 ლარი შეადგინა. ამ თანამდებობამდე ნუგზარ კაკულია იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი იყო.

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას ცოლი, ლანა მანჯგალაძე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობას იკავებს და მისი წლიური ხელფასი 2017 წელს 27640,07 ლარი იყო.

მანქანები

  • მინისტრების თითქმის ნახევარი ავტომობილს ფლობს და დეკლარაციაში აღნიშნული აქვს ცოლის/ქმრის მანქანა.
  • მინისტრების ავტოპარკში ყველაზე პოპულარული ტოიოტას მანქანებია.
  • მინისტრებიდან ყველაზე მეტი, სამი ავტომობილი ჰყავს გიორგი ქობულიას.
  • მინისტრებიდან ავტომობილის შესაძენად კრედიტით სარგებლობს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, რომელმაც 2017 წელს გამოშვებული LAND ROVER RANGE ROVER VELAR 83 500 ლარად 2018 წელს შეიძინა. ამავე წელს მისმა ცოლმა საჩუქრად მიიღო MAZDA CX 5.

მინისტრების და მათი ოჯახის წევრების ავტოპარკი დაახლოებით ასე გამოიყურება. დეკლარაციაში მითითებული მანქანების მოდელებისა და გამოშვების წლების მიხედვით Google-ში მოძიებული ფოტოების მიხედვით აწყობილი "ავტოპარკი" შესაძლოა არ ემთხვეოდეს რეალური მანქანის ფერს.

მინისტრების ავტოპარკი დაახლოებით ასე გამოიყურება. დეკლარაციაში მითითებული მანქანების მოდელებისა და გამოშვების წლების მიხედვით Google-ში მოძიებული ფოტოების მიხედვით აწყობილი "ავტოპარკი" შესაძლოა არ ემთხვეოდეს რეალური მანქანის ფერს.