რისთვის იბრძვიან თემირლანის მშობლები?

Your browser doesn’t support HTML5

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები - მალხაზ მაჩალიკაშვილი და აიზა მარგოშვილი სასამართლოს გზით ცდილობენ დაიცვან თავიანთი შვილის უდანაშაულობის პრეზუმფცია. "დილის საუბრების" სტუმრის, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" სისხლის სამართლის ადვოკატის, ქეთი ჩუთლაშვილის თქმით, გარდა იმისა, რომ ჯერ კიდევ დაუსრულებელია გასული წლის დეკემბრის ბოლოს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას ძალის სავარაუდო გადამეტების საქმე, სახელმწიფო საზოგადოებას პერიოდულად აწვდის ინფორმაციას თემირლან მაჩალიკაშვილის თითქოსდა დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ, რითიც არღვევს ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფციას. ადვოკატი ყვება ფაქტებზე, როცა სახელმწიფომ დაარღვია თემურ მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფცია. ქეთი ჩუთლაშვილი აღწერს მალხაზ მაჩალიკაშვილის მდგომარეობას: "ერთია ის, რომ თემირლანი მოკლეს და მის გვერდით აღარ არის და ეს არის მისთვის ძალიან დიდი ტრაგედია და ოჯახისთვის არის ძალიან დიდი ტრაგედია. ამ ტრაგედიის ფონზე კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ სახელმწიფო უწყებებმა ყოველგვარი განსჯის, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე თემირლანი გამოაცხადეს ტერორისტად და დაადანაშაულეს მისთვის უმძიმეს დანაშაულში - ტერორიზმში".