სერიოზული საფრთხეა სომხეთისთვის - პრორუსი ექსპრეზიდენტი ქოჩარიანი „ტრამპის მარშრუტზე“

ნიკოლ ფაშინიანი გეოპოლიტიკის რობერტ ქოჩარიანისეულ ცოდნას „მოძველებულს“ უწოდებს და ამბობს, რომ პროექტი უსაფრთხოების გარანტიებს მოიტანს.

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, პრორუსული ოპოზიციური პარტია „სომხეთის ალიანსის“ ლიდერი რობერტ ქოჩარიანი აცხადებს, რომ „ტრამპის მარშრუტი“ - სატრანზიტო პროექტი, რომელიც აშშ-სომხეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი ინიციატივით იგეგმება, - საფრთხის შემცველია სომხეთისათვის.

პასუხად პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ქოჩარიანის ცოდნა რეგიონული გეოპოლიტიკის შესახებ „მოძველებულია“.

მისი თქმით, ეს პროექტი, რომელიც მრავალმილიონიან ინვესტიციებს ითვალისწინებს, „აუცილებლად მოიტანს მნიშვნელოვან უსაფრთხოების გარანტიებსაც“.

„ყველაზე დიდი საფრთხე“

ქოჩარიანმა განაცხადა, რომ პროექტი მხოლოდ აზერბაიჯანსა და თურქეთს წაადგება, ხოლო შეერთებული შტატები მას სომხეთის მეზობელ ირანზე ზეწოლის გასაძლიერებლად გამოიყენებს.

„TRIPP-ი („ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“) არის სომხურ-ამერიკული პროექტი აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის“, - განაცხადა მან 29 იანვარს პრესკონფერენციაზე.

„ეს ალბათ ყველაზე ზუსტი განმარტებაა. სომხური ინტერესი აქ საერთოდ არ ჩანს“, - განაცხადა ქოჩარიანმა.

„აშშ-ს სამხრეთ კავკასიაში ნულოვანი ეკონომიკური ინტერესი აქვს. ეს ყველაფერი ერთ გარემოებას უკავშირდება - ირანს. ირანთან საზღვრის კონტროლის აღების გარდა, სხვა მოტივი არ არსებობს“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, პროექტზე ირანის ნეგატიური რეაქცია სომხეთს რეგიონის „ძირითადი გეოპოლიტიკური ძალების შეჯახებაში“ ჩაითრევს.

„TRIPP-ი ჩვენი უსაფრთხოების ყველაზე დიდ საფრთხედ იქცევა“, - განაცხადა მან.

ასევე ნახეთ „ისტორიული დღე“ - ალიევი და ფაშინიანი ტრამპთან
  • 2026 წლის 7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება;
  • ჯერ უცნობია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას მასში ქოჩარიანი და მისი „სომხეთის ალიანსი“ - ამჟამად ქოჩარიანის პარტია 101-წევრიან პარლამენტში 29 ადგილს აკონტროლებს.
  • ოპოზიციურ ფლანგზე ძირითად ძალად ამ ეტაპზე იკვეთება დაპატიმრებული რუსი-სომეხი ბიზნესმენის, სამველ კარაპეტიანის პარტია, რომლის საარჩევნო სიასაც სათავეში, სავარაუდოდ, კარაპეტიანის ძმისშვილი ჩაუდგება.

„მრავალმილიონიანი ინვესტიციები“

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღესვე ჟურნალისტებთან საუბრისას მოკლედ უპასუხა ქოჩარიანის განცხადებას და თქვა, რომ ექსპრეზიდენტის ცოდნა რეგიონული გეოპოლიტიკის შესახებ „მოძველებულია“.

„TRIPP-ი, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური საინვესტიციო პროექტია და ეს პროექტი სომხეთში მრავალმილიონიანი დოლარის ინვესტიციებს გულისხმობს“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ფაშინიანმა ასევე თქვა, რომ ეს მსხვილი საინვესტიციო პროექტი „აუცილებლად მოიტანს მნიშვნელოვან უსაფრთხოების გარანტიებსაც“.

მან ასევე თქვა, რომ ტყუილია, თითქოს აშშ-ს პროექტში ეკონომიკური ინტერესები არ აქვს.

„როგორ შეიძლება ისეთ ქვეყანას, როგორიც შეერთებული შტატებია, რომელიც მთლიანად ეკონომიკურ ლოგიკაზეა აგებული, არანაირი ეკონომიკური ინტერესი არ ჰქონდეს? ნუთუ თქვენ არ აკვირდებით პრეზიდენტ ტრამპის მიერ გატარებულ პოლიტიკას?“ - იკითხა მან.

„მის ყველა გადაწყვეტილებას ეკონომიკური დასაბუთება აქვს, რადგან შეერთებული შტატების ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა, - რისთვისაც, რა თქმა უნდა, საჭიროა უსაფრთხოება, - პრეზიდენტ ტრამპისთვის პრიორიტეტულია — ისევე როგორც ყველა ქვეყნის ლიდერისთვის, სულ მცირე, მათთვის, ვინც საკუთარი ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ასევე ნახეთ ჯეი დი ვენსი თებერვალში სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა - ტრამპი
  • 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში, ტრამპი-ალიევი-ფაშინიანის სამიტზე გამოცხადდა სატრანსპორტო დერეფნის პროექტი სახელწოდებით „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP);
  • 2026 წლის 13 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ვაშინგტონში შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც გამოაქვეყნეს საერთო „ტრამპის მარშრუტის განხორციელების ჩარჩო შეთანხმება“.
  • 22 იანვარს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კულუარებში ილჰამ ალიევმა და დონალდ ტრამპმა შეხვედრა გამართეს.
  • შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი თებერვალში ეწვევა სომხეთსა და აზერბაიჯანს.
ასევე ნახეთ "ტრამპის მარშრუტი" - სად არის საქართველო საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის გზაზე?