ღარიბაშვილი რადიო თავისუფლების გამოძიებაზე: სიმართლე, ნახევრად სიმართლე, ტყუილი?

2 ივნისს, “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტური გამოძიების - "ირაკლი ღარიბაშვილის მაჯის საათები" გამოქვეყნებიდან ერთი თვისა და 9 დღის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პირველად დაარღვია დუმილი.

მან, ძვირადღირებული მაჯის საათების შესახებ, "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

წამყვანმა ღარიბაშვილს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა:

  1. მეუღლესთან ერთად, მართლაც ფლობდა თუ არა, ჯამში ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების საათებს;
  2. თუ კი, რატომ არ ასახა ეს საათები ქონებრივ დეკლარაციაში;
  3. და რა ღირდა საათი, რომელიც მინისტრს იმ წუთას, სტუდიაში, მაჯაზე ეკეთა.

ბოლო კითხვა წამყვანმა ორჯერ დასვა.

რომელი საათი ეკეთა იმ დღეს მინისტრს, ამის შესახებ გაიგებთ ტექსტის ბოლოს, იქამდე კი:

რა გავიგეთ ახალი, მინისტრის პასუხებით?

თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ფაქტები განზრახ იყო დამახინჯებული,თუმცა კონკრეტულად, მაინც რა დაამახინჯა ჟურნალისტურმა გამოძიებამ, არ უთქვამს.

ღარიბაშვილმა თქვა, რომ პრემიერობამდე ივანიშვილის კომპანიებიდან მაღალი შემოსავალი ჰქონდა.

მან თქვა, რომ “არ არის ღია ინფორმაცია” რომ პრემიერობის შემდეგ მან სხვადასხვა კერძო კომპანიისგან მიიღო ნახევარი მილიონი ლარი, თუმცა ეს თანხა არის “ოფიციალურად დეკლარირებული”.

მივყვეთ თანმიმდევრობით:

ღარიბაშვილი მართლაც მუშაობდა ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში, 2004-2012 წლებში, მისი შემოსავლის სრული ოდენობა უცნობია, თუმცა ცნობილია რა ქონებით მოვიდა ხელისუფლებაში. ღარიბაშვილმა პირველი ქონებრივი დეკლარაცია შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში შეავსო. დეკლარაციის მიხედვით 2012 წლის 21 დეკემბრისთვის ღარიბაშვილს ჰქონდა 20 ათასი ლარი დანაზოგი და არ ჰქონდა არც ერთი მაჯის საათი. კანონით იგი ვალდებული იყო მისი და მისი მეუღლის კუთვნილი 10 ათას ლარზე ძვირად ღირებული ნივთი და 500 ლარზე მეტად ღირებული ნებისმიერი საჩუქარი აესახა დეკლარაციაში.

თუ ღარიბაშვილს ძვირადღირებული საათები ხელისუფლებაში მოსვლამდე ჰქონდა, მაშინ გამოდის, რომ მან დამალა და არ ასახა ეს ქონება დეკლარაციაში;

თუ არ ჰქონდა და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიძინა, მაშინ მან არც ის შემოსავლის წყარო მიუთითა დეკლარაციაში, რისი მეშვეობითაც შეძლო ძვირადღირებული ბრენდების საათების შეძენა, ან, თუ აჩუქეს, დამალა, საჩუქარი. კანონი ნებისმიერ შემთხვევაში დაირღვა.

ჟურნალისტმა ღარიბაშვილს ჰკითხა თუ რატომ არ აქვს ღარიბაშვილს მითითებული დეკლარაციაში ნახევარი მილიონის ღირებულების საათები?

თავდაცვის მინისტრის პასუხი ასეთი იყო:

“სისულელეა, არასწორია. ეს არის მიზანმიმართული, დამახინჯებული ფაქტები, რომლითაც, რა თქმა უნდა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა იყო განზრახული."

  1. სახელმწიფო თანამდებობებს შორის მიღებული შემოსავალი არ არის კავშირში საათების შეძენასთან, “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებ საათებს ღარიბაშვილი პრემიერობის დროს, 2014-15 წლებში ატარებდა. ამის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო მასალა მისი ოფიციალური ფეისბუკ გვერდიდან იყო მოძიებული.
  2. მინისტრმა ღარიბაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ კერძო კომპანიაში მხოლოდ” ბოლო ორ წელში” ნახევარი მილიონი ლარი გამოიმუშავა.

ღარიბაშვილი პრემიერის პოსტიდან 2015 წლის დეკემბერში წავიდა. თავდაცვის სამინისტროს საიტზე, მის ბიოგრაფიაში წერია, რომ სახელმწიფო სამსახურიდან წასვლისა და კვლავ უკან დაბრუნების შუალედში, კერძო სექტორში მან 18 თვე იმუშავა.

2019 წელს, თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ შევსებული ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, “ევრო - აზიურ მენეჯმენტ ჯგუფში” ღარიბაშვილმა 1 წლის განმავლობაში 170 ათასი ლარი გამოიმუშავა.

კიდევ 6 თვის მონაცემები წესით ღარიბაშვილის მიერ შევსებულ მომდევნო დეკლარაციაში უნდა მოხვდეს. გამოდის, რომ თუ ღარიბაშვილი სიმართლეს ამბობს, მას 6 თვეში დაახლოებით 330 ათასი ლარის შემოსავალი მიუღია, მაშინ ამ შემოსავლის წყარო ან წყაროებიც შემდეგ დეკლარაციაში უნდა გამოჩნდეს.

ბოლო დეკლარაციის მიხედვით ღარიბაშვილმა დაახლოებით 250 ათასი ლარის სესხი აიღო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბანკი ქართუსგან, ავტომანქანის შესაძენად და ბაკურიანში სახლის ასაშენებლად.

საიდან და როგორ იშოვა ირაკლი ღარიბაშვილმა ნახევარი მილიონი მაინც გაურკვეველი რჩება - ან მინისტრის ბიოგრაფიაშია არასწორი ინფორმაცია, ან მის ქონებრივ დეკლარაციაში.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რომელი საათი უკეთია ახლა, ღარიბაშვილმა ასე უპასუხა:

"არა ისეთი, როგორიც...რა მიშვნელობა აქვს. Მე გეტყვით, რომ მე არავისთვის... არც მე და არც ჩემს ოჯახს არავისთვის არაფერი წაგვირთმევია"

რუსთავი -2-ის სტუდიაში ღარიბაშვილს ეკეთა მისი კოლეექციიდან ერთ- ერთი, ძვირადღირებული როლექსის ბრენდის საათი. (ეს “რადიო თავისუფლებას” ბრენდული საათების სპეციალისტმა დაუდასტურა)

Rolex Cosmograph Daytona - ფოლადისგან დამზადებული მექანიკური საათია, რომელსაც აქვს ავტომატური მომართვის ფუნქცია. მისი მთავარი ღირსება თავად ბრენდი როლექსი და მასში გამოყენებული ზენიტის ფირმის მექანიზმია.
ამ საათის საბაზრო ფასი 30 ათას დოლარს აჭარბებს, რაც დღეს 90 ათას ლარზე მეტია. ღარიბაშვილს ეს საათი ქონებრივ დეკლარაციაში შეტანილი არ აქვს.

ასევე ნახეთ ქართული რკინიგზის რუსული კონტრაქტი

საბოლოო ჯამში, ღარიბაშვილის პასუხი, და მთავარი არგუმენტი, საიდან აქვს მას “არც ისეთი” [ძვირადღირებული] საათები, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ამას კანონი ითხოვს, არ არის ასახული მის ქონებრივ დეკლარაციაში, ასე ჟღერს:

„...გითხარით ჩემი „ბექგრაუნდი“, ჩემი ასე ვთქვათ, გამოცდილება და ადამიანთან, რომელიც არის, ასე ვთქვათ, ჩემი ხელმძღვანელი და რომელთანაც ვმუშაობდი უკვე ჯამში 16-17 წელია. კითხვა სად არის ამ შემთხვევაში, რატომ უკეთია ღარიბაშვილს ძვირადღირებული საათი?...გეტყვით რომ ფაქტები არის მიზანმიმართულად დამახინჯებული."