„ყველაზე საშინელი კოშმარი“: დრეზდენის დაბომბვის 75-ე წლისთავი

მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელ ზამთარში მოკავშირეთა ბომბდამშენებმა მიწასთან გაასწორეს გერმანიის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი დრეზდენი, დაიღუპა ათიათასობით ადამიანი. დრეზდენის განადგურებას მოჰყვა მწვავე დისკუსია იმაზე, თუ რამდენად აუცილებელი იყო ამის გაკეთება.

დრეზდენის ხედი XIX საუკუნის ბოლოს, როცა ქალაქი მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი იყო.

დრეზდენის „ფრაუენკირხე“ (ღვთისმშობლის ტაძარი) 1930 წელს. ცოტა ხნის შემდეგ გერმანიაში ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ ნაციონალ-სოციალისტები და რამდენიმე წელში ევროპა ომის ცეცხლში გაეხვია.

საბჭოთა ჯარისკაცები პოლონეთის ფრონტზე 1945 წელს. ერთი თვის შემდეგ მოკავშირეთა ჯარებმა ნაცისტური გერმანიის დასავლეთ საზღვრებთან მოიყარეს თავი, წითელი არმია კი გერმანიის აღმოსავლეთ ტერიტორიებზე მიიწევდა წინ.

ბრიტანეთის Lancaster-ის ტიპის ბომბდამშენები ევროპის თავზე მეორე მსოფლიო ომის დროს. 1945 წლისთვის ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა დაიწყეს გერმანიის ქალაქების მასირებული დაბომბვა, რაც მიზნად ისახავდა „მოსახლეობის მორალურად გაეტეხვას". მანამდე ნაცისტებმა 40 ათასზე მეტი ბრიტანელი მოკლეს სამოქალაქო ცენტრებზე განხორციელებული იერიშების შედეგად.

ბრიტანულ ბომბდამშენ Lancaster-ში ტვირთავენ აალებად მასალას და ერთ ფუგასის ბომბს. 1945 წლის 13 თებერვალს, დილის 10 საათზე, 244-მა Lancaster-მა აალებადი მასალა და ცეცხლგამჩენი ბომბების წვიმა დააყარა დრეზდენს.

დაბომბვის შემდეგ დრეზდენის გარეუბნების თავზე კვამლი დგას. პირველი საჰაერო რეიდიდან სამ საათში დრეზდენის მეხანძრეები ცეცხლს ებრძოდნენ, მოსახლეობა კი საცავებიდან ამოძვრა. ბრიტანეთის ბომბდამშენების მეორე ტალღის დროს ღამით კიდევ 1800 ტონა ბომბები ჩამოყარეს ალმოდებულ ქალაქში.

მომდევნო დღეს ამას მოჰყვა ახალი დაბომბვა, მათ შორის იყო აშშ-ის 311 ბომბდამშენი Boeing B-17.

კვამლში გახვეული დრეზდენი დაბომბვის შემდეგ, 16 თებერვალს.

ჩონჩხად ქცეული ქალაქი დაბომბვის შემდეგ. 9 წლის გერმანელმა ბიჭმა, რომელიც ქუჩაში იყო დაბომბვის მეორე ტალღის დროს, ასე აღწერა თავის მიერ განცდილი: „ცეცხლი, ყველგან ცეცხლი, საითაც ვიყურებოდით... ეს იყო დაუჯერებელი რამ, ყველაზე საშინელ კოშმარზე უარესი“.

გროვად თავმოყრილი გვამები, სანამ მათ კრემაციას გაუკეთებდნენ. დრეზდენზე იერიშის დროს 25 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, მრავალი მათგანი დაიწვა ცეცხლის ქარიშხალში, რომელიც იმდენად მძლავრი იყო, რომ პირდაპირი მნიშვნელობით ისრუტავდა ხალხს.

გვამები დრეზდენის სარდაფში, სადაც ბომბებისგან იცავდნენ თავს. ვინაიდან მძლავრი ხანძარი ჰაერიდან ჟანგბადს იწოვდა, ხალხი საცავებში იგუდებოდა.

ფრაუენკირხესა და მარტინ ლუთერის ძეგლის ნანგრევები დაბომბვის შემდეგ (მე-2 სურათში იხ. ეკლესია და ძეგლი დაბომბვამდე).

ამერიკელმა მწერალმა კურტ ვონეგუტმა, რომელიც დრეზდენის მახლობლად სამხედრო ტყვეობაში იყო დაბომბვის დროს, ამ მოვლენებზე დაწერა თავის ცნობილ რომანში „სასაკლაო-5“. ვონეგუტი აღწერს, როგორ იყო დრეზდენი გახვეული ცაში აღმართულ დიდ ალში, რომელიც „შთანთქავდა ყველაფერ ორგანულს, ყველაფერს, რაც იწვის“.

ნანგრევები დრეზდენის ცენტრში. როგორც ერთი ყოფილი ბრიტანელი სამხედრო ტყვე იხსენებს, რომელიც დაბომბვას შეესწრო, ნანგრევებში შეიძლებოდა ზრდასრული ადამიანების დანახშირებული გვამების გარჩევა, მაგრამ პატარა ბავშვებისგან ცოტა რამღა იყო დარჩენილი, ვინაიდან „მათი ძვლები ნაზი იყო უბრალოდ დნებოდა“.

მოსახლეობის „დემორალიზაციის“ გარდა დრეზდენის დაბომბვის მიზანი იყო აღმოსავლეთ გერმანიის გზების გავსება ლტოლვილებით, რათა გადაადგილებაში შეეშალათ ხელი მოახლოებული საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ მებრძოლი ნაცისტური დამხმარე ჯარებისთვის.

იმ პერიოდის ამერიკულ საინფორმაციო გამოშვებაში ნათქვამია, რომ დაბომბვამ „დახმარება გაუწია [საბჭოთა] ძალებს, რომლებიც 70 მილით [115 კილომეტრით] იყვნენ დაშორებული“ დრეზდენიდან.

დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ მფრინავებისთვის დაგზავნილ მემორანდუმში ასევე აღნიშნულია, რომ დაბომბვა, სხვათა შორის, „რუსებს აჩვენებს, როცა ისინი მოვლენ, თუ რის გაკეთება ძალუძს [დიდი ბრიტანეთის] ბომბდამშენი ფლოტის სარდლობას“.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილს დაეჭვება ეტყობოდა მას შემდეგ, რაც დაბომბვის შედეგები ლონდონს გადასცეს. 1945 წლის მარტში ჩერჩილი წერდა: „ჩემი აზრით, დადგა დრო, როცა უნდა გადაისინჯოს, რამდენად სწორია გერმანიის ქალაქების დაბომბვა უბრალოდ შიშის გასაძლიერებლად...“

1945 წლის ბოლო. ნანგრევებში მდებარე მაღაზია, რომელიც ვაჭრობს სახურავის ლაქით, სასუქით, ბაღლინჯოების საწინააღმდეგო საშუალებით, ტუალეტის აქსესუარებით და კოსმეტიკით.

ნანგრევების გატანა 1952 წელს.

დრეზდენის არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობათაგან ბევრი ხელახლა აშენდა ისტორიული ფოტოებისა და ნახატების საფუძველზე.

დრეზდენი 2014 წელს. 1993 წელს ქალაქის აღდგენაში დახმარება გასწია ბრიტანულმა საქველმოქმედო კამპანიამ, რომელშიც 2000-მდე ადამიანმა და 100-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. მათ 600 ათასი გირვანქა სტერლინგი (779 000 აშშ დოლარი) შეაგროვეს.

დრეზდენის ხედი 2019 წელს. მარჯვნივ: განახლებული ფრაუენკირხე. დაბომბვა ქალაქის დანგრევიდან 75 წლის შემდეგაც რჩება მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეთა ძალისხმევის ერთ-ერთ ყველაზე სადავო საკითხად. 2005 წელს ერთმა ბრიტანელმა ისტორიკოსმა დაწერა, რომ დრეზდენი „იყო სიმბოლო ბაროკოს პერიოდის ჰუმანიზმისა და ყველაფერი საუკეთესოსი გერმანიაში. ნაცისტურ პერიოდში ის ასევე შეიცავდა იმას, რაც ყველაზე ცუდი იყო გერმანიაში. ამ თვალსაზრისით ის სრულიად გამორჩეული ტრაგედიაა XX საუკუნის ომების საშინელებათა შორის“.