ყირიმი: როგორ არიდებენ თავს სანქციებს ევროკავშირის კომპანიები

ავტორები: კრისტინა ზაკურდაევა და მიხაილ მაგლოვი

2014 წელს სერჰი ხოდკომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო მედალი უკრაინის ნახევარკუნძულის, ყირიმის, რუსეთის კონტროლის ქვეშ დაბრუნებისთვის. ხოდკო იყო ადგილობრივი ჩინოვნიკი, რომელიც ყირიმში მოსკოვის მიერ დასმულ ხელისუფლებას ექვემდებარებოდა.

აწ გარდაცვლილი ხოდკო იყო ყირიმის ქალაქ ქერჩის საქალაქო საბჭოს დეპუტატი და ამავე დროს კომპანია TIS Krym-ის დირექტორი. კომპანია რუსეთიდან ყირიმში ქერჩის სრუტის გავლით რუსული ტექნიკისა და პერსონალის ტრანსპორტირებას აკონტროლებდა მას შემდეგ, რაც 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა.

„ჩვენ მივიღეთ, როგორც მათ ვუწოდებთ, ამ მასობრივი ტრანსპორტის პირველი, მეორე და მესამე ტალღა. ბიჭები [რუსი სამხედროები] ორგანიზებულ ჯგუფებად ჩამოვიყვანეთ, მათ სამოქალაქო ფორმები ეცვათ, მაგრამ თან ჰქონდათ უნიფორმები და მათრახები“, დაიტრაბახა ხოდკომ Kerch.net- თან ინტერვიუში, რომელშიც სიამაყით განაცხადა, რომ ეს მგზავრები კაზაკები იყვნენ სამხრეთ რუსეთიდან.

„ამოცანა ეტაპობრივად შესრულდა,“ დასძინა მან. „ორი-სამი დღის განმავლობაში აქ დიდი რაოდენობით ადამიანური რეზერვი ჩამოვიყვანეთ.“

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოგვიანებით აღიარა, რომ ყირიმზე კონტროლის დაწესება მოხერხდა იქ რუსეთის ჯარისკაცების ფარულად განლაგების წყალობით. ამას „მწვანე კაცუნების“ შემოჭრა უწოდეს. რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ხელში ჩაგდებას მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხრიდან სანქციები, მათ შორის ყირიმში ბიზნესის წარმოების აკრძალვა.

მას მერე, რაც ხოდკომ რუსეთის თავდაცვის მინისტრისგან, სერგეი შოიგუსგან, მედალი მიიღო, ხუთი წელი გავიდა. ხოდკოს კომპანია TIS Krym კი განაგრძობს ყირიმში საქმიანობას, იმის მიუხედავად, რომ მისი ერთ-ერთი პარტნიორი კომპანია მდებარეობს კვიპროსში. კვიპროსი ევროკავშირის წევრია, კანონის მიხედვით, მას არ აქვს ამ კომპანიასთან თანამშრომლობის უფლება და ის ვალდებულია ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს დაემორჩილოს.

ხოდკო (მარცხნიდან მეორე) იღებს მედალს „რუსეთისთვის ყირიმის დაბრუნებისთვის.“ 2014 წლის დეკემბერი.

ევროკავშირში ეს არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც ყირიმში ბიზნესის წარმოებასა და ინვესტირებას განაგრძობს მიუხედავად სანქციებისა, რომლებიც ევროკავშირმა დააწესა რუსეთის მიერ ყირიმის ხელში ჩაგდების საპასუხოდ.

Current Time-მა - რადიო თავისუფლების რუსულენოვანმა ტელეარხმა, „ამერიკის ხმასთან“ და ანტიკორუფციულ პროექტ Municipal Scanner-თან თანამშრომლობით, ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ამასვე აკეთებს ბევრი ევროპული კომპანია, ძირითადად ოფშორული ჰოლდინგები.

ერთობლივი გამოძიებით დადგინდა, რომ ეს მოიცავს ევროკავშირის წევრი ისეთი ქვეყნების ფირმებს, რომლებიც რუსეთსა და უკრაინაში მაგნატებსა და ყოფილ სახელწიფო მოხელეებს ეკუთვნით. მათგან ბევრმა ევროკავშირის სანქციებით აკრძალულ ისეთ სექტორებში განახორციელა ინვესტიცია და აწარმოა ბიზნესი, როგორებიცაა ტურიზმი და ტრანსპორტი.

ყირიმის ერთ-ერთ სასტუმროს აკონტროლებს კვიპროსის კომპანია, რომლის აქციების მფლობელია ამერიკული ბანკის, Bank of New York Mellon Inc.-ის ბრიტანული ფილიალი. Bank of New York Mellon Inc.-ი მსოფლიში ყველაზე დიდი სადეპოზიტო ბანკია, რომლის აქტივები 33,1 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენდა 2018 წლის დეკემბრის მონაცემებით.

რუსეთის ოფიციალურმა პირებმა საჯაროდ დაადასტურეს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ამერიკის კომპანიები სანქციების მიუხედავად განაგრძობენ ყირიმში საქმიანობას, მაგრამ ამას შეუმჩნევლად აკეთებენ.

„ეს არიან ევროპული ქვეყნების, იტალიის, გერმანიისა და აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლები. არიან აშშ-ის წარმომადგენელიც. სანქციების გამო ყველა მათგანს არ სურს, რომ მათი სახელი გასაჯაროვდეს.“ - განაცხადა 2018 წლის ნოემბერში ანდრეი კულიკმა, იმ დროს ყირიმში რუსეთის მიერ დასმული ხელისუფლების მრჩეველმა ეკონომიკის განვითარების საკითხებში.​

2019 წლის ივნისში რუსეთის მთავრობამ დაუშვა ოფიციალურ საჯარო რეესტრში იმ კომპანიების შესახებ ინფორმაციის დამალვა, რომლებიც ევროკავშირის მიერ შემოღებული სანქციებით დაზარალდა.

პეტრას აუსტრევიჩიუსი, ლიტველი დეპუტატი ევროპარლამენტში, აკრიტიკებს კვიპროსს, რომელიც დიდი ხანია მიმზიდველი ოფშორული ზონაა რუსული ფულისთვის, რომელსაც, მისი თქმით, არა აქვს მკაცრი მიდგომა სანქციების განხორციელებისადმი.

ყირიმში მოღვაწე მთელ რიგ კვიპროსულ კომპანიებზე შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომ ისინი სრულად იცავდნენ მოქმედი სანქციების შესახებ კანონმდებლობას, და უარი თქვეს ამ კომპანიების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე.

კვიპროსული ბორნები „მწვანე კაცუნებისთვის“

TIS Krym-ი, ბორნების კომპანია, რომელმაც ყირიმში „ადამიანური რეზერვები“ გადაიყვანა ყირიმის ანექსიის წინ, მხოლოდ ერთ-ერთი კომპანიაა რუსეთის ტრანსპორტის ყოფილი მინისტრის მოადგილის, არცთუ კარგი რეპუტაციის მქონე ალექსანდრ ანენკოვის უზარმაზარ იმპერიაში.

ანენკოვი ფლობს ერთ-ერთ წამყვან რუსულ სატრანსპორტო ჯგუფს, AnRussTrans-ს, რომელიც თითქმის 20 წელია აწარმოებს საზღვაო ტრანსპორტის ბიზნესს. ის თანამშრომლობს სამთავრობო უწყებებთან და დიდ კერძო კომპანიებთან, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის არც ჯგუფი და არც მისი მფლობელი არ არიან ცნობილი.

ალექსანდრ ანენკოვი

როგორც ამ ერთობლივმა გამოძიებამ აჩვენა, კვიპროსის ფირმები, რომლებსაც ანენკოვი აკონტროლებს, დღემდე განაგრძობენ ყირიმში მუშაობას იმ სექტორებში, რომლებზეც ევროკავშირის სანქციები ვრცელდება. არც კვიპროსის და არც უკრაინის მთავრობამ არ უპასუხეს ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს.

ევროკავშირის სანქციები, რომლებიც ხუთი წლის წინ დაწესდა, განსაკუთრებით კრძალავს ყირიმში "ყველა უცხოურ ინვესტიციას", აგრეთვე იქ „მომსახურებებს, რომლებიც დაკავშირებულია ტურიზმთან, მათ შორის საზღვაო სექტორში და ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციების, ენერგეტიკისა და ნავთობის, გაზისა და მადნეულის მოპოვების სექტორებში“.

ანექსიიდან ერთი წლის შემდეგ TIS Krym-მა თავისი რეგისტრაცია უკრაინიდან რუსეთში გადაიტანა. მაგრამ 2016 წლის მარტის დასაწყისში კვიპროსის კომპანია Avimalink Enterprises Ltd.-მა თითქმის მთლიანად შეისყიდა TIS Krym-ის აქციები.

თავად Avimalink Enterprises Ltd.-ს ფლობდა სხვა კვიპროსული კომპანია, Anrusstrans Limited-ი, რომელსაც ანენკოვი ფორმალური მეპატრონის, კრისტიანა სავას მეშვეობით აკონტროლებს. ამას ადასტურებს ყირიმში ანენკოვის ბანკის დოკუმენტი, რომელიც რუსეთის ცენტრალური ბანკის ოფიციალურ ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.

2018 წლის დეკემბრამდე, როცა თითქმის ოთხი წელი იყო გასული ევროკავშირის სანქციებით ყირიმის ტურიზმში ინვესტირებაზე აკრძალვის შემოღებიდან, ანენკოვმა თავის სახელზე გადაიფორმა TIS Krym-ის სრული მფლობელობა.

მას შემდეგ, რაც Current Time-ი კომენტარისთვის დაუკავშირდა ანენკოვის ერთ-ერთ ფირმას რუსეთში, AnRussTrans-ს, კომპანიის ვებსაიტიდან გაქრა ყველანაირი ინფორმაცია TIS Krym-ის შესახებ. კომპანიისგან კომენტარის მოპოვების ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

AnRussTran-ის გემი ქერჩის სრუტეში.

TIS Krym-ი მთლიანად რუსულ მფლობელობაშია. კომპანიის ჩანაწერები გვაჩვენებენ, რომ ანენკოვი AnRussTrans-ის აქციების 1%-ს პირადად ფლობს, 99%-ს კი კვიპროსული ფირმა Anrusstrans Limited-ის მეშვეობით, რომელსაც ნომინალური მფლობელის საშუალებით აკონტროლებს.

კიდევ ერთ რუსულ კომპანიას, რომელიც Anrusstrans Limited-ის ხელშია, 2015-1016 წლებში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით გადაჰყავდა ხალხი და ტექნიკა რუსეთიდან ყირიმში.

ანენკოვი ასევე აკონტროლებს კვიპროსის ფირმა Ugtrans Terminal Co Limited-ს, რომელიც ბიზნესმენის სატრანსპორტო იმპერიის ნაწილია. 2018 წლის ზაფხულში, ფირმის მფლობელობაში არსებულ ერთ-ერთ ბორანს ქერჩის სრუტეში სარკინიგზო ვაგონების გადაყვანის დროს კორპუსი დაუზიანდა.

AnRussTrans-ის ბორანი ქერჩის სრუტეში.

როგორც სამრეწველო პუბლიკაციები მოწმობს, ეკიპაჟმა შეძლო ნავთობის დაღვრის თავიდან აცილება. AnRussTrans-მა ამ ინციდენტზე კომენტარის გაკეთებზე უარი თქვა.

ამავდროულად ანენკოვის ცოლი და ქალიშვილი კვიპროსის ფირმა Sandray Trading Limited-ის მფლობელები არიან. ეს კომპანია ასევე აკონტროლებს სხვა კომპანიას, რომელსაც Sandray ჰქვია. ამ უკანასკნელს ბინა უდევს სევასტოპოლში, შავი ზღვის ყირიმის პორტში, რომელსაც რუსეთი ფედერაციის სუბიექტად მიიჩნევს.

რუსული კომპანია Sandray აცხადებს, რომ იგი ჩართულია ბიზნესის რამდენიმე სფეროში, მათ შორის საზღვაო სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვაში, საპორტო ობიექტების მშენებლობაში, გემების გაქირავებაში, ნავთობისა და გაზის პროდუქტების შენახვაში.

„მწვანე კაცუნები“ – რუსეთის სამხედრო ძალები ყირიმში. 2014 წლის მარტი.

2017 წლის აგვისტოში Sandray-მ შეიძინა ყირიმული ფირმა Invest-Region Krym-ი, რომელიც საწვავსა და ნედლ ნავთობს ყიდის. 2017 წლის მაისამდე იგი ფლობდა ყირიმულ კომპანია Sevastopol Transport Systems-ს (STS), რომელსაც ანენკოვის ჰოლდინგი უწოდებს კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრებისა და მანქანების საზღვაო ტრანზიტს.

STS-ი შემდგომში შეიძინა ანენიკოვის Sevastopolsky Morskoy Bank-მა, რომელსაც აშშ-ის სანქციები შეეხო 2015 წელს. ამ დროს კვიპროსული კომპანიები, რომლებსაც ანენკოვი აკონტროლებდა, ჯერაც იყვნენ ამ ბანკის სრულფასოვანი მფლობელები ყირიმის კომპანიათა ჯაჭვის მეშვეობით. მაგრამ 2018 წლის ნოემბერში მან ყირიმის კომპანიების მფლობელობა პირდაპირ საკუთარ თავზე გადაიფორმა.

მას შემდეგ, რაც Current Time-ი კომენტარისთვის დაუკავშირდა AnRussTrans-ს, კომპანიის ვებსაიტიდან გაქრა ყოველგვარი ინფორმაცია STS-ის შესახებ.

ვარდისფერი ღვინო სხვადასხვა სახელით

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ცნობილი ბრენდებიც განაგრძობენ ევროკავშირის კომპანიების მეშვეობით ყირიმში საქმიანობას, მიუხედავად ევროკავშირის მიერ 2014 წელს დაწესებული სანქციებისა, რომლებიც რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ანექსიას მოჰყვა.

ანექსიის შემდეგ, უკრაინის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა Alef-Vinal-მა თავისი ბიზნესი დაყო უკრაინულ და რუსულ სეგმენტებად. კომპანია თავის ღვინოს რუსულ ბაზარზე ოთხი ობიექტიდან აგზავნის. ყველა მათგანი ყირიმში მდებარეობს. უკრაინული განყოფილება კი აცხადებს, რომ მისი პროდუქცია მხოლოდ რუსეთის ფარგლებს გარეთ იყიდება.

ამ კომპანიების უკან დგას ვადიმ ერმოლაევი, უკრაინელი ბიზნესმენი ქალაქ დნეპრიდან. 2018 წელს უკრაინულმა ყოველკვირეულმა რუსულენოვანმა ჟურნალმა Focus-მა მისი აქტივები დაახლოებით 100 მილიონ დოლარად შეაფასა და მას რიგით 64-ე უმდიდრესი უკრაინელი უწოდა.

კომპანიის უკრაინული განყოფილების, Alef-Vinal Private JSC-ის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მას არანაირი ქონება არ გააჩნია უკრაინაში, რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, და იქ არანაირ ბიზნესს არ აწარმოებს.

მაგრამ გამოძიება სხვა რამეს აჩვენებს.

უკრაინული კომპანია, რომლის მფლობელები არიან კვიპროსსა და ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე რეგისტრირებული ფირმები, ნაწილობრივ ფლობს ყირიმში ყურძნის მიმწოდებელ კომპანია PJSC Burlyuk-ს.

PJSC Burlyuk-ი, თავის მხრივ, აკონტროლებს ყირიმში დაფუძნებულ ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელს, Alef-Vinal-Krym-ს, რომელიც რუსეთში იყო რეგისტრირებული 2014 წლის ნოემბერში. მანამდე რამდენიმე თვით ადრე ევროკავშირმა შემოიღო სანქციები, რომლებიც კრძალავს სხვადასხვა ბიზნესისა და ინვესტიციების განხორციელებას ყირიმში.

კვიპროსის ხელისუფლებამ, რომელიც ვალდებულია დაიცვას ევროკავშირის სანქციები, უარი განაცხადა ინფორმაციის მოწოდებაზე კვიპროსის კომპანიებსა და Alef-Vinal-ს შორის მფლობელობითი ურთიერობების შესახებ.

მსგავსი გაყოფა უკრაინასა და რუსეთზე ორიენტირებულ ფილიალებზე განახორციელა ცნობილმა უკრაინულმა ღვინის კომპანია Inkerman-მაც. მისი ბრენდის ღვინოები, რომლებიც რუსეთისთვისაა განკუთვნილი, ჩამოსხმულია ყირიმის ქალაქ სევასტოპოლის ქარხანაში. ხოლო უკრაინისა და სხვა ბაზრებისთვის განკუთვნილი ღვინოები ჩამოსხმულია უკრაინაში, ნოვა კახოვკაში.

ევროკავშირის მიერ ყირიმის სანქციების შემოღებიდან თითქმის ხუთი წლის შემდეგ ორივე კომპანია კონტროლდებოდა იმავე შვედური კომპანიის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა უკრაინელი მილიონერი ვალერი შამოტი. 2013 წელს Forbes-მა მისი აქტივები თითქმის 77 მილიონ დოლარად შეაფასა, რაც მას უკრაინის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 99-ე ადგილზე აყენებს.

შამოტის შვედურ ფირმას, Inkerman International AB-ს, ოფიციალურად ფლობს სამი კომპანია, რომლებიც მდებარეობს კვიპროსში, ფინეთსა და ჰონგ-კონგში.

The Inkerman-ის მეღვინეობა უკრაინაში.

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანქციების შესაძლო დარღვევის თაობაზე შეკითხვები გადაამისამართა პროკურორებთან და ფინანსთა სამინისტროში. მათ კი უარი თქვეს პასუხზე და Inkerman International-ის შესახებ დასმული კითხვები ისევ საგარეო საქმეთა სამინისტროში გადმოამისამართეს.

ლარისა შიმჩუკმა, რომელიც კომპანიის რუსული ფირმის Inkerman Vintage Wines Factory Ltd.-ის დირექტორია, კომენტარზე უარი თქვა. კომპანია 2019 წლის ოქტომბერში ოფიციალურად მიჰყიდა შვედეთის Inkerman International AB-მა სანქტ-პეტერბურგში მდებარე კომპანია Optima JSC.

უკრაინის ყველაზე მსხვილი სუმერმარკეტების ქსელის, METRO-ს ვებსაიტზე Inkerman-ის ბრენდის ქვეშ წარმოდგენილი პირველი ღვინო არის Bastardo Old Crimea. ღვინის ეტიკეტს თუ ყურადღებით დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ღვინო სევასტოპოლშია დამზადებული, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში აკრძალულია ყირიმში დამზადებული პროდუქციის იმპორტი.

METRO-ს მომხმარებელთა მომსახურების განყოფილებაში Current Time-ს განუცხადეს, რომ ეტიკეტმა შეიძლება აჩვენოს "იურიდიული მისამართი", მაგრამ ღვინო ჩამოსხმულია ნოვა კახოვკაში.

როდესაც Current Time-მა სუპერმარკეტების ქსელში მოიძია ღვინის წარმოშობა, მას უთხრეს, რომ ღვინო ჩამოსხმული იყო ნოვა კახოვკაში და რომ ეს ეტიკეტი ალბათ შეცდომა იყო.

ღვინო Old Bastardo Crimea ინტერნეტში Inkerman-ის ღვინოების ჩამონათვალში. ეტიკეტზე წერია, რომ ღვინო ჩამოსხმულია ყირიმში.

Old Bastardo Crimea-ს იდენტური ბოთლი შეგიძლიათ იხილოთ W! Nestyle-ს ვებსაიტზე, ღვინის მაღაზიათა რუსულ ქსელში. ბოთლის ეტიკეტი ზუსტად იგივეა, რასაც METRO-ს ვებსაიტზე ვხედავთ.

W! Nestyle-ს მომხმარებელთა მომსახურების წარმომადგენელმა ჟურნალისტები დაარწმუნა, რომ ღვინო ყირიმში იწარმოება.

„ალბათ ეს რაიმე მარკეტინგული ხრიკია, ზოგადად ჩვენთან უკრაინიდან ძალიან ცოტა რამ შემოდის... ეს ყველაფერი ყირიმიდან არის“ - განაცხადა წარმომადგენელმა.

მოგესალმებით სასტუმრო „სევასტოპოლში“

კურორტ იალტაში, სამხრეთ ყირიმში, სასტუმრო „სევასტოპოლი“ სტუმრებს სთავაზობს გარე საცურაო აუზს, სპორტულ დარბაზს და ოთახებს შავ ზღვაზე ხედით. YouTube-ზე განთავსებულ ერთ ვიდეოში ჩანს, რომ გასულ წელს, სასტუმროს ერთ-ერთი ასეთი ოთახის აივანზე რუსეთის დროშა იყო დამაგრებული.

მაშინ, როცა სასტუმროს მფლობელი რუსეთში რეგისტრირებული კომპანიაა, მისი მთავარი ბენეფიციარი არის უკრაინელი ბიზნესმენი ქალი, რომელიც მას აკონტროლებს ევროკავშირის კომპანიების ქსელის მეშვეობით. ევროკავშირი კი მკაფიოდ კრძალავს ახალი ბიზნესის გახსნას და რუსეთის მიერ კონტროლირებადი ყირიმის ტურისტულ ინდუსტრიაში ინვესტირებას.

ფირმა, რომელის ფლობს სასტუმროს, Pansionat Sevastopol Ltd.-ი, 2016 წლის აგვისტოში დარეგისტრირდა რუსეთში, მას შემდეგ რაც ევროკავშირის სანქციები უკვე კარგა ხნის ამოქმედებული იყო. მაგრამ ამ ფირმას აკონტროლებს კვიპროსის კომპანია TMM Holdings Limited-ი, რომელიც ეკუთვნის ლარისა ჩივურინას.

ჩივურინა უკრაინული სამშენებლო დეველოპერული კომპანიის, TMM-ის ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერი და ამ კომპანიის ფინანსური დირექტორია. მისი მეუღლეა კომიკოსი ანდრეი ჩივურინი, რომელმაც ერთხელ ონლაინ გაზეთ „სევოდნიას“ განუცხადა, რომ ის არასდროს დაბრუნებულა ყირიმში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა მისი ანექსია მოახდინა.

„სიმართლე გითხრათ, იქ გამგზავრებაზე ფიქრიც კი არაკომფორტულად მაგრძნობინებს თავს. არ ვარ დარწმუნებული, რომ მშვიდად შემიძლია ვუყურო უამრავ რუსულ დროშას.“ - თქვა ჩივურინმა, „სიცილის ლიგის“ მთავარმა რედაქტორმა. ეს არის კომედიური შოუ, რომლის პროდიუსერია უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კომპანია.

ჩივურინამ Current Time-ს დაუდასტურა, რომ ფლობს კვიპროსის კომპანიებს, რომლებიც სასტუმროს აკონტროლებენ, და კიდევ ერთმა სასტუმროს აღმასრულებელმა - იური ისაევმა - ასევე დაადასტურა მისი პატარა წილი კვიპროსის ფირმაში.

მაგრამ მათ უარყვეს ყირიმში ბიზნესის წარმოება, განაცხადეს, რომ მათ უნდა გახსნან რუსული ფირმა Pansionat Sevastopol-ი, რათა შეინარჩუნონ თავიანთი ქონება, მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ჰოლდინგმა დაკარგა აქტივების კონტროლი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო.

„უკრაინული კომპანია არ არღვევს არც ევროკავშირის, არც უკრაინის სანქციებს რუსეთში ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვაწარმოებთ [ბიზნესს]“, - თქვა ისაევმა.

სასტუმრო „სევასტოპოლი“ ყირიმში.

მას შემდეგ, რაც Current Time-მა წარმოადგინა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ TMM Real Estate Public Limite-მა 1,2 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია ჩადო რუსული ფირმის Pansionat Sevastopol-ის წარმოებაში 2016 წელს, ამაზე არც ჩივურინამ და არც ისაევმა არ ისურვეს პასუხის გაცემა.

სასტუმროს საკუთრებაში არსებული კვიპროსული ფირმის 13-პროცენტიანი წილის მფლობელია ბრიტანული კომპანია BNY (Nominees) Limited-ი, რომელიც Bank of New York Mellon-ის შვილობილი კომპანიაა.​

BNY (Nominees) Limited-მა Current Time-ს განუცხადა, რომ მან აქტივების განხორციელება კლიენტების სახელით განახორციელა და უარი თქვა კომენტარზე TMM-თან დაკავშირებული საკითხებისა და ევროკავშირის სანქციების შესაძლო დარღვევების თაობაზე.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საგარეო ქონების კონტროლის ოფისმა (OFAC), რომელიც აკონტროლებს და აწესებს აშშ-ის სანქციებს, არ უპასუხა სანქციების შესაძლო დარღვევების შესახებ კითხვებს. კითხვებს არც ბრიტანეთის ფინანსური სანქციების განხორციელების ოფისში უპასუხეს.

ერიხ ფერარი, ვაშინგტონელი იურისტი, რომელიც სპეციალიზებულია სანქციების სამართალში, ამბობს, რომ BNY Mellon-ის კავშირი ყირიმის სასტუმროს მფლობელობასთან ბრიტანული შვილობილი კომპანიის მეშვეობით, გადაჭრით არ ნიშნავს იმას, რომ ბანკმა ვაშინგტონის დაწესებული სანქციები დაარღვია.

„არ შემიძლია გადაჭრით გითხრათ, არის თუ არა ეს დარღვევა, OFAC-ი ამას დაადგენს, უნდა დააწესონ თუ არა ამასთან დაკავშირებით ჯარიმა, თუმცა აუცილებელი არ არის სასამართლო.“ - თქვა ფერარიმ.

TMM-ის ვებსაიტზე აღარ არის სასტუმრო „სევასტოპოლის“ ხსენება. თუმცა საიტზე მოცემულია პროექტი, რომელსაც TMM-Yalta ჰქვია.

პროექტის ფოტოებზე ნაჩვენებია იგივე შენობები, რაც სასტუმრო "სევასტოპოლის" შემთხვევაში იყო.