შეიხი მანსური და იმამი შამილი კიევის ქუჩებში - ბრძოლა მთიელი მეთაურების სახელებისთვის

შეიხი მანსური, ჩრდილოეთ კავკასიაში XVIII საუკუნის ბოლოს რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ანტიკოლონიალური აჯანყების წინამძღოლი

რა აკავშირებს ჩრდილოეთ კავკასიის განმათავისუფლებელი მოძრაობის ორ ყველაზე ცნობილ მეთაურს უკრაინასთან? მათი სახელობის ბატალიონები რუსეთთან ომში კიევის მხარეს იბრძვიან, ახლახან კი უკრაინის დედაქალაქში შეიხი მანსურის ბატალიონის სახელობის ქუჩა და იმამ შამილის სახელობის სკვერი გაჩნდა.

რადიო თავისუფლების პროექტმა „კავკაზ.რეალიიმ“ შეისწავლა ამ სიმბოლური ჟესტის მნიშვნელობა როგორც ამ დანაყოფების მებრძოლებისთვის, ასევე ზოგადად რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ჩრდილოეთ კავკასიელებისა და მოსახლეობისთვის.

უკრაინის დედაქალაქის შევჩენკოს რაიონში მდებარე აქამდე უსახელო პარკს იმამ შამილის სახელი მიენიჭა. უფრო ადრე, შესაბამისი წინადადებით „დაღესტნის ხალხთა სრულიად უკრაინულმა კონგრესმა“ ქალაქის საბჭოს მიმართა. ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ახმად ახმედოვმა, სრულად დაუჭირა მხარი კიევის რადის გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ „იმამი შამილი, ისევე როგორც დღევანდელი უკრაინა, ოდესღაც რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ იბრძოდა“ და „25 წლის განმავლობაში ჩეჩნეთისა და დაღესტნის მთიელების წინამძღოლი იყო“.

ქუჩას, რომელსაც ადრე რუსეთის იმპერიაში დაბადებული საბჭოთა პედაგოგისა და მწერლის, ანტონ მაკარენკოს სახელი ერქვა, შეიხი მანსურის ბატალიონის სახელი დაერქვა. ცვლილებები „დერუსიფიკაციის“ პროგრამის ნაწილია. კიევის პარლამენტის წევრმა, ვიქტორია მუხამ აღნიშნა, რომ „რუსეთი ათწლეულების განმავლობაში ახვევდა თავს უკრაინას უცხოურ სახელებს“ უკრაინული იდენტობის შესარყევად და ახლა აგრესორი დედაქალაქში სიმბოლურადაც აღარ უნდა იყოს“.

შეიხი მანსური მე-18 საუკუნის ბოლოს კავკასიელი მთიელების მეთაური იყო. მისი სახელობის უკრაინული ბატალიონი, რომელიც იჩქერიის ემიგრანტი მხარდამჭერებისგან შედგებოდა, დონბასში 2014 წლიდან იბრძვის. 2023 წელს, ჩეჩნეთის მმართველის, რამზან კადიროვის ინიციატივით, რუსეთში შეიქმნა ამავე სახელწოდების ბატალიონი რუსლან გერემეევის მეთაურობით, რომლის სახელიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობას უკავშირდება.

მსგავსი ვითარებაა შამილის ფიგურის გარშემოც. მე-19 საუკუნის ჩრდილოეთ კავკასიის განმათავისუფლებელი მოძრაობის წინამძღოლს დაღესტანში დიდ პატივს სცემენ - მისი ბანერები ოფიციალურადაა აღმართული მაჰაჩყალისა და რესპუბლიკის სხვა ქალაქების ქუჩებში, ხოლო რესპუბლიკის სახელმწიფო დუმის დეპუტატები მზად არიან დაიცვან შამილის მემკვიდრეობა. ამასთანავე, მის სახელს ხშირად იყენებენ დამოუკიდებლობის მომხრეები, ხოლო შამილის ბატალიონის ლიდერს, ახმად ახმედოვს, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძვის, რუსეთში სახელმწიფო ღალატსა და ტერორიზმში ადანაშაულებენ.

გმირების სხვადასხვა პორტრეტი

შეიხი მანსურის პატივსაცემი ტოპონიმები მრავლადაა კადიროვის ჩეჩნეთში. მის სახელს ატარებს გროზნოს ერთ-ერთი რაიონი, ქუჩა და მეჩეთი, ასევე ქუჩები ჩეჩნეთის სხვა ქალაქებში - გუდერმესში, შალიში; სოფლებში - პერვომაისკაიაში, გეხისა და ჯალკაში. შეიხის სახელობის ქუჩებს შეხვდებით ასევე ინგუშეთის ქალაქებში - მალგობეკსა და სუნჯაში.
2024 წელს, კადიროვის მთავრობის სხდომაზე - მის მიერ გამოცხადებული „ისტორიის წლის“ შედეგების განხილვისას - ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიამ, რომელიც მთლიანად ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა, რესპუბლიკის მმართველს გადასცა იმ დოკუმენტების კრებული, სადაც მოიხსენიება შეიხი მანსური. შემდეგ კადიროვმა გამოაცხადა, რომ 500 000 რუბლს გადაუხდიდა იმ მშობლებს, რომლებიც ახალშობილ შვილებს შეიხ მანსურის ან კავკასიის ომისდროინდელი ცნობილი სარდლის, ბაისანგურ ბენოელის სახელს დაარქმევდნენ.

მთავრობის დამსახურება კი არა, მისი მარცხი განსხვავებული სახალხო აზრის წინაშე

კადიროვი ცდილობს ჩეჩენი გმირების ისტორიის შეცვლას და მათი ბრძოლის „აღმსარებლობის თავისუფლებამდე“ დაყვანას, განმარტავს ისლამ ბელოკიევი, პოლონეთში იჩქერიის რესპუბლიკის წარმომადგენლის მოადგილე. ამ გზით ჩეჩნეთის ხელისუფლება ცდილობს წაშალოს შეიხი მანსურის, ბაისანგურის და სხვების აჯანყებების მთავარი მნიშვნელობა - არსი: მათი ბრძოლა რუსეთისგან დამოუკიდებლობისთვის და იმპერიული კონტროლის წინააღმდეგ, აგრძელებს ის

„თანამედროვე, ოკუპირებულ ჩეჩნეთში რელიგიური თავისუფლებაც კი მხოლოდ რუსეთის ადმინისტრაციის მიერ დაშვებულ ფარგლებში არსებობს. წლების განმავლობაში ადამიანებს იტაცებდნენ და აშინებდნენ წვერის, ჰიჯაბის და ნებისმიერი „არატრადიციული“ რელიგიური შეხედულების გამო. ხოლო ის ფაქტი, რომ კადიროვის ახლო გარემოცვა დღეს თავად ატარებს წვერსა და ჰიჯაბს, მთავრობის დამსახურება კი არა, მისი მარცხია განსხვავებული სახალხო აზრის წინაშე“, - მიიჩნევს ბელოკიევი.

ბრალდებები იმის შესახებ, რომ ოპონენტები „შეიხი მანსურის სახელს არიან ამოფარებული“, კადიროვისგანაც ისმის. 2022 წლის ზაფხულში მან უკრაინის მხარეს მებრძოლები უდიერად მოიხსენია და განაცხადა, რომ „შეიხ მანსურის ყველა შთამომავალი დღეს ჩვენ გვერდითააო“. ალბათ, ამ იდეის საფუძველზე, მომდევნო წელს ჩეჩნეთში, მანსურის სახელწოდების რაზმი ჩამოყალიბდა.

ბელოკიევი დარწმუნებულია, რომ რესპუბლიკის მეთაურის განცხადებები იმის შესახებ, რომ ჩეჩნეთი შეიხი მანსურის გზას მიჰყვება, ან, მით უმეტეს, რომ მანსურის მიერ დასახულ მიზნებს მიაღწიეს, შეგნებული მანიპულირებაა: „ისინი მალავენ ფაქტს, რომ მისი ბრძოლა იყო თავისუფლებისთვის ბრძოლა და არა იმ დეკორაციებისთვის, რომლებსაც დღეს მოსკოვისადმი ერთგულების გასაძლიერებლად იყენებენ.“

ისეთ ფიგურებს, როგორებიც არიან შეიხი მანსური და იმამი შამილი, ნამდვილად ფრონტის ორივე მხარეს სცემენ პატივს, ამბობს „ინგუშეთის დამოუკიდებლობის კომიტეტის“ ხელმძღვანელი, ანსარ გარკხო.

„იგივე იმამი შამილი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, გმირი და მისაბაძი მაგალითია როგორც, ერთი მხრივ, იმ ხალხისთვის, ვინც დღეს სიტყვითა და საქმით ებრძვის რუსეთს, ასევე დაღესტნის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებისთვის... ეს გარკვეულწილად აბსურდი გამოდის“, - ამბობს ის და აღნიშნავს, რომ ასეთი მიდგომა გაცილებით უკეთ მუშაობს დღევანდელ რუსულ რეალობაში, ვიდრე ანტიგმირის იმიჯის დამკვიდრება, როგორც ეს ოდესღაც რუსეთმა გააკეთა უკრაინელი ნაციონალისტების, მაგალითად, სტეპან ბანდერას შემთხვევაში.

„რუსეთის ხელისუფლებამ გააცნობიერა, რომ ასეთი ფიგურების იატაკქვეშ განდევნა არასწორია; მათ, უბრალოდ, უნდა შეუცვალონ ფორმატი და საკუთარი ხატის მიხედვით შექმნან. თითქოს ისინი რუსული ექსპანსიის მოწინააღმდეგეები კი არ იყვნენ, არამედ კულტურული გმირები, რომლებიც ნებისმიერი საშუალებით ეძებენ თავიანთი ხალხის კეთილდღეობას და თითქოს იმ დროს მათთვის მიუღებელი მხოლოდ რუსეთის მთავრობა იყო და არა მთლიანად „რუსული სამყარო“, - განმარტავს გარკხო.

სიმბოლური გამარჯვება, პრაქტიკული პრობლემები

ორი კავკასიური ბატალიონის სიმბოლური აღიარება მოხდა რამდენიმეწლიანი დისკუსიების შემდეგ, რომლებიც მათივე წარმომადგენლების მიერ იყო ინიციირებული. როგორც შეიხ მანსურის ბატალიონის ერთ-ერთმა მეთაურმა, ხალიდმა (მან უსაფრთხოების მიზნით ვინაობის დამალვა ითხოვა) უთხრა „კავკაზ.რეალიის“, მათ განაცხადი ორი წლის წინ წარადგინეს.

„ეს ყველაფერი ორ წელიწადს გაგრძელდა: უამრავი შეხვედრა, უამრავი შეკრება, უამრავი კომისია მოეწყო - და შემდეგ, ნელ-ნელა, ყოვლისშემძლე ღმერთის წყალობით, საბოლოოდ მოვახერხეთ. ახლა კიევში შეიხ მანსურის სახელობის ქუჩაა“, - ამბობს ის.

უკრაინის რადამ განმარტა, რომ დაღესტნის ხალხთა სრულიად უკრაინული კონგრესის პრეზიდენტისა და იმამ შამილის სახელობის ბატალიონის მეთაურის, ახმად ახმედოვის ინიციატივამ, უსახელო მოედნისთვის სახელის დარქმევის შესახებ, ასევე მკაცრი შერჩევის პროცესი გაიარა: მოეწყო საჯარო განხილვა და ონლაინკენჭისყრა Kyiv Digital-ის აპლიკაციაში.

თუმცა სახელის შეცვლის დამტკიცების ხანგრძლივი ლოდინი მებრძოლებისთვის მთავარი საზრუნავი არ არის. ბევრისთვის აქტუალური თემა ქვეყანაში კანონიერი ყოფნაა. ზოგიერთ ჩეჩენ მოხალისეს ვადაგასული რუსული პასპორტების გარდა არანაირი დოკუმენტი არ აქვს და ბევრს ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში რუსეთში ექსტრადიციის საფრთხე ემუქრება: ჩეჩენი მოხალისეების უმეტესობა 2000-იან წლებში ჩეჩნეთში ფედერალური ჯარების წინააღმდეგ ომებში იბრძოდა.

რაც შეეხება დოკუმენტებს და უკრაინაში ჩვენი მებრძოლების ლეგალიზაციას, ყველაფერი ისე რჩება, როგორც იყო

უკრაინის მხარეს ჩეჩნების რამდენიმე დანაყოფი იბრძვის. მათ შორისაა უცხოური ლეგიონის შემადგენლობაში შემავალი სპეციალური დანიშნულების ბატალიონი (OBON), შეიხი მანსურისა და ჯოხარ დუდაევის ბატალიონები, „შეშლილი ხროვის“ დანაყოფი, სპეციალური ოპერაციების ჯგუფი (SOG) და ხამზატ გელაევის ბატალიონი. მათ უმეტესობას ლეგალიზაციის პრობლემები აქვს.

„როდესაც უკრაინის მხარეს მყოფ ჩეჩნებზე ვსაუბრობთ, ყოველთვის უნდა განვასხვაოთ ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკის (CRI) ოფიციალური შეიარაღებული ძალები და დამოუკიდებელ მოხალისეთა ბატალიონები, რომლებიც პარალელურად მოქმედებენ, მაგრამ განსხვავებული სამართლებრივი და ორგანიზაციული სტატუსი აქვთ“, - აღნიშნავს ბელოკიევი, იჩქერიის წარმომადგენლის მოადგილე პოლონეთში.

ის განმარტავს, რომ OBON-ის მებრძოლების ყოფნა ქვეყანაში რეგულირდება უკრაინასა და იჩქერიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ახმედ ზაკაევის ხელმძღვანელობით დადებული ოფიციალური უწყებათაშორისი შეთანხმებით. არსებობს რუსეთში ექსტრადიციის ძლიერი შიში, განსაკუთრებით იჩქერიის რესპუბლიკისგან დამოუკიდებელ ჩეჩნურ ბატალიონებში - მათ შორის, ვის პატივსაცემადაც ხდება მოედნებისა და ქუჩების სახელის შეცვლა.

გასული წლის აგვისტოში უკრაინამ მიიღო ჩარჩო-კანონი, რომელიც შექმნილია ასეთი მოხალისეების ფორმირებების წევრებისთვის მოქალაქეობის მიღების პროცესის გასამარტივებლად. დოკუმენტში მინისტრთა კაბინეტს სთავაზობენ, მიიღოს მისი განხორციელებისთვის საჭირო ნორმატიული აქტები, მაგრამ დღემდე არ არის არანაირი წინსვლა შეიხ მანსურის ბატალიონის წევრების სამართლებრივი სტატუსის საკითხთან დაკავშირებით.

„ბატალიონის სტატუსი არ შეცვლილა - მოხალისეებისგან შედგება. რაც შეეხება დოკუმენტებს და ჩვენი მებრძოლების ლეგალიზაციას, ყველაფერი იგივეა: არავინ არის ლეგალიზებული, არავისთვის არ მიუციათ დოკუმენტები და, როგორც მე მესმის, არცერთი კანონი არ არის მიღებული ჩვენი მებრძოლების ლეგალიზაციისთვის“, - ამბობს ხალიდი.

ადრე, უკრაინაში დროებითი ბინადრობის ნებართვის მსურველი სამხედრო პერსონალის წარმომადგენელმა ადვოკატმა გააფრთხილა ისინი, რომ ინიციატივის განხორციელებას შეიძლებოდა ხელი შეშლოდა იმის გამო, რომ მინისტრთა კაბინეტს არ ჰქონდა მიღებული მისი განხორციელებისთვის საჭირო დოკუმენტები.

  • 2018 წელს, რუსეთის მოთხოვნით, უკრაინამ მას გადასცა ინგუშეთის მკვიდრი ტიმურ ტუმგოევი, რომელსაც სირიაში რადიკალური დაჯგუფების წევრობაში ადანაშაულებდნენ. იმ დროს, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ, განაცხადა, რომ ტუმგოევმა ორი წლის განმავლობაში ვერ წარმოადგინა უკრაინის მხარეს საომარ მოქმედებებში მონაწილეობის ვერანაირი მტკიცებულება და რომ უცხოელებს, რომლებიც რეალურად იბრძოდნენ ქვეყნისთვის, არაფერი უნდა აღელვებდეს ამ მხრივ. მიმდინარე წლის ივლისში ტუმგოევმა ვოლოგდის ოლქის #5 სასჯელაღსრულების კოლონიაში მაჯები გადაიჭრა, რათა სამედიცინო მომსახურება მიეღო.
  • 2022 წლის ივნისში ჩეჩნეთის მეთაურმა გამოაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ოთხი ახალი დანაყოფის შექმნის შესახებ: ესენია „ზაპად-ახმატის“, „იუგ-ახმატის“ და „ვოსტოკ-ახმატის“ ბატალიონები, ასევე „სევერ-ახმატის“ პოლკები. 2023 წლის ბოლოსთვის ამ დანაყოფებს შეუერთდებოდა „ახმატ
    -რუსეთი“, „ახმატ-ჩეჩნეთი“, შეიხი მანსურის ბატალიონი და "როსგვარდიის" დანაყოფი, რომელსაც კიდევ ერთი ჩეჩენი ეროვნული გმირის, ბაისანგურ ბენოელის სახელი მიენიჭა. რესპუბლიკის მმართველის ვაჟი, ადამ კადიროვი დაინიშნა ცნობილი მთიელი მეთაურების სახელობის ბატალიონების კურატორად.
ასევე ნახეთ დელიმხანოვი, ალაუდინოვი თუ დაუდოვი? ვინ განიხილება კადიროვის მემკვიდრედ