რას გთავაზობთ მიხეილ სააკაშვილი?
ჯერ ისევ მოლაპარაკებების ეტაპზე ვართ. ამას არ ვხედავ ჩემს პოლიტიკაში წასვლად - პოლიტიკაში ისედაც ვარ, რასაც ვაკეთებ, პოლიტიკური აქტივობა მგონია.
თავიდან, მოლაპარაკების პირველი რაუნდი იყო თავმჯდომარეობა - ჩემს თავს ვერ ვხედავ. მე ვთვლი, რომ „პური მეპურემ უნდა აცხოს“ და ადამიანებს რომ განცდა აქვთ ყველაფერი შეუძლიათ, ამან დაღუპა ეს ქვეყანა („ქოცების“ პრეზიდენტს ვგულისხმობ). ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რისი კომპეტენცია გვაქვს და რისი - არა.
თინა ბოკუჩავა [პარტიის მოქმედი თავმჯდომარე] ბევრად კომპეტენტური, ნიჭიერი და განათლებულია ამ სფეროში განსაკუთრებით, აქედან გამომდინარე, მე ვთლი, რომ ეს ის მოედანია, სადაც თინა უნდა იყოს.
პარტიაში სად ხედავთ თქვენს თავს?
რასაც მივხვდი, რაც ცვლილებებიც მიშას [სააკაშვილს] უნდა, მანდ შეიძლება ჩემი თავი დამენახა: მაგალითად, რეგიონების გაძლიერება, პარტიაში რევოლუცია მოხდეს („რეორგანიზაცია“ სიტყვა არ მომწონს), ახალგაზრდების წინ წამოწევა - ეს ყველაფერი ძალიან მომწონს.
მაინც „ნაცს“ მეძახიან... მაინც „მიშისტს“ მეძახიან - კი არ მეძახიან, ვარ. შესაბამისად, ახალი დამაზიანებელი გარემოება ჩემს ცხოვრებაში ამით არ გაჩნდება. თუ მე მეძლევა შესაძლებლობა, რომ ამ პარტიაში გავაკეთო ის, რაც ამდენი ხნის განმავლობაში არ გაკეთდა, რაც მიშას სავიზიტო ბარათი იყო - შეეძლო კანადაში წასულიყო და იქ ემიგრანტი გოგო ეპოვა და მისთვის ეკონომიკის სამინისტრო ჩაებარებინა. თუ მიშას უნდა სხვა წიაღიდან წამოსულებს, ახალგაზრდებს ანდროს „ნაციონალური მოძრაობის“ საჭე და ამისთვის სჭირდება სწორი მენეჯერული უნარების მქონე ადამიანი, რომელიც ამ ადამიანებს მოძებნის, დაარწმუნებს - თუ ეს სჭირდება, ძალიან კარგი შანსია.
ერთ-ერთ წერილში მე მიშას მივწერე, თუ ამას საკუთარ პარტიაში ვერ ახერხებ, ამომრჩეველი რთულად დაგიჯერებს, რომ ამას შენი პარტია ქვეყანაში მოახერხებს. პოლიტიკოსმა სწორი მოდელი საკუთარ პარტიაში უნდა შექმნას.
თქვენ რაც აღწერეთ (ქვეყნის შიგნით აქტივობები და წევრების მოზიდვა), ეს თანათავმჯდომარის როლს ხომ არ ჰგავს?
ეს იქნება ზუსტად ეგ ველი. თან იმ ფონზე, რომელიც ამ ველზე მუშაობდა - „ხაბე“ [ლევან ხაბეიშვილი] ციხეშია, სავარაუდოდ, ამან გააჩინა „შიმშილი“, მაგრამ მარტო ეს არ არის.
ამ პარტიამ უნდა თქვა, რომ მზად არის მტკივნეული, მაგრამ რადიკალური განახლებისთვის: ჩვენ არაფერი ახალი „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ გვინახავს, თუ ვნახეთ, ეს იყო ფრაგმენტული. მაგალითად, ლევან სანიკიძე, იგორ ნარმანია, ირაკლი ფავლენიშვილი. მაგრამ ეს ხო ფრაგმენტულია და ვხედავდით დიდი დოზით ძველს, რომელიც არ იცვლებოდა.
თუ ჩვენ შევთანხმდებით მთავარ საკითხებზე, თანათავმჯდომარის თანამდებობა არის სრულიად საკმარისი, რომ მე ეს ცვლილებები განვახორციელო.
სააკაშვილი მზად იყო, რომ თქვენთვის შემოეთავაზებინა თავმჯდომარეობა. მოქმედ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას რამდენად შეიძლება ჰქონდეს ახლა თანამდებობაზე დარჩენის სურვილი?
ივლისში პარტიის ყველა საკვანძო თანამდებობის პირს ვადა გასდის. არავინ არავის არ უშვებს... ეს ყველაფერი ხდებოდა თინასთან კოორდინაციით. განიხილებოდა, რომ ამ ნაწილში ხომ არ ყოფილიყო ცვლილება და თინა ყოფილიყო მთავარი წარმომადგენელი საგარეო თემებზე.
რადგან [პარტიაში] არ მიდის პოლიტიკური პირი [გულისხმობს საკუთარ თავს], თინა უნდა დარჩეს აქ... მაგრამ რადგან სხვა გზით წავედით, მე ვფიქრობ, თინაზე უკეთესი ამ პოზიციაზე ვერ მოიძებნება.
სააკაშვილთან როცა მართავდით მოლაპარაკებებს, რა სტატუსით გესაუბრებოდათ ის? „ქართული ოცნების“ ოპონენტები, თქვენც ამბობთ, რომ ხელისუფლებაში არაფორმალური მმართველობაა.
„ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, ეს არის ღია პროცესი. მიშას „ფეისბუკზეც“ კი იკითხება, რომ ამ პროცესებში ჩართულია. თინა ბოკუჩავას განცხადებებიც კი ადასტურებს, რომ მათთვის მთავარი პოლიტიკური პირი პარტიაში მიშა სააკაშვილია.
სტატუს ხომ უნდა ჰქონდეს პარტიაში?
ის, რომ ფორმალური მხარეები გადააბარა და ენდო რამდენიმე ადამიანს პასუხისმგებლობის გაზიარების ნაწილში... მისი პოზიცია ყოველთვის გათვალისწინებულია პარტიის შიგნით. მე როგორც ვიცი, პარტიაში კონსულტაციები ჰქონდა - მიშა მელაპარაკებოდა სხვადასხვა ლიდერების სახელებითაც. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო სხვების მოსაზრებაც.
სტატუსი რა აქვს პარტიაში?
მიშას პარტიაა „ნაციონალური მოძრაობა“. როგორ შეიძლება, მისი ფაქტორი არ იყოს გათვალისწინებული მნიშვნელოვან მომენტებში?! ადამიანია, რომლის ფაქტორსაც ითვალისწინებენ.
ბიძინა ივანიშვილის ფაქტორსაც ხომ ითვალისწინებენ „ქართულ ოცნებაში“?!
როცა აღმასრულებელ ხელისუფლებაში ხარ და გავლენა გაქვს, ვინ უნდა იყოს პოლიციის უფროსი, თავდაცვის მინისტრი, როგორ ნაწილდებოდეს გავლენები, ეს ქვეყნისთვის მავნებლობაა.
აქ საუბარია ოპოზიციურ პარტიაზე, სადაც მიშას რჩევები გათვალისწინებული იქნება და ბიძინა მავნებლობს ქვეყნის წინაშე და არ მგონია მიშას გადაწყვეტილება თქვენზე გავლენას ახდენდეს.
„ნაციონალური მოძრაობა“ არის მიშას ფაქტორი - ეს დაადასტურა პარტიიდან ბევრმა გასვლამ. მისი ამომრჩეველი რჩება პარტიაში. მე მგონია, რომ რევოლუციური ცვლილებები მაგ პარტიაში მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ამის მზაობა ექნება მიშას.
თქვენ თქვით, რომ პარტიაში თავმჯდომარეობა არ გინდათ. ამას ამბობდა ლევან ხაბეიშვილიც 2022 წელს, როცა ნიკა მელიას იყო თავმჯდომარე და პოლიტიკოსები ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ. რამდენიმე დღეში ხაბეიშვილმა საკუთარი კანდიდატურა დააყენა. თქვენ უშვებთ თუ არა, რომ შეიძლება გახდეთ თავმჯდომარე?
100 პროცენტით ვამბობ, რომ არა. ხაბეიშვილი პოლიტიკოსია, მე - არა. მე შემიძლია კარგი მენეჯმენტი განვახორციელო, მიშას ტემპი შევიტანო. ჩემი პროგრამა მაქსიმუმია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიმზიდველი გახდეს მათთვის, ვინც ნაწყენი და გაბუტულები იყო, ასევე ახალგაზრდებისთვის - მინდა დავარწმუნო, რომ ეს იქმნება მათი პარტია.
სააკაშვილმა თქვა, რომ თქვენი გუნდით უერთდებით. ვინ იქნება მასში?
მჭირდება სადღაც ორი თვე, რომ ადამიანებთან ვინც მომწონს და მოლაპარაკებებს ვაპირებ, გავიარო კონსულტაციები.
რამდენჯერმე თქვით, რომ არ ხართ პოლიტიკოსი - აპირებთ იმ საქმიანობის გაგრძელებას (გადაცემის წაყვანას), რითაც საზოგადოებამ გაგიცნოთ?
მე არ ვარ „TV პირველის“ თანამშრომელი, ისინი ჩემს პროდუქტს გარედან იღებენ. ბუნებრივია, ამ ველზე დავრჩები.