თბილისსა და ქუთაისში ნაშუაღამევს სამ საათში სულ მცირე შვიდი ადამიანი დააკავეს - საია

საიას თავმჯდომარის ცნობით, თბილისსა და ქუთაისში, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დააკავეს.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ცნობით, 10 დეკემბერს, ღამის 00:00-დან 03:00 საათამდე შუალედში, თბილისსა და ქუთაისში, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დააკავეს.

„ბოლო 3 საათში თბილისსა და ქუთაისში 7 პირის დაკავების/ჩხრეკის შესახებ შეგვატყობინეს არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე. მათ შორის, ერთი სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული“, - წერს ქურდოვანიძე ფეისბუკზე.

მისი თქმით, ორგანიზაცია ცდილობს გაიგოს, სად გადაიყვანეს დაკავებულები.

„თითქოს რომ მშვიდი ღამეა, ადამიანების დევნა და ტერორი გრძელდება“, - წერს იგი.

10 დეკემბერს, ნაშუაღამევს, 01:30-01:45 საათის შუალედში თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „მაკდონალდსთან“, სასტუმრო „სტამბასთან“ და ასევე ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, სულ მცირე, ხუთი მოქალაქე დააკავეს.

ასევე ნახეთ ვერაზე - „სტამბასთან“, „მაკდონალდსთან“ და ვაკეში ხუთი ახალგაზრდა დააკავეს ჩხრეკისას