ჩეჩინმა, გრიბულმა და კუხარჩუკმა „დურაკას თამაში“ აღიარეს და საპროცესო გაუფორმდათ

სერჰი კუხარჩუკი, ანტონ ჩეჩინი და არტიომ გრიბული

პატიმრობაში მყოფმა ანტონ ჩეჩინმა, არტემ გრიბულმა და სერგეი კუხარჩუკმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბანქოს თამაში აღიარეს და მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. დღეს, 15 აპრილს გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, 3-დან 5 წლამდე პატიმრობის ნაცვლად თითოეულ მათგანს 5 000 ლარის გადახდა მოუწევს.

„ნამდვილად ითამაშეს „დურაკა“. ამას არანაირი მოტივაცია არ ჰქონდა, თუმცა მაინც ისჯება. არსებობდა ვიდეომტკიცებულება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მათმა ადვოკატმა, დარია სამოდუროვამ და აღნიშნა, რომ ბრალდებულებს გამართლების ან საქმის შეწყვეტის მოლოდინი არ ჰქონდათ.

პროევროპული აქციებისას დაკავებულ სამ მსჯავრდადებულს პროკურატურამ ახალი ბრალი 3 თებერვალს წარუდგინა - მათ ასანთის კოლოფისგან დამზადებული ბანქოთი თამაშის გამო 378-ე სეკუნდა მუხლის მეორე ნაწილით სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებოდათ.

ასევე ნახეთ

„არ იცოდნენ, რომ აკრძალული იყო“ - აქციებისას დაკავებულებს ბანქოს თამაშისთვის ახალი ბრალი წარუდგინეს

პენიტენციური დაწესებულება განსაზღვრავს აკრძალული ნივთების ჩამონათვალს. მაგალითად, გლდანის მე-8, ქალთა მე-5 და რუსთავის მე-12 დაწესებულებების დებულებით, აკრძალულ ნივთთა ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • ფული;
  • ძვირფასი ნივთები;
  • ქიმიკატები;
  • საკვები პროდუქტები, რომლებიც საჭიროებენ სითბურ დამუშავებას (ყავა-ჩაის გარდა), საფუარი, შაქარი;
  • ყველანაირი ალკოჰოლური სასმელი, ლუდი;
  • სუნამო, ოდეკოლონი;
  • ბასრი და მჩხვლეტავი საგნები;
  • ბანქო, ფოტოაპარატები;
  • აუდიო-ვიდეო და ფიქსაციის სხვა საშუალებები;
  • კომპასები;
  • ტელეფონი;
  • დაუდგენელი ნიმუშის სამხედრო და სხვა ფორმის ტანსაცმელი და ამ სახეობის ტანსაცმელს მიკუთვნებული ზედა სამოსი, ქუდები და ფეხსაცმელი;
  • საღებავები და კოპირების ქაღალდები.

შსს-ს მიერ რეგისტრირებულ დანაშაულთა სტატისტიკის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე სეკუნდა მუხლით, ანუ პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდადებულის მიერ აკრძალული საგნის შეძენა, შენახვა, სარგებლობისთვის, 2024 წელს 56 საქმეზე დაიწყო გამოძიება. ამდენივე, 56 საქმეზე დაიწყო გამოძიება 2025 წელსაც.

ასევე ნახეთ

შაქარი, სუნამო, ბანქო - აკრძალული ნივთები ციხეებში. ოფიციალური პასუხი 45 დღის შემდეგ