„ჩირის ფარდებს“ მიღმა დამალული შრომა

ოქტომბრის ბოლოდან მარტვილის სოფლები ჩირის ნარინჯისფერ ფარდებში ეხვევა. ამ პერიოდიდან მოყოლებული აქაურების მთავარი საფიქრალი ხურმის დროულად დაკრეფა, გათლა და გაშრობაა. შრომას არ ჩივიან, მთავარია, ამინდმა გაამართლოს.

4 დღეა, მარტვილში გადაბმულად წვიმს. სოფელ ნაგვაზაოში გლეხებმა „ხურმის ფარდებს“ პარკები გადააფარეს - თუ ასე გაგრძელდა და ნისლი ჩამოწვა, ჩირი როგორმე დალპობას უნდა გადაარჩინონ.

„ხაჩია (ხურმის ნაირსახეობა) რომ გავთალე, ნახევარი გადავყარე. ჩამოცვივდა, ვერ გაუძლო. ამინდმა არ შეუწყო ხელი. წვიმა არ უშლის ხელს, მთავარია, ნისლი არ იყოს. ძლიერი სიცხეებიც არ არის კარგი. სიცხეები დაამწიფებს ძაფზე და ჩამოცვივდება. ქარიანი ამინდია კარგი და ყინვა, ყინვა აშრობს“, - ჰყვება ნანა ცირეკიძე და თან ხურმას თლის.

52 წლის ნანას ხელის თითები დაკოჟრილი აქვს. ღამე ეღვიძება, ცდილობს დაბუჟებული ხელები ისე დადოს, რომ ტკივილი შეუმსუბუქდეს. ასე ხდება ყოველ შემოდგომაზე, როცა ხურმის ჩირის მზადება იწყება.

ოქტომბრიდან ნოემბრის ბოლომდე მარტვილელები ტონობით ხურმას კრეფენ, თლიან და ძაფზე აცვამენ. ხილი სათუთად უნდა დაიკრიფოს, ყუნწი არც კრეფისას და არც გათლისას არ უნდა მოძვრეს. დაკრეფილი ხურმა მალევე უნდა გაითალოს, რომ ხილმა დამწიფება ძაფზე აცმამდე ვერ მოასწროს. გამზადებული ხურმა კი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაშრეს. რაც ჩამოცვივდება ან გაშრობას ვერ მოასწრებს, არყის გამოსახდელად გამოდგება.

ნანას ჩირის დამზადებაში ქმარი და მეათეკლასელი შვილი ეხმარებიან. გლეხების დიდი ნაწილი თანხას ზოგავს, დამხმარე მუშახელის დაქირავება დღეში დამატებით 25 ლარი ჯდება. ყოველდღე საშუალოდ 200 კილოგრამამდე ხურმას თლიან. მათი წლევანდელი მოსავალი ნედლი სახით 1 ტონამდე იქნება, გაშრობის შემდეგ კი მისი წონა მნიშვნელოვნად შემცირდება. როგორც ნანა გვიხსნის, 4 კილო ნედლ პროდუქტზე 1 კილოგრამი ჩირი რჩება.

თუ ყველაფერი კარგად წავიდა, წელს ხურმის მოსავლისგან ცირეკიძეების ოჯახი 1000 ლარის მოგებას ელოდება. თანხის დიდი ნაწილი სახლის რემონტზე დაიხარჯება.

ცირეკიძეებისგან განსხვავებით, მხოლოდ 400-500 ლარის მოგებას ელოდებიან წელს მათი მეზობლები, სოციალურად დაუცველი გუგუშვილების ოჯახი. მათ მხოლოდ ორი ძირი ხურმა აქვთ. თუ ამინდებმა გაუმართლა და ყველა გამოშრა, დაახლოებით, 100 კილო ჩირი გამოვა.

მედეას თხილის პლანტაციაც აქვს, თუმცა თხილმა წელს არ გაამართლა. ჰყავთ ერთი მეწველი ძროხა. ამას ემატება 80 წელს მიღწეული დედის პენსია და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარება. გუგუშვილები ასე ირჩენენ თავს წლიდან წლამდე. სახლი ავარიულ მდგომარეობაშია, მაგრამ შესაკეთებლად ფინანსები ჯერ ვერ მოაგროვეს.

Your browser doesn’t support HTML5

„ჩირის ფარდებს“ მიღმა დამალული მძიმე შრომა

მედეას უნდოდა, თანასოფლელებისგან 100 კილოგრამამდე ხურმა ეყიდა, თუმცა ვერც ეს მოახერხა. მარტვილელები, რომლებსაც ხურმის მწირი მოსავალი აქვთ, ხშირად იქცევიან ასე. მეზობლებისგან ხილს იაფად ყიდულობენ - კილოგრამს 20-30 თეთრად, ჩირი კი იანვარში კილოგრამი 3-4 ლარი ღირს. ნაგვაზაოში ამბობენ, რომ უხვმოსავლიანობისას ჩირის ფასი ეცემა. ყოფილა შემთხვევა, პროდუქტი 1 ლარადაც კი გაუყიდიათ. წელს უკეთესის მოლოდინი აქვთ.

ნაგვაზაოს მცხოვრებლები, რაც თავი ახსოვთ, შემოდგომაზე ხურმის ჩირს აკეთებენ. ამბობენ, რომ მათი შრომა ოდნავ შემსუბუქდება, თუ სოფლის სიახლოვეს 4 საშრობი მოეწყობა, სადაც ხილის მიტანას შეძლებენ. ამბობენ, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტს მხოლოდ ერთი საშრობი აქვს, რომელიც აქაურებისთვის, ერთი რომ, შორსაა და, მეორე, საწარმოთი მხოლოდ მსხვილი ფერმერები სარგებლობენ. მათ პროდუქტიც მეტი აქვთ, ხარჯიც და შემოსავალიც.

ნაგვაზაოელი ნელი კვაშილავა თბილისში ცხოვრობს და სოფელში ოჯახთან ერთად ჩირის სეზონზე ჩადის. წელს 7 ტონა ხურმა აქვს, რომლის ნახევარიც იყიდა, დანარჩენი კი საკუთარ ეზოში დაკრიფა. 7 ტონიდან 6 ოჯახის 2 წევრის დახმარებით უკვე გათალა. სახლის აივანზე „ხურმის ფარდებიც“ გაფინა და ნესტისგან დასაცავად ბრეზენტიც ჩამოაფარა.

„მთელი ენერგია, სული და გული გვაქვს ამაში ჩაქსოვილი. ვნახოთ, რა იქნება“, - ამბობს ნელი კვაშილავა, რომელიც მხოლოდ ნოემბრის ბოლოს, როცა ოჯახს მეწარმეები ააკითხავენ, გაიგებს, რა მოგება მისცა წელს ჩაბარებულმა ტკბილეულმა.