ცემა, დამდუღვრა თუ თვალების დათხრის მუქარა - ქალები თმენის პირობებში

ო.რ-მ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ ერთი წლის წინ მიმართა - ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო. 2008 წელს, მომავალმა ქმარმა ჯერ მოიტაცა, ქორწინებიდან ორ თვეში კი უკვე ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა -სცემდა, სხვადასხვა საგნებს ესროდა, მდუღარე წყალს ასხამდა და სახლიდან წასვლის შემთხვევაში, თვალების დაზიანებით და მოკვლით ემუქრებოდა.

ქალმა თავის შველა მშობლების სახლში დაბრუნებით სცადა, მაგრამ ძალადობა არც იქ შეწყვეტილა - ქმარი იქაც დაესხა თავს ცივი იარაღით. პოლიციამ ყველაფერი იცოდა, თუმცა ო.რ. შიშით ვერ ჩიოდა. და არცთუ უსაფუძვლოდ. 2017 წლის 25 ივლისს ქმარი ო.რ-ს და დედამისს პნევმატური იარაღიდან ესროლა. დღეს მოძალადე ორწლიან სასჯელს იხდის. თუმცა როგორც „საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივაში“ აღნიშნავენ, თითქმის ათი წელი დასჭირდა დამნაშავის დასჯას.

ეს და სხვა მსგავსი არაერთი ამბავი მოხვდა ანგარიშში „სამართალწარმოება თანასწორობისათვის“, რომელიც „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ მოამზადა „ჩართულობისა და განვითარების ცენტრის“ დახმარებით. ახალციხეში, ახალქალაქში, ხულოსა და შუახევში, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებთან გასაუბრების შედეგად კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ისინი დიდხანს ითმენენ ოჯახში ძალადობას იმ მოტივით, რომ „წასასვლელი არსად აქვთ“. მათ, ხშირად არ იციან ქართული ენა, ვერ უკავშირდებიან დროულად შესაბამის ორგანიზაციებს, არა აქვთ ინფორმაცია ვის მიმართონ და ამ პირობებში არჩევენ მოთმენას - ხშირად განუსაზღვრელი ვადით.

„ასობით ქალმა საერთოდ არ იცი რა უფლებები აქვს. არ არის ეკონომიკურად ძლიერი საკუთარი საქმის წამოსაწყებად და დამოუკიდებლად ცხოვრებისათვის“, - აღნიშნავს ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი მშვენიერაძე. ამ ქალებმა მათ არ იციან:

  • როგორ იბრძოლონ ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ და როგორ დაიხსნან თავი ტრადიციების გავლენისგან.
  • როგორ გაეყარონ მოძალადე ქმარს და მოითხოვონ ალიმენტი.
  • ისინი არ განიხილებიან მემკვიდრეებად და ა.შ.

ლ.ზ. წლების განმავლობაში მიმართავდა პოლიციას და მოძალადე ქმრისგან დაცვას ითხოვდა. ნარკოდამოკიდებული ქმარი შვილებს აიძულებდა წამლის ე.წ. მოხარშვაში დახმარებოდნენ, შემდეგ კი ოთახი გაენიავებინათ. ერთხელ ცოლი ცივი იარაღით მუცელში დაჭრა. 2017 წლის მაისში ქალმა თვითმკვლელობა სცადა. პოლიციელებმა ქალს უთხრეს, რომ ქმართან ჩხუბის გამო თავის მოკვლა არ ღირდა, ექიმებს კი უთხრეს, რომ ქალმა დიდი რაოდენობით წამლები თავის მოსაკლავად კი არა, ტკივილის გასაყუჩებლად დალია

.„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივაში“ ამბობენ, ეს კონკრეტული ისტორია სამართალდამცავების და საზოგადოების გულგრილობის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითია.

აგიტ მირზოევი, რომელიც „განვითარებისა და ჩართულობის ცენტრს“ ხელმძღვანელობს, შენიშნავს, რომ პრობლემას, განსაკუთრებით კი, ეთნიკურ და რელიგიურ თემებში კულტურული თავისებურებებიც ამძაფრებს.

„უმცირესობებში ხშირია ფსევდოკულტურული წარმოდგენები, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევის გარეთ გატანა და მით უმეტეს, პოლიციისთვის მიმართვა სირცხვილია. განსაკუთრებით ეს ხშირია რეგიონებში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და არავის სურს ხმამაღლა მათთვის დელიკატურ ამბებზე ლაპარაკი. ამიტომ ამ ადამიანებთან მუშაობა, მათთვის იმის ახსნა, რომ დუმილი არ არის გამოსავალი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.

კიდევ ერთი ამბავი:

ხულოში მცხოვრებ თ.ს-ს, რომელიც 16 წლისა ძალით გაათხოვეს მშობლებმა, ქმარი და მისი მშობლები წლები მხოლოდ იმის გამო ავიწროვებდნენ, რომ არ ფეხმძიმდებოდა. მამამთილი რძალს ფიზიკურ შრომას აიძულებდა, ქმარი კი სცემდა. საქმე პოლიციამდეც მივიდა, თუმცა დღემდე არავის უგია პასუხი.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ წინა წლებთან შედარებით სახელმწიფოს პოლიტიკა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ და ქალთა უფლებების დასაცავად უფრო მკაცრია. ქალები უფრო ხშირად მიმართავენ პოლიციას ძალადობის ფაქტების შემდეგ.

აი, მაგალითად:

შსს-ს 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, პოლიციელებმა 5472 შემაკავებელი ორდერი გამოსცეს. 2017 წელთან შედარებით, შემცირებულია შემაკავებელი ორდერის დარღვევის მაჩვენებელიც. 2018 წლის პირველი 9 თვის სტატისტიკის თანახმად კი, ოჯახურ დანაშაულზე გამოძიება დაიწყო 4339 საქმეზე.

თუმცა „საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივაში“ ფიქრობენ, რომ თუ საზოგადოების და რაც მთავარია, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გულგრილი და აგდებული დამოკიდებულება არ შეიცვალა, ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოვლენას წინ უამრავი დაბრკოლება შეხვდება.