შოვის სტიქიის შემდეგ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საქართველოში მყინვარული ხეობების შესასწავლად 4 მილიონ ლარამდე დახარჯა. კვლევა ორ ეტაპად ჩატარდა, შედეგები არ გამოქვეყნებულა.
მესტიაში, მყინვარ ჭალაადისკენ მიმავალს გზაზე უზარმაზარი ლოდი წითელი წარწერით ერთგვარი გზამკვლევია - ნიშნავს, რომ აქედან მყინვარის ძირამდე დაახლოებით ორი კილომეტრია დარჩენილი. არადა, ნახევარი საუკუნის წინ, როდესაც ცნობილმა ქართველმა გეოგრაფმა რამინ გობეჯიშვილმა მყინვარიდან მოწყვეტილ ლოდზე საკუთარი ინიციალები - Р.Г.Г. კირილიცით დატოვა, ლოდი მყინვარის ძირში იყო.
გეოგრაფ რამინ გობეჯიშვილის მინაწერი მყინვარ ჭალაადისკენ მიმავალ ბილიკზე. 8.10.2025, კაქტუსი
მესტიის მუნიციპალიტეტი, სადაც ჭალაადია, 7 მყინვარული ცხელი წერტილის ზონაშია მოხვედრილი.
კვლევის შედეგად გამოვლენილი საფრთხის კერები, რუკის მიხედვით, რომელიც “კაქტუსმა” მოიპოვა, სულ მცირე, 4 მუნიციპალიტეტს მოიცავს - ონს, მესტიას, ახმეტასა და ყაზბეგს, მაგრამ რუკაზე ჩანს, რომ რისკის ზონაში ათობით სხვა მუნიციპალიტეტი, თემი, მყინვარი და მყინვარული ხეობა უნდა შედიოდეს. სრული ანგარიშის ნახვის გარეშე, მათი ზედმიწევნით ჩამოთვლა შეუძლებელია.
რატომ და როდის გადაწყდა მყინვარული ხეობების ახალი კვლევა?
2023 წლის ზაფხულში, ონის მუნიციპალიტეტში მოულოდნელად და სწრაფად ჩამოწოლილმა კლდეზვავმა 33 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტი თავისი ინფრასტრუქტურით შლამსა და ტალახში ჩაფლა. შოვში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, საქართველოში მყინვარული ხეობების ახალი მეთოდოლოგიითა და ტექნოლოგიებით შესწავლა დაიწყო.
2024 წელს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შვეიცარიული კომპანია GEOTEST AG დაიქირავა. მყინვარების შესწავლა ორ ნაწილად გაიყო. GEOTEST AG-მა პირველი ნაწილი 2024 წელსვე დაამთავრა და ანგარიში სააგენტოს ჩააბარა, მეორე - კონტრაქტის მიხედვით, დამკვეთს მიმდინარე წლის 15 ნოემბერს უნდა ჩაჰბარებოდა.
არცერთი ანგარიში საჯარო არაა. “კაქტუსმა” დოკუმენტები 13 ოქტომბერს გამოითხოვა. ამ სტატიის გამოქვეყნებამდე პასუხი არ მიუღია.
2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში, შოვში ჩამოწოლილმა კლდეზვავმა 33 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტი გაანადგურა. ხანგრძლივი სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგაც ვერ იპოვეს ერთი ბავშვის ცხედარი. ამ ტრაგედიის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით დაიწყო, თუმცა 2 წლის შემდეგაც მსხვერპლსა და ზარალზე პასუხისმგებლები არ დაუდგენია.
მყინვარებისა და მყინვარული ხეობების კვლევის პროექტი პირველი მასშტაბური ანალიზია დამოუკიდებელ საქართველოში, საბჭოთა კავშირის დაშლისა და ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, როცა გარემოზე უწყვეტი დაკვირვების სისტემები მოიშალა, ინფრასტრუქტურა განადგურდა, ბუნების შემსწავლელი სამეცნიერო პროფესიები [გლაციოლოგია, გეოლოგია] არაპოპულარული გახდა. ამავე დროს, დედამიწაზე საშუალო წლიური ტემპერატურა მატულობს და მისი თანმდევი, დამანგრეველი მოვლენები თვალსაჩინო ხდება.
კომპანია GEOTEST AG-სთან გარემოს ეროვნული სააგენტო 2015 წლიდან თანამშრომლობს: GEOTEST AG-ის დახმარებით შეიქმნა საქართველოში ერთადერთი ადრეული შეტყობინების სისტემა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დარიალის ხეობაში. GEOTEST AG წყლის, კლიმატის, გარემოს დაბინძურების, თერმული ენერგიის, გეოლოგიის და ბუნებრივ ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამედროვე მიდგომებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით მუშაობს. კომპანიის ვებგვერდის “პუბლიკაციის” ქვე-განყოფილებაში Natural Hazards (ბუნებრივი საფრთხეები) მოყვანილია საქართველოში 2016 წელს შესრულებული პროექტიც. მასში აღწერილია მყინვარული წყალმოვარდნებისა და ნატანი მასალის ჩამოტანის შემდეგ, ადრეული შეტყობინებების სისტემების ტექნოლოგიების დამონტაჟების პრაქტიკა საქართველოსა და ჩინეთის მაგალითზე.
პროექტის საწყის ეტაპზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ GEOTEST AG-ის საქართველოს ყველა მყინვარული ხეობის პირველადი სკრინინგი, ანუ დეტალური ვიზუალური შესწავლა და ცხელი წერტილების გამოყოფა დაავალა. ამ პროექტის ბიუჯეტი 700 920 ევრო იყო. კვლევის დასასრულს GEOTEST AG-მა, ქართველ ქვეკონტრაქტორ GeoGraphic-თან ერთად, შექმნა რუკა, რომელზეც შვიდი ცხელი წერტილი დაიტანა.
შვეიცარიული კომპანია GEOTEST AG-ისა და ქართული კომპანია GeoGraphic-ის შექმნილი მყინვარული ცხელი წერტილების რუკა საქართველოში, 2024
ახლა უკვე ხევსურეთიც შვიდ მყინვარულ ცხელ წერტილს შორის
“სტეფანწმინდა, გერგეთი, შოვი, გლოლა, დართლო და ჟაბეში: ეს ადგილები განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არის პროცესთა იმ შემაშფოთებელი ჯაჭვის გამო, რაც მყინვარების პერმაფროსტზე მიმდინარეობს”, - GEOTEST AG-ის გენერალური დირექტორი დანიელ ტობლერი ასახელებს იმ ადგილებს, რომლებსაც დნობის პროცესში მყოფი მყინვარები საფრთხეს უქმნიან.
ცხელი წერტილების რუკაზე, რომელიც კვლევის ნაწილია და პირველად ამ სტატიაში ვასაჯაროებთ, არ ჩანს ზუსტი ფართობი და კონკრეტული მყინვარები, რასაც რუკაზე ცხელ წერტილად დატანილი თითო მონიშვნა მოიცავს. დანიელ ტობლერი გვიხსნის, რომ მას, კონტრაქტი უკრძალავს, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე, ჟურნალისტებთან დეტალურად დაასახელოს რისკის ზონაში მოხვედრილი მყინვარები და ხეობები, თუმცა გვეუბნება: “გუგლის რუკაზე მარტივად იპოვით მყინვარების სახელებს და მათ გარშემო დასახლებებსო“.
ასევე ნახეთ შოვი - გამქრალი კურორტიგუგლს არაერთი რუკა აქვს, რომლებსაც ევროპული და ამერიკული ონლაინ პლატფორმები საბაზისო წყაროდ იყენებენ, თუმცა GEOTEST AG-ის ნარატიული ნაწილისა და ტექნიკური დანართების გარეშე, მცდელობა, დააზუსტო ცხელი წერტილების შიგნით, მყინვარების სახელები და მათ გარშემო დასახლებები, შესაძლოა, შეცდომაში შემყვანი გახდეს.
ყველა მყინვარისა და მყინვარული ხეობის სია, რომლებიც პირველადი სკრინინგის მიხედვით გამოვლინდა, GEOTEST AG-ის 2024 წლის ანგარიშში უნდა იყოს, თუმცა გარემოს ეროვნულ სააგენტოს ეს დოკუმენტი არ გამოუქვეყნებია.
ერთი, რისი დანამდვილებით თქმაც შეიძლება, მყინვარული საფრთხის კერებს ხევსურეთიც დაემატა.
თუკი უფრო ძველ რუკაზე, ბუნებრივი რისკების თვალსაზრისით, ყველაზე საშიშ რეგიონებად მონიშნული სვანეთის, რაჭისა და ყაზბეგის მყინვარები იყო, ახალ რუკაზე, შვეიცარიული კომპანიის პირველადი სკრინინგის შედეგად გაჩნდა ახალი ცხელი წერტილი - ხევსურეთი.
მყინვარების მეორე რუკა, სადაც პოტენციური ბუნებრივი საფრთხე - კლდეზვავი - გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მიუთითა, მათ შორის დევდორაკი [2014 წელს] და შოვი [2023 წელს]. აქ 2024 წლამდე ხევსურეთი მონიშნული არ იყო.
ამ რუკაზე საფრთხედ მითითებულია კლდეზვავი [rock avalanche] - დაქანებული ფერდობიდან, მათ შორის მყინვარიდან, მოწყვეტილი და სწრაფად მოძრავი კლდოვანი მასა, რომლის მოცულობა 1 მილიონი კუბურ მეტრს აღემატება.
მყინვარებიდან წამოსული ასეთი მასა მაშინაა საშიში, როდესაც კლდეზვავი დასახლებულ ხეობაში ჩადის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ადრეული გაფრთხილებისა და შეტყობინების სისტემები არ არსებობს. ისე, როგორც ეს შოვში მოხდა ორი წლის წინ.
საქართველოში ადრეული შეტყობინებისა და გაფრთხილების სისტემა მხოლოდ ერთ მუნიციპალიტეტშია - ყაზბეგში, დევდორაკის ხეობაში.
ადრეული შეტყობინება
მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული შეტყობინების [Multi-Hazard Early Warning] მრავალმილიონიანი პროექტი, რომელსაც UNDP მართავს, 7 წლის წინ დაიწყო. ამ პროექტის წყალობით, საქართველო უფრო მეტად მომზადებული, აღჭურვილი, ინსტიტუციურად და ციფრულად გამართული უნდა ყოფილიყო კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი სტიქიური პროცესების მიმართ, ვიდრე ის დღეს არის. პროექტის ღირებულება 74 334 622 აშშ დოლარია.
2024 წელს UNDP-მ “კაქტუსს” საქართველოში 45 მოწყვლადი თემის სია გაუზიარა. UNDP-ს სულ 100 თემი უნდა შეესწავლა, სადაც სხვადასხვა ბუნებრივი საფრთხის [multi-hazard], მათ შორის, წყალდიდობის, ღვარცოფის, ძლიერი ქარის, ზვავის, სეტყვის, გვალვის, ან მათი კომბინაციის, მაღალი რისკი იყო.
ასევე ნახეთ საქართველო სტიქიებისთვის მზად არ არის - კავკასიონის მყინვარები დნებასია კომპანია “გეოგრაფიკისა” და გარემოს ეროვნული სააგენტოს მომზადებული საფრთხეების რუკებისა და რისკების შეფასების საფუძველზე შედგა. 2024 წელ UNDP-მ “კაქტუსს” უთხრა, რომ “მრავლობითი საფრთხით გამოწვეული კატასტროფის რისკის საინფორმაციო სისტემების” ონლაინპორტალ “ქლაუდში” [ანუ ვირტუალურად] დატესტეს და ყველაფერი მზად იყო შსს-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სერვერზე გადასატანად. არაერთი კითხვის მიუხედავად, შს სამინისტრო არ გვპასუხობს, გადაიბარეს თუ არა პორტალი და იყენებენ თუ არა ისინი ამ რუკას, ან გაუზიარეს თუ არა მუნიციპალიტეტებს.
UNDP-ის პროექტ Multi-Hazard Early Warning-ის გამოვლენილი 45 მოწყვლადი თემი:
ძვირადღირებული სატელიტური გამოსახულებები
2015 წლიდან, რაც ევროკავშირის პროექტ “კოპერნიკის” სატელიტი Sentinel ჩაეშვა, მყინვარებზე დაკვირვების მეთოდები შეიცვალა: თუკი ადრე მყინვარის შესასწავლად მასთან ახლოს მისვლა იყო აუცილებელი, დღეს სატელიტური ფოტოებით შეიძლება ზუსტი და საგულისხმო მონაცემების მოგროვება, მათი ანალიზი და სტიქიების რისკების მოდელირება.
მყინვარებისა და ხეობების მაღალი ხარისხის სატელიტური გამოსახულებები თან ერთვის იმ ანგარიშსაც, რომელიც შვეიცარიულ კომპანიას საქართველოს ხელისუფლებამ დაუკვეთა.
თითოეული ასეთი ფოტო 3-4 ათასი ლარი შეიძლება ღირდეს. გარემოს ეროვნულ სააგენტოს, მინიმუმ, ათობით ასეთი მაღალი გარჩევადობის სატელიტური გამოსახულება უნდა ჰქონდეს ნაყიდი, არც ეს ფოტოებია ხელმისაწვდომი.
ინტერვიუში დანიელ ტობლერმა სატელიტური გამოსახულებების რაოდენობა არ დაასახელა, მაგრამ დააზუსტა, რომ ეს NASA-ს სატელიტ InSAR-ის ფასიანი მულტისპექტრული [სხვადასხვა ფერის, მათ შორის, ინფრაწითელი, ულტრაიისფერი] ფოტოებია. სატელიტი InSAR დედამიწის ზედაპირიდან მონაცემებს რადიოტალღების საშუალებით იღებს - როგორც რადარი.
კვლევის მეორე ეტაპი - ისიც გამოუქვეყნებელი
მყინვარების შესწავლის მეორე ანგარიში, რომელიც 1 712 740 ლარი დაჯდა, GEOTEST AG-ის კონტრაქტის მიხედვით, გარემოს ეროვნულ სააგენტოს წელს, 15 ნოემბერს უნდა ჩაჰბარებოდა. ჩაბარდა თუ არა ანგარიში სააგენტოს დედლაინის დაცვით, ამას არცერთი მხარე არ ადასტურებს.
ამ დოკუმენტში უნდა იყოს უკვე გამოვლენილი 7 ცხელი წერტილისთვის მოსალოდნელი ბუნებრივი საფრთხეების დეტალური შეფასება და პრევენციის რეკომენდაციები. აქვე უნდა იყოს ჩამოთვლილი ის ადგილები, სადაც ადრეული შეტყობინების სისტემების დამონტაჟება იქნებოდა აუცილებელი.
2024 წელს გარემოს ეროვნული სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა ვასილ გედევანიშვილმა [მყინვარების შესწავლის პროექტის პირველი ნაწილის ხელშეკრულებას ხელი სწორედ მან მოაწერა] გვითხრა, რომ ეს კვლევა მხოლოდ პირველადი ინფორმაციის საფუძველია, რომელსაც მოდელირება უნდა დაეყრდნოს.
„თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე ხეობაში პოტენციური საფრთხეები არსებობს, იმ კონკრეტულ ხეობას დასჭირდება ინდივიდუალური მოდელირება და ინდივიდუალური სცენარები. პოტენციური საფრთხეების მიხედვით უნდა გადაწყვიტო, რა სისტემა შეიძლება დააყენო იქ, ღირს თუ არა იმის დაყენება, რომ დააყენო, როგორ იმუშავებს და ასე შემდეგ”, - თქვა მან 2024 წლის 16 აგვისტოს ინტერვიუში.
ასევე ნახეთ რა მოესწრება 8-10 წუთში, როცა ღვარცოფი მოდის?ვასილ გედევანიშვილი საჯარო სამსახურიდან წელს, მაისში გაათავისუფლეს. ამჟამად გარემოს ეროვნული სააგენტოს დირექტორი ელენე ღუბიანურია.
GEOTEST AG-ის მეორე ანგარიში სამომავლოდ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა უნდა გამოიყენონ, გენერალური გეგმებისა და მიწათსარგებლობის გეგმების შედგენის და დამტკიცების დროს, იმათ კი, ვისაც ასეთი გეგმები უკვე შემუშავებული აქვთ, შეცვალოს ისინი და უახლეს გამოწვევებს მოარგოს.
მყინვარების კვლევის შედეგები გავლენას იქონიებს მუნიციპალიტეტების განვითარების კონცეფციებზე: მიწათსარგებლობისა და განაშენიანების გეგმებზე.
მუნიციპალიტეტების განვითარების გენერალურ გეგმებს საკრებულოები ამტკიცებენ და ისინი კანონიერ ძალაში მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის ხელმოწერისა და “საკანონმდებლო მაცნეზე” გამოქვეყნების შემდეგ შედის. განვითარების გენერალური ხედვა-გეგმა ამჟამად დამტკიცებული არ აქვს არც მესტიის, არც ონის, არც ყაზბეგისა და არც ახმეტის მუნიციპალიტეტებს - მათ, რომლებიც ცხელ წერტილებში მოხვდნენ.
რა ჩანდა შოვზე სტიქიამდე სატელიტური გამოსახულებებიდან და რა ჩანს ახლა?
შოვის განაშენიანების გეგმა სტიქიამდე 6 თვით ადრე, 2022 წლის 22 დეკემბერში დაამტკიცა ონის საკრებულომ, რომელსაც ხელს აწერს ბაჩანა მარკოიშვილი, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. ამ გეგმას სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (სგშ) არ ჩასტარებია, რაც აუცილებელი იყო, შოვის მყინვარებთან სიახლოვის და ბუნებრივი კატასტროფების მაღალი რისკის გამო.
“2023 წელს შოვში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ კურორტი შოვი განუსაზღვრელი დროით გამოაკლდა მუნიციპალიტეტის ბალნეოლოგიურ კურორტებს”, - წერია დოკუმენტში “ონის 2024-2028 წლების ადგილობრივი განვითარების სტრატეგია,” რომელიც 2024 წელს ევროკავშირის დახმარებით შეიქმნა.
შოვი სტიქიიდან 15 დღის შემდეგ, 2023 წლის 17 აგვისტო. ცენტრში კარგად ჩანს კლდეზვავის ჩამოტანილი ნაშალი მყინვარული მასალა. წყარო: პლატფორმა Copernicus, სატელიტ Sentinel 2-ის გამოსახულება
შოვი სტიქიამდე - რუკის ცენტრში ის ჯერ კიდევ მწვანედ ჩანს. 13 ივლისი, 2022. წყარო: პლატფორმა Copernicus, სატელიტ Sentinel 2-ის გამოსახულება
ევროკავშირის უფასო პლატფორმა Copernicus-ის სატელიტ Sentinel 2-ის გადაღებული გამოსახულებებიდან 2022 წელსაც - შოვის დამანგრეველი სტიქიიდან ერთი წლით ადრეც - ჩანდა მყინვარ ბუბაზე მიმდინარე ცვლილებები. 2022 წელს მყინვარს ერთი ენა მოსწყდა და ხეობა გააფართოვა. ასევე, 2023 წელს, სტიქიის წელს, წინა 7 წელთან შედარებით, უჩვეულოდ დიდი მოცულობის ნალექი - თოვლი მოვიდა, რაც სატელიტურ გამოსახულებაზე ჩანს.
Gif კომპილაცია აგებულია 2017-2025 წლების შუალედში, სატელიტ Sentinel 2-ის გადაღებული 11 გამოსახულებით, ივლისის, აგვისტოსა და სექტემბრის შედარებით უღრუბლო დღეებიდან | სატელიტური მონაცემები დაამუშავა მამუკა გვილავამ.
"ამ გიფზე ჩანს, რომ მყინვარი თბილისა, ფაქტობრივად, მთლიანად ქრება მყინვარის მთელი სხეულის "ჩამოსრიალების" შედეგად”, - გვეუბნება მამუკა გვილავა, გარემოსდაცვითი ტექნიკური ექსპერტი, განათლებით ფიზიკოსი. - “მყინვარი თბილისა გიფის ვიდეოს ცენტრშია, მისგან ჩრდილო-დასავლეთით - ბუბა. როგორც ჩანს, ბუბას 2 ენა აქვს და ერთ-ერთი 1 წლით ადრე ჩამოვიდა მისსავე ხეობაში, რადგან სატელიტური სურათებიდან ჩანს, რომ ზუსტად ისევე გაფართოვდა ეს ხეობა, როგორც მყინვარ თბილისას ხეობა ერთი წლის შემდეგ. ასე რომ, ბუბამ გაგვაფრთხილა 1 წლით ადრე”.
ამ მონაცემების დამუშავებასა და გასაჯაროებაზე გარემოს ეროვნული სააგენტოა პასუხისმგებელი. შოვამდე მას სატელიტური მონაცემები არ გამოუქვეყნებია.
2025 წელის 10 ნოემბერს სამეცნიერო ჟურნალში Water, ქართველი გლაციოლოგებისა და ჰიდროლოგების თანაავტორობით, გამოქვეყნდა სტატია, რომელიც აღწერს სვანეთის მყინვარების წანერ-ნაგების მყინვარული სისტემის შეკუმშვასა და გლაციალური ტბების ფორმირებას საქართველოს კავკასიონზე. მყინვარზე ტბის ჩადგომა ატმოსფერული ჰაერის ტემპერატურის მომატებასა და მუდმივი თოვლის საფარის დნობაზე მიუთითებს.
ყავისფერი მყინვარი ჭალაადი
სვანეთის რეგიონი, GEOTEST AG-ის შედგენილი პირველადი სკრინინგის მიხედვით, ერთ-ერთი ცხელი წერტილია. მყინვარი ჭალაადი ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი ყველაზე მარტივად მისადგომია საქართველოს მყინვარებს შორის.
მყინვარ ჭალაადის სამხრეთი კალთა. ფოტო გადაღებულია დაახლოებით 2 მეტრის მიახლოებით. ფოტო - კაქტუსი, 2025 წლის 8 ოქტომბერი
მყინვარები, როგორც წესი, თეთრია, მაგრამ ჭალაადის სამხრეთი კალთა გამუქებულია.
ჭალაადის მყინვარის უზარმაზარი ლოდიდან დაახლოებით 2 კილომეტრში ოქტომბრის მზიან დღეს, მყინვარის კალთებს მივადექით - შეუიარაღებელი თვალითაც ადვილად შესამჩნევად, უწყვეტად ცვიოდა სხვადასხვა ზომის კლდის ყავისფერი ნაშალი. მუქი ფერი კიდევ უფრო ადვილად ისრუტავს მზის სხივებს და აჩქარებს მყინვარის დნობას.
ჭალაადის შუაში ნაკადულს პატარა ნაპრალი გაეჭრა, რომელსაც გამდნარი წყალი მოჰყვებოდა. ჭალაადის ზედაპირზე კარგად ჩანდა წყლისგან ფორმირებული ჩაღრმავებებიც, რომელსაც გლაციოლოგიაში “მყინვარულ ჭიქებს” ეძახიან. მყინვარულ ჭიქები ვერტიკალურად დაახლოებით 35 სანტიმეტრისა და სიგანით 10-40 სანტიმეტრის წარმონაქმნებია. ისინი მუქი ქანების გათბობის შედეგად წარმოიქმნება, რომლებიც მყინვარსაც ადნობს და მის ჩაჯდომას იწვევს. თუკი მყინვარს ზედაპირზე ბევრი “ჭიქა” აქვს, მას “მყინვარის ფიჭას” ეძახიან.
ეს მოსანიშნი ლოდი მყინვარ ჭალაადისგან რამდენიმე ათეული მეტრით არის დაშორებული. 2011 წერს ეს ლოდი მყინვარ ჭალაადისგან 32 მეტრით იყო დაშორებული. 2012 წელს მანძილი მყინვარსა და ლოდს შორის 47 მეტრამდე გაიზარდა, 2013 წელს კი 64 მეტრამდე დაგრძელდა.
ათი წლის წინ ჭალაადს ფერიც სხვანაირი ჰქონდა: თეთრი და ცისფერი.
“ადრე ძალიან შთამბეჭდავი იყო. ახლა ეს რომ ჩამოამტვრიო, შიგნით ცისფერია”, - გვითხრა მახო გიგანმა. მახო ალპინისტი და მთის გიდია ათწლიანი გამოცდილებით. - “ყოველ ორ-სამ თვეში ერთხელ შეცვლილია აქაურობა. საფეხმავლო ბილიკის სიგრძე დღითი-დღე იზრდება… მყინვარი სადღაც მაღლაა. სამხრეთი ექსპოზიციით ჭალაადი უფრო დაჩქარებულად დნება”.
მყინვარ ჭალაადის დასაწყისი ჩრდილოეთით, მესტიის მუნიციპალიტეტი, სვანეთი, 1960 მეტრი ზღვის დონიდან. 8.10.2025, კაქტუსი
“ზამთარში უფრო ის მიხარებს გულს, რომ მყინვარი თოვლით არის დაფარული და უფრო დაცულია მზისგან და სიცხისგან. ზამთარში აქ ბევრი ზვავი ჩამოდის და ადრეულ გაზაფხულზე მყინვარს მეტი დრო აქვს, რომ დაცულად იგრძნოს თავი”, - ამბობს გიგანი. - “მყინვარები რომ დაშრება, წყალი აღარ იქნება. ჭალაადის წყლის ნაწილი სასმელ წყლადაც მიეწოდება მესტიას”.