„ქართვლის დედა“, „დედა-უკრაინა“, „დედა-სომხეთი“ - ძეგლები საბჭოთა წარსულიდან

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავად საბჭოთა კავშირის ქალაქებში ერთმანეთის მიყოლებით დაიდგა ძეგლები.

მთაზე გადმომდგარი ქალი ხმლითა და თასით - ამ მონუმენტის გარეშე თბილისი დღეს იშვიათად ვინმეს ახსოვდეს, მაგრამ ის სულაც არ არის უნიკალური. მსგავსი ხმლიანი ქალი დგას კიევშიც, ერევანშიც, სანქტ-პეტერბურგშიც, ყველაზე დიდი - ვოლგოგრადში.

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავად საბჭოთა კავშირის ქალაქებში ერთმანეთის მიყოლებით დაიდგა ძეგლები. მათი ერთ-ერთი მიმართულება იყო - დედასამშობლო („Родина-мать“).

ქალი 14-ტონიანი ხმლით

1959 წელს დაიწყო და 1967 წელს დასრულდა იმ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე მაღალი, 85 მეტრის სიმაღლის მონუმენტი „დედასამშობლო“.

ძეგლი ვოლგოგრადში დგას და სტალინგრადის ბრძოლაში დაღუპულებს ეძღვნება. ავტორები იყვნენ მოქანდაკე ევგენი ვუჩეტიჩი და ინჟინერი ნიკოლაი ნიკიტინი.

„დედასამშობლო“ ვოლგოგრადში

ზუსტად არავინ იცის ვინ პოზიორობდა მოქანდაკისთვის. ერთ-ერთი ვერსიით, ვუჩეტიჩმა ქანდაკება საკუთარი ცოლის ვერასა და იმ დროისთვის ცნობილი საბჭოთა სპორტსმენის ნინო დუმბაძის მიხედვით შექმნა. ონლაინ გამოცემა Grad.ua აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც ნინო დუმბაძე მოქანდაკის სახელოსნოში პოზირებს. ნინო დუმბაძე ევროპის ორგზის და XV ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი იყო ბადროს ტყორცნაში. ის 1983 წელს, თბილისში გარდაიცვალა.

სამკაპი სსრკ-ის გერბის ნაცვლად

ვუჩეტიჩმა მეორე, ამჯერად კიევის „დედასამშობლოზე“ მუშაობაც დაიწყო, მაგრამ 1974 წელს გარდაიცვალა და საქმე უკრაინელმა მოქანდაკე ვასილი ბოროდაიმ გადაიბარა. ძეგლი 1981 წლის 9 მაისს გახსნეს. ქანდაკება 102 მეტრი სიმაღლისაა. მას ცალ ხელში ხმალი, მეორეში კი ფარი უჭირავს.

მონუმენტის თავდაპირველი სახე

ფარზე თავდაპირველად სსრკ-ის გერბი იყო განთავსებული, მაგრამ 2023 წელს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ოპერაცია წამოიწყო, გერბი ჩამოხსნეს და ფარზე უკრაინის სიმბოლო სამკაპი გამოსახეს. გადაარქვეს სახელიც, ახლა მონუმენტს „დედა-უკრაინა“ ჰქვია.

უკრაინელებმა მონუმენტზე სამკაპი დაამონტაჟეს

უფრო ადრე, 1960 წელს, სანქტ-პეტერბურგში ლენინგრადის ბლოკადის დროს დაღუპულების სახსოვრად დადგეს მონუმენტი, სახელწოდებით „დედასამშობლო“. ეს ქანდაკება ზომებში საკმაოდ მოკრძალებულია, სიმაღლე - 6 მეტრი. მისი ავტორები ვერა ისაევა და რობერტ ტაურიტი არიან.

„დედასამშობლო“ სანქტ პეტერბურგში

სკულპტურა პისკარიოვსკის მემორიალურ სასაფლაოზე დგას, სადაც ათიათასობით ჯარისკაცია დაკრძალული. ქალის ფიგურას აქ ხელში არა ხმალი, არამედ სამუდამო ხსოვნის სიმბოლო გირლანდა უჭირავს.

უცნაური საიდუმლო

ომში დაღუპულების სახსოვრად, 1962 წელს ხმლიანი ქალის ქანდაკება დადგეს ერევანშიც - „დედა-სომხეთი“.

„დედა-სომხეთი“

მისი მოქანდაკე იყო არა არუთინიანი, ნატურა კი ლამაზი, მორიდებული გოგონა გენია მურადიანი. ის სკულპტორმა მაშინ შენიშნა, როდესაც დედასთან ერთად პომიდვრების რიგში იდგა.

ასევე ნახეთ „სომეხი დედა“ - ქალი, რომლის მიხედვითაც გამოიძერწა სომხეთის ცნობილი ქანდაკება

2021 წელს გენიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, ქმარს მთელი ცხოვრება ვუმალავდი, რომ „დედა-სომხეთის“ მენატურე მე ვიყავიო.

თასი ფარის ნაცვლად

„ქართვლის დედა“ ამ ძეგლებიდან ყველაზე ძველია. ის 1958 წელს თბილისის დაარსების 1500 წლისთავის აღსანიშნავად ელგუჯა ამაშუკელმა დაამზადა. თავიდან სკულპტურა ხის იყო, 60-იან წლებში კი ალუმინის ფირფიტებით დაიფარა. 1990-იან წლებში ქანდაკება ახლით ჩაანაცვლეს.

„ქართვლის დედა“

2021 წელს თბილისის ყოფილმა მერი ნიკო ლეკიშვილი რადიო თავისუფლებას მოუყვა, იმ დროისთვის მონუმენტი ისე იყო გაძარცული და გამომპალი, რომ ამაშუკელი ნერვიულობისგან ლოგინად ჩავარდაო. ძეგლის აღსადგენად ფული შვიდმა კაცმა შეაგროვა.

„დამწყები ბიზნესმენები იყვნენ. ზოგმა 50 ათასი დადო, ზოგმა 70 ათასი,.. სულ შევაგროვეთ 350 ათასი დოლარი, რაც დიდი თანხა იყო. მასალა არ იშოვებოდა, იური ლუჟკოვის დახმარებითა მოსკოვიდან ჩამოვიტანეთ მასალა. ელგუჯამ ჩრდილოეთ ოსეთიდან ჩამოიყვანა ოსტატები, გააკეთა თაბაშირის მაკეტი. სამგორის რაიონში იყო მერიის კულტურის სამმართველოს სამხატვრო კომბინატი და იმ ტერიტორიაზე გავაკეთეთ. დავდგით ახალი ქართვლის დედა. იმის გამო, რომ ქალაქი არ არცერთი წუთით არ დარჩენილიყო ძეგლის გარეშე, სამი მეტრის მოშორებით გავაკეთეთ ახალი ფუნდამენტი და იქ აღვმართეთ. ასე რომ, რამდენიმე საათის განმავლობაში ქალაქში ორი ქართვლის დედა იდგა“, - თქვა ნიკო ლეკიშვილმა.

ვერ ვიტყვით, რომ სახელი „ქართვლის დედა“ კომუნიზმს უკავშირდება. ილია ჭავჭავაძის გაცილებით ადრე აქვს დაწერილი ლექსი:

„ქართვლის დედაო, ძუძუ ქართვლისა,

უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა.

დედის ნანასთან ქვითინი მთისა,

მას უმზადებდა მომავალ გმირსა...“

ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაური ამბობს, რომ ის ძეგლები, რომლებიც სხვა საბჭოთა ქალაქებში დაიდგა, უშუალოდ ომზე გამარჯვებას მიეძღვნა, „ქართვლის დედა“ კი ომის სიმბოლო არ არის, თუმცა, მაშინდელი საბჭოთა კავშირი ერთ იდეოლოგიით იმართებოდა და მის მიღმა ვერაფერს გააკეთებდი.

„ამხელა მონუმენტს კი არა, პატარა ბიუსტს ვერ ჩადგამდი საკუთარ ეზოში თუ ამ საერთო იდეოლოგიას არ პასუხობდა. მხატვრული თვალსაზრისით, ის საკმაოდ საინტერესო ნამუშევარია, ერთ-ერთი პირველი მონუმენტური ძეგლია საქართველოში. თუმცა არც მაშინ და არც ახლა არ არსებობს ქართულ რეალობაში ასეთი სიმბოლიკა - ის რომ ხმლით მტერს ხვდები და თასით - მოყვარეს. არც რელიეფებშია ასეთი რამ, არც წერილობით წყაროებში. ეს საბჭოთა რეალობაში შეთხზული მითია“. - ამბობს ლელა ოჩიაური.

„ქართვლის დედა“, ისევე როგორც სხვა მსგავსი ძეგლები დროის განმავლობაში გახდა არა მხოლოდ იმ ქალაქების სიმბოლოები, სადაც ისინი დგას, არამედ სახელმწიფოებისაც. ისინი გამოსახულია მარკებზე, ღია ბარათებზე, სუვენირებზე და სხვა ისეთ ნივთებზე, რომლებიც ქვეყანასთან ასოცირდება.