ათი წიგნი, რომლებიც 2025 წლის საქართველოს გაგახსენებთ

2025 წელს ქართული წიგნის მაღაზიების ყველაზე თვალსაჩინო თაროებზე, არცთუ შემთხვევით, იდო წიგნები, რომლებიც ჰყვებიან თავისუფლებისათვის ბრძოლაზე, ავტოკრატიულ რეჟიმებში ადამიანების ბედზე, რეპრესიულ ქვეყნებში ხელოვანთა როლზე, ტოტალიტარული ძალაუფლების ბუნებასა და დიქტატურაში ცხოვრების საფრთხეებზე.

ამ წიგნების უმრავლესობა ბესტსელერი გახდა - გამომცემლები ამას იმით ხსნიან, რომ მათში აღწერილი ამბები მკითხველს ძალიან აგონებს გასული წლის საქართველოს.

ჯორჯ ორუელის "თავისუფლებაზე"

ამ წიგნში თავი მოიყარა თითქმის ყველაფერმა, რაც ჯორჯ ორუელს, „ცხოველების ფერმისა“ და „1984“-ის ავტორს, თავისუფლებაზე დაუწერია. თავისუფლებაზე წერა კი პირველ რიგში თავისუფლების დაკარგვის საფრთხეებზე წერასაც გულისხმობს. საფრთხე თავისუფლებას, ყველა დროში, ნებისმიერ საზოგადოებაში შეიძლება დაემუქროს. პროპაგანდით დაწყებული, სისტემის ზეწოლით დასრულებული - ამ წიგნში ბევრ ნაცნობ პასაჟს აღმოაჩენთ.

ენ ეფლბაუმის „ავტოკრატების გაერთიანება“

ცნობილი პუბლიცისტის, პულიცერის პრემიის ლაურეატის ეს წიგნი ჰყვება, როგორ თანამშრომლობენ ავტოკრატები დემოკრატიული სამყაროს გასანადგურებლად, როგორ აძლიერებენ ერთმანეთს კარგად გაწვრთნილი, თანამოაზრე რეჟიმები და რა შეიძლება ამას დაუპირისპიროს დემოკრატიულმა ქვეყნებმა.

„პარალელი გავლება მარტივია, თუ გადავხედავთ, რომელ ქვეყნებს სტუმრობს „ქართული ოცნების“ მთავრობა დღეს. მათ აქვთ ურთიერთობა ყველა იმ ქვეყნის ხელისუფლებასთან, სადაც ავტორიტარიზმია“, - შენიშნავს გამომცემლობა „ინტელექტის“ მთავარი რედაქტორი ზვიად კვარაცხელია.

მარია რესას „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“

ეს წიგნი შესაძლოა, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან გახსოვთ - პატიმარი ჟურნალისტი საკუთარ სასამართლოზე სწორედ ამ წიგნით ხელში მივიდა.

ფილიპინელი ჟურნალისტის და მშვიდობის დარგში 2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, მარია რესას „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ საქართველოშიც იქცა არდანებების სიმბოლოდ. ეს წიგნი არ იძლევა დიქტატორების დამარცხების მზა რეცეპტებს, თუმცა მისი წაკითხვის შემდეგ ხვდები, რომ ეს მხოლოდ უწყვეტი ბრძოლის შედეგადაა შესაძლებელი. მზია ამაღლობელის მთავარი გზავნილიც ეს იყო „იბრძოლეთ, სანამ არ არის გვიან“.

მარია რესა ამ წიგნში თავის ქვეყანაში სასამართლოს მიკერძოებულობის, საკუთარი მოქალაქეებისგან მტრის ხატის შექმნის, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლის თუ დეზინფორმაციასთან ბრძოლის ამბებს აღწერს და ჰყვება, როგორ იყენებს რეჟიმი თავის უზარმაზარ რესურსს ერთსახოვანი ადამიანებით სავსე პარალელური სამყაროს შესაქმნელად.

ლევან ბოლქვაძის „ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“

ეს გულაგგამოვლილი მწერლის, ლევან ბოლქვაძის ერთადერთი წიგნია, რომელიც ჰყვება მეფე ჩიგიდსა და მასთან მებრძოლ ბიჭზე - ჭაბუკაზე. მეფე დროის დატუსაღებას გადაწყვეტს და მოინდომებს ადამიანებმა მის ნებაზე მომართული დროით იცხოვრონ. თუ მეფეს მოუნდება იანვარში ივლისი იყოს, მას ყველა უნდა დაემორჩილოს. თუ ივლისში თოვლს მოინდომებს, თოვლი უნდა მოვიდეს.

ეს „დიდების ზღაპარი“ პირველად, 70-იანი წლების ბოლოს, არჩილ სულაკაურის რედაქციით გამოიცა. რუსებმა მას პოლიტიკური პამფლეტი უწოდეს და რუსულად არ თარგმნეს.

ერიხ ფრომის „თავისუფლებისგან გაქცევა“

ეს წიგნი იმაზეა, თუ რის ფასად თმობს ადამიანი თავისუფლებას. რა დევს სასწორის მეორე მხარეს ისეთი, რაც ადამიანს ამ არჩევანს აკეთებინებს. ნაციზმზე დაკვირვებით დაწერილ ამ ტექსტში ფრომი აანალიზებს, რატომ შეიძლება ეს თავისუფლება დათმონ განსაკუთრებით იმ ერების შვილებმა, რომელთაც უნახავთ და გამოუცდიათ ომი, ბოროტება, სისასტიკე.

რა არის ეს - კომფორტი? ბელადისადმი თაყვანისცემა? თავისუფლებაზე ყოფნა? სტაბილურობა? რასაც უპირისპირდება თავისუფლებისთვის ყოველდღიური ბრძოლა, სტრესი, პატიმრობა. ეს კითხვები დღესაც აქტუალურია.

პოლ ლინჩის „მისნის სიმღერა“

ბუკერის პრემიის გამარჯვებული ავტორის ამ ერთი შეხედვით, დისტოპიურ რომანში ბევრი რამაა რეალური. პოლ ლინჩმა მთელ მსოფლიოს უწინასწარმეტყველა ის, რასაც ბოლო ათწლეულში სამყარო გადის, მათ შორის, ფსევდოპატრიოტიზმის, ფსევდონაციონალიზმის, პოპულიზმის აღზევებაც. ეს წიგნი აღწერს, როგორ შეიძლება რეპრესიულმა რეჟიმმა, სისტემამ უჩუმრად გააქროს ადამიანი. მთელი ოჯახი დაანგრიოს. ადამიანებისგან კი მტრის ხატი შექმნას. ლინჩის ამ წიგნმა ბევრს გაახსენა 1930-იანი წლების საბჭოთა რეჟიმიც და ბოლო ერთი წლის საქართველოც.

„ჩვენ ახლა ამ წიგნის შუაში ვართ“, - გვეუბნება ზვიად კვარაცხელია.

ისმაელ კადარეს „დიქტატორის ზარი“

ამ წიგნში ავტორი იდუმალებით მოცულ ამბავს იკვლევს - 1934 წელს, იოსებ სტალინსა და პოეტ ბორის პასტერნაკს შორის შემდგარ ხანმოკლე სატელეფონო ზარს, რომელშიც სტალინი პასტერნაკს, იმხანად დაპატიმრებული პოეტის, ოსიპ მანდელშტამის დახასიათებას სთხოვს… ეს არის რომანი ძალაუფლებაზე, აზრის თავისუფალი გამოხატვისა და რეპრესიულ სახელმწიფოში ხელოვანთა როლსა და კიდევ იმაზე, როგორ შეუძლია პოლიტიკურ ძალაუფლებას შეიჭრას ხელოვნებაში და მოითხოვოს პასუხები.

ეს არის წიგნი იმაზეც, როგორ გადაიქცევა დიქტატორის სატელეფონო ზარი შიშის, კონტროლისა და პარანოიის მექანიზმად. ხოლო ავტორიტარული სისტემა როგორ ანგრევს ადამიანურ ურთიერთობებს. მეხსიერებას. თვითცენზურა კი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ხდება.

რობერტო ბოლანიოს „ღამე ჩილეში“

ამ ტექსტმა საქართველოს რეალობასთან ბევრს გაავლებინა პარალელი - ეს წიგნი, ძალადობის დროს ინტელექტუალის დუმილსა და იმაზეა, როგორ ამართლებს განათლებული ადამიანი საკუთარ უმოქმედობას, როგორ იფარებს ფარად ესთეტიკას თუ „კულტურის სამსახურში“ ყოფნის იდეას მაშინაც კი, როცა სისტემა სულ უფრო სასტიკი ხდება, როგორ იქცევა საბოლოოდ დუმილი თანამონაწილეობად.

ბოლანიოს ეს ტექსტი - ერთ ღამეში დაწერილი მონოლოგი, აუგუსტო პინოჩეტის დიქტატურის (1973–1990) ეპოქას ეხება და აღწერს როგორ თანაარსებობდნენ ჩილეში კულტურული ელიტა და პოლიტიკური რეპრესიები დიქტატურის დროს. სწორედ ამ წიგნმა უბიძგა ქართველ მწერალს, არჩილ ქიქოძეს დაეწერა თავისი ახალი რომანი.

არჩილ ქიქოძის „ომი“

თუ ვინმე გკითხავთ, რა ხდებოდა ამ ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში - მაშინ არჩილ ქიქოძის „ომი“ უნდა წაიკითხოთ. ყოფილი პოლიტიკოსის, „დეპუტატის“ საუბარი მწერლისა და ავაზაკის პერსონაჟებთან. მათი საუბრები კი ეხება ქვეყნის უახლეს ისტორიას, მსოფლიოს მიმდინარე ომებს, ჰუმანიზმის კრიზისს, მორალურ დილემებს და საერთო ადამიანურ მდგომარეობას.

„ომი“ იმ წარსულის ქრონიკაა, რომელიც მარადი აწმყოა, აქ ყველა ყოფილია, ნადეპუტატარი, ნაავაზაკარი, ნარაგბისტალი, ნაძმაკაცარი, და საერთოდაც, ნაკაცარი. აქ ომიც კი ნაომარია. მარტო მწერალია მარადიული, თავისი მახვილი, მაგრამ ოდნავ მოჭუტული თვალით. ვიღაცამ ხომ უნდა აღწეროს და აღნუსხოს ყოველივე, თუნდაც ნალბანდიანის ტიტველი ქალები და უტყვიო პისტოლეტი" - ასე აღწერს რომანს ქართველი მწერალი ზაზა ბურჭულაძე.

ჯენი ერპენბეკის „კაიროსი“

ეს, ერთი შეხედვით, პოეტური ენით დაწერილი სასიყვარულო რომანი, რომლის სიუჟეტიც აღმოსავლეთ გერმანიაში ვითარდება, ჰყვება რამდენად პოლიტიკური შეიძლება იყოს ყველაფერი, რასაც პირადს ეძახიან, თუ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობ, რომლის ხელისუფლების მიზანიც ადამიანების კონტროლსა და ძალაუფლების შენარჩუნებაზეა დაფუძნებული. ეს არის წიგნი იმაზე, როგორ ცვლის იდეოლოგიური კოლაფსი საზოგადოებას და ინდივიდებს, როგორ იკვეთება თავისუფლება, კონტროლი, მეხსიერება და იდენტობა, როდესაც სახელმწიფო ეცემა. ეს ყველაფერი კი ახალგაზრდა სტუდენტის კატარინასა და ხანდაზმული მწერლის, ჰანსის ურთიერთობის ფონზე ვითარდება.

2025 წლის მიწურულს, ამ წლის ბოლო, წიგნების საახალწლო ბაზრობაზე სულაკაურის გამომცემლობის დახლთან წითელი ბარათი იდო წარწერით - "აი, რა მოხდა 2025 წელს", რომელშიც მკითხველს უნდა ჩაეწერა თავისი ვერსია - რა გადახდა, რა განიცადა და რა დაინახა 2025 წლის საქართველოში და შემდეგ, ეს ბარათი, სიმბოლურად, მომავალი მკითხველისთვის, რომელიმე წიგნში ჩაეტოვებინა - მისი ისტორიის შემოსანახად.

ეს წიგნებიც, რომლებზეც ჩვენ მოგიყევით, აუცილებლად გაგახსენებთ 2025 წლის საქართველოს ამბებს.