სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის პოზიციები, - რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმებოდა, - და დადასტურებულად ჩათვალა, რომ:
- ამჟამად 28 წლის სანდრო წივწივაძემ მასზე რეგისტრირებული ხუთი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი 2025 წლის 15 მარტამდე „მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა“ გიორგი კაჭკაჭაშვილსა და გიორგი ჯოხაძეზე [ესე იგი, სახელმწიფოსთვის ცნობის გარეშე გადასცა მათ];
- გიორგი კაჭკაჭაშვილს გამოძიების მასალებში მოიხსენიებენ „ჯოხაძე-მიქაძეების დაჯგუფების წევრად“; იგი გიორგი მიქაძესთან ერთად 2025 წლის აგვისტოში დააკავეს. გიორგი ჯოხაძე საზღვარგარეთაა და ბრალი დაუსწრებლად აქვს წაყენებული მკვლელობის „ორგანიზებისთვის“.
- გამოძიების ვერსიით, - რაც სასამართლომაც გაიზიარა, - ერთ-ერთი იარაღით, - GLOCK 19-ით - „კილერობისთვის“ მსჯავრდებულმა გელა უძილაურმა 2025 წლის 14 მარტს მოკლა ლევან ჯანგველაძე და მისი პირადი მცველის, გია ჩადუნელის მკვლელობა სცადა [ამ ფორმულირებასა - მკვლელობის შეკვეთას - უძილაური უარყოფს].
სანდრო წივწივაძე 2025 წლის 14 მაისს დააკავეს.
მას ბრალად ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღება და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც „გამოიხატა გამოკითხული პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიცემით“.
იგივე ორივე ბრალდებაში ცნეს დამნაშავედ და 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოიტანა.
მოსამართლემ თქვა, რომ გადაწყვეტილება რთულად მიიღო და ეს ემოციურად მარტივი არ ყოფილა.
„პატივს ვცემდი ჯანგველაძეს“ - წივწივაძე
IPN-ის ცნობით, სანდრო წივწივაძემ დასკვნით სიტყვაში თქვა, რომ გაუგებრობაშია მოყოლილი:
„მესმის, ამხელა მკვლელობაა მომხდარი, ასეთი აჟიოტაჟია ატეხილი, მაგრამ არ ყოფილა ფაქტი, რომელიმე სტრუქტურას გამოვეძახებინე და არ მივსულიყავი“.
„თურმე, ჩემი იარაღი ჰქონია უძილაურს და დამაკავეს. ადრეც ვთქვი, რომ ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო“, - განაცხადა მან.
„ლევან ჯანგველაძე იქნებოდა [მსხვერპლი] თუ ნებისმიერი სხვა, როცა პიროვნულად მართალი ვარ, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყო. ჯანგველაძე ვიცოდი, ღირსეული კაცი იყო და ბევრი საქმე ჰქონდა გაკეთებული, რაც ჩემში სიმპათიას იმსახურებდა. ეს ამბავი რომ გავიგე, შოკირებული ვიყავი“, - თქვა წივწივაძემ.
მან საკუთარ თავს უწოდა „სრულიად უდანაშაულო ადამიანი“ და თქვა, რომ არ აქვს „იმდენად დაბალი ინტელექტი“, რომ საკუთარ სახელზე გაფორმებული იარაღი გელა უძილაურისთვის ან გიორგი ჯოხაძისთვის მიეცა.
„იარაღი სადაა?...ბათუმში დევს ვიღაცასთან უჯრაში. დანარჩენი იარაღი სადაა? რამე რომ მოხდეს კიდევ, მე უნდა მომადგნენ? 6 წლის წინ განვაცხადე დაკარგვაზე. ადამიანს მანქანა რომ მოპარონ, განაცხადოს, ის მანქანა ვინმეს რომ დაეჯახოს და პატრონი დაიჭირონ, ასეთ ამბავში ვარ მოყოლილი“, - თქვა მან.
მისი თქმით, იარაღები ბავშვობიდან უყვარს: „დღეს განსასჯელის სკამზე იმიტომ ვარ, რომ იარაღის მიმართ მაქვს ჰობი, ისე როგორც ადამიანს მანქანა რომ უყვარდეს“.
სხვა საქმეები
წივწივაძის საქმე - როგორც გიორგი ჯოხაძისა ძმები მიქაძეების, ასევე ოთარ ფარცხალაძის საქმე, - ცალკე იყო გამოყოფილი ჯანგველაძის მკვლელობის საქმიდან.
ამჟამად სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზეა ჯოხაძე-მიქაძეების საქმე, ხოლო ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმე საწყის ეტაპზეა.
ყველას „წინასწარი პატიმრობა“ აქვს შეფარდებული, თუმცა ჯოხაძე, დავით მიქაძე და ოთარ ფარცხალაძე საზღვარგარეთ არიან - მათ დაუსწრებლად აქვთ პატიმრობა შეფარდებული.
ასევე ნახეთ ჯანგველაძის მკვლელობა: კრიმინალური ომები, ბიზნესი და პოლიტიკა