მოკლედ
- წლების განმავლობაში საგამოძიებო უწყებები ჟურნალისტების გამოვლენილი ელიტური კორუფციის ფაქტებს არ იმჩნევდნენ.
- ჟურნალისტური გამოძიებების გამოქვეყნების შემდეგ ხელისუფლება თანაგუნდელებს იცავდა და ჟურნალისტებს ტყუილების გავრცელებაში ადანაშაულებდა.
- მოგვიანებით იმავე გამოძიებებში ნახსენები ჩინოვნიკები დააკავეს კორუფციის, ფულის გათეთრებისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებებით.
სარჩევი
- ლენტეხის მერის უკანონო სასტუმრო
- გაფუჭებული საკვები ჯარისთვის
- ეკონომიკის მინისტრის მოადგილის საქმე
- გრიგოლ ლილუაშვილი და „მისი პროტეჟეები“
- ირაკლი ღარიბაშვილის საქმე
წლების განმავლობაში, გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ გამოვლენილ ელიტურ კორუფციასა და მაღალი თანამდებობის პირების უკანონო საქმიანობას, საგამოძიებო უწყებები უყურადღებოდ ტოვებდნენ. არადა საგამოძიებო უწყება ვალდებულია, გამოიძიოს საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაცია, თუ ის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
რადიო თავისუფლებამ შეაგროვა ის ჟურნალისტური გამოძიებები, რომელთა გმირები - პრემიერები, მინისტრები, საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები - ახლა ფულის მითვისებისა და კორუფციის ბრალდებებით დაიჭირეს.
ლენტეხის მერის უკანონო სასტუმრო
როგორ აშენებდა უკანონოდ სასტუმროს ლენტეხის ყოფილი მერი, გია ონიანი, მუნიციპალიტეტის ცენტრში, ifact-მა ორი წლის წინ, 2024 წლის ნოემბერში დაწერა.
„როცა პროკურატურის განცხადების შინაარსს გავეცანი ლენტეხის მერის დაკავების შესახებ, მეგონა, ჩვენი გამოძიების ტექსტს ვკითხულობდი“, - ამბობს "აიფაქტის" ჟურნალისტი ნანუკა ბრეგაძე და ამატებს:
“გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ საგამოძიებო უწყებების მხრიდან გამოხმაურება არ ყოფილა, საერთოდ არაფერი”.
პროკურატურა მხოლოდ ორი წლის შემდეგ დაინტერესდა ამბით, რომელზეც ლენტეხში წლების განმავლობაში ლაპარაკობდნენ.
ასევე ნახეთ 18-ათასლარიანი გირაოთი ათავისუფლებენ „უკანონო სასტუმროს“ ფლობისთვის დაკავებულ ლენტეხის ყოფილ მერსსაბოლოოდ, გია ონიანი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით 2026 წლის 23 თებერვალს დააკავეს. მასთან ერთად დააკავეს არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები - ნუგზარ ტვილდიანი და გიორგი გულბანი.
დაკავების მომენტში გია ონიანი მერი აღარაა. ifact-ის გამოძიებაში გიორგი გულბანიცაა მოხსენიებული, როგორც მერის ქვისლი, რომელიც „უკანონო მშენებლობას სათანადო ყურადღებას არ აქცევს და დარღვევებზეც თვალს ხუჭავს“, ჟურნალისტის ზარის შემდეგ კი ფაქტების მიჩქმალვასაც ცდილობს.
გამოძიების ვერსიით, რომელიც ჟურნალისტურ გამოძიებასთან თანხვედრაშია, გია ონიანმა 2021 წელს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერად არჩევის შემდეგ, მუნიციპალიტეტის ცენტრში მიწა შეიძინა და სასტუმროს პროექტი დაუკვეთა.
პროექტი ვერ პასუხობდა სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს. ამის მიუხედავად, ონიანმა მეუღლის [ქრისტინე რევიშვილის], სახელზე რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით, პროექტი წარადგინა ლენტეხის მერიის არქიტექტურის სამსახურში და კანონების გვერდის ავლითა და თანამდებობის გამოყენებით ნებართვაც მოიპოვა.
"მცირე ზომის სასტუმრო გამოდის, რომელიც ლენტეხის ინფრასტრუქტურაში ძალიან ლამაზად ჩაჯდება“, - ამბობდა გია ონიანი და ამტკიცებდა, „მუნიციპალიტეტში პირველი ინვესტიციაა და წესით, სიხარულს უნდა იწვევდესო“.
სასტუმრო ლენტეხში „მჟავე წყლებისკენ“ მიმავალ გზაზე შენდებოდა. სოციალურ ქსელში ფოტოც გავრცელდა მინაწერით: „ლენტეხის მერი სახლს აშენებს პირდაპირ ტროტუარზე“.
„როცა რაიმე საგამოძიებო მასალაზე ვმუშაობთ, ყოველთვის ვუკავშირდებით პასუხისმგებელ უწყებებს და ვაძლევთ თავის მართლების თუ პასუხების გაცემის საშუალებას, ისინი იგნორს არჩევენ ხოლმე. ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ჯერ არ დავუდანაშაულებივართ, რეაგირების მეორე ტაქტიკა კი ყალბი გვერდების შემოსევაა ჩვენს სოციალურ პლატფორმებზე. ყოფილა ჟურნალისტების ფოტოების წაღებისა და ინდივიდუალური დისკრედიტაციის მცდელობები“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას "აიფაქტის" ჟურნალისტი ნანუკა ბრეგაძე.
გაფუჭებული საკვები ჯარისთვის
2023 წლის დეკემბერში ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გავიდა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, ქართულ ჯარს გაფუჭებული საკვებითა და უხარისხო სამოსით ამარაგებდნენ; ჟურნალისტი სამხედრო ობიექტების მშენებლობაში საეჭვო გარიგებებზეც ჰყვებოდა.
"ტვ პირველის" წყარო თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებული თეა კუჭუხიძეა, რომელიც წლების განმავლობაში ჯარის საკვებს ამოწმებდა და დარღვევები არ დამალა. მან სამინისტროს სასამართლოში უჩივლა.
გამოაქვეყნეს ფოტოებიც, რომლებზეც მატლებდასეული თევზი ჩანდა.
კუჭუხიძემ სასამართლოში მოჰყვა, რომ თავდაცვის მინისტრის სახელით გარიგება შესთავაზეს - თუ გაჩუმდებოდა, ფულსაც მიიღებდა.
იმ დროს სასამართლოში მედიას გადაღების უფლება ჯერ კიდევ არ ჰქონდა აკრძალული.
სიუჟეტის მომზადების მომენტისთვის თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეა, პრემიერ-მინისტრი კი - ირაკლი ღარიბაშვილი. სწორედ ღარიბაშვილის მოადგილე იყო მინისტრობამდე ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის სამინისტროში.
ახლა ორივე დაკავებულია. ჯუანშერ ბურჭულაძე - ფულის გათეთრებისა და კორუფციის ბრალდებით.
ირაკლი ღარიბაშვილი კი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის [ფულის გათეთრება] მუხლით. მან დანაშაული აღიარა.
ასევე ნახეთ ქართული ჯარი - რა მდგომარეობაშია ის ახლა?2023 წლის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, სამინისტროში უკანონო გარიგებებით დაინტერესებული იყვნენ მაშინდელი თავდაცვის მინისტრი და მისი ნათესავები, რომლებსაც თავდაცვის სამინისტროში ხარისხის კონტროლი ებარათ.
ყველაფერი, რაც ტელევიზიამ აჩვენა, თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა სასამართლო დარბაზებში ილაპარაკეს. პროკურატურას მაშინ გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
სამაგიეროდ, ჯუანშერ ბურჭულაძემ გამართა საგანგებო ბრიფინგი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ და ტელეკომპანია ტყუილების გავრცელებასა და ჯარის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა.
"ჩვენ 4 სხვადასხვა მექანიზმი შევქმენით ხარისხის კონტროლის, ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენმა ჯარმა მიიღოს საუკეთესო პროდუქტი... ეს არის რეალობა. ჯარში დღეს შემოდინება გვაქვს ისეთ ნიშნულზე, რაც არ ყოფილა ბევრი წლის განმავლობაში. ეს არის კონკრეტული პასუხი დისკრედიტაციაზე, რასაც ეწევიან ჩვენი ოპოზიციური არხები. ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, არ მოვითმენთ“, - თქვა მან.
აქედან მხოლოდ სამი წლის შემდეგ დააკავეს იმ კომპანიის ხელმძღვანელი, რომელიც თავდაცვას და შსს-ს ფალსიფიცირებულ თევზის კონსერვებს აწვდიდა. შპს „ბატონოს“ დირექტორი ივანე გოგლიძეა, ქართული წვენების ცნობილი კომპანიის, „კულას“ დამფუძნებელი და დირექტორი.
მინისტრს კი, რომელიც ამტკიცებდა, რომ „ჯარის დისკრედიტაციას არ მოითმენს“, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის 1 333 728 ლარით უფრო ძვირად ყიდვის გამო ასამართლებენ.
ფულის გათეთრებას უკავშირებს გამოძიება ჯუანშერ ბურჭულაძის მიერ ესპანეთში, მალაგის პროვინციაში, მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის 544 000 ევროდ ყიდვასაც.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის საქმე
„მინისტრის მოადგილის დაუსაბუთებელი ქონება“, - ამ სათაურით 2023 წელს რადიო თავისუფლებისა და "სტუდია მონიტორის" ერთობლივი პროექტის, "თავისუფლების მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიება ქვეყნდება.
ფილმში აღწერილია ის საეჭვო გარიგებები, რომლებიც ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის ოჯახის წევრებსა და თბილისის მერიას შორის გაფორმდა. მაშინ მიქაუტაძე „თბილსერვისჯგუფის“ დირექტორია.
აქედან ორი წელის შემდეგ, 2025 წლის სექტემბერში, რომეო მიქაუტაძეს დააკავებენ და კორუფციის ცხრა ეპიზოდზე ოთხი სხვადასხვა მუხლით წარუდგენენ ბრალი, მათ შორისაა ფულის გათეთრება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ბრალს არ აღიარებს.
ასევე ნახეთ მინისტრის მოადგილის საქმე: 9 ბრალდება, 8,5 მილიონი გათეთრებული ლარი და 117 მოწმედაკავებული მინისტრის მოადგილის საქმეში, ერთ-ერთი ეპიზოდი "თბილსერვისში" მუშაობის პერიოდზეა, თუმცა არა იმაზე, რაც "თავისუფლების მონიტორმა" გამოიძია. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რომეო მიქაუტაძე იყენებდა თანამდებობასა და გავლენებს უძრავი ქონების სფეროში მომგებიანი გარიგებებისთვის, მათ შორის კულტურულ ზონებშიც კი. ოფიციალური დოკუმენტაციით, ქონების მყიდველი და განმკარგველი მისი ცოლი იყო.
რომეო მიქაუტაძე ქონების დეკლარაციას 2017 წლიდან ავსებს. 2020 წელს მას საჯარო სამსახურის ბიურომ შვიდი სხვადასხვა დარღვევა აღმოუჩინა. კორუფციის მკვლევრები და გამომძიებელი ჟურნალისტები პირდაპირ ამბობდნენ, რომ მიქაუტაძის ქონება მის შემოსავალს არ შეესაბამებოდა და პროკურატურას გამოძიება უნდა დაეწყო.
სამოხელეო დანაშაულზე ეჭვების მიუხედავად, რომეო მიქაუტაძემ თანამდებობაზე კიდევ ერთი წელი დაჰყო.
მისი თანამდებობაზე ყოფნისას, 2022 წლის 30 დეკემბრიდან ეკონომიკის მინისტრი იყო ლევან დავითაშვილი, რომელიც სუსის ანტიკორუფციულ ბიუროში 17 თებერვალს გამოიკითხა.
დავითაშვილმა დაკითხვის შემდეგ თქვა, რომ „შეხვედრაზე“ იყო, მალევე სუსმა ყოფილ მინისტრს ნათქვამი შეუსწორა - ეს შეხვედრა არ ყოფილა, „კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე“ გამოგკითხეთო, დაწერეს განცხადებაში.
გრიგოლ ლილუაშვილი და „მისი პროტეჟეები“
„ღმერთმა ბიჭიკო პაიკიძეს და ყველა კეთილ და პატრიოტ ადამიანს მისცეს სიკეთე საკუთარი შრომით და კანონიერი გზით მოპოვებით“, - უპასუხა "სტუდია მონიტორის" ჟურნალისტს, ზურაბ მოდებაძეს, სუსის მაშინდელმა უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა 2024 წლის თებერვალში, პაიკიძის მიერ მოგებული მილიონობით ლარის ტენდერების შესახებ დასმული კითხვის პასუხად.
დღეს ბიჭიკო პაიკიძეც ბრალდებულია და სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილიც. მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებელი ჟურნალისტები სავარაუდო კორუფციულ სქემაზე ჯერ კიდევ 2020 წლიდან ჰყვებიან, პროკურატურამ მხოლოდ 5 წლის შემდეგ დაიწყო გამოძიება.
“ეს არის ირიბი დადასტურება, რომ ჩვენ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ… მნიშვნელოვან ამბებს ვიძიებთ…. მაგრამ თითქოს არ ვარსებობთ, არ გვიჩნევენ”, - ამბობს "სტუდია მონიტორის" დამფუძნებელი ნინო ზურიაშვილი.
ბიჭიკო პაიკიძეს სახელმწიფოს ფულის თაღლითურად დაუფლება დასდეს ბრალად. ის ესპანეთში დააკავეს და ახლა სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია, საქმე სასამართლოში განიხილება.
ბრალდება უკავშირდება სამშენებლო კომპანია B.P. TRANS-ს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 4 184 249 ლარს. გამოძიება მას ან თანხის „მოტყუებით დაუფლებას“ ედავება.
ასევე ნახეთ ლილუაშვილის გარემოცვის უკვე 3 წევრი მისცეს პასუხისგებაში - ვინ არიან და რა ბიზნესინტერესები აქვთ მათგამოძიების ვერსიაა, რომ კომპანიის ხელმძღვანელები, საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან „მილიონობით ლარის მიღების პარალელურად“, სისტემატურად ამახინჯებდნენ ინფორმაციას დეკლარაციებში და მილიონობით ლარს უმალავდნენ სახელმწიფოს.
სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი კი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას „ბრალად ედება ქრთამის აღება სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე“.
ამ ბრალდების ერთ-ერთი ეპიზოდი „ქოლცენტრებსაც“ უკავშირდება. პროკურატურაში განაცხადეს, რომ 2021-2023 წლებში საქართველოში „ქოლცენტრების“ შედარებით „მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი“, რომელიც ამ საქმიანობას თავისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა.
ანდრია (სანდრო) ლილუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილია - ინტერესებით სამშენებლო/დეველოპერულ ბიზნესსა და სატრანსპორტო სფეროში:
კორუფციის ბრალდებით ლილუაშვილის გარემოცვის კიდევ ერთი წევრია დაკავებული - კობა ხუნდაძე, „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი თანამშრომელი, ლილუაშვილის მეჯვარის ძმა, ასევე ბიზნესმენი. 22 ოქტომბერს სწორედ მის სახლში ნახეს 94 კონვერტად დახარისხებული 1 319 300 აშშ დოლარი;
ბიჭიკო პაიკიძეზე, რომელმაც შვილი სუსის ყოფილ ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს, მოანათვლინა, ბიზნესმენიც იყო და ვანის საკრებულოს დეპუტატიც 2017 და 2021 წლებში. 2016 წელს "ქართულ ოცნებას" 12 000 ლარიც შესწირა.
"სტუდია მონიტორს" ორი გამოძიება აქვს მომზადებული ბიჭიკო პაიკიძესთან დაკავშირებულ სავარაუდო კორუფციულ სქემაზე - სახელწოდებით „სუსის პროტეჟეები“.
ასევე ნახეთ სუსის უფროსი, გენპროკურორი, მკვლელობის შემკვეთი, ჟურნალისტი და თაღლითი ერთ სქემაში – „ქოლცენტრების“ საქმეპირველი გამოძიება 2020 წელს გამოქვეყნდა. საგამოძიებო მასალის მიხედვით, პაიკიძესა და ლილუაშვილს საქმიანი ურთიერთობა ჯერ კიდევ 2015 წელს ჰქონდათ, როცა ლილუაშვილი „ქართუ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი იყო, პაიკიძე კი ივანიშვილის სასტუმრო „პარაგრაფის“ მშენებლობის დროს ერთ-ერთი კონტრაქტორი.
ჟურნალისტების გამოძიების მიხედვით, პაიკიძესთან დაკავშირებულ კომპანიებს სხვადასხვა დროს ათობით მილიონი ლარის სახელმწიფო ტენდერები აქვთ მოგებული.
- მაგალითად, „არემჯიგოლდის“ ტენდერი, ჯამში, 61 მილიონი ლარის ღირებულების იყო.
- 12 მილიონ ლარზე მეტი გადაუხადეს მდინარე დურუჯის კალაპოტის გასაწმენდად.
პროკურატურა კორუფციული დანაშაულის სავარაუდო ინფორმაციის შემცველი ფაქტებით არ დაინტერესებულა. მეტიც, ბიჭიკო პაიკიძემ 27 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები ამ მასალების გამოქვეყნების მერე მოიგო.
2020 წელს, როცა „სტუდია მონიტორმა“ „სუსის პროტეჟეებზე“ პირველი საგამოძიებო მასალა მოამზადა, გრიგოლ ლილუაშვილს ბიჭიკო პაიკიძესთან მეგობრობაზე ჰკითხა.
„არ არის ეგ შენი საქმე. კანონი თუ ირღვევა, ეგ მითხარი, თუ არა, ვინ არის ჩემი ნათლია და ვინ არის ჩემი ნათლული... 25 მყავს და...“ - თქვა გრიგოლ ლილუაშვილმა მაშინ.
2024 წლის გამოძიებაში კი კითხვას, იგებს თუ არა პაიკიძე ტენდერებს მისი დამსახურებით, ასე უპასუხა:
„მათ [ ჩემს ნათლულებს] შორის ზოგი ბიზნესმენია, ზოგი საჯარო მოხელე, ზოგი შეიძლება დაუსაქმებელია და არაფერს აკეთებს. თუ კანონდარღვევა აქვს ვინმეს, აგერ არის ინფრასტრუქტურის სამინისტრო, დაუსვით კითხვები, გამოითხოვეთ ინფორმაცია“.
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე
„ქართული ოცნების“ ორგზის პრემიერი, ყოფილი შს მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და ახლა უკვე მსჯავრდადებული ირაკლი ღარიბაშვილი ციხეში ისე წავიდა, რომ საჯაროდ არაფერი უთქვამს. მან საპროცესო შეთანხმება გააფორმა და ფულის გათეთრების ბრალდება აღიარა.
ერთ დროს „ქართული ოცნების“ ყველაზე გავლენიანი წევრი და ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ახლობელი, 5 წელს ციხეში გაატარებს.
არადა ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი გარემოცვის სავარაუდო კორუფციაზე ათობით ჟურნალისტური გამოძიებაა მომზადებული. უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება აქ ჩამოთვლილ შესაძლო კორუფციულ საქმეებზე. ირაკლი ღარიბაშვილს არც პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აუღია.
- 2012 წელს შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა მაღალ თანამდებობებზე დანიშნა თავისი ცოლის ნათესავები. მათმა კომპანიებმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშების თანახმად, სახელმწიფოსგან პრივილეგიები მიიღეს სახელმწიფო შესყიდვების, სუბსიდიებისა და სხვა გზებით.
2015 წლის ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ ღარიბაშვილის პრობლემა მისი ნათესავები გახდებოდნენ. - 2022 წელს ბაკურიანში 5 630 კვ.მ. ტყე ირაკლი ღარიბაშვილის ცოლმა ნუნუკა თამაზაშვილმა 49-წლიანი სარგებლობის უფლებით მიიღო და შემოიღობა კიდეც. მაშინ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
ნუნუკა თამაზაშვილს კონკურენტი არ ჰყოლია. ხელშეკრულების პირობებით, მან ამ ტერიტორიაზე ტურისტული, სარეკრეაციო სივრცე უნდა მოაწყოს და სახელმწიფოს წელიწადში 6 000 ლარი გადაუხადოს. - 2 ორი წლით ადრე, 2020 წლის 18 თებერვალს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გავიდა გამოძიება, რომლის მიხედვითაც, ღარიბაშვილი ბაკურიანში რეზიდენციას იშენებდა ტერიტორიაზე, რომელიც რეკრეაციულ ზონაში მდებარეობდა.
ჟურნალისტურ გამოძიებებში მოხვდა მაღალი ღირებულების მქონე აქტივები, რომლებსაც პრემიერი დეკლარაციებში არ ასახავდა.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილის გათეთრებული მილიონები? - რა კითხვებს აჩენს გამოძიების საჯარო პოზიცია- რადიო თავისუფლების გამოძიებამ დეტალურად აღწერა ირაკლი ღარიბაშვილის ძვირადღირებული მაჯის საათების კოლექცია. ოფიციალური ღონისძიებების ფოტოების ანალიზით, ჟურნალისტებმა აღწერეს მინიმუმ რვა სხვადასხვა მოდელის საათი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებდა. მიუხედავად იმისა, რომ კანონი საჯარო მოხელეს 10 000 ლარზე ძვირადღირებული ნივთის დეკლარირებას ავალდებულებს, ეს საათები დოკუმენტებში არ მოხვედრილა.
- 2023 წლის სექტემბერში, „შაბათის ეთერის“ გამოძიებამ გამოავლინა, რომ პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფოს თვითმფრინავი პირადი მიზნებისთვის გამოიყენა და შვილი, ნიკოლოზი, პენსილვანიის უნივერსიტეტში (UPenn) ჩარტერული რეისით, ექსკლუზიური თვითმფრინავით წაიყვანა.
გამოძიების მიხედვით, სამთავრობო თვითმფრინავმა პრემიერი და მისი ოჯახი მიუნხენში ჩაიყვანა, იქ ერთი კვირა ელოდა და შემდეგ თბილისში დააბრუნა. ფრენის ღირებულება 34 000 ევროდ შეფასდა.
თავიდან მთავრობის სტრატკომი ამტკიცებდა, რომ მედია დეზინფორმაციას ავრცელებდა, თუმცა მოგვიანებით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ დაადასტურა, რომ რეისი ჩარტერული იყო და ის პრემიერის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა, დააფინანსა.
ჟურნალისტური გამოძიებების ერთ-ერთი მთავარი ხაზი იყო ე.წ. „კახური კლანის“ – ღარიბაშვილის ნათესავებისა და ახლობლების - გავლენის შესწავლაც.
საბოლოოდ, ირაკლი ღარიბაშვილი ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს და გაასამართლეს. მოხვდა თუ არა მის საქმეში ის დეტალებიც, რომლებსაც ნათელი პირველად ჟურნალისტებმა მოჰფინეს, უცნობია
პროკურატურის განცხადებით, ღარიბაშვილს ბინაში 6,5 მილიონი აშშ დოლარი უპოვეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში (2019-2024 წლები) ღარიბაშვილი ფარულად უკანონო შემოსავლებს იღებდა.
„რაღაც მომენტში გაჩნდა პრობლემა. არ შევალ დეტალებში. ამის გამო, 2023 წლის დეკემბერში ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა მკაფიო განაცხადი, რომელიც უკავშირდებოდა შესაძლო კორუფციას. იქიდან მოყოლებული, ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ და კონკრეტული ზომები მივიღეთ იმისთვის, რომ მიგვეღწია კორუფციის აღმოფხვრისთვის. ეს არის ის ისტორია, რომელიც თან ახლავს ამ პროცესებს“, - ასე ხსნის "ქართული ოცნების" მთავრობის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ელიტური კორუფციის ამ მასშტაბს და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მხოლოდ იმ პერიოდზე იღებს, როცა თავად გახდა პრემიერ-მინისტრი.
„თუ რაიმე გადაცდომას ნახავთ, გვითხარით და პასუხს გაგცემთო“, ამბობს ირაკლი კობახიძე, იმის მიუხედავად, რომ აქ მოთხრობილი დაფარული ამბების გამომზეურებისთვის კრიტიკული მედია სისტემატური თავდასხმის ობიექტი იყო.
2025 წლისთვის მხოლოდ ტელეკომპანია "პირველის" წინააღმდეგ 20-მდე „ცილისწამების“ სარჩელი იყო შეტანილი.
ჟურნალისტური საქმიანობის შემზღუდავმა კანონებმა მედიები დახურვის პირას მიიყვანა. ახალი კანონმდებლობა მათ უცხოური გრანტის ხელისუფლების ნებართვის გარეშე მიღებას უკრძალავს და "აგენტების რეესტრში" რეგისტრაციას აიძულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი სისხლისსამართლებრივი დევნით იმუქრება.
„ყველა მეთოდი გამოიყენა მთავრობამ იმისთვის, რომ მოეგუდა საგამოძიებო სტუდიები და რატომ მარტო საგამოძიებო? - თავისუფალი მედია. ერთი მხრივ, რეკლამის მიმწოდებლებზე ზეწოლა დ მეორე გზა, როცა გრანტების შესახებ კანონს კანონზე იღებენ იმისთვის, რომ გაგვანადგურონ დ მოგვსპონ“, - ამბობს ნინო ზურიაშვილი.
მედიები გადარჩენის გზებს ეძებენ. მაგალითად, "აიფაქტის" გეგმაა, თავიანთი ჟურნალისტური ნამუშევრები გაყიდონ, როგორც პროდუქტი.
„ვცდილობთ საქმიანობა გავაგრძელოთ იმის ხარჯზე რისიც გვწამს. ჩვენ გვწამს, რომ მნიშვნელოვან საქმეს ვემსახურებით და ძალიან მართლები ვართ. ვგეგმავთ ე.წ. წევრობის მოდელი გავაკეთოთ... ვცდილობთ, კომერციული მოდელი გამოგვივიდეს. ჩვენნაირ ქვეყანაში ერთეულია, ვინც ინფორმაციაში თანხას გადაიხდის, ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ პირველები და დავარწმუნოთ ხალხი, რომ როგორც დენში, წყალსა და სხვა რესურსებში იხდიან ფულს, ასევე შეიძლება ფული გადაიხადონ ინფორმაციაში“, - ამბობს ნანუკა ბრეგაძე.
ჩვენ პროკურატურას და სუსის ანტიკორუფციულ სამსახურს კითხვები გავუგზავნეთ - რა უშლიდათ აქამდე ხელს, გამოეძიებინათ სამოხელეო დანაშაული და რატომ არ შეიმჩნიეს თავის დროზე ჟურნალისტების მიერ გამოაშკარავებული ფაქტები?
ან ხომ არ დევს რომელიმე საქმეში სხვა მტკიცებულებებთან ერთად ჟურნალისტური გამოძიებებიც - პასუხი მიღების შემთხვევაში სტატიაში აისახება.