დეტალები გასაიდუმლოებულია, თუმცა გარკვეული მინიშნებები მაინც კეთდება: რცხილაძეს გამოძიება, სავარაუდოდ, რუსეთთან და ირანთან აკავშირებს; ხოლო ჩიხლაძეს - ევროპის ქვეყანასთან.
დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით ასამართლებენ, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე. 307-ე პრიმა მუხლის ჩანაწერით კი - ჯაშუშობას სამშობლოს ღალატის კვალიფიკაცია ეძლევა.
1 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში რცხილაძისა და ჩიხლაძის სასამართლო სხდომები ცალ-ცალკე გაიმართა, ერთსა და იმავე დარბაზში, მაგრამ ორი სხვადასხვა მოსამართლის მიერ. მეორე სართულზე, დერეფნის ბოლო დარბაზთან მისასვლელი გზა ორივე შემთხვევაში წითელი ლენტით იყო გადაღობილი. რცხილაძის საგულშემატკივროდ 5-6 ადამიანი იყო მისული, ჩიხლაძის გულშემატკივართაგან საერთოდ ვერავინ ვნახეთ.
გულბაათ რცხილაძის დას - თამარ რცხილაძეს - სასამართლოს დარბაზთან შევხვდით. ტიროდა მოხუცი, ავადმყოფი მშობლების გამოც - “დღეებს ითვლიან” და მათი ერთადერთი მომვლელი დაიჭირესო. რცხილაძე მშობლებთან ცხოვრობდა, საკუთარი ოჯახი მას არ ჰყავს.
“რასაც ფიქრობდა და აკეთებდა, ყველაფერს ამბობდა საჯაროდ… შეიძლება არ ეთანხმებოდე, არ მოგწონდეს რასაც ამბობს, მაგრამ - ჯაშუში რანაირად არის?! საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონდა”, - თამარს არ სჯერა, რომ ძმა ჯაშუში ჰყავს, რის დამტკიცებასაც აქტიურად ცდილობს სუსი და პროკურატურა.
მანდატურები რცხილაძის ახლობლებს დარბაზის კართან მიახლოების საშუალებასაც არ აძლევდნენ. დაკავებულის ნახვა მათ მხოლოდ სხდომის დასრულების შემდეგ შეძლეს - ძალიან მცირე ხნით, შორიდან გაამხნევეს.
ასევე ნახეთ
ჯაშუშობაში ბრალდებულ გულბაათ რცხილაძეს პატიმრობა შეეფარდადაკავებული გულბაათ რცხილაძე პრორუსული ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელია. წლების განმავლობაში მას არასოდეს დაუმალავს თავისი მკაფიოდ პრორუსული, ანტიდასავლური პოზიცია; საჯარო იყო ინფორმაცია მის მიერ ორგანიზებული ღონისძიებისა თუ სხვადასხვა თავყრილობის შესახებ, მათ შორის - ძვირფას თბილისურ სასტუმროებში.
- 2008 წელს დააფუძნა ინტერნეტგამოცემა „პოლიტფორუმი“, რომელიც ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებდა და რუსეთის ოფიციალურ ვერსიას იმეორებდა.
- 2019 წელის 9 მაისს, რუსეთის პროექტის - „უკვდავი პოლკის“ - აქციის ორგანიზატორი იყო.
- 2024 წლის მაისში, გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით - "საქართველოს დაბრუნება რუსეთის იმპერიაში - ისტორიული სიმართლე კონიუნქტურული სიცრუის წინააღმდეგ".
- ამავე წელს, მრგვალი მაგიდის თანაორგანიზატორი იყო თემაზე - „ტრადიციული ფასეულობები, როგორც ქვეყნებისა და ხალხების დაახლოების ფაქტორი“.
- სულ ბოლოს, “ევრაზიის ინსტიტუტმა” ახალი პროექტი დააანონსა - “რუსოფობიის მონიტორინგი საქართველოში”.
ასევე ნახეთ
"რუსოფობიის ასპექტებზე" ისაუბრეს საქართველოში გამართულ კონფერენციაზერცხილაძის ადვოკატს, ლაშა გოლუბიანს, “გრიფით საიდუმლო” საქმეზე გაუთქმელობის ვალდებულება დააკისრეს და ჟურნალისტებს კონკრეტულ დეტალებზე ვერ ელაპარაკება; თუმცა გადაჭრით ამბობს, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არის, რცხილაძეს კონსპირაციული მოქმედებები არ ჰქონია - ყოველთვის ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა და ასევე ღიად მოქმედებდა.
“გულბაათმა აღნიშნა სხდომაზე, რომ არ იყო დამნაშავე, არ იყო ჯაშუში, არ იყო მოღალატე… ჩვეულებრივად პატრიოტი ადამიანია, ქართველია და მზად არის ითანამშრომლოს ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურებთან… პირდაპირ რომ გაქანდნენ და განჩინება აიღეს დაკავებაზე და შუაღამისას შეუერთდნენ ჩხრეკაზე, რა საჭიროება იყო ამის?!” - გვეუბნება დახურული სხდომიდან გამოსული ადვოკატი გოლუბიანი და აზუსტებს, რომ დაკავებამდე რცხილაძე გამოძიებას გამოსაკითხად არ დაუბარებია.
"რუსოფობიის მონიტორინგი"
ადვოკატი გოლუბიანი ვარაუდობს, რომ დაკავება შესაძლოა სწორედ “რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოს” შექმნას უკავშირდებოდეს.
ამ საბჭოს ახლახან სპეციალური სიუჟეტი მიუძღვნა კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერმა სააგენტო “სპუტნიკმა”, რომელშიც გულბაათ რცხილაძე ამბობს, რომ გეგმავენ რუსოფობიასთან ბრძოლას - კონკრეტული ფაქტების მონიტორინგით, აღრიცხვითა და კატალოგში თავმოყრით - რაც ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე კვარტალში ერთხელ გამოქვეყნდება და “ამ ინფორმაციით ისარგებლებენ, მათ შორის - რუსეთის დაწესებულებები და ყველა დაინტერესებული პირი”.
- ამ კომენტარში რცხილაძე აზუსტებს გეგმას: კატალოგში თავი მოუყარონ კონკრეტული პირების მხოლოდ საჯარო გამონათქვამებსა და მოქმედებებს და მათ შორის - “პოლიტიკური განცხადებების” დონეზეც.
- ასევე ამბობს, რომ მონიტორინგს დაექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობა და შეისწავლიან საკანონმდებლო აქტებს, რომლებიც “შესაძლოა ახალისებენ რუსოფობიას” და ასევე მოიფიქრებენ, რა ახალი კანონებია მისაღები.
საბჭოს წევრია ზაზა დავითაიაც - “ასავალ-დასავლის” ყოფილი ჟურნალისტი, რცხილაძესთან ერთად არაერთ პროექტში ჩართული. გვეუბნება, რომ “რუსეთი ოკუპანტია”, მაგრამ მას მაინც არ მოსწონს, როდესაც “დაქირავებული აგენტები” რუსეთის მოქალაქეებს “ღორებად” მოიხსენიებენ და ქვეყნიდან წასვლისკენ მოუწოდებენ, რადგან “ასეთ დროს, პირველ რიგში, ილახება სახელმწიფოს იმიჯი”.
დავითაია ამბობს, რომ პრორუსი არ არის და უბრალოდ, ადამიანის უფლებებს, სახელმწიფოს ინტერესებს იცავს; თუმცა მას არასოდეს დაუგმია ევროპული ქვეყნების მისამართით საქართველოში ბოლო წლებში ფეხმოკიდებული სიძულვილის ტალღა - ევროპელ პარტნიორებთან "ქართული ოცნების" დაძაბული ურთიერთობების კვალდაკვალ.
ასევე ნახეთ
ვინ არის შსს-ს „სისტემური მონიტორინგის“ სამმართველოს უფროსირუსოფობიის მონიტორინგის საბჭოს შექმნის იდეას ზაზა დავითაია უკავშირებს “ქართული ოცნების” ხელისუფლების უკვე ხორცშესხმულ ინიციატივას - სიძულვილის ენის „სისტემური მონიტორინგისთვის“ შსს-ში ახალი სპეციალური სამმართველოს შექმნის შესახებ.
“როდესაც “რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოს”იდეა გაგვაცნო ბატონმა გულბაათ რცხილაძემ, მე ვთქვი, რომ აგერ, ბატონო ჩემო, ხელისუფლება თვითონ აპირებს ამას - ზიზღის ენასთან დაკავშირებით… რადგან კანონის წინაშე ყველა თანაბარია, ჩვენ შევთავაზებდით [ხელისუფლებას] ამ პროექტს და სხვა პროექტებსაც”, - დავითაია რადიო თავისუფლებასთან აზუსტებს, რომ სიძულვილის ენასთან ბრძოლა ხელისუფლებამ “საკუთარ თავს არ უნდა მოარგოს” და ადამიანები მხოლოდ ჩინოვნიკის შეურაცხყოფის გამო არ უნდა ისჯებოდნენ.
რომელია მეორე ქვეყანა?
გამოძიების თანახმად, გულბაათ რცხილაძეს ორი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედება ბრალად - თუმცა გამოძიება “გრიფით საიდუმლო” საქმეში არცერთ ქვეყანას არ ასახელებს და ამაზე ვერც ადვოკატები ვერ ლაპარაკობენ.
საჯარო წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეჭვი გაჩნდა ირანის მიმართულებით, რადგან რცხილაძე ირანში გამგზავრებას გეგმავდა და მხოლოდ მამის ავადმყოფობა უშლიდა ხელს.
მისი თანაგუნდელებისგან რადიო თავისუფლებამ შეიტყო, რომ ტელეკომპანია “ობიექტივის” რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად, გულბაათ რცხილაძე “მოვლენების გასაშუქებლად” ირანში ელჩმა - სეიედ ალი მოჯანიმ - დაპატიჟა მას შემდეგ, რაც “ობიექტივმა” ცალმხრივად ანტიირანული განცხადება გააკეთა”.
რადიო თავისუფლებამ შეკითხვით მიმართა ირანის საელჩოს. პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.
“აკაცუკების” დაჭერა
თანაგუნდელები არ გამორიცხავენ, რომ რცხილაძის დაკავებით “ქართული ოცნების” ხელისუფლება ამზადებდეს ნიადაგს - “ბალანსის პოლიტიკის” შესაბამისად.
ზაზა დავითაია არ გამორიცხავს, რომ “[ხელისუფლებამ] ერთი გულბაათ რცხილაძე აქეთ დაიჭირა და მერე იქითკენ ათი აკაცუკი არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი დაიჭიროს" და თქვას - "აგერ ბატონო, პრორუსიც ხომ დავიჭირეო".
ნიადაგის შემზადების შესახებ ეჭვებს პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსები და ექსპერტებიც გამოხატავდნენ რადიო თავისუფლებასთან - ჯაშუშების ბრალდებით რამდენიმე ადამიანის დაკავების პირველი ტალღის შემდეგ, როდესაც ერთ-ერთ დაკავებულზე ითქვა, რომ ის “ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყნისთვის” ჯაშუშობდა.
ასევე ნახეთ
„ევროპის ჯაშუშის“ საიდუმლო საქმე - ვისთვის რას ნიშნავს უძილაურის დაკავება?რა ბრალდება ირაკლი ჩიხლაძეს?
1 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს ასევე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ჟურნალისტ ირაკლი ჩიხლაძესაც.
ასევე ნახეთ
ჯაშუშობაში ბრალდებულ ირაკლი ჩიხლაძეს პატიმრობა შეეფარდარადგანაც ირაკლი ჩიხლაძეც 30 მაისს, გულბაათ რცხილაძის პარალელურად დააკავეს, ხოლო გამოძიება დეტალებს არ აკონკრეტებდა, ბევრს გაუჩნდა განცდა, რომ ჩიხლაძესაც სწორედ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედებოდა ბრალად.
ეს ბრალდება ბევრისთვის დაუჯერებელი იყო, რადგან ირაკლი ჩიხლაძე აგვისტოს ომის დროს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალში მოკლული ჟურნალისტის, გიგა ჩიხლაძის ძმაა.
სამეწარმეო რეესტრში ირაკლი ჩიხლაძის მონაწილეობით იძებნება ეს ორგანიზაციები:
- 2006 რეგისტრირებული „ასოციაცია მედია-კავშირი ევრაზია“ (ჩიხლაძე მითითებულია თანა-დამფუძნებლად და გამგეობის წევრად, თუმცა 2006 წლის შემდეგ ამ ამონაწერი განახლებული არ არის);
- 2006 წელს რეგისტრირებული „ასოციაცია ახალი რეგიონი“ - ჩიხლაძე მითითებულია, როგორც თანადამფუძნებელი. ამონაწერი არაა განახლებული 2006 წლის შემდეგ.
- 2009 წელს რეგისტრირებული „სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრი“ - ბოლო, 2021 წლის 15 მაისის ამონაწერით, ჩიხლაძე არის მისი გამგეობის წევრი, სხვა 7 ადამიანთან ერთად.
- 2010 წელს რეგისტრირებული „ასოციაცია თექალი“ - ჩიხლაძე მითითებულია საბჭოს წევრად, თუმცა არც ამ ასოციაციას აქვს განახლებული ინფორმაცია 2010 წლის შემდეგ;
- 2014 წელს რეგისტრირებული „ადამიანის უფლებათა კავკასიური ინსტიტუტი“ - ჩიხლაძე მითითებულია დამფუძნებელთა საბჭოს ერთ-ერთ წევრად და დირექტორად; არც ამ სამეწარმეო სუბიექტის ამონაწერია 2014 წლის შემდეგ განახლებული.
- 2017 წელს რეგისტრირებული „კავკასუს პრინციპიუმ“ - ირაკლი ჩიხლაძე ბოლო, 2023 წლის 26 სექტემბრის ამონაწერში მითითებულია, როგორც გამგეობის წევრი.
არცერთი ეს ორგანიზაცია არ დასახელებულა საჯაროდ, ირაკლი ჩიხლაძის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებებისას. ჟურნალისტის საქმის დეტალების განხილვა დახურულ სასამართლო პროცესზე მიმდინარეობს. საქმეს საიდუმლოების გრიფი ადევს.
1 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში გამართულ ბრიფინგზე, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, სუსის ყოფილმა უფროსმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ "ბრალდებული, რომელიც თანხებსა და დავალებებს ქსელის წარმომადგენლებზე ანაწილებდა" [ამას ბრალდების მხარე ირაკლი ჩიხლაძეზე ამბობს], "იმავე სახელმწიფოს ე.წ. სპეცსამსახურის რეზიდენტს წარმოადგენდა", რომლის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებითაც "რამდენიმე კვირის წინ" დააკავეს ერთი ადამიანი.
საუბრიდან გამომდინარე, მდინარაძე, სავარაუდოდ, გულისხმობდა გიორგი უძილაურს, ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანს, ყოფილ ჟურნალისტსა და "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ უფროსს, რომელიც 5 მაისს დააკავეს.
ამ ლოგიკით, ირაკლი ჩიხლაძეს არა რუსეთის, არამედ ევროპის (დაუსახელებელი) ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობა ბრალდება.
იყო კიდევ ერთი მკაფიო მინიშნებაც.
დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტის შეკითხვაზე - ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირები წარმოადგენდნენ თუ არა რუსეთის, პოლონეთის, ირანისა და საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურებს, მდინარაძემ ამ სიიდან მხოლოდ პოლონეთი ამორიცხა.
„ვერ დაგიდასტურებთ იმიტომ, რომ პოლონეთი არაფერ შუაში არ არის“, - ღიმილით ორჯერ გაიმეორა მდინარაძემ 1 ივნისს.
8 მაისს ასეთივე ბრიფინგზე სწორედ მდინარაძემ დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ცნობები, რომ გიორგი უძილაურს, რომელიც 5 მაისს დააკავეს, “ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყნისთვის” ჯაშუშობა ედება ბრალად.
ასევე ნახეთ
"ივანიშვილს დააჯერეს ადამიანებმა, რომ გიორგიმ მათ პრორუსულ კურსს უღალატა" - ჯაშუშობაში ბრალდებული უძილაურის ახლობელიგასაიდუმლოებული საქმეები მრავალ უპასუხო შეკითხვას აჩენს. კონკრეტულად არავინ არაფერს ამბობს, მედიას სხდომებზე დასწრება ეკრძალება. სხდომათა დარბაზიდან მხარეებს ამბები ფრაგმენტულად, არასრულად გამოაქვთ, რაც კიდევ დამატებით შეკითხვებსა და ეჭვებს იწვევს.
ორივე საქმის პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა 1 ივნისს განაცხადა, რომ ბრალდებულების წინააღმდეგ “პირდაპირი მტკიცებულებები” აქვთ და ორივე შემთხვევაში “დასტურდება როგორც თანხის აღების ეპიზოდი, ასევე დასტურდება [ინფორმაციის] გადაცემის, შეგროვებისა და [უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან] კავშირის ეპიზოდები”.
გოზალიშვილის თქმით, დაკავებულების მიერ შეგროვებული ინფორმაცია სხვადასხვა სახის იყო და უკავშირდებოდა როგორც ძალოვანი სტრუქტურების მუშაობას, ასევე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ საკითხებს; ინფორმაციის გადაცემა ხდებოდა “მატერიალური სარგებლის” მიღების სანაცვლოდ.
ირაკლი ჩიხლაძე დუმილის უფლებით სარგებლობს.
მისი ადვოკატის, გიორგი გელხაურის თქმით, ბრალდებული სასამართლოს საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დაეტოვებინა, რადგან დაკავებული წლების განმავლობაში “სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ არაფერს აკეთებდა და არც ახლა გაუკეთებია”.
“როგორი მართლმსაჯულება ხორციელდება, ხომ ხვდებით: გამოვიდნენ, პირს დასდეს ბრალი ჯაშუშობაში და სამშობლოს ღალატში; ამის მერე ადვოკატებს ეუბნებიან, შენ მტკიცებულებებზე და მასალებზე ვერ ისაუბრებ - გაგვაფრთხილეს და ხელი მოგვაწერინეს [გაუთქმელობაზე] და ამის მერე თვითონ საუბრობენ რაღაც ფულის გადაცემაზე…” - ადვოკატი გელხაური ამბობს, რომ მისთვის არც საქმის მასალები არ გადაუციათ და სასამართლოს 1 ივნისის განჩინების გასაცნობადაც ადგილზე დაიბარეს.
ადვოკატი არ აკონკრეტებს, თუ რომელი ქვეყნის ჯაშუშობას ედავებიან ჩიხლაძეს.
გულბაათ რცხილაძისა და ირაკლი ჩიხლაძის საქმეებში ერთი და იგივე პროკურორი, მაგრამ ორი სხვადასხვა მოსამართლეა. რცხილაძის საქმის მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა შემდეგი სხდომა 20 ივლისს, 12:00 საათზე, ხოლო ჩიხლაძის საქმის მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ 23 ივლისს, 12:00 საათზე დანიშნა. პროცესები კვლავ დახურულ რეჟიმში გაგრძელდება.
1 ივნისს მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ იყო "საკმაოდ პოზიტიური კომუნიკაცია შესაბამის სამსახურებს შორის", თუმცა გაფრთხილებას შედეგი არ მოჰყვა.
"ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ორი დღის წინ [30 მაისს] სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებმაც, მიუხედავად გაფრთხილებისა, წინა დაკავებების შემდგომაც არ შეწყვიტეს გარკვეული მოძრაობები ხსენებული მიმართულებით. იმედია, ამ შემთხვევაში მაინც იქნება სწორი დასკვნები გამოტანილი შესაბამისი სამსახურების თუ კონკრეტული პირების მხრიდან", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მან ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ შესაბამის სპეცსამსახურებს აქვთ ინფორმაცია "უამრავ ადამიანზე" - ისეთ ადამიანებზე, "ბევრს რომ ვერ წარმოუდგენია, დავალების მიმცემებს, მათ შორის" - მაგრამ ორი ადამიანის გარდა, ჯერ არავის შეხებიან და ეს არის კიდევ ერთი გაფრთხილება, რომ ქვეყანაში "ერთხელ და სამუდამოდ, ვერცერთმა სხვა ქვეყნის ფარულმა წარმომადგენელმა თავი დაცულად ვერ იგრძნოს".