Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არის შსს-ს „სისტემური მონიტორინგის“ სამმართველოს უფროსი

თამთა ქიმბარიშვილი მანამდე შსს-ში იურისტის პოზიციაზე მუშაობდა
თამთა ქიმბარიშვილი მანამდე შსს-ში იურისტის პოზიციაზე მუშაობდა

2026 წლის პირველი ივნისიდან შსს-ში ფუნქციონირება დაიწყო ახალმა სპეციალურმა სამმართველომ, რომლის ფუნქციადაც საჯარო სივრცეში კომუნიკაციის „სისტემური მონიტორინგია“ განსაზღვრული. სამმართველოს უფროსად თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა.

1 ივნისს შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გაირკვა, რომ სამმართველოში ათი ადამიანი იმუშავებს: „საწყის ეტაპზე სამმართველოს თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრა ათი საშტატო ერთეულით“.

მოგვიანებით, 1 ივნისსავე გაირკვა, რომ სამმართველოს, - რომელიც „სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის“ წინააღმდეგ იბრძოლებს, - უხელმძღვანელებს თამთა ქიმბარიშვილი.

ვინ არის თამთა ქიმბარიშვილი

მანამდე თამთა ქიმბარიშვილი იყო შსს-ს იურისტი.

მისი შეურაცხყოფის გამო - ფეისბუკ-პოსტზე კომენტარის გამო - მოქალაქეა დაჯარიმებული.

  • ქიმბარიშვილის ფოტო ფეისბუკზე 2025 წლის 27 აპრილს გამოაქვეყნა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა;
  • ჩხარტიშვილმა ქიმბარიშვილს, - რომელიც, ჩხარტიშვილის თანახმადვე, მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა ერთ-ერთ მსგავს საქმეზე, - უწოდა „მონა–ჯალათი, სადისტი და პოტენციური მკვლელი“;
  • ამ პოსტზე 70-ზე მეტი კომენტარი დაწერეს ფეისბუკ-მომხმარებლებმა;
  • ერთ-ერთი, არაკორექტული კომენტარი ეკუთვნოდა მოქალაქე დიანა გოგოლაძეს. კომენტარი ასეთი იყო: „ახალგაზრდა გოგო და ასეთი ძუკნა“;
  • კომენტარის ავტორი სწორედ ამ კომენტარის გამო დააჯარიმეს 2500 ლარით;
  • გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 2025 წლის 24 ივნისს გამოაცხადა.

თამთა ქიმბარიშვილი სხვა ადმინისტრაციულ საქმეებშიც მონაწილეობდა.

მაგალითად, 2025 წლის პირველ მაისს სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურის თანამშრომლებისათვის, მირანდა ბაღათურიასა და ანა ყურაშვილისათვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

გარდა ამისა, თამთა ქიმბარიშვილი შსს-ს წარმოადგენდა „გზის გადაკეტვის“ ერთ-ერთ საქმეზეც დემონსტრანტის, რეჟისორ გიორგი თავართქილაძის წინააღმდეგ.

  • თავართქილაძე 2025 წლის 21 ოქტომბერს პოლიციაში გამოცხადდა და სამართალდამცველებს უთხრა, რომ გზა გადაკეტა, თუმცა შსს-მ ის არ დააპატიმრა;
  • მეორე დღეს, 22 ოქტომბერს მოსამართლემ შსს-ს პოზიცია გაითვალისწინა, არ შეუფარდა პატიმრობა და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა;
  • შსს-ს იურისტმა სხდომაზე თქვა, რომ გიორგი თავართქილაძემ „პოლიციასთან ითანამშრომლა“ და დანაშაული აღიარა, - მისი პოზიციის მოსმენის შემდეგ სხდომის მონაწილეებმა გაიცინეს;
  • ადვოკატის თქმით, პოლიციაში გამოცხადების მიზეზი პირიქით, ამ კანონის არაკონსტიტუციურობის ჩვენება იყო.

ახალი სამმართველო

ინიციატივა ახალი სამმართველოს შექმნის შესახებ „ქართული ოცნების“ მთავრობაში ახალ პოზიციაზე დანიშნულმა მამუკა მდინარაძემ, - სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, - წარადგინა 18 მაისს.

მისი თქმით, ეს ინიციატივა მიმართულია „სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის“ წინააღმდეგ და მისი მიზანი არ არის „აზრისა და გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვა“.

„რა თქმა უნდა, იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და სხვა მსგავს ქმედებებს“, - განაცხადა მდინარაძემ.

  • 20 მაისს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ თანამშრომლების შერჩევის დროს გაითვალისწინებდნენ „გამოცდილებას“.
  • „აქცენტი გაკეთდება მოქმედ თანამშრომლებზე, ვისაც აქვს გამოცდილება და მოვახდენთ ამ კადრების აკუმულირებას სხვადასხვა დანაყოფებიდან“, - განაცხადა დარახველიძემ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG