გავრცელებული ინფორმაციით, ირანი და აშშ განიხილავენ გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გავლისთვის „საფასურის“ - გადასახადის - დაწესებას, თუმცა საზღვაო სფეროში ჩახედული პირები ამბობენ, რომ ასეთ ნაბიჯს შესაძლოა საპირისპირო შედეგი მოჰყვეს, თუ სხვა ქვეყნები გადაწყვეტენ გემებისთვის ბუნებრივი საზღვაო გზების გავლისთვის გადასახადის დაწესებას.
საერთაშორისო საზღვაო კანონმდებლობის თანახმად, გემებს არცერთი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში არ შეიძლება დაეკისროთ გადასახადი „მშვიდობიანი გავლისთვის“.
„ეს არის საერთაშორისო თავისუფალი გასასვლელი, - ამბობს ნორვეგიელი ნავთობტანკერის მენეჯერი, ოლავ მიკლბუსტი, - ამიტომ წესები ძალიან მკაფიოა“. გაეროს საზღვაო სამართლის შესახებ კონვენციის (UNCLOS) თანახმად, გემებს, რომლებიც „მშვიდობიანად გადიან“ ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში, არ შეიძლება დაეკისროთ გადასახადი.
ჰორმუზის სრუტე, ვიწრო საზღვაო გასასვლელი სპარსეთის ყურეს (ზედა) და ომანის ყურეს (ქვედა) შორის. ამ სურათზე მარჯვნივ ირანია, მარცხნივ კი ომანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
„მშვიდობიანი გავლის“ წესების შესახებ მკაფიო ფორმულირების მიუხედავად, UNCLOS-ის ქარტია ასევე აცხადებს, რომ გემებს შეიძლება დაეკისროთ გადასახადი გაწეული „კონკრეტული მომსახურებისთვის“. ირანს პოტენციურად შეუძლია გემებისთვის სრუტეში ესკორტის ორგანიზება და ამ მომსახურებისთვის საფასურის მოთხოვნა. თუმცა მიკლბუსტი აღნიშნავს, რომ „ირანს აღარ დარჩა სამხედრო გემი მათი ესკორტისთვის“ მას შემდეგ, რაც ქვეყნის საზღვაო ფლოტი დიდწილად გაანადგურეს 2026 წლის აშშ-სა და ისრაელთან კონფლიქტის დასაწყისში.
8 აპრილს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემდეგ, რომელმაც ომი დროებით შეაჩერა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთ-ერთ რეპორტიორს განუცხადა, რომ ამერიკა განიხილავს თეირანთან „ერთობლივ წამოწყებას“, რათა სრუტეში გავლისთვის გადასახადი დაწესდეს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბდიმ, ადრე განაცხადა, რომ თეირანი ომანთან მუშაობს დოკუმენტზე, რომელიც ჰორმუზის სრუტის გავლის მსურველი გემებისგან „ნებართვების“ მოთხოვნას ითვალისწინებს. მას შემდეგ ომანი უარყოფს, რომ გადასახადს ითხოვს.
დიმიტრის ამპაციდისმა, MarineTraffic-ის საზღვაო რისკებისა და ნორმატიული მოთხოვნების დაცვის მენეჯერმა, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ თუ გადაზიდვების კომპანიები იძულებული იქნებიან ირანის სამხედროებთან ითანამშრომლონ ჰორმუზის სრუტის გადასაკვეთად, „შესაძლოა, ვიხილოთ შეფერხებები, მარშრუტის შეცვლის გადაწყვეტილებები და ზოგიერთ შემთხვევაში, გემების მფლობელების მხრიდან რეგიონში შესვლის სურვილის არქონა“.
მცირე ნავები, რომლებიც გადაღებულია გემთან ახლოს, ირანის საზღვაო წვრთნების დროს. 2026 წლის თებერვალი
მიკლბუსტი, რომელმაც ტანკერებით ჰორმუზის სრუტე რამდენჯერმე გადაკვეთა, ამბობს, რომ გადასახადის კანონიერების მიუხედავად, „ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე [სატრანსპორტო კომპანიებს] მოუწევთ ამ [გამოცხადებული მოსაკრებლის] 2 მილიონი დოლარის ოდენობის გადახდა“. მისი თქმით, კომპანიები, სავარაუდოდ, გადაიხდიან თანხას სადაზღვევო კომპანიების გამო, რომლებიც დაჟინებით მოითხოვენ, რომ ყველა რისკი მაქსიმალურად შემცირდეს, სანამ სრუტეში გამავალი გემების დაზღვევაზე დათანხმდებიან.
ასევე ნახეთ
„კოღოების გუნდები“ და გეოგრაფიის გაკვეთილები. რაშია ირანის საზღვაო ძალების სიძლიერე
მიკლბუსტის თქმით, თითოეულ გემზე პოტენციურად 2 მილიონ დოლარამდე საფასური ზოგიერთ შემთხვევაში შედარებით მცირე ფასი იქნება. ჰორმუზის სრუტეში გამავალი მრავალი ინდივიდუალური ნავთობგადამზიდი ერთ რეისზე ასობით მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობის გადატანას ახერხებს.
მიკლბუსტის თქმით, უფრო მცირე ზომის გემები, რომლებსაც შედარებით არაღრმა წყლებში მოძრაობა შეუძლიათ, სურვილისამებრ, საერთოდ აიცილებენ თავიდან ირანის წყლებში გავლას და ჰორმუზის სრუტის უკიდურეს სამხრეთში, ომანის წყლებით გაივლიან.
ბოლო დღეებში სრუტე გადაკვეთა რამდენიმე გემმა, რომელთაგან ზოგიერთმა, როგორც იტყობინებიან, ირანს გადაუხადა გადასახადი. 28 თებერვალს ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის საჰაერო დარტყმების დაწყების შემდეგ, ირანმა სპარსეთის ყურეში დაახლოებით 22 გემს დაარტყა.
7 აპრილის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ნავთობის ბაზრებზე არსებული ოპტიმიზმის მიუხედავად, ამპაციდისი ამბობს, რომ ჰორმუზის სრუტეზე ნებისმიერი პოტენციური გადასახადის სისტემის გავლენას მომხმარებლები იგრძნობენ. „თუ [სრუტის გავლით] ტრანზიტი ნაკლებად ეფექტიანი ან უფრო ძვირი გახდება, ამან შეიძლება გაზარდოს ზეწოლა ტვირთების გადაზიდვის ტარიფებზე და სავარაუდოდ, ენერგიის ფასებზე“. თუმცა ის დასძენს, რომ „გავლენის მასშტაბი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შემზღუდველი ან სტაბილური იქნება ეს შეთანხმებები პრაქტიკაში“.