Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გვინდა, რაც დაგვრჩენია, ის ცხოვრება გავილამაზოთ“ - კახეთში 60+ ბებია-პაპების კლუბი დაფუძნდა


კახეთში 60+ ბებია-პაპების კლუბი დაფუძნდა
კახეთში 60+ ბებია-პაპების კლუბი დაფუძნდა

"ბებია-პაპების კლუბი დავარქვით, კახურია, რაღაცნაირად ჩვენია", - ეუბნება რადიო თავისუფლებას 61 წლის გვანცა ქეშიკაშვილი, "60+ ბებია-პაპების კლუბის" დამფუძნებელი.

კლუბში ჯერ 5 ადამიანია გაწევრიანებული.

როგორც კლუბის წევრები ამბობენ, ეს ადგილი მათთვისაა, ვინც თვლის, რომ ასაკის მიუხედავად, თვითრეალიზაციასა და ცხოვრების აქტიურ წესზე უარი თქმა არ შეიძლება.

"განსაკუთრებით რეგიონებში, 60+ ადამიანების დიდი ნაწილი, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ ძირითადად სახლშია და არანაირ აქტივობაში არ არის ჩართული. ჩვენ გვინდა ეს ხალხი გამოვიყვანოთ სახლიდან, გავხალისდეთ, ცხოვრება უფრო ლამაზ ფერებში დავინახოთ. პირველ ეტაპზე ჩვენი მიზანია კლუბში მოსულ თანატოლებს სამაგიდო თამაშები შევთავაზოთ, მომავალში კი შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებების გამართვასაც ვაპირებთ“, - ამბობს გვანცა ქეშიკაშვილი.

თელავში შექმნილ ბებია-პაპების კლუბს, ცოტა ხანში, საკუთარი მისამართიც ექნება. მათ ფართი ადგილობრივმა მერიამ დაუთმო. თუმცა, სივრცე ჯერ სარემონტოა. დაჰპირდნენ, რომ მერია მას თავად გაარემონტებს.

61 წლის ნანა ყავალაშვილი კიდევ ერთი თელაველია, რომელიც კლუბის თანადამფუძნებელია. პროფესიით ფილოლოგი, წლების განმავლობაში რედაქტორად მუშაობდა. როგორც ნანა ამბობს, ბებია-პაპების კლუბი მხოლოდ ასაკოვან ადამიანებს არ უმასპინძლებს:

"იცით, ჩემი ოცნება რა არის? გრამატიკა ვასწავლო ბავშვებს... წიგნებზე ვილაპარაკებთ, ფსიქოლოგი გვეყოლება... ჩვენ იმაზე არ ვლაპარაკობთ, პენსიონერებს რა პრობლემები აქვთ და ის, რომ წამლის ფული არ აქვთ. ეგ სხვა თემაა და ამას არ ვეხებით... გვინდა, რაც დაგვრჩენია, ის ცხოვრება გავილამაზოთ. იქნება მერე სპექტაკლებიც ავამოძრაოთ. უამრავი იდეები და აზრები გვაქვს, იცით? თელავი არის ძალიან მიძინებული და გვინდა გამოვაცოცხლოთ", - ამბობს ნანა ყავალაშვილი.

ვიდრე კლუბს საქმიანობისთვის საკუთარი სივრცე ექნება, მათი შეკრების ადგილი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის თელავის ოფისია. ოფისის კოორდინატორი თამარ მოდებაძე ამბობს, რომ ისინი კლუბის დამფუძნებლებს მომავალშიც დაეხმარებიან.

"ამ კლუბის მეშვეობით დამფუძნებლები თავიანთი თაობის ნაკლებად აქტიური წევრების გამოცოცხლებას შეძლებენ, ისინი სამწუხაროდ სოციალიზაციას არიან მოკლებული. უმეტესობა კვირის განმავლობაში შეიძლება სახლიდან გარეთაც კი ვერ გადის. ეს კლუბი ამ ადამიანებისთვის იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი".

"60+ ბებია-პაპების კლუბის" დამფუძნებლებს იმედი აქვთ, რომ მათი წამოწყება გახდება მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ასაკში გააგრძელო სრულფასოვანი, მიზანმიმართული ცხოვრება, იყო თვითრეალიზებული და დაამყარო სოციალური კავშირები.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG