Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავარაუდო მოწამვლა თბილისში - რას ჰყვება ჟურნალისტი ირინა ბაბლოიანი


ირინა ბაბლოიანი
ირინა ბაბლოიანი

​​​​​​​ჟურნალისტი ირინა ბაბლოიანი THE INSIDER-ის გამოძიების ერთ-ერთი გმირია. გამოძიების თანახმად, წლის განმავლობაში შესაძლოა რამდენიმე რუსი ჟურნალისტი და აქტივისტი მოწამლეს. სავარაუდო მოწამვლა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოხდა. ირინას ისტორია თბილისში დაიწყო.

- ირინა, „ინსაიდერი“ ვარაუდობს, რომ თქვენ მოიწამლეთ და თან თბილისში. შესაძლოა, რომ მანამდე მოეწამლეთ? შეგილიათ, მომიყევით იმ დღის შესახებ, როდესაც ცუდად გახდით?

- ოქტომბრის ბოლო იყო. თბილისში ერთი კვირის ჩამოსული ვიყავი. ერევანში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე გავხდი ცუდად. ძალიან სუსტად ვგრძნობდი თავს, საწოლიდან ვერ ავდექი. ელემენტარული რამის გაკეთებაც არ შემეძლო. ხელები მუქი ბორდოსფერი მქონდა და მიშეშდებოდა. ტერფებზეც იგივე მჭირდა, მტკიოდა, როცა ვაბიჯებდი. ძალიან მტკიოდა თავი, მუცელი, თვალებში მიბნელდებოდა. ვიფიქრე, ალბათ რაღაც შევჭამე ან ალერგია მომცა რამეზე-მეთქი. ალერგიის საწინააღმდეგო წამლები დავლიე, მაგრამ არ მიშველა.

საღამოს მანქანაში ჩავჯექი. მძღოლს ერევანში უნდა წავეყვანე. ოთხი საათი უკანა სავარძელზე ვიწექი. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ძალიან მაღალი სიცხე მქონდა. მხოლოდ საზღვრის გადასასვლელად ავდექი გაჭირვებით. ნებისმიერი ფიზიკური აქტივობისთვის დიდი ძალისხმევა მჭირდებოდა. ჩავედი ერევანში, სასტუმროში მოვეწყვე და მისაღებში თერმომეტრი ვითხოვე. არ მომცეს თუ რა იყო აღარ მახსოვს. მთელი ღამე გონებადაბინდული ვიწექი. ვერ ვიძინებდი, ვშფოთავდი. ხელები ისევ მუქი ბორდოსფერი მქონდა. მუცელი და თავი მტკიოდა.

ორ დღე-ნახევარი ამ მდგომარეობაში ვიყავი. მიუხედავად დაღლილობისა, ორი ღამე ვერ დავიძინე. ხელები მტკიოდა და ძალიან მიხურდა. სახეზე ისევ ლაქები მქონდა.

- მაგრამ ტოქსიკოლოგს არ მიმართეთ, რატომ?

- ამაზე არც მიფიქრია, მეგონა რამე ვჭამე ან ალერგია მაქვს-მეთქი. მერე თანდათან დაცხრა ეს ყველაფერი, რაღაც თავისთავად გადავიდა. ვიფიქრე, გადასამოწმებლად წავსულიყავი, მაგრამ გერმანიაში დაზღვევა არ მქონდა. როდესაც ანალიზების გაკეთება დავიწყე, ალერგენებზე შევამოწმებინე, რადგან რაღაც დროის განმავლობაში არაფერი მჭირდა, გარდა იმისა, რომ სახეზე დიდხანს არ მომიშუშდა ლაქები. დეკემბრის ბოლოს კი სხვა ჩივილებიც დაიწყო. ექიმები ამბობენ, რომ თუ მოწამლული ვიყავი, შესაძლოა ამან რაღაც ვირუსი გააღვიძა ორგანიზმში და ამის გამო კანის პრობლემები დამეწყო, მთელ სხეულზე ლაქები მქონდა.

ალერგენებზე ანალიზები ჩავაბარე. აღარ ვჭამდი ზღვის პროდუქტებს, გლუტენს და ყველაფერ იმას, რასაც ალერგიის გამოწვევა შეუძლია, მაგრამ არაფერმა მიშველა.

თებერვალში ექიმმა, რომელიც მეგობარმა მირჩია, მითხრა, სასწრაფოდ ტოქსინებზე უნდა ჩააბარო ანალიზიო.

- როდის დაფიქრდით იმაზე, რომ შესაძლოა მოწამლული იყავით?

- ეს ექიმმა მითხრა თებერვალში, ექიმმა, რომელიც მეგობარმა მირჩია, რომელიც სწორედ ჩემი კოლეგების საქმეებს იძიებს. მეგობარს ჩემი ფოტოები გავუგზავნე. ეს დამწვრობას ჰგავს ხელზე, მთელ ხელზე. ჩნდება და მერე ქრება, მერე მეორე ხელზე ჩნდება, მერე ზურგზე, ყველგან. საშინლად გამოიყურება, გგონია, რომ იქიდან რაღაც გამოძვრება.

ფოტოები რომ გავუგზავნე, მითხრა, ტოქსინებზე უნდა შეემოწმოო. როდესაც ექიმს მოვუყევი, მითხრა, რომ მოწამვლას ჰგავდა, მაგრამ რით გაურკვეველია. შემდეგ დაიწყო ნევროლოგი, დერმატოლოგი, ტოქსიკოლოგი... წრეზე სიარული.

ნევროლოგმა მითხრა, რომ ეს ყველაფერი ერთად მისთვის ცნობილ არცერთ დაავადებას არ ჰგავდა და ყველაფერი ცალ-ცალკე უნდა განეხილათ. სტრესი, ნერვები - გამორიცხეს. შემდეგ ავტოიმუნური დაავადებები, მაგალითად, მგლურას მსგავსი, ესეც გამორიცხეს. ასევე უნდა გამოერიცხათ ნარკოტიკები და ყველაფერი ის, რაზეც პირველ რიგში იფიქრებ. ეს ყველაფერი გამორიცხეს, მაგრამ რა იყო, მაინც გაუგებარი დარჩა.

- „ინსაიდერი“ წერს, რომ ბერლინში გადასვლის შემდეგ ანალიზები ჩააბარეთ ტოქსინებზე, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო ეს ანალიზები დაიკარგა. ეს როგორ მოხდა?

- არ ვიცი. აქ შეიძლება კონსპირაციის თეორიებში გადავარდე და შეიძლება ჩვეულებრივ დაუდევრობაზეც იფიქრო. კონსპიროლოგიაში თუ გადავვარდებით… ბევრი სხვადასხვა ანალიზი ჩავატარე და ამ, ყველაზე მნიშვნელოვან ანალიზზე თავიდან მითხრეს, რომ დაეკარგათ, მერე თქვეს, რომ მხოლოდ საერთო ტესტი გავაკეთეთ და არა კონკრეტულ ტოქსინებზეო. და უკვე ყველაფერი გადავყარეთო. უცნაურია. შესაძლოა ასეც ყოფილიყო, მაგრამ ლენა კოსტიუჩენკოს (კიდევ ერთი რუსი ჟურნალისტი, რომელიც, სავარაუდოდ, მოწამლულია - რ.თ.) სიტუაცია მსგავსია, ამიტომ ეჭვები ჩნდება.

- თქვენ ერთი არ ხართ. კიდევ რამდენიმე ჟურნალისტია, რომლებიც სავარაუდოდ ასევე მოწამლეს. მოწამვლის ნიშნების მსგავსების გარდა, არსებობს კიდევ რაიმე რაც შეიძლება გაკავშირებდეთ?

- სიმართლე გითხრათ, ძალიან განვსხვავდებით. მე და ლენა ჟურნალისტები ვართ. ნატაშა უფრო აქტივისტია. უბრალოდ, ყველა ჩვენს საქმეს პატიოსნად ვაკეთებთ, სიმართლის თქმას არ ვერიდებით და არ ვიტყუებით. რაიმე კონკრეტული ჩვენ არ გვაკავშირებს.

- ერთმანეთის მსგავსი ჩივილები გქონდათ?

- გარკვეულწილად კი, მაგალითად, მუცლის ტკივილი, დაღლილობა, მოთენთილობა, რომელიც დღემდე არ გადის. თავის ტკივილი, ხელების სიწითლე. ლენა კოსტიუჩენკოს ხელები თან ძალიან გაუსივდა. მე ხელები არ მისივდებოდა, მხოლოდ ფეხები ცოტათი.

რაღაცები ჰგავს, მაგრამ მაინც არ მაქვს ფაქტები. ძალიან სულელურ სიტუაციაში ვარ. გარშემო ყველა ამბობს, რომ ეს მოწამვლას ჰგავს, რომ ეს დიდი ალბათობით მოწამვლაა, მაგრამ ერთი მხრივ, შენ არ გინდა ამის დაჯერება, მეორე მხრივ, ფაქტები ხელში არ გიჭირავს. თან გეკითხებიან, როგორ ფიქრობთ, რატომ? ვინ გააკეთა? არ ვიცი, ამას რა ვუპასუხო. მე ვარ ჟურნალისტი, რომელიც 17 წელია თავის საქმეს აკეთებს და მორჩა.

- რა თქმა უნდა, თუ ეს მართლაც მოწამვლაა ეს ორი კითხვა მაშინვე ჩნდება, რატომ და ვინ?

- არ ვიცი. შეიძლება ისევ კონსპირაციულ ვერსიებზე ვიმსჯელოთ. მე რომ რამე რეზონანსული სტატია დამეწერა, გასაგები იქნებოდა. მაგრამ მე ყოველდღე ეთერში ვარ, დღეში სამჯერაც. იქ რა ვთქვი, როდის და როგორ, ამაზე რომ დაფიქრდე შეიძლება შეიშალო.

- საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა თუ იციან ამის შესახებ? იციან, რომ მსგავსი რამ შესაძლოა თბილისში დაგემართათ?

- ქართულ სამართალდამცავ ორგანოებს არ დავკავშირებივარ. ალბათ, ღირდა ჩამოვსულიყავი და საქართველოს პოლიციისთვის მიმემართა, მაგრამ რადგანაც უკვე აქ [გერმანიაში] ვიყავი, როდესაც მსგავსი ეჭვები გაჩნდა, მე მათთვის აღარ მიმიმართავს.

- არც სხვა ქვეყნის საგამოძიებო სამსახურები არ იძიებენ? მხოლოდ ჟურნალისტური გამოძიებაა?

- არ ვიცი, საქმე აღძრულია თუ არა, მაგრამ გერმანიაში დაკითხვაზე დამიბარეს და ოთხ საათ-ნახევარი მკითხავდნენ. ყველაფერი ჩაიწერეს. მთხოვეს, თუ კიდევ გავიგებდი რამეს დავკავშირებოდი. საქმე აღძრეს თუ არა არ ვიცი, არ შეუტყობინებიათ.

  • 16x9 Image

    ანასტასია სლოვინსკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2014 წლიდან. ძირითადად მუშაობს ვიდეოკონტენტის შექმნაზე. არის პროექტის „8 ფოტო არქივიდან“ თანაავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG